
10/22/2026
ორსულობის შეწყვეტა, პარტნიორის პასუხისმგებლობა და ბავშვის მარტო გაზრდა... ამ საკითხებზე გინეკოლოგმა თათია ტუღუშმა სალომე კასრაძის პოდკასტში ისაუბრა.
ექიმმა აბორტის მიმართ მკვეთრად უარყოფითი პირადი დამოკიდებულება გამოხატა და აღნიშნა, რომ მისთვის ამ გადაწყვეტილებას ვერც პარტნიორის უარი და ვერც მარტო დარჩენის შიში ამართლებს.
„აბორტს ვერ ვპატიობ ვერც პაციენტს და ვერც ახლობელს“, - ამბობს გინეკოლოგი, რომელიც ორსულობის შეწყვეტას არც გაუპატიურების შემთხვევაში უჭერს მხარს.
საუბრისას თათია ტუღუში უშვილობის მკურნალობის საკუთარ გამოცდილებასაც იხსენებს და განმარტავს, რატომ არის მისთვის ეს თემა განსაკუთრებით ემოციური.
"აქ ხომ მხოლოდ შენს ცხოვრებასა და სიცოცხლეზე არ არის საუბარი, ამით შენი შვილის სიცოცხლესაც ეხები.
ჩემთვის აბორტი ტაბუა. ამ საკითხზე კომენტარსაც არ ვაკეთებ. „არ მინდა ბავშვი“, „არ მინდოდა“ - ეს მხოლოდ მანამდე შეგიძლია თქვა. ჩემთან, ყოველ შემთხვევაში, ასეთი პაციენტი ვერ მოვა.
ჩვენ იმდენ წვალებასა და ენერგიას ვდებთ ადამიანების დაორსულებაში… მოდიან ანგელოზივით გოგოები, რომლებიც შვილზე ოცნებობენ.
ამ საკითხზე ვინმე რომ მელაპარაკება, თითქოს ყველაფერი ილახება, ჩემი სამედიცინო განათლებაც, ექიმის სტატუსიც უცებ მეკარგება და შემიძლია მოვკლა ის ადამიანი.
ამაზე დიდი ცოდვა და კრიმინალი არ მეგულება. ვინ ხარ, რა უფლება გაქვს, რომ სხვის სიცოცხლეს ხელყოფდე და შენი სიამოვნებისთვის განაგებდე?
ვერც იმ არგუმენტს ვიღებ, რომ ბიჭს არ უნდოდა, პარტნიორს არ უნდოდა ან ცუდი პარტნიორი აღმოჩნდა.
ყოველთვის შეუძლია ერთ ადამიანს, მეორე პატარა ადამიანს მიხედოს და გაზარდოს. სოციუმისა და გარეშე პირების აზრი არ უნდა გვაინტერესებდეს.
რაც შეეხება გაუპატიურების შემთხვევას, ასეთი პაციენტი არ მყოლია, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ბავშვი შენი ნაწილია. ერთი პატარა სპერმატოზოიდის გამო იმ ბავშვის მოკვლა ნამდვილად არ ღირს. ის ხომ შენი ორგანიზმია, შენი ნაწილია და მორჩა, ჩემთვის იქ მთავრდება ყველაფერი.
ამიტომ ასეთ შემთხვევაშიც არავის ვურჩევ აბორტს. შეიძლება ეს ნაბიჯი შემდეგ სანანებელი გაგიხდეს. ჯობია, მიიღო, როგორიც არის და ვისი შვილიც უნდა იყოს.
ასეთ შემთხვევაში ფსიქოლოგები უნდა დამეხმარონ.
აბორტს ვერ ვპატიობ ვერც პაციენტს და ვერც ახლობელს, არ შემიძლია. ჩემს საახლობლო წრეში არც გამიგია, ვინმეს აბორტი გაკეთებული ჰქონდეს ან მე არ მეუბნებიან.
ქალს ბავშვის გაზრდა მარტოც შეუძლია, ამას ორი აზრი არ აქვს. ქალი ყველაფერს შეძლებს. თავისი შვილისთვის მთებს გადადგამს," - ამბობს გინეკოლოგი.
გააზიარე სტატია