
11/06/2026
პეტრე კოლხი, რომელმაც ამერიკაში გარკვეული პერიოდი დაჰყო და სამშობლოს მალე დაუბრუნდა, თავის გამომწერებს ზე-სახელმწიფოს მინუსებზე უყვება და ყველა იმ სირთულეს უხატავს, რასაც ქართველი ემიგრანტები შტატებში ეჩეხებიან.
"რატომ დავბრუნდი ამერიკიდან?"
პეტრე კოლხი: ჩემი ამერიკაში დარჩენა იქნებოდა თავის მოტყუება, მიუხედავად იმისა, რომ მე იქ ინტერვიუც წარმატებით გავიარე და საბუთებსაც ველოდებოდი.
მე გაგცემთ პასუხს მათ, ვინც მეკითხებოდა, თუ რატომ დავბრუნდი ამერიკიდან?
დავბრუნდი იმიტომ, რომ იქ არ იყო ჩემი ადგილი. ამერიკა არც ჩემი ოცნების ნაწილია და არც ჩემი ქვეყანა. ზოგადად, ამ ბოლო დროს, ოცნებები თითქმის არ გამაჩნია. ამერიკა ვერ შეცვლიდა ჩემს შინაგან სამყაროს, პირიქით, კიდევ უფრო მეტად დამარწმუნა, რომ ჩემი ჩანაფიქრი, თითქოს, ჩემი ადგილიც არის ემიგრაციაში, ავეწყობი და იქაურ გამოწვევებს შევეგუები, აღმოჩნდა სიცრუე, ტყუილი. მაგრამ ეს გზა უნდა გამევლო.

არ გეგონოთ, რომ მუშაობა მეზარებოდა, სამსახური არ მქონდა.
მეგობრების გვერდში დგომით, აეროპორტიდანვე მელოდა სამსახური. ყველას მადლობა მინდა გადავუხადო. იქ მნიშვნელოვანია, გექნება თუ არა სამსახური, თავშესაფარი. ამერიკაში მე გავიცანი ადამიანები უსამსახუროდ თვეები რიგში რომ დგანან.
ამერიკა დღეს ისეთი აღარაა, როგორც 20 წლის წინ იყო. ამერიკაში ცხოვრება ურთულესი გახდა. გადასახადები, ქირა... ბინას ვეძახით, თორემ შეიძლება ოთახში კუთხე იქირაო. და იმაში სულ მცირე ათასი დოლარი გადაიხადო. კომუნალური გასახადები...
შენი მანქანაც რომ გყავდეს, მისი კრედიტი უნდა დაფარო. მას ზეთის გამოცვლა უნდა, რაიმე რომ გაუფუჭდეს, შეკეთება უნდა. ეს ბევრად უფრო ძვირია. გამოუცდელი რომ ვიყავი, ბევრი რამის გამო, ხშირად მაჩერებდნენ პოლიციელი. უკანონოდ ზიხარ და მუშაობ; ასე რომ, ჩეულებრივ ჯარიმებს კიდევ დამატებითი ჯარიმები ემატებოდა. ეს ჯარიმები შეიძლება ასულიყო თვეში 700 დოლარზე. იმ ჯარიმებს ელოდება სასამართლო პროცესები. პროცესების ლოდინში დღეს კარგავ რიგებში. იქ ბოდიშს იხდი, რომ აღარ მოიქცევი ასე. ამერიკაში დროის უქმად დაკარგვა უკან დახევას ნიშნავს. ერთი დღე უმუშევრად ყოფნამ, შეიძლება 15 დღე ისე დაგაზარალოს, რომ ფეხზე ძლივს წამოდგე.
კვება იყო კატასტროფა, საშინელება. ვერ ვუძლებდი იქაურ საკვებს. კოკა-კოლა ხომ ამერიკულია, რომელზეც პრაქტიკულად დამოკიდებული და მიჯაჭვული ვარ. ამერიკაში წყლის გემო ჰქონდა. სიბინძურე იყო კაფე-ბარებში. იყო ძვირადღირებული კაფეები, მაგრამ იქ ამის საშუალება არ გაქვს, რომ დაჯდე და მილიონები ხარჯო. ამის ფუფუნება აქედან ჩასულ ადამიანებს არ გააჩნიათ.

კვირაში ერთი დღეც კი არ გაქვს დასვენება, ნახევარი დღე გაქვს. ისეთი გადაღლილი ხარ, რომ იმ ნახევარ დღეს სადმე გავლის სურვილიც არ გიჩნდება. სადმე კულტურულ ადგილას რომ შეხვიდე, შეიძლება ჩამოგეძინოს და ვერც შეირგო იქ ყოფნა.
სამშობლოში ფულის გადმოგზავნა ურთულესი პროცესი იყო. ლიმიტირებულია გამოსაგზავნი თანხა და ლიმიტის ამოწურვისას ბანკი გბლოკავს.
რაც ყველაზე მთავარია - კატასტროფული სიბინძურე! ჰაერშიც კი გაუსაძლისი სუნი დგას. მარიხუანა იქნება ეს თუ, სიბინძურის, მნიშვნელობა არ აქვს. მივხვდი, რომ ამ სიბინძურეში, ამ მონობაში ჩემი ადგილი არ იყო.
ვიღაცისთვის ამერიკა დემოკრატიის შუქურა და თავისუფლების სიმბოლოა. მცდარი დამოკიდებულებები გაგვაჩნია. ამერიკელებსაც არ აქვთ მოდუნების საშუალება.
ამერიკა ჩემთვის მონობაა! თუ თვეში მიზერულ თანხას მაძლევდა, იმაზე მეტი მიჰქონდა ჩემგან.
იმის მიუხედავად, რომ ვიზაც მქონდა, სახელმწიფომ დაზარალებულად და დევნილად მაღიარა და საბუთები მწყობრში იყო, წამოვედი. წამოვედი, რადგან მე გავფუჭდი, გავნადგურდი, თვალს დამაკლდა და ზოგჯერ შეიძლება შუაღამეს წამოვხტე, არიქა, არ დამაგვიანდეს, ქუჩაში ვინმე მგზავრი ხომ არ მელოდება-მეთქი. ამ მდგომარეობიდან დღემდე არ ვარ გამოსული. ვეწირებოდი, ფსიქიკა მერყეოდა. ოჯახი კი, სადაც შოშიებივით პირღია გელოდებიან, მაინც არასდროს არის კმაყოფილი. მე იქ იშვიათი გამონაკლისის გარდა, ჯანსაღი ფსიქიკის ქართველი არ შემხვედრია. იმიტომ რომ ჯოჯოხეთურ შრომას გადიხარ და მუდმივად დაძაბული ხარ.
გააზიარე სტატია