ინტერვიუ

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
როცა ოთხი შვილის დედა ისეთ არაჩვეულებრივ ფორმაშია, როგორც გოგოლა კალანდაძე, მისგან რჩევების მიღება ურიგო არ იქნება.
ალბათ, ქალბატონებს დაგაინტერესებთ, როგორ იკვებება, რა მნიშვნელობას ანიჭებს ძილს, რა ფიზიკურ აქტივობებშია და საერთოდ, როგორ უვლის თავს.
მსახიობი და ტელეწამყვანი "ზმნასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მისი გარეგნობის მთავარი კოზირი - მისი ხასიათია.
განწყობას მუსიკით და ცეკვით იმაღლებს, თავს ეჭვიანობით აღარ იწუხებს, ყველას მიმართ პოზიტიურადაა განწყობილი და წყენისთვის გულში ადგილს აღარ იტოვებს.
დანარჩენი ინტერვიუში.
გოგოლა კალანდაძე: - ფორმაში ყოფნა პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის არის საჭირო. განწყობას ამაღლებს და უფრო თავდაჯერებული ხდები. გაზაფხულზე, ვცდილობ, ფიზიკურად მეტად დავიტვირთო. სავარჯიშოდ დავდივარ და გარუჯვას სოლარიუმით ვიწყებ. მართალია, სოლარიუმი არ არის ჯანმრთელობისთვის კარგი, მაგრამ მიჯაჭვულობა მაქვს. ადრე დიდი სიხშირით დავდიოდი.
ახლა მივაღწიე იმას, რომ კვირაში ერთხელ მივიდე, მცირე დროით. მზის სხივები უკეთესია, ბუნებრივი D ვიტამინია, მაგრამ სანამ გარუჯვის სეზონი დადგება, სოლარიუმით ვსარგებლობ. გაითვალისწინეთ, რომ მისვლამდე კანი აუცილებლად უნდა დაიტენიანოთ.

- რუჯით უფრო მოგწონთ თავი?
- დიახ, კომფორტულად ვგრძნობ თავს, როცა გარუჯული ვარ. მომწონს ძალიან. მგონია, რომ უფრო კარგად გამოვიყურები 😊
- როგორ უვლით კანს, მით უმეტეს, გარუჯვის მოყვარული ყოფილხართ?
- არ მოგატყუებთ, რუტინა ძალიან მეზარება. ყოველდღიურად საცხების გამოყენებას, ფიზიკური დატვირთვა მირჩევნია. ჯობია, ჯანსაღი კვებით და ჯანსაღი ცხოვრების წესით, შინაგანად მივხედო კანს, ვიდრე ზედაპირული რუტინით. თუმცა, კოსმეტოლოგიურ კაბინეტს ვსტუმრობ ხოლმე. ეს საჭიროება პერიოდულად მაქვს და რა თქმა უნდა, ვიცავ. კანის მოვლა ძალიან მნიშვნელოვანია, ჯანმრთელობისთვისაც და ესთეტიურადაც.
არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ქალის სახეზე, პატარ-პატარა ნაოჭები მომწონს, ნაოჭს თავისი ხიბლიც აქვს და შინაარსიც და ზოგადად, ყველა ასაკს თავისი სილამაზე აქვს. ამიტომ, რაც მომწონს, შემიძლია დავტოვო და კორექტირება არ გავუკეთო.

- ქალბატონები საჯაროდ იმის გამხელისგან თავს იკავებენ, თუ რა ჩარევა აქვთ გაკეთებული. ამ მხრივ, რას გაგვიმხელთ?
- ჯერ მხოლოდ ბლეფაროპლასტიკა (თვალის გარშემო ზედმეტი კანის და ცხიმოვანი ბალიშების რეზექცია) მაქვს გაკეთებული, რადგან ასაკთან ერთად თვალის ქუთოთოები დუნდება, შესაბამისად, ეს ჩარევა გამოვიყენე. არ გამოვრიცხავ, რომ ტანზეც ვიზრუნო და რაიმე კორექტირება გავიკეთო თუ ამის საჭიროებას ვიგრძნობ.
- ერთი შეხედვით ვერ იტყვი, რომ რაიმე ჩარევა გჭირდებათ...
- პატარ-პატარა ნაკლოვანებების დაფარვა მეხერხება :))
- დღეს გარეგნობაში ხელოვნური ჩარევები აქტუალურია, ეს ძალიან თვალშისაცემი გახდა. 21-ე საუკუნის ქალის გარეგნობაში რა არ მოგწონთ, შეგიძლიათ გვითხრათ?
- ვერ ვიტყვი, რომ არ მომწონს. მგონია, რომ ქირურგიული თუ კოსმეტიკური ჩარევა, ვიღაც-ვიღაცებისთვის საჭიროც არის. გაკეთებული ტუჩიც მომწონს, თუ ზომიერება დაცულია და არ არის ზედმეტად დაბერილი. ოდნავი კორექტირება, ასაკთან ერთად, ყველაფერს უხდება. ვისაც მოსწონს და კომფორტში არიან, რა თქმა უნდა, უნდა გაიკეთონ.
- კვებით თუ უწყობთ ხელს საკუთარ თავს?
- კი, ვცდილობ ჯანსაღად ვიკვებო. ძირითადად, სალათები და დაბალანსებული კვება. დილით ადრე ვდგები, 7 საათზე ფეხზე ვარ და ვიწყებ ოჯახურ საქმეებს. ათასი საქმეა და მიწევს, რომ ყველაფერი მოვასწრო, ერთი წვნიანი კერძი სულ გვაქვს. აუცილებელია. ზოგადად, არ მიყვარს ჩამოწერილი წესებით ცხოვრება და ამიტომ ხანდახან, ვარღვევ კიდეც, ზოგჯერ გვიან ღამითაც ვჭამ, ცუდია, მაგრამ ხანდახან ასეც ხდება.
რჩევას რაც შეეხება, ჯობია, გვიან, მაწონი და კიტრი მივირთვათ... გოგოებს ვურჩევ, დილით ადრე ადგნენ, უფრო ბევრ რამეს მოასწრებენ. დილით არც საცობია, წახვალ, პროდუქტს და სხვა საჭიროებებს მოიმარაგებ და მერე უფრო მშვიდად აგრძელებ დღეს.

- რუტინის დაგეგმვის რაიმე მეთოდი თუ გაქვთ?
- დღის გეგმის ჩამოწერა მიყვარს, ეს მეხსიერებასაც ეხმარება და უფრო მობილიზებულად, გეგმის მიხედვით ვმოქმედებ. ასევე უნდა გითხრათ, ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ძილი. 12 საათზე ვიძინებ, ძალიან მიყვარს შუადღის ძილიც, ნახევარი საათიც მყოფნის, მერე უფრო "ფრეშად" გამოვიყურები. ეს რაღაცნაირად ჩვევაში მაქვს.
- გოგოლა, ასაკს მალავთ?
- არა, არ ვმალავ. 51 წლის ვარ.

- ბიოლოგიური ასაკი და შინაგანი განწყობა ერთმანეთს ემთხვევა?
- არა, არანაირად არ ემთხვევა. მგონია, რომ სულ პატარა ვარ. განწყობით ბევრად პატარა ვარ, თუმცა, უკვე ვცდილობ, უფრო დარბაისლური და ქალური "დავიჭირო" 😊 მაგრამ ზოგჯერ მეპარება ძველი ჩვევები, შინაგანი ახალგაზრდობა იჩენს ხოლმე თავს... (იცინის)
- როგორ ფიქრობთ, რაზეა დამოკიდებული ახალგაზრდული განწყობის შენარჩუნება?
- ხასიათზე. ვცდილობ ვიყო მხიარული და ყველას მიმართ პოზიტიურად განწყობილი. რამდენადაც თავისუფალი და ლაღიც ხარ, მით უფრო არ გეტყობა ასაკი. გულწრფელი და უბოროტო თუ ხარ, თუ არ გშურს და წყენას არ იტოვებ გულში, ეს გარეგონაზე დადებითად აისახება.
- ანუ წყენა დიდხანს არ მიგყვებათ...
- წყენა მალე მავიწყდება. ადამიანს ვუყურებ მისი კარგი თვისებების მხრიდან, არ ვცდილობ ცუდი მხრიდან დანახვას. ეს მეც მეხმარება ვიყო კარგ ხასიათზე და დადებითად მოქმედებს ჩემზე.

- როგორ ფიქრობთ, რატომ მოსწონთ გოგოლა?
- ალბათ, კეთილგანწყობის გამო. რაც არ უნდა დამიშავო, სამაგიეროს გადახდა და მსგავსი ჩახლართვები არ მახასიათებს. რაღაც დროს მავიწყდება კიდეც.
ეს თვისება დედისგან მაქვს. ის ყველაზე ახლო ადამიანი იყო ჩემთვის. როდესაც რაღაც მწყინდა ან ვბრაზდებოდი, ან მოვიწყენდი, დედა ყოველთვის ცდილობდა, არ დამემახსოვრებინა და მეუბნებოდა - არაუშავს, მერე რა, გაგივლის... მის აზრს დიდი გავლენა ჰქონდა ჩემზე.
დედა უკვე 7 წელია აღარ არის... ახლაც, როგორც კი რამე მეწყინება, ვფიქრობ, ხოლმე, ნეტა, დედა რას მეტყოდა ახლა...
მის გარეშე ცხოვრების სწავლა თავიდან მომიწია... სრულიად ახალი გზა გავიარე, საკმაოდ რთულად და დეპრესიულად. ძალიან დამოკიდებული ვიყავი მასზე - „მიწებებული“ ბავშვი, ემოციური მიჯაჭვულობა მქონდა.
ფიზიკურადაც დედას ვგავარ... დედა იყო ჩემთვის ყველაფერი, დამცველი, იმედი, თავშესაფარი... დარდს და ტიკივილს მივსებდა. დედის შემდეგ, ის სითბო ვერსად ვიპოვე, რასაც მისგან ვიღებდი. მასავით მზრუნველი, თბილი და ყურადღებიანი ვერავინ იქნება ჩემთვის... როცა მიჭირს მხოლოდ მასთან მინდება დარდის გაზიარება, ასეთ დროს სასაფლაოზე ავდივარ, შვებას მაძლევს იქ მისვლა და საუბარი... დედა ახლაც მეხმარება...
სახლში შვილები არ მაძლევენ ტირილის საშუალებას. ცუდი ხასიათზე ყოფნის უფლებასაც არ მაძლევენ - „ხომ არ ტირი?“ მაშინვე თვალებში მიყურებენ. ამიტომაც პერიოდულად დედას „ვაკითხავ“... მისი გარდაცვალება იყო უმძიმესი დარტყმა...

- როგორია 50 + გოგოლა? რა შეიცვალა თქვენში?
- მეტად დაკვირვებული და დაფიქრებული... ვცდილობ, პოზიტიურად განვეწყო სამყაროს და ადამიანების მიმართ. ზოგადად, ადამიანები მშობლების წასვლის შემდეგ, მეტად სევდიანები ვხდებით, მგონია, რომ ეს მეც დამეტყო...
- ოთხი შვილის, ოთხნაირ დედობას - დიდი ძალისხმევა სჭირდება...
- ოთხნაირი დედა ვარ, ზუსტად. ვცდილობ, ოთხივეს თავის ხასიათში ავეწყო. თან ამ ახალ თაობას, არ უყვარს შენიშვნების პირდაპირ მიცემა და ვურჩევ ტონს, სათქმელს და ასე შემდეგ. ელენე 26 წლის არის, დავითი - 17 წლის, ანა მარია 14-ის, უმცროსი დარია კი, 9 წლის. დედობა ყველაზე რთული პროფესიაა, დარდია, ნერვიულობაა... დათუკაზე წინასწარ ვნერვიულობდი, რომ ერთხელაც ხომ იჩხუბებს?! ხომ არ არსებობს ბიჭი, ერთხელ მაინც არ მოუწიოს დაპირისპირება ან რამე მსგავსი; ესეც უკან არ დაიხევს. ჩემი ხასიათი აქვს (იცინის) ჯერ არ ჰქონია მსგავსი თავგადასავალი, მაგრამ მე მაინც ვნევიულობ :))) მოკლედ, ვარ ერთ ამბებში.
- მკაცრი დედა ხართ?
- სიმკაცრე არ გამომდის. მირჩევნია მეგობრული ვიყო.
- ელენე პერიოდულად ექცევა ყურადღების ქვეშ, რაღაცით გგავთ კიდეც.
- კი, ყურადღების ცენტრში ხშირად არის ხოლმე. ახლა თავისი საქმე (პოდკასტი) აქვს, ჰყავს არაჩვეულბრივი შეყვარებული და არის მშვიდად. ჩემს შვილს ვინც ეყვარება, მეც მეყვარება. სხვა ჩარევებს არ ვაპირებ, არც მაქვს უფლება მისი ცხოვრების განკარგვის. ვფიქრობ, ძალიან კარგი დედამთილი და სიდედრი ვიქნები.

- ოჯახის დანგრევა დღეს ისეთი ჩეულებრივი ამბავია, ვინმე თუ სტაბილურ ქორწინებაშია, ცოტა გვიკვირს კიდეც. როგორ მოახერხეთ, თქვენ და ირაკლიმ, 17 წლიანი ურთიერთობის შენარჩუნება?
- ნებისმიერი ურთიერთობა შეიძლება გახდეს მოსაბეზრებელი, თუ მის გამრავალფეროვნებაზე არ იზრუნე... ალბათ, წყვილის კავშირი, საინტერესო ორივემ უნდა გახადოს. ამ ურთიერთობაშიც ვხვდები, რომ გავიზარდე.

- რას გულისხმობთ, მეტად დამთმობი გახდით?
- კი, კომპრომისი აუცილებელია, ისე სტაბილურობა არ გამოდის. როცა წყვილს ერთმანეთი უღირთ, კომპრომისებზე წასვლა უწევთ, ისე ოჯახის შენარჩუნება გაჭირდება.
- ოჯახური ურთიერთობა სხვადასხვა ფაზას გადის. ახლა როგორ ფაზაში ხართ?
- ადრე ძალიან ეჭვიანი ვიყავი, ალბათ, უფრო ახალგაზრდული იმპულსურობის ბრალი იყო, ახლა ასე აღარ არის. ამითაც ვხვდები, რომ ძალიან გავიზარდე, ან უბრალოდ, ეჭვიანობა მეზარება (იცინის). ყოველდღიური რუტინით იმდენად ვიღლები, რომ ამისთვის დროც არ მრჩება. ეჭვიანობის საბაბს ყოველთვის იპოვი, აბა, გიჟები კი არ ვართ, უსაფუძვლოდ ვიეჭვიანოთ, მაგრამ ახლა არ მაინტერესებს.

იმდენად დავრწმუნდი, რომ ვუყვარვარ, რომ აღარ მაღელვებს გვერდითი ქირქილი :))) ყველა კაცს სჭირდება, ალბათ, პატარა „ფლირტები“ და როცა ამის საჭიროებაა, გაერთოს... ქალებიც ძალიან აქტიურები ვართ, მოდი, ასე ვიტყვი. ზოგისთვის არ აქვს მნიშვნელობა, კაცს ოჯახი ჰყავს თუ არა, რამდენი შვილი ჰყავს და ა.შ. ამიტომ მთავარი მაინც თვითშეფასება და თვითრწმენაა, რომ შენ ხარ საუკეთესო მის ცხოვრებაში... განსაკუთრებით ადვილია ამის გაკეთება მაშინ, როცა, ამის რეალური საბაბი გაქვს.
- გასათვალისწინებელი მიდგომაა...
- ჩემი მიდგომა ასეთია - არასდროს გაეკიდო კაცს, თუ წასასვლელია, მაინც წავა. კისერზე ჩამოკიდება ვერაფერს შეცვლის.

- მსახიობობა არ გენატრებათ?
- ძალიან მენატრება. გული მწყდება, რომ არ ვთამაშობ. რთულია, როცა გინდა დაკავდე საყვარელი საქმით და ასე არ არის... მე მაინც ტელესერიალებით გამიცნო მაყურებელმა და მიყვარს ეს ჟანრი. სიამოვნებით დავთანხმდები რაიმე როლს, თუ ასეთ შთავაზებას მივიღებ. თუმცა, ახლა რასაც ვაკეთებ, ვგულისხმობ, სატელევიზიო საქმიანობას, ("ტვ პირველი" - გადაცემა „სახლი“) იმით ვარ ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი. ეს საქმე ძალიან მომწონს და ეს პროდიუსერი თეა ცეცხლაძის დამსახურებაა, ამ გუნდში მან მიმიღო. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი და საჭირო საქმეა. ყოველთვის სიამაყით ვამბობ, რომ "ტვ პირველის" გუნდის წევრი ვარ.
- რთულია დღევანდელ საქართვლოში ცხოვრება. რამდენად ამართლებთ სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად წასვლას და თუ გიფიქრიათ სადმე წასვლაზე?
- ვერასოდეს ვერსად ვერ წავალ. არც ერთ ასაკში არ მქონია ქვეყნიდან წასვლის სურვილი. ქვეყნის და ხალხის სიყვარული ისე მაქვს გამჯდარი, ვერსად ვიცხოვრებ საქართველოს გარდა. ჩემი ქვეყანა, ჩემი სახლია, ამას გულწრფელად ვამბობ და იმედი მაქვს, რაღაც შეიცვლება უკეთესობისკენ. ეს აუცილებლია, უნდა შეიცვალოს. ვერავინ იფიქრებდა, რომ ისევ ასეთ ჩიხში აღმოვჩნდებოდით.
მინდა ვისარგებლო შემთხვევთ და ჩემი პოზიცია დავაფიქსირო სინდისის პატიმრების მიმართ. ძალიან ვწუხვარ, უდანაშაულო ბიჭების ციხეში გამოკეტვის გამო, უსამართლობაა ამდენი ახალგაზრდას ციხეში ჩასმა... ვისურვებდი, რომ მალე დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს, თავიანთ საქმიანობას და მინდა, რომ ჩვენმა შვილებმა უკეთეს ქვეყანაში იცხოვრონ.
ჩვენი ხალხი ნამდვილად იმსახურებს საუკეთესოს.
- თქვენი საყვარელი ზმნა...
- ჩემი საყვარელი ზმნაა - ვცეკვავ.
მიყვარს ცეკვა. ახლაც მიყვარს ოთახში, ხმამაღალ მუსიკაზე მარტო ცეკვა. განწყობისთვის, ხშირად ვცეკვავ...
თქვენც იცეკვეთ... უკეთ იქნებით.
05/29/2026