
11/17/2026
რა ჩაიცვას, რა ჭამოს ან რომელი ნივთი წაიღოს თან? - ამ ყოველდღიურ გადაწყვეტილებებს, ბავშვის ნაცვლად ხშირად მშობლები იღებენ. თუმცა ორ მისაღებ ვარიანტს შორის არჩევანიც კი ბავშვს აგრძნობინებს, რომ მის სურვილს მნიშვნელობა აქვს და საკუთარ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია.
ბავშვთა ფსიქოლოგი ივანე საათაშვილი განმარტავს, როგორ უკავშირდება არჩევანის უფლება ბავშვის ღირსების განცდასა და პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას და როგორ მივცეთ მას დამოუკიდებლობა გონივრულ საზღვრებში.

ივანე საათაშვილი:
„ყველა ადამიანს აქვს დამოუკიდებლობის, ავტონომიურობისა და არჩევანის მოთხოვნილება. ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირ ჩვენს ღირსებას უკავშირდება.
როცა დამოუკიდებლობა და არჩევანის უფლება მეზღუდება, ამით ჩემი ღირსებაც ილახება. გემოვნება ადრეულ ასაკში მიღებული გამოცდილებებით ყალიბდება მუსიკასთან, ჩაცმასთან, საკვებთან და ყველაფერ დანარჩენთან დაკავშირებით. მაგრამ გემოვნების ჩამოყალიბება და ყოველდღიურ ცხოვრებაში არჩევანის მიცემა განსხვავებული საკითხებია.
მაგალითად, დილით ბავშვი იღვიძებს და მშობელი ტანსაცმელს უდებს: „ეს უნდა ჩაიცვა“. სხვა შემთხვევაა, როცა ვეკითხებით: „ამას ჩაიცვამ თუ ამას?“, „ეს გინდა წაიღო თუ ეს?“, „ამას შეჭამ თუ ამას?“ ამ დროს ბავშვი გრძნობს, რომ საკუთარ თავთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას თავად იღებს.
რა თქმა უნდა, ბავშვები სამყაროში არსებულ რისკებს ზრდასრულებივით ვერ აღიქვამენ. შესაძლოა, ბავშვს სეზონისთვის შეუსაბამო ტანსაცმლის ჩაცმა მოუნდეს. არჩევანის მიცემაში არ ვგულისხმობთ, რომ მას უსასრულოდ, ყველაფრის არჩევის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. ასეთი არჩევანი არც ზრდასრულებს გვაქვს, ყველას გვაქვს გარკვეული დიაპაზონი, რომლის ფარგლებშიც ვირჩევთ იმას, რაც ყველაზე მეტად გვინდა. ამიტომ, როცა საქმე საკვებს ან ჩაცმას ეხება და არსებობს რისკი, ბავშვმა მისთვის საზიანო რამ აირჩიოს, შეგვიძლია კონკრეტული ვარიანტები შევთავაზოთ. მაგალითად: „ეს შარვალი გინდა თუ ეს?“ შეთავაზებულ ვარიანტებს შორის შორტი არ იქნება, თუ მის ჩასაცმელად შეუფერებელი ამინდია.
როგორც კი მეკითხებიან, რა მირჩევნია, საკუთარ ავტონომიურობას ვგრძნობ. ამით პასუხისმგებლობაც მიყალიბდება და მყარი წარმოდგენაც საკუთარ თავზე. მე ვიღებ გადაწყვეტილებას და შემიძლია გავლენა მოვახდინო იმაზე, როგორ განვითარდება ჩემი ცხოვრება.“
გააზიარე სტატია