ინტერვიუ

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ამ დოზით მოექცეოდა საზოგადოების ყურადღების ქვეშ. როგორც სასულიერო პირი ინტერნეტ გამოცემა "ზმნასთან" ინტერვიუში ამბობს, მას ახლა ერთადერთი სურვილი აქვს - "სანამ ქვეყნის და ეკლესიის გათავისუფლებას შევძლებ, მინდა ცოცხალი დავრჩე."
ბერობის გზას 2000 წელს შეუდგა. ირგვლივ მყოფი ყველა ახლობელი ეკლესიის წიაღში მიიყვანა. მათ შორის, დედა, რომელიც დღეს მონაზონი ეფემიაა.
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: მე ასეთი სურვილები არასდროს მქონია, რომ რაღაც კუთხით ყურადღება მიმექცია. მე ბერობა მიყვარს და პირიქით, ყურადღება ჩემს მიმართ, ნაკლებად მომწონს. ამას ნამდვილად ვამბობ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. მე რაც არასდროს წარმომედგინა, ეს არის ის, რომ ეკლესიაში რაღაც ჯგუფისთვის და მმართველი ძალისთვის „პრობლემა“ გავხდებოდი. თავი სიზმარში მგონია.
33 წელია ქრისტეს ვემსახურები, უფრო სწორად, ქრისტე მემსახურება. ქრისტეს ვსწავლობ და ქრისტე მასწავლის.
1994 წელს, 24 წლის ასაკში ჩავაბარე სემინარიაში. 2000 წელს ბერად აღვიკვეცე. მანამდე ხარკოვში მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე ვსწავლობდი.
მე, რომელიც სამღვდელოებაში ქრისტეს სიღრმეებს ვასწავლი, ქრისტეს ეკლესიითვის მე უნდა გავხდე პრობლემა? იმ ჯგუფისთვის, ვინც მე მებრძვის, მე პრობლემა ვარ, ეს ნამდვილია, ცნობილია. უსმენენ ჩემს ქადაგებებს, კითხულობენ ჩემს გამოცემულ წიგნებს. თუ რამე ისწავლეს იქიდან, გამიხარდება. ამას ჩემს დასასჯელად აკეთებენ, რომ ეგებ იპოვონ სადმე შეცდომა. ვერ იპოვეს. სამი წიგნი მაქვს გამოშვებული. პირველი წიგნია - საუბრები მონასტერში, მეორე - რწმენითი ცოდნა და მესამე წიგნიც იგივე სათაურითაა, ოღონდ ქვესათური აქვს - რწმენით დავდივართ და არა ხედვით. ეს პავლე მოციქულის მნიშვნელოვანი სიტყვებია.
ყველგან სადაც მიწვევდნენ ტელევიზიები, გამოვდიოდი და ქრისტეზე ვქადაგებდი.
პოლიტიკაზე არასდროს მისაუბრია. პოლიტიკაში ჩავერიე 2012 წელს. ხმა მივეცი კოალიცია "ქართულ ოცნებას" და ჩემს გარშემო ყველას ხმა მივაცემინე. მეგონა, საქართველო გადარჩებოდა და ძალადობები არ იქნებოდა. მაგრამ რაც ამათმა გააკეთეს, გამოვშტერდი. არათუ ძალადობა, ქვეყნის კურსი შეცვალეს. ყველა მოიძულეს, ვინც კი გვემეგობრა და გადაგვარჩინა. იმ რუსეთშიც ჩვენთვის ვის სცალია. ისინი ისეთ დღეში არიან, თავისი სახელმწიფოს შენარჩუნება გაუჭირდებათ. აი, ასეთ მდგომარეობაში მე, მღვდელმა, როგორ არ უნდა ამოვიღო ხმა? აბა, რა ვიქადაგო? რა ვასწავლო? რუსთაველზე ბავშვებს სცემენ, ჟურნალისტებს სცემენ, ასისხლიანებენ და ამის ჩამდენი არავინ არ არის დაჭერილი. ამაზე ხმა არ ამოვიღო და აბა, მაშინ ქრისტეს სიყვარული როგორ ვიქადაგო? მე იმას ვქადაგებ, რა გვასწავლა ქრისტემ. მე სხვა სწავლება არ გამაჩნია.

- ვინ დაგიპირისპირდათ?
- მე დამიპირისპირდა ერთი ჯგუფი საპატრიარქოში, არა - პატრიარქი. კარგს არაფერს ველოდები, მაგრამ ჩემი დასჯა კარგი იქნება, რადგან გამოჩნდება ვინ არიან.
- დასჯაში რა იგულისხმება?
- მღვდლობის შეჩერება. ციხეში ვერ ჩამსვამენ ისინი.
- მზად ხართ ამისთვის?
- ყველაფრისთვის მზად ვარ. უნდათ წავიდეს იმის პროპაგანდა, რომ მე ეკლესიური არ ვარ. რომ მე ეკლესიის მტერი ვარ. თითქოს მე ვებრძვი პატრიარქს, არადა, მე ვიცავ მას, ერთადერთი კაცი. და ისინი, ვისაც ევალება პატრიარქის დაცვა, ვისაც ძალაუფლებები ჩააბარა, არათუ არ იცავენ, მე დამიწყეს ბრძოლა.
- რომ შეგიჩერდეთ მღვდლობა, ამას განსაცდელად მიიღებთ?
- მე ვიცი, რომ პატრიარქს ჩემი დასჯა არ უნდა. მაგრამ რამდენად შეძლებს მხრცოვანი პატრიაქრი შეეწინააღმდეგოს მათ? თუ მაინც მოუწია ჩემი დასჯა, მე მირჩევნია, ჩვენ შეგვრჩეს პატრიარქი, ვიდრე მე - ორი ჯვარი. მე ამ ჯვრებს აუცილებლად დავიბრუნებ. მე საქართველოს დაბრუნებაზე ვზრუნავ. თუ ჩვენ საქართველო ვერ დავიბრუნეთ, არც ორი ჯვარი მჭირდება და არც მღვდლობა. მე მზად ვარ დავთმო მღვდლობა ქვეყნისა და ეკლესიის გადასარჩენად. პატრიაქრი დარჩეს ცოცხალი და ამ ზეწოლას გაუძლოს. ის წლებია ზეწოლაშია.
თუ მღვდლობა შემიჩერეს, ერისთვის უფრო მოვიცლი. ჩართული ვიქნები პროტესტში და უფრო მეტს ვიტყვი მათზე, ჩემთან დაპირისპირებულ კოლეგებზე. ეკლესიას ანადგურებენ. მას მოაშორეს ყველა გონიერი ადამიანი. ფული და ძალაუფლება მათ ხელშია და უნდათ, სიტყვაც მათ ხელში იყოს. მაგრამ სიტყვა ვერ იქნება მათ ხელში. სიტყვა ღვთისაა. ასეთებთან მართალი სიტყვა არ გაჩერდება. ქრისტე მათთან არ გაჩერდება.
- ვისჯებით?
- არა, წყალობაა ჩვენზე. ღმერთი მუშაობს გონებრივად ჩვენს გაზრდაზე, ნამდვილი მტერ-მოყვრის დანახვაზე. აქამდე მიცნობდით? განსაცდელის დროს გამიცანით. ყველა ამბობს, არასდროს არ ვიფიქრებდით, რომ ჩვენს ეკლესიაში იქნებოდა ასეთი მღვდელიო. ეკლესიამ ხალხის ნდობა დაკარგა და ეგონათ, მეც მოგზავნილი ვიყავი.
- რატომ დაცარიელდა ტაძრები მრევლისგან?
- ჩემი ტაძარი აივსო. დღეს ერი უფრო პოლიტიკურია, ვიდრე გონისმიერი. ჯობია, არ ილოცო, მაგრამ ქრისტე შეიცნო. ქრისტეს რომ შეიცნობენ, მერე მიხვდებიან, რაზე და როგორ ილოცონ, რა თხოვონ ღმერთს. თუ არ იცი, ღმერთი ვინ არის, როგორ უნდა თხოვო მას? "მამაო ჩვენო" აზროვნების ფორმულაა, რა ვთხოვოთ ღმერთს. გვასწავლა აზროვნება, როგორ გვიყვარდეს ღმერთი და ერთმანეთი. მოექეცი ისე, როგორც გინდა მოგექცნენ შენ. ეს ოქროს ფორმულაა. ქრისტე სიმართლეა. თუ მასთან ხარ, შეუძლებელია ბოროტმა მოგატყუოს. ბოროტის მამხილებელი სიმართლეა.
- ამგვარ ბატალიაში ყოფნას საკუთარ თავზე როგორ აღიქვამთ?
- ჩემს თავს რაც ხდება, მე ამას საქართველოზე წყალობად მივიჩნევ. სინდისის პატიმრებიც წყალობაა ჩვენი ქვეყნისთვის. ისინი, მანამდე, ჩვეულებრივი ხალხი იყო, მაგრამ ღმერთმა როგორ გამოაჩინა, ნახეთ?! ჩვენ ხომ არ გვეცოდონებოდა, რომ ასეთი მოაზროვნე ხალხია. გგონია, მერაბ კოსტავები სხედან ციხეში. ადრე ტყვიით და ხმლით რომ ვიბრძოდით, დღეს გონებით გვაბრძოლებს ღმერთი.
ჩემი ახლობლები განიცდიან ჩემს თავს დამტყდარ ამგვარ ზეწოლას. დედა 90 წლისაა, დიალეზზე დამყავს, ავად არის. მეუბნება, შენ ბავშობიდან ყოველთვის ყველას უგებდიო. მას ჩემ გამო ეშინია, ღელავს. გუშინ ვუთხარი, შენ თუ შეშინებული იქნები, მე წავაგებ-მეთქი. არ მეშინია, მე ღვთისმშობელს ჩაგაბარეო, მიპასუხა.
დედა, თამარ ყურაშვილი-კვარაცხელია, მე მოვიყვანე ეკლესიაში. დღეს ის დედა ეფემიაა. 73 წლის იყო, მონაზვნად რომ აღიკვეცა. როცა წალკაში ვიყავი, ჩემთან იყო მონასტერში.
ერთ დღეს ამბობს, ეს რა დამმართა ჩემმა ქმარმა, რა კარგი გვარი მქონდა და მამაშენმა ყურაშვილად ჩამწერა; არავინ იცის, მეც კვარაცხელია რომ ვარო. ხვიჩა კვარაცხელიათი ამაყობს. უყურებს ფეხბურთს.
- არაფრის გეშინიათ?
- ერთადერთი, რაც არ მინდა მოხდეს არის ის, რომ სანამ ქვეყნის და ეკლესიის გათავისუფლებას შევძლებ, ამ ქვეყნიდან არ გავიდე. მინდა ცოცხალი დავრჩე. მე თვითონ, პირადად, გამარჯვებული ვარ. მე მინდა ახლა ერს გავამარჯვებინო! ამბროსი ხელაია დამარცხებული გავიდა თუ გამარჯვებული? გამარჯვებული. მართალ გზაზე იყო და მოკლეს, ქრისტესთან გამარჯვებული წავიდა. ერმა ვერ გაიმარჯვა. დრო იყო ასეთი. მე არ მინდა შედეგი ვერ დავდო. ღმერთს ამას ვთხოვ. მე როცა ქრისტეს მივყვები, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა დროს გავალ ამ ქვეყნიდან. ერისთვის აქვს მნიშვნელობა, რადგან მცირე საძმოსთან ერთად, თითქმის, მარტო შევრჩი.
10/29/2025