
10/26/2026
1956 წელი. პირველი დაჯილდოება. ვინ უნდა იყოს „ოქროს ბურთის“ პირველი მფლობელი? იმ წელს ალფრედო დი სტეფანო უბრალოდ დაფრინავდა, „რეალს“ ტიტულს ტიტულზე აგებინებდა. არავინ იყო მისი დონის და მასშტაბის... თვით „ოქროს ბურთის“ მომფიქრებელი, „ფრანს ფუტბოლის“ გამომცემელი გაბრიელ ანო ხმამაღლა აცხადებდა, რომ დი სტეფანო ყველაზე ფასეული მოთამაშე იყო, ვინც კი ოდესმე უნახავს. მოკლედ, ყველანი დარწმუნებულები იყვნენ, რომ „ოქროს ბურთის“ პირველი მფლობელი სწორედ დი სტეფანო გახდებოდა. მაგრამ კონვერტი გახსნეს და წაიკითხეს: სტენლი მეტიუზი.
არა, განა 41 წლის სერ სტენლი დაფასებას არ იმსახურებდა, მაგრამ...

საინტერესოა, რომ ჯორჯ ბესტი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც „ოქროს ბურთი“ არა სცენაზე, არამედ ფეხბურთის მოედანზე გადაეცა. 1968 წელს, ის „ბირმინგემთან“ მატჩის წინ მოედნის გამოსასვლელთან იდგა და ისმენდა, როგორ გამოაცხადა დიქტორმა მისი გვარი. ბესტმა „ოქროს ბურთი“ ჩაიბარა და 15 წუთში უკვე გახურებულ თამაშში იყო ჩართული.
როგორც იმ დროს ჩრდილოეთ ირლანდიელები ამბობდნენ: Pele good, Maradona better, George Best!
„ოქროს ბურთი“ არ აქვთ პელეს, მარადონას, გარინჩას... რომარიო დიდებული იყო 1994-ში, მაგრამ არც მას ეღირსა ეს ჯილდო. საქმე კი ის არის, რომ 1995 წლამდე „ოქროს ბურთი“ მხოლოდ ევროპაში მოთამაშე ევროპელ ფეხბურთელებს გადაეცემოდათ. თავის დროზე ამის გამო დაიჩივლა „რეალის“ ლეგენდა უგო სანჩესმა: არაევროპელების წარმოუდგენელი დისკრიმიმაციაა, პელეს და მარადონას რომ არ მისცემ „ოქროს ბურთსო“.
პირველი, ვისაც შეზღუდვის მოხსნის მერე გაუმართლა, ჟორჟ ვეა იყო, რომელმაც, მოდი ვაღიაროთ, პოლიტკორექტულობის გამო უფრო მიიღო „ოქროს ბურთი“ და ამით მისი პირველი და ერთადერთი აფრიკელი მფლობელი გახდა. ჰო, წლების მერე ვეა ლიბერიის პრეზიდენტიც გახდა და როგორც ამბობენ, არცთუ ურიგო. იმ დაჯილდოებას კი აშკარად ასდიოდა პოლიტკორექტულობის სუნი.
მათიას ზამერი უბრალოდ დიდებული იყო, გერემანელების ნამდვილი ლიდერი, ლიბერო, რომელიც იდეალურად კითხულობდა თამაშს და თავისი გუნდის შეტევების ტალღებს სულს ჰბერავდა.
თუმცა „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში 1996 წელს მთავარი კონკურენტიც დიდებული ჰყავდა: ბრაზილიელი რონალდო. და როდესაც ხმები დაითვალეს, აღმოჩნდა: ზამერმა მხოლოდ ერთი ქულით გადაუსწრო ფენომენალურ ბრაზილიელს - 144:143. არასდროს, არც იქამდე და არც მერე, ერთ ხმას „ოქორს ბურთის“ მფლობელის ბედი არ გადაუწყვეტია.

ეს ამბავი რაღაცნაირად შეთქმულების თეორიას წააგავს. 2013 წელს ფრანკ რიბერი დაფრინავდა, მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ბუნდესლიგა, გერმანიის თასი. უეფამ სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა და ყველანი დარწმუნებულები იყვნენ, რომ „ოქროს ბურთის“ მფლობელიც ის გახდებოდა.
ბოლო წუთს კი ორგანიზატორებმა გამოკითხვის წესები შეცვალეს. გამოკითხვის ვადები გაზარდეს, ჟურნალისტებს შესთავაზეს, სურვილის შემთხვევაში თავიანთი არჩევანიც შეეცვალათ და როდესაც ამის მერე კონვერტები გახსნეს, აღმოჩნდა, რომ რობერი სულაც მესამე ადგილზე გადავარდა, რონალდუს და მესის მერე. წლების შემდეგ რიბერიმ თქვა: ეს უსამართლობა იყო, მე გამძარცვეს.

2018 წლიდან ქალთა შორის „ოქროს ბურთი“ ნორვეგიელმა ადა ჰეგერბერგმა მოიგო. სცენაზე ასულს წამყვანმა სრულიად უადგილოდ ჰკითხა, ტვერკის ცეკვა თუ შეგიძლია, მიდი, გვიცეკვეო.
- არა - უკმეხად უპასუხა ქალმა ფეხბურთელმა.
დარბაზი გაოგნებული დარჩა. მოგვიანებით კი წამყვანს ბოდიშის მოხდა მოუხდა.
ტვერკი ერთგვარი სექსუალური ცეკვაა, რომელიც თეძოების და დუნდულების სწრაფ და რიტმულ მოძრაობაზეა აგებული.
სექსიზმის ასეთი გამოვლინება ამ დონის დაჯილდოებაზე უბრალოდ წარმოუდგენელი იყო.

2021 წელს კრიშტაინუ ორგანიზატორებს ეჩხუბა. თავისი წყაროებიდან, პორტუგალიელმა შეიტყო, რომ „ოქროს ბურთს“ მას არ აძლევდნენ და ეს უსამართლობად და უპატივცემულობად ჩათვალა და გამოაცხადა, რომ საერთოდ არ მივიდოდა დაჯილდოებაზე. მეტიც, რონალდუ იმ სეზონში მხოლოდ მეექვსე ნომრად დაასახელეს.
ორგანიზატორებმა რონალდუს ამ საქციელს თავისებურად უპასუხეს, როდესაც მისი გვარი ახსენეს, უზარმაზარ მონიტორზე კრიშტიანუს წითელ ტრუსიანი ფოტო გამოამზეურეს. პირველ რიგში მსხდომმა მესიმ, ლევანდოვსკიმ და მბაპემ ერთმანეთს მხოლოდ გაოგნებული მზერით გადახედეს და გაიცინეს.
გააზიარე სტატია