
11/24/2026
გიორგი გურეშიძე ის ბიჭია, რომელიც ბავშვობაში სამშობიარო სახლში მოიპარეს და გააშვილეს. 29 წლის განმავლობაში ბიჭმა არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ ბიოლოგიური ოჯახი ეძებდა.
ოჯახმა ძებნა მაშინ დაიწყო, როცა გაიგო, რომ ბავშვი ცოცხალი და გაშვილებული იყო და ეს ძებნა 29 წლის განმავლობაში არ შეუწყვიტავს.
თავად გიორგიმ კი ბიოლოგიური ოჯახის მოძებნა მხოლოდ მაშინ გადაწყვიტა, როცა მისი ტყუპი გოგონები 7 წლის გახდნენ.
ამ ერთი შეხედვით დაუჯერებელ და ემოციურ ამბავზე გიორგიმ პოდკასტში "ვეძებ" ისაუბრა და საზოგადოებას ის სიმღერაც მოასმენინა, რომელშიც საკუთარი ისტორია გააცოცხლა.
"1994 წლის 13 მაისს სამშობიაროში დავიბადე. სამი დღის შემდეგ დედას უთხრეს, რომ ბავშვი ვერ გადარჩა და დაიღუპა. არც სხეული აჩვენეს და არაფერი. ჩემი ოჯახი სახლში ცარიელი დაბრუნდა, თუმცა მალევე გაირკვა, რომ გარდაცვლილი არ ვყოფილვარ. ზუსტად როგორ და საიდან გაიგეს, არ ვიცი, მაგრამ ხმა მიუვიდათ, რომ გაშვილებული ვიყავი. ოჯახში მეორე შვილი ვიყავი ჩემი და, თეო, ჩემზე უფროსია, შემდეგ კი მე გავჩნდი. იმ დღიდანვე ძიება დაიწყეს. ხშირად ჟღერდა მუქარის შემცველი ფრაზებიც, რომ თუ ძიებას თავს არ დაანებებდნენ, საკუთარი თავისთვის დაებრალებინათ, რაც მოხდებოდა.
ბევრი რთული და ემოციური ამბავი მომხდარა და როცა ეს ყველაფერი გავიგე, ჩემზე ძალიან მძიმედ იმოქმედა. მიუხედავად ამისა, მთელი 29 წლის განმავლობაში მაინც მეძებდნენ. ერთ-ერთი ჩემი და ჩემს უნივერსიტეტში სწავლობდა. შესაძლოა, იქ შევხვედრივართ კიდეც, მაგრამ მაშინ არ ვიცოდით, რომ და-ძმა ვიყავით.
თავიდანვე ვამბობდი, რომ ბიოლოგიური მშობლების მოძებნა არ მსურდა და ამისთვის მზად არ ვიყავი. ალბათ, გადაწყვეტილებას რამდენიმე წლის შემდეგ მივიღებდი, მაგრამ ტყუპი გოგონები გვყავს, რომლებიც ახლა შვიდი წლის არიან. როცა ტყუპები შეგვეძინა, ჩემმა მეუღლემ, რომელმაც მანამდე უკვე იცოდა, რომ აყვანილი ვიყავი, მითხრა, რომ ბავშვებისთვის გენეტიკური ფაქტორების ცოდნა მნიშვნელოვანია, რათა შესაძლო გენეტიკური დაავადებები თავიდან აგვეცილებინა, და მხოლოდ ამ მიზეზით ღირდა ძიების დაწყება.
დავთანხმდი... ვუთხარი, რომ თავად არაფრის დაძალებას ვაპირებდი, მაგრამ მას უფლებას ვაძლევდი, მოეძებნა და მიღებული ინფორმაცია ჩემთვისაც გაეზიარებინა. ამ პროცესში მთელი ოჯახი ჩავერთეთ და დაახლოებით ერთ წელიწადში ჩემი და ჩემს მეუღლეს კონტაქტზე გამოეხმაურა. სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი," - იხსენებს გიორგი გურეშიძე.
ბიჭი, რომელსაც 29 წლის განმავლობაში თავი დედისერთა ეგონა, დედმამიშვილებით მდიდარი აღმოჩნდა.
"29 წლის განმავლობაში მეგონა, რომ დედისერთა ვიყავი, უცებ კი დედმამიშვილებით ძალიან მდიდარი ადამიანი აღმოვჩნდი. გავიცანი მშობლებიც, რომლებიც ძალიან კარგი ადამიანები არიან და ამისთვის უფლის მადლიერი ვარ.
ჩემს ერთ-ერთ სიმღერაში მაქვს ფრაზა: „სიკვდილზე დიდი რამ ქვეყნად თუ გინახავს“. ადამიანი შეიძლება გარდაიცვალოს, მაგრამ სიკვდილზე უარესი ის არის, როცა შენს ცხოვრებასა და ბედისწერას უფლის ნაცვლად ერთი ადამიანი წყვეტს და რადიკალურად გინგრევს," - თქვა გიორგიმ გადაცემაში.
გააზიარე სტატია