
11/12/2026
"ანტიდეპრესანტები არ აბრუნებენ ტვინს ნორმალურ მდგომარეობაში, ისინი უბრალოდ აჩლუნგებენ ემოციებს. საერთოდ არ ვარ დარწმუნებული, რომ ანტიდეპრესანტებს რაიმე სარგებელი მოაქვთ" - ვინ იფიქრებდა, რომ ამ სიტყვებს მედიკოსისგან გავიგებდით, მაგრამ როგორც ჩანს, ამის აღიარების დროც დადგა.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) კრიტიკული და სოციალური ფსიქიატრიის პროფესორი და ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) პრაქტიკოსი ფსიქიატრი, ჯოანა მონკრიფი ანტიდეპრესანტების რეალურ ეფექტურობასა და მათი მასობრივი მოხმარების რისკებზე საუბრობს. მისი თქმით, ათწლეულების განმავლობაში საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ დეპრესია ბიოლოგიური აშლილობაა, ანტიდეპრესანტებს კი „ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია“, თუმცა სინამდვილეში ეს მრავალმილიარდიანი ფარმაცევტული ინდუსტრიის მიერ წახალისებული მითია.

„მას შემდეგ, რაც 1990-იანი წლების დასაწყისში ფსიქიატრი გავხდი, ანტიდეპრესანტების მოხმარება ოთხჯერ გაიზარდა. დღეს გაერთიანებულ სამეფოში ყოველწლიურად 96 მილიონი რეცეპტი გაიცემა, რაც ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 19 პროცენტს შეადგენს.
მე არა მხოლოდ ვფიქრობ, რომ ანტიდეპრესანტები ზედმეტად ხშირად ინიშნება, არამედ საერთოდ არ ვარ დარწმუნებული, რომ მათ რაიმე სარგებელი მოაქვთ“, — აცხადებს პროფესორი მონკრიფი. იგი განმარტავს, რომ პრეპარატები არ ასწორებენ ქიმიურ დისბალანსს ან რომელიმე სხვა ბიოლოგიურ პროცესს ტვინში, ისინი უბრალოდ აჩლუნგებენ ემოციებს.
მრავალი წლის განმავლობაში ანტიდეპრესანტების (განსაკუთრებით SSRI კლასის პრეპარატების) გამოყენება გამართლებული იყო თეორიით, რომ ისინი სეროტონინის დეფიციტს აღადგენენ. თუმცა, 2022 წელს სამეცნიერო ჟურნალ Molecular Psychiatry-ში გამოქვეყნებულმა მასშტაბურმა კვლევამ, რომელსაც მონკრიფიც ხელმძღვანელობდა, აჩვენა, რომ არ არსებობს არანაირი დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ დეპრესია სეროტონინის ანომალიით არის გამოწვეული. ეს აღმოჩენა სამეცნიერო წრეებში დიდი კრიტიკის მიზეზი გახდა, რადგან მან ეჭვქვეშ დააყენა მთელი სამედიცინო მიდგომა.
პროფესორის თქმით, დეპრესია ძირეულად განსხვავდება ფიზიკური დაავადებებისგან. დიაგნოზი ეყრდნობა მხოლოდ ადამიანის ქცევას, საუბარსა და განცდებს და არა რაიმე დადასტურებულ ბიოლოგიურ დისფუნქციას.
„სინამდვილეში, ეს არის უბრალოდ სიტუაციისთვის იარლიყის მიკერება. არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომ დეპრესია დაკავშირებულია ტრავმულ მოვლენებთან და არახელსაყრელ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებთან. ის არის გასაგები ემოციური რეაქცია არასასურველ გარემოებებზე“, — განმარტავს იგი.
ახალი მონაცემებით, ყველაზე ღარიბ რაიონებში მცხოვრები ადამიანები 44 პროცენტით უფრო ხშირად იღებენ ანტიდეპრესანტებს, ვიდრე შეძლებულ რაიონებში მცხოვრებნი.
რა ხდება მაშინ, როცა ადამიანი ანტიდეპრესანტს იღებს?
პროფესორის თქმით, პრეპარატები ცვლიან ტვინის ნორმალურ ქიმიურ ბალანსს და აჩლუნგებენ ყველა ემოციას — როგორც შიშსა და სევდას, ასევე სიხარულსა და აღფრთოვანებას. ამასთან, კლინიკური კვლევები აჩვენებს, რომ ანტიდეპრესანტებსა და პლაცებოს შორის განსხვავება მინიმალურია.

მნიშვნელოვანი პრობლემაა პრეპარატებზე ფიზიკური დამოკიდებულება და გვერდითი მოვლენები. პრეპარატის უეცრად შეწყვეტა იწვევს თავბრუსხვევას, აჟიტაციას, დაღლილობასა და „ბურუსს ტვინში“, რაც შესაძლოა წლების განმავლობაში გაგრძელდეს. გარდა ამისა, ხშირია სექსუალური დისფუნქცია, ოსტეოპოროზი და წონის მატება.
პროფესორი მონკრიფი არ გამორიცხავს, რომ გარკვეული, მცირე ქვეჯგუფისთვის პრეპარატები შესაძლოა ეფექტიანი აღმოჩნდეს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ დეპრესიასთან ბრძოლა არა მედიკამენტებით, არამედ მისი გამომწვევი მიზეზების (ფინანსური, სოციალური თუ პირადი პრობლემების) მოგვარებით უნდა იწყებოდეს. თერაპია, ვარჯიში და პრობლემების გადაჭრისკენ მიმართული მხარდაჭერა გაცილებით ეფექტიანი გზაა.

„ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ადამიანებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებით ისე, რომ არ ვუთხრათ, თითქოს სამედიცინო დაავადება სჭირთ. ფაქტობრივად, როცა ადამიანს ვეუბნებით, რომ პრობლემა მის ტვინშია, ეს მდგომარეობას არათუ აუმჯობესებს, არამედ კიდევ უფრო აუარესებს. პაციენტებს უნდა ჰქონდეთ ზუსტი ინფორმაცია, რომ ანტიდეპრესანტები არ აბრუნებენ ტვინს ნორმალურ მდგომარეობაში, ისინი უბრალოდ აჩლუნგებენ ემოციებს. ჩვენი მთავარი მიზანი იმ სოციალური პრობლემების მოგვარება უნდა იყოს, რომლებსაც ადამიანები რეალურად მიჰყავს დეპრესიულ მდგომარეობამდე“, — აცხადებს პროფესორი ჯოანა მონკრიფი.

გააზიარე სტატია