Logo

ინტერვიუ

"ახლა ვხვდები, ძლიერად ეშინოდა, რომ მასთან აღარ დავბრუნდებოდი" - პატრიარქის შვილობილის ინტერვიუ

"ახლა ვხვდები, ძლიერად ეშინოდა, რომ მასთან აღარ დავბრუნდებოდი" - პატრიარქის შვილობილის ინტერვიუ

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ამ დღეებში ბევრმა ჩვენგანმა შევიტყვეთ პატრიარქის ინგუში შვილობილის შესახებ. 44 წლის ამინ შადიჟევი სამებაში ჭირისუფლად იდგა და მამობილს გლოვობდა.

საოცარი ისტორიაა - თუ როგორ გახდა ჩვენი პატრიარქის შვილობილი ეს მუსლიმი ბიჭი, ინგუშეთიდან.

ამინის საუბარს ისმენ და უწმინდესს სულ სხვა კუთხიდან ეცნობი.

გაოცებს შენი ქვეყნის პატრიარქის ტოლერანტობის, კაცთმოყვარეობის და მოყვასის სიყვარულის მასშტაბი.

რწმუნდები, რომ ღმერთი ერთია, და არც სიყვარულს აქვს სხვადასხვა ენა.

ალბათ, უწმინდესთან დაკავშირებით, წინ კიდევ ბევრი გასაოცარი ამბავი გველის, რომელიც უფლის ნებით, თანდათან გაცხადდება...

***

ილია მეორის მამა, გიორგი შიოლაშვილი დაღესტანში ჩეჩენ ყაჩაღებს გაუტაცნიათ. გარდაუვალი სიკვდილისგან კი ინგუშმა კაცმა, გვარად შადიჟევმა იხსნა. შიოლაშვილები და შადიჟევები ამ ფაქტის შემდეგ, ცხადია, დამეგობრდნენ. შემდეგ მათ შორის კავშირი გაწყდა. შადიჟევები გადაასახლეს. 90-იან წლებში კი, საქართველოში სტუმრად ჩამოსულ ინგუშეთის პრეზიდენტთან, უწმინდესმა ამ გვარის ამბავი მოიკითა და მათ საგვარეულოს ოქროს ბეჭედი და წერილი გაუგზავნა. ეს ისტორია ამინს ნათესავებმა უამბეს და საქართველოში ჩასვლისას, პატრიარქის მონახულება სთხოვეს. ამინს პირველი ვიზიტისას პატრიარქი საქართველოში არ დაუხვდა. ცხადია, მას საპატრიარქოში არავინ შეუშვებდა. ეჭვის თვალით შემომხედეს, საბუთები შემიმოწმეს და საკონტაქტო გამომართვესო, ჰყვება. ერთი კვირის შემდეგ კი, მის ტელეფონზე ზარი გაისმა. ამინს საქართველოს პატრიარქი ურეკავდა... მეორე დღეს, ძმებ შადიჟევებს, უკვე უწმინდესი მასპინძლობდა.

პატრიარქი

"მთელი ცხოვრება ვლოცულობდი, რომ თქვენი ოჯახიდან ვინმე გამეცნო. დღეს უფალმა ჩემი ლოცვა შეისმინა და შენი თავი გამომიგზავნაო" - უთქვამს პატრიარქს ამინისთვის.

ეს იყო მათი დიდი ურთიერთობის დასაწყისი. მას შემდეგ კი, ამინი საქართველოში ისეთი სიხშირით ჩამოდიოდა, რომ წამდაუწუმ პასპორტის შეცვლა უწევდა, რადგან მალე ივსებოდა სამოგზაურო ბეჭდებით. პატრიარქმა ის შვილად მიიღო და სიტყვაც დადეს, რომ ერთმანეთს არც ერთი მიატოვებდა...

ამინს გული წყდება, რომ სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში მამობილის გვერდით არ იყო.

"ზმნასთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ამ უდიდეს ადამიანს ღმერთმა დააკავშირა და მიიჩნევს, რომ ილია მეორესთან კავშირის შემდეგ, სრულიად სხვა ადამიანი გახდა.

- სამებაში, პატრიარქის ჭირისუფალთა შორის, თავდახრილი იდექით. შეგიძლიათ გაგვანდოთ, რას ფიქრობდით იმ წუთებში?

- ვფიქრობდი ერთზე, ამ უდიდეს ადამიანზე. უკანასკნელი 13 წელი, ჩემი ცხოვრება, სულ სხვანაირია. ყველა ჩვენმა საუბარმა და ურთიერთობამ, რაც ჩვენში იყო და მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცოდით, სულ თალწინ ჩამირბინა.

- თქვენი და პატრიარქის ურთიერთობა მართლა გასაოცარი ისტორიაა. როგორ ფიქრობთ, რატომ მოხდა ეს თქვენ ცხოვრებაში?

- როდესაც პირველად შევხვდი, 2013 წელს, მან მე და ჩემს ძმებს გვიმასპინძლა და წამოსვლისას მკითხა, ამინ, დაბრუნდები? არა-მეთქი, ვუპასუხე. შემდეგ ისევ იგივე მკითხა - არ დაბრუნდები? დავფიქრდები-მეთქი, ვუპასუხე. და როდესაც უკვე მოვდიოდით, მესამედ ისევ რომ იგივე მკითხა, დავბრუნდები-მეთქი, ვუპასუხე.

ამინ შადიჟევი

მივხვდი, რომ არ დავბრუნებულიყავი, არ შეიძლებოდა. მან დიდი სითბო მაგრძნობინა და სამ კვირაში დავბრუნდი კიდეც. თავში მხოლოდ ის მქონდა, რახან სიტყვა მივეცი, არ გამეტეხა. დანაპირები უნდა შემესრულებინა. გარდა ამისა, ჩემთვის, ახალგაზრდა კაცისთვის, ძალიან საინტერესო იყო მასთან ურთიერთობა. მე უკვე ვხვდებოდი, თუ რა მნიშვნელოვანი ფიგურა იყო უწმინდესი. საქართველოში ნომერ პირველი ადამიანი იყო, ძალიან გავლენიანი. ამავდროულად ძალიან პოზიტიური და თავმდაბალი იყო. ჰქონდა დიდი იუმორი. როდესაც ვსაუბრობდით, აუცილებლად რაღაც ისეთი უნდა ეთქვა, რომ ჩვენ გემრიელად გვეცინა.

მეორე ვიზიტის შემდეგაც მკითხა, დაბრუნდებიო? შიშობდა, რომ აღარ მენდომებოდა მასთან დაბრუნება. უწმინდესო, დავბრუნდები-მეთქი, ვუპასუხე. ახლა ვხვდები, რომ ძალიან ძლიერად ეშინოდა, რომ მასთან აღარ დავბრუნდებოდი.

მესამედ, მისი სნოს რეზიდენციაში აღმოვჩნდი, სადაც მან მაშინდელ პრემიერ მინისტრს, ღარიბაშვილს უმასპინძლა და თეთრი ცხენი აჩუქა. აი, სწორედ იქ გამყარდა ჩვენი კავშირი და მაშინ დავდეთ სიტყვა, რომ სიცოცხლის ბოლომდე არ მიგვეტოვებინა ერთმანეთი. ცხადია, ჩვენ არ ვიცოდით, რომელი უფრო ადრე გავიდოდით ამ ქვეყნიდან. ორივე ვალდებული ვიყავით, ჩვენი კავშირი შეგვენარჩუნებინა და ეს სიტყვა არ გაგვეტეხა.

- თქვენთვის რას ნიშნავდა ის, რომ მან შვილობილი გიწოდათ?

- იცით, მამაჩემმა მითხრა, თუ შენ პატრიარქს დააღალატებ და მოატყუებ, ჩემი შვილი აღარ იქნები და არც მე ვიქნები მამაშენიო. ეს სიტყვები ყველაფერზე მაღლა დადგა.

ჩვენი კავშირი ამ მამაშვილურმა ურთიერთობამ უფრო გაამყარა. ჩვენ ღმერთმა შეგვაკავშირა. ეს უფლის ნება იყო...

ავტორი: თამარ გონგაძე

03/24/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024