ინტერვიუ

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
პეტრე კვარაცხელია, რომელსაც კოლხის ფსევდონიმით ვიცნობთ, ახლა ამერიკაში ცხოვრობს. უკვე რახანია სასულიერო პირის კაბა აღარ მოსავს. თუმცა მიიჩნევს, რომ ის სიცოცხლის ბოლომდე მღვდელი იქნება და ამის შეცვლა აქ, მიწაზე, არავის შეუძლია.
ამბობს, რომ ქვეყნის დატოვება აიძულეს. დღეს ის ემიგრანტების რიცხვს მიეკუთვნება. თუმცა როგორც გამოცემა „ზმნისთვის“ მიცემულ ამ გულწრფელ ინტერვიუში თქვა, ჯერჯერობით, მხოლოდ ფიზიკურად იმყოფება ამერიკაში. მისი სული და გონება ჯერ ისევ სამშობლოშია.
პეტრე კოლხი „ზმნის“ მკითხველს თავის თავზე უყვება...
პეტრე კოლხი: ჯერ კიდევ არ ვარ ამერიკაში. ისევ ერთაწმინდის აივნიდან გავყურებ უსასრულო სივრცეს და ველოდები, რა გზას დავადგები საბოლოოდ…

ადრეული ასაკიდან დავემოწაფე ბიტნიკებს… კერუაკის “გზაზე” გახდა ჩემი შთაგონება… ფიზიკური ყოფნა ხომ არ განსაზღვრავს ჩვენ გეოგრაფიულ საზღვრებს. სინამდვილეში იქ ხარ, სადაც შენი ფიქრი და გონება… იესო ამბობს -“საცა არის საუნჯე შენი, მუნცა იყოს გული შენი…” იმედი მაქვს, შევძლებ , “გადმოვცურავ” ოკეანეს და ვიტყვი , “Let our meeting be blessed, America.”
საბოლოოდ, სხეულს სულიც დაეწევა და ორივე თანაბრად დაიწყებს ამერიკულ ცხოვრებას…
აქ არც ერთი დღე არ არის ერთნაირი. რაც გუშინ იყო, ის დღეს არ მეორდება… სულ ელოდები, იქნებ რამე შეიცვალოს, იქნებ მოხდეს სასწაული და სხეულითაც დაბრუნდე იქ, საიდანაც ჯერ კიდევ არ წამოსულხარ… რთულია შეგუება იმასთან, რაც შენი არ არის… უფრო რთულია, შეგუების გარეშე იყო იქ, სადაც არ გინდა იყო. ეს ჩემი იძულებითი ყოფნაა… არ ვუშვებ იმას, რომ აქ შეიძლება დიდხანს დავრჩე. ვერ შევძლებ, არ გამომივა. პროცესი საინტერესოა. ახალი გამოწვევები, ახალი გზები… სირთულეები, დაბრკოლებები, წინააღმდეგობები… ეს ძალიან მომწონს, მზრდის, მაძლიერებს… ეს ქვეყანა არ გაძლევს ამოსუნთქვის საშუალებას. აქ ვერ იქნები სხვის იმედად… ამერიკა არის საკუთარ თავთან შეხვედრის ყველაზე ნამდვილი და ორგანული ადგილი… აქ ხდება საკუთარი თავის გაცნობა და თანდათანობით ხვდები, რა შეგიძლია, რა არ შეგიძლია… ამერიკა სარკეს ჰგავს, ფილტრის გარეშე იხედები და უჯრედების დონეზე ხედავ საკუთარ თავს. თავიდან უნდა დაიბადო, თავიდან სწავლობ სიარულს, ურთიერთობებს, ცხოვრებას… ამერიკა არ არის ჰოლივუდური სიკაშკაშე, ის ბურუსით მოცული იატაკქვეშეთია!…
- უცხო მიწაზე მეტად გვიყვარდება სამშობლო. ნოსტალგიის ნამდვილ გემოსაც მაშინ ვეცნობით… ასეა?
- ისე ახლოს არასდროს ვყოფილვარ სამშობლოსთან, როგორც ახლა, აქ, ამერიკაში და ეს უფრო მიჭირს… ყველაზე მეტად აქიდან ვგრძნობ მის პულსს, რომელიც თითქმის აღარ ესინჯება… საკუთარ მტრებს ყველაფერს ვპატიობ, მაგრამ ჩემი ქვეყნის მანქურთებს, არასდროს ვაპატიებ იმ ბოროტებას, რაც ქართულ მიწა-წყალს თავს დაატეხეს…

რამდენი ხანია ვფიქრობ, გონებაში ვფურცლავ ქართლის ცხოვრებას, ეკლესიის ისტორიას და ბოლოს იმ აზრზე მივდივარ, რომ ასეთი მძიმე ჟამი იშვიათად გამოუვლია საქართველოს… გასაბჭოების დროსაც არსებობდა იმედი… ეკლესიას ჰქონდა ერის და რწმენის გადარჩენის როლი მორგებული და ზუსტად ამან გვიშველა. დღეს თავად ეკლესია დაუფარავად ავლენს ღალატის, გაცემის, გაყიდვის, მლიქვნელობის, ფარისევლობის, ორპირობის, მომხვეჭველობის, გულგრილობის, უღმერთობის მაგალითს. ეს მიკლავს გულს… ეს მდგომარეობა მაკარგვინებს მოსვენებას და მართმევს მომავლის იმედს. შიო მუჯირს უკვირს, რატომ ვეხაძი ეგზარქოსს. არის და იმიტომ. თუ ეს ასეთი საწყენია მისთვის, ჩვენთვის მარტო საწყენი არა, გამანადგურებელია, როდესაც ვხედავთ, თუ როგორ ემსახურება მოსაყდრე რუსულ მხარეს და წამითაც არ ადარდებს საქართველოს მომავალი. ისტორიულად ასე იყო… ამდენი მოღალატე რომ არ გვყოლოდა, ვინ მოგვერეოდა…
ბევრჯერ მახსენდება გრიგოლ რობაქიძის ანდერძი… ბედნიერი ვარ, რომ იმ დიდი მამულიშვილების გზას დავადექი და დათმობაზე არ წავედი… სამშობლოდან შორს იყო გადახვეწილი ექვთიმე თაყაიშვილი, ამბროსი ხელაია, კირიონ საძაგლიშვილი, იგივე რობაქიძე და სხვები, მაგრამ თავად იყვნენ სამშობლო… მათ ატარეს მხრებით ჩვენი მდიდარი ისტორიული წარსული და არასდროს დაუთმიათ მთავარი პრინციპები. შეიძლება ცხოვრობდე შენი ქვეყნის გარეთ, მაგრამ შენ შიგნით ინარჩუნებდე სამშობლოს. პირიქითაც ხდება: რჩები საკუთარ მიწაზე, რომელიც არც ერთი წუთითაც არ ჰგავს იმას, რასაც შეიძლება სამშობლო უწოდო.
მეგობრები მსაყვედურობენ, არ გესაუბრა ამდენი, ხომ ყველაფერი გქონდა და შენ შვილებთანაც იყავიო… არ მქონდა სიმშვიდე, მოსვენება, არ შემეძლო იმ უსამართლობაზე გაჩუმება, რასაც ყოველ დღე ვუყურებდი. ამდენი იდიოტიზმის, უცოდინრობის, გაუნათლებლობის, ქრისტეს სახელით მოვაჭრე თაღლითების ატანა არ შემოძლო. მქონდა ყველაფერი, მაგრამ ვკარგავდი საკუთარ თავს. ახლა ჩემი თავი ვარ და ეს ყველაფერია ჩემთვის და მირჩევნია მქონდეს არაფერი… მე და საქართველო ისევ შევხვდებით ერთმანეთს, როდესაც ეს ამდენი უსამშობლო მოშორდება ერსაც და ეკლესიასაც…
- რა ფიქრები დაგტრიალებს ახლა?
- ამ კითხვამ მერაბ კოსტავას წიგნი “ფიქრები საქართველოს მისიაზე” გამახსენა… ვფიქრობ, რა შეიძლება გავაკეთო ჩემი ერისთვის, რომ ამოისუნთქოს. შენი ქვეყნის გარეთ დესპანი ხარ და წარმოადგენ შენი ერის კულტურას, ტრადიციებს, ღირებულებებს. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. როგორც სახარება გვეუბნება და მე ამის მჯერა, შემთხვევით არაფერი ხდება; არც ჩემი ახალი გზის გავლა არ ხდება ისე, უბრალოდ… აქაც მოქმედებაში ვარ, მუდმივ ცვლილებებში…
დიდი ხნის წინ წამოსული ქალბატონ თამრიკოს მიერ დაორგანიზებულ ღონისძიებაში მივიღე მონაწილეობა, ჩემი “მაფშალია” შევასრულე და ლექსი წავიკითხე. ჩემი ქვეყნის გათავისუფლებისთვის, გაერთიანებისთვის… მეგობრების გარემოცვაში ტერენტი გრანელის პოეზიის საღამოც ჩავატარე. არ ვარ უსაქმოდ… სულ ვცდილობ მოძრაობასა და განახლებაში ვიყო… სანამ ცოცხალი ხარ, ეს პროცესი არ უნდა შეწყდეს. მალე იუთუბ არხზე ჩემი ახალი წამოწყება დაიდება - “უკვდავი საფლავები”. ეს იქნება ათ წუთიანი გადაცემა იმ ადამიანების საფლავებიდან, თავიანი აზროვნებით რომ მსოფლიო შეცვალეს… ვფიქრობ, საინტერესო გამოვა !..

- შემთხვევით არაფერი ხდება ჩვენს ცხოვრებაში. შეგიძლია გვითხრა, ამ განსაცდელს, რომელიც ახლა შენს ცხოვრებაშია - განმოსილი მღვდელი, როგორ იღებ და დაატარებ?
- პავლე მოციქული ამბობს, “შენ ხარ მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა”… მე სულ სასულიერო პირი ვიქნები, სანამ ცოცხალი ვარ. ჩემთვის მღვდლობაც, ადამიანობაც გადის ღირსებაზე, მართლმკვეთელობაზე, სიმართლის მსახურებაზე. როგორ შეიძლება იყო სისტემის მონა და თავს თვლიდე ღვთისმსახურად. იესო გვაძლევს შეუვალობის მაგალითს. პირველი ის დაუპირისპირდა სისტემას და შეცვალა ძველი აღთქმის ადათ-წესები. ქართული ეკლესია კი, ისევ ძველი აღთქმის პრინციპით ხელმძღვანელობს… ადამიანს ართმევს თავისუფალ ნებას, მოქმედების საშუალებას, საკუთარი აზრის ხმამაღლა გამოხატვის უფლებას, პიროვნული განვითარების გზებს. ცდილობს საკუთარი გავლენების ქვეშ მოაქციოს და კონტროლი გაამკაცროს.
***
ჩემ წინ ორი გზა გადაიშალა. ან ქრისტეს ერთგული და მსახური უნდა ვყოფილიყავი, ან შიო მუჯირის და უღმერთო სისტემის… მე ქრისტე ავირჩიე… იყო ნამდვილი ქრისტიანი, ძალიან რთულია და რჩეულთა ხვედრია. ადვილია დახარო თავი, დაემონო ზემდგომს, გათიშო გონება და გახდე მექანიკური თოჯინა, მაგრამ ასეთი ყოფნა ხომ სიკვდილია. ეს შინაგანად მეამბოხე ადამიანებს არ შეუძლიათ. ჩემს თავს არასდროს ვაპატიებდი საბჭოთა სისტემის მსახურებას. მე ის მიკვირს, სხვები რომ ასე უპირობოდ ემონებიან უსამართლობას… ქართულ სამღვდელოებაში ძალიან ცოტამ თუ იცის, დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწე, ფილოლოგი, კორნელი კეკელიძე რომ სიონის დეკანოზი იყო. ის დაუპირისპირდა სისტემას და იმ დროინდელ სამღვდელოებას. მათი ხსოვნა არც შემორჩა, კეკელიძის სახელმძღვანელოებით დღემდე იზრდებიან თაობები… შიო მუჯირი რომ მღვდლობას შეგიჩერებს, ეს ტრაგედია კი არა, უდიდესი ბედნიერებაა. მე ვწერ ისტორიას, ჩემ ბიოგრაფიაში კი, რუსი ეგზარქოსის დაუმორჩილებლობა, ოქროს ასოებით ჩაიწერება და ამით იამაყებენ ჩემი შვილებიც და შვილიშვილებიც…
ტერენტი გრანელს აქვს ერთი ლექსი - “და საქართველო ეს ის მხარეა, სადაც ცოცხალი ხალხი მარხია…” ჰო, ცოცხლად მარხავენ ადამიანებს… ართმევენ არსებობის უფლებას და გაიძულებენ იფიქრო მათთნაირად, დაინახო ისე, როგორც ისინი ხედავენ, გესმოდეს ის, რაც მათ უნდათ, რომ გესმოდეს და ეს არის რელიგია?! არა, ეს ღმერთის სახელით მკვლელობაა… მუჯირის თანაგუნდელი ჯაღმაიძე რომ მეტყველებს, ჩვენ არავის ვუკრძალავთ საკუთარი აზრის გამოთქმას, უბრალოდ, შეურაცხყოფის გამო დავიბარეთ სასულიერო პირებიო… მის მიერ გამოგზავნილი მესიჯები მაქვს შენახული, წლების წინ რომ იწერებოდა, ინგა გრიგოლიას გადაცემაში ჩემი საუბრის შემდეგ… “შენი განცხადებები მთავრობის წევრებზე პრობლემურია”… ეს ჯაღმაიძის სიტყვებია… მუჯირის საძმო თვლის, რომ სამაგალითო ქრისტიანები არიან. ჯაღმაიძე კი ბრძანებს, მღვდლები იმიტომ დავიბარეთ, რომ გვლანძღავენო… წმინდა მამები ფულს იხდიდნენ, შეურაცხყოფა მოგვაყენეთო… გლანძღავენ?! უნდა გიხაროდეს, თუ ნამდვილი ქრისტიანი ხარ… ამის გამო, დაბარება და საქმეების გარჩევა არ ჯდება ქრისტიანულ სწავლებაში. ეს უდიდესი ფარისევლობა, სიყალბე და მოჩვენებითობაა… ჰოდა, რაც ყალბია, ყველაფერი მაღიზიანებს… იესოს გზა, სიმართლის გზაა…
- ემიგრაცია… ძალიან რთულია. მე ეს ვიცი. რა განცდები გაქვს? წინ რა არის?
- ჩვენი ცხოვრება ეტაპებისაგან შედგება. მთავარია ღირსეულად გაიარო ყველა ეტაპი და ახალ საფეხურზე ახვიდე…
ახლა ყველაზე მეტად ვგავარ საკუთარ თავს… არ ვიძაბები, ყვითელი შენობიდან ვინმემ არ დამირეკოს და წერილზე, სტატიაზე, სატელევიზიო გამოსვლაზე საყვედური არ გამომიცხადოს. ძალიან მძიმე პერიოდები გამოვიარე.
ახლა მე სიცოცხლე მიხარია… პრობლემების არსებობაც. ეს ყოფითია და დაიძლევა, მაგრამ უკვე აცნობიერებ, რომ შენს შეხედულებაზე არავის წინაშე არ აგებ პასუხს და თავისუფალი ხარ ანაფორაში გამომწყვდეული ჩინოვნიკების უსაფუძვლო შიშისგან… ახლა მხოლოდ იმაზე ვბრაზდები, აქამდეც რომ ვუწევდი ანგარიშს და ვითვალისწინებდი აბსურდულ შეგონებებს… იესო აზროვნების ღმერთია, ეკლესიამ ადამიანებს აზროვნება აუკრძალა. მეც ვიყავი ამ უღმერთობის მსხვერპლი.
ახლა მკურნალობის გზას გავდივარ… საბოლოოდ აღვიდგენ ძალებს. ყველა ადამიანი საკუთარი ცხოვრების არქიტექტორი თავად უნდა იყოს… სიცოცხლე ერთხელ გვეძლევა და ისიც სხვისი მითითებით არ უნდა გავლიოთ. მით უფრო რელიგიის დამახინჯებული სწავლების გათვალისწინებით. შენი გზა მხოლოდ შენი გასავლელია და იმ გზაზე უნდა გაიარო. სხვა ვერ გასწავლის, შენთვის რა სჯობს. იმ სხვამ თავის გზას უნდა მიხედოს. ღმერთი ერთია, მაგრამ მასთან მისასვლელი გზა იმდენია, რამდენიც ადამიანი !.. ფიზიკური ემიგრაცია სულიერთან რა მოსატანია. ჯოჯოხეთი უკან დავტოვე, წინ მხოლოდ სინათლეა!
- სად მუშაობ? როგორ გაგაქვს თავი?
- ჯერ საკუთარ თავზე ვმუშაობ, რომ ყველა ტიპის შრომა შევძლო. თავის გატანა, უცხო მიწაზე კი არა, საკუთარ ქვეყანაში ჭირს. ახალი ჩამოსული ვარ და ჯერ გადაწყობის პროცესში ვარ… აქ მზად უნდა იყო ნებისმიერი სამსახურისთვის.
მეგობრებს დავავალე, იქნებ მოხუცი გამოჩნდეს, რომ ვუპატრონო. ენაშიც გავიწაფები, მოვლაც მიყვარს და დროც მალე გაივლის…
ბევრ ქართველთან არ მაქვს შეხება, მაგრამ ვისაც შევხვდი, კარგი ადამიანები არიან. ყველამ ურთულესი გზა გაიარა, მაგრამ არავინ ეგუება აქ ყოფნას. მადლობა ყველა მათგანს, ვინც მხარში დამიდგა, შემეხიდა, დახმარების ხელი გამომიწოდა, მანუგეშა, გამამხნევა და გამაძლიერა. რომ არა ეს საუკეთესო ხალხი, უფრო გამიჭირდებოდა აქ დარჩენა.
ახლა ტაქსიზე ვმუშაობ, ებრაელებს დავატარებ… ისეთი საინტერესო პროცესია, მოვიარე ნიუ-იორკის შტატის მთიანი მხარე, ბარი, თითქმის მთელი შტატი… გზად ვუსმენ ლექციებს, პოდკასტებს, ჩემთვის საინტერესო ავტორებს, ჯაზს, როკს, ბლუზს, თავიდან ვეცნობი ამერიკულ რითმს, პოპკულტურას… თან მეღიმება, კერუაკმა ამიყოლია, მთელი ცხოვრება გზას იყო გამოკიდებული, მის მოგზაურობას მიუძღვნა ბიტნიკების “ბიბლია” – “გზაზე”.

მეც დაბადებიდან მოგზაურობა მიტაცებდა. სახლშიც ზურგჩანთას ავიკიდებდი და გასაქცევად მზად ვიყავი… დროს რომ გამოვნახავ, აუცილებლად უნდა ჩავიდე ლოუელში, კერუაკის საფლავზე, იქვე ახლოს არის, გამორჩეული ამერიკელი პოეტის ენ სექსტონის საფლავიც. ვიცი, ამ გზებზე ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი თავგადასავლები მელოდება და რაც ყველაზე მთავარია, აღარავინ გამიბედავს, მკითხოს, ვისი კურთხევით წახვედიო!..
- შვილების, სამშობლოს მონატრებას რა გემო აქვს?
- პასუხისმგებლობის… რა უნდა შექმნა იმის ფასი უცხოეთში, რომ იქ, შენს სამშობლოში, შვილებს დააკლდე და ყოველდღიურად ვერ ხედავდე, ვინ რა გზას გადის?! ხშირი სატელეფონი კონტაქტი არ ნიშნავს მონატრების დაძლევის მცდელობას. მეხუთე შვილს ხშირად ვეკითხები, რომელი წიგნის კითხვა დაიწყო, ან რას წერს, როგორ ემზადება ფრანგულში… დანარჩენებიც მაცნობენ ყოველდღიურ გამოწვევებს. შვილიშვილს ბაბუა ენატრება და როდის ჩამოხვალო…
სამშობლო მარტო ტერიტორია ხომ არ არის?! ჩემი სამშობლოა ჩემი საუკეთესო მეზობელი, მეგობარი, აღმართი, რომელსაც კაცმა არ იცის, კიდევ როდის ავივლი… სამშობლოა ახლახან გარდაცვლილი მამაჩემის საფლავი, რომელიც ვერ დავიტირე, ისე მიაბარეს მიწას…
ამ ყველაფერს იქაც ვგრძნობდი, ჩემ მიწაზე, ჩემ სახლში, წიგნების და ნაწერების გარემოცვაში. ეს განცდა, განსაკუთრებით ბოლო 13 წელიწადია ამედევნა და ჯერ ხსნას ვერ ვხედავ, გამოსავალს ვერ ვპოულობ…
პატარა ვიყავი, ზვიადი და მერაბი რომ გავიცანი. მათთან შეხვედრა, ბიბლიური დავითის და იონათანის ამბავს ჰგავდა, მსოფლიო ისტორიიდან გილგამეშის და ენქიდუს… მას მერე ადამიანობის მეტრი და საზომი ჩამომიყალიბდა. სტანდარტები დაბლა არასდროს დაწეულა, მაგრამ ვეღარც მაღლა წავიდა, ეს ბოლო პერიოდი გაიყინა და ლღვობას ველოდები. ვერაფერში ვეგუები საშუალო და დაბალ დონეს.
სულ მეფიქრება, ჩვენი გმირი წიგნაპრები გამოგონილი იყვნენ თუ რეალური ადამიანები…
აი, ჩემი დაუსრულებელი ნოსტალგიის მიზეზი!… არადა, სინამდვილეში გრიგოლ ფერაძეს, ფილადელფოს კიკნაძეს, თევდორე მღვდელს, სოლომონ ფოდაშვილს, დიმიტრი ყიფიანს დავეძებ !..
- ახლა წერ რამეს?
- ჩემი ბიოგრაფიის ყველაზე საინტერესო გვერდებს ვწერ. რა არ გამოვიარე, რა არ გამოვცადე, რა არ გადავიტანე და რას არ გავუძელი. როგორი ბედნიერი, როგორი სავსე და ქარტეხილებით გაკაჟებული ვყოფილვარ… ერთხელ ვიბადებით და ამ ერთხელ იმდენი სიკვდილი და დაბადება მოვასწარი, თავი ხშირად მათუსალას ასაკის მგონია…
არასდროს წამომცდება საყვედური იესოს მიმართ. მან ჩემთვის საუკეთესო გამოიმეტა. ჯერ ნახევარი ცხოვრების გზა არ გამივლია, მაგრამ ვგრძნობ, რომ ჩემი ხელწერა არასდროს წაიშლება. ჩემი ამბოხი თაობიდან თაობას გადაეცემა.
ჯერ კიდევ საბჭოთა მენტალობიდან არ გამოსული ეკლესიის მსახური რომ მახინჯ სტანდარტებს დაამსხვრებს, ღმერთთან მორკინალი იაკობის ძალისხმევა სჭირდება!
ჩემთვის არასდროს შეუშლია ხელი ანაფორას, მის ქვეშ მცმოდა ჯინსები, ან პირიქით, ჯინსი არ აპროტესტებდა მღვდლის შესამოსელს. ორივეს თანაბარი უფლება ჰქონდა, ორივე მის პრინციპს ღირსეულად ემსახურებოდა… თუ შინაგანად ღმერთს ესათნოები, ეს ჯინსებითაც შეიძლება, მაგრამ თუ ყალბი და მოჩვენებითი ხარ, ანაფორა ვეღარ გიშველის. რწმენა უფრო მეტია, ვიდრე რელიგია, ქრისტე უფრო მეტია, ვიდრე - დოგმები…
სანამ ამერიკის გზას დავადგებოდი, პოეტური კრებული გამოვეცი “მღვდელი ბიტნიკი”. მთელი სიზუსტით გადმოსცემს ჩემს ნამდვილ ბუნებას. მისი წარდგენა ვერ მოვასწარი…
სრულიად შემთხვევით, ერთ-ერთ არხზე წავაწყდი მუსიკალურ პროექტს, სადაც ჩემი ლექსის ავტორად სხვა დაასახელეს და მაშინ მივხვდი, რომ დროებით თავი უნდა დამეღწია გასული საუკუნის 30-იან წლებში მიბრუნებული საქართველოსთვის!..
წერა ყველგან შეიძლება. უკვე მზად ვარ ახალი პოეტური კრებულისთვის.
შემოდგომა ისეთი განსხვავებულია ნიუ-იორკში, სულ მგონია, ხის ტოტებიდან ფერადი ფოთლების ნაცვლად ლექსები სცვივა!..

- ბოლოს ქართლში, სასხორის წმინდა გიორგის ეკლესიაში მსახურობდი, სადაც წირვა-ლოცვა აღდგა, კანდელი ისევ აინთო და მიძინებული პატარა საყდარი გაცოცხლდა. ალბათ, ძალიან გენატრება…
- ის ტაძარი შვილივით მყავს. სიმბოლურია ის, რომ დიდგორის ქედს გაჰყურებს. ქრისტიანის ცხოვრება მუდმივი ბრძოლა და დაბრკოლებებია. ჩემი დიდგორი ჯერ არ დასრულებულა და მას ქართველი ერის გამარჯვებასთან ერთად ვიზეიმებ. წმინდა გიორგის პატარა სამლოცველოს კანდელი ვისი მიზეზითაც ჩაქრა, მას აუცილებლად მოეკითხება, მაგრამ ის სინათლე ოკეანის გაღმა გამომყვა და გზას მინათებს…
- და შენი ნავსაყუდელი, სახლი ერთაწმინდაში…
- ერთაწმინდა ჩემი მარადიული განახლებაა, როგორც პეტრეს ბაზილიკა გადაჰყურებს რომსა და მთელ კაცობრიობას, ჩემი ნავსაყუდელი ზემოდან დამყურებს, როგორც მფარველი ანგელოზი და ვიცი, შინ აუცილებლად მალე დამაბრუნებს!


11/12/2025