
11/10/2026
"40 წლის ასაკში ნინი ბადურაშვილმა გათხოვება გადაწყვიტა. ვინაა მისი რჩეული?" - ინტერნეტპლათფორმები ამ სათაურით ავრცელებენ ჭორებს. დეზინფორმაციას მომღერალი საკუთარ ფეისბუქგვერდზე ეხმიანება და წერს:
"მერამდენედ შეიძლება ამ სიცრუის გავრცელება?! ვინ მოგცათ ამის უფლება? დამირეკეთ? დამიდასტურებია ოდესმე თქვენთვის რამე მსგავსი?
ლაიქებისა და გამომწერების დასაგროვებლად ნუ თავხედობთ! წესით, თქვენ უნდა ისჯებოდეთ სიცრუის გავრცელებისთვის!
არ გავთხოვილვარ და მაცადეთ ცხოვრება!!! ნუ შემჭამეთ, თორემ ბოლოს ნამდვილად არ დამეზარება და გიჩივლებთ! ამოხვედით ყელში უკვე!" - წერს ნინი.

ფოტოზე, რომელსაც "ნიუსთან" ერთად ავრცელებენ, ნინისთან ერთად 39 წლის ბიზნესმენი - გიორგი ჩიკვაიძეა გამოსახული.
პროფესიით ვეტერინარი, მეტსახელად „რამზესი“, - იახტებით 2015 წლიდან დაინტერესდა. იქამდე თავისი ვეტერინარული კლინიკა ჰქონდა. სურსათის უვნებლობის სააგენტოში, წამლის რეგისტრაციის სამმართველო შექმნა და ვეტერინარ ინსპექტორად მუშაობდა.
იახტებით კი, მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ათი წლის წინ კანის იახტების ფესტივალზე მოხვდა. გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ ის საერთაშორისო კომპანია „აზიმუტ ბენეტში“ იწყებს მუშაობას. ამის შემდეგ იმავე ბიზნესით საქართველოშიც დაკავდება. ეს ამბები ბიზნესმენს ქართულ ტაბლოიდებთან აქვს მოყოლილი. გახლდათ "ქართული ოცნების" მხარდამჭერი. შემდეგ კი მათი გზები გაიყო...
რაც შეეხება ნინისთან მის ურთიერთობას, ძველ ინტერვიუებში გიორგი ყვებოდა:
"დაპატიჟებული ვიყავი ჯექსონების ოჯახის დახურულ წვეულებაზე. ვიცოდი, რომ ჩემი მეგობარი, ნინი ბადურაშვილი ჯექსონზე ბავშვობიდან გიჟდება და ამიტომ გადავწყვიტე გამეხარებინა და ამ ოჯახის წვეულებაზე ნინიც წავიყვანე. იქ ნინი გავაცანი ძალიან სერიოზულ ხალხს. მაშინ გადაწყვიტეს, რომ კანში, იახტების დაჯილდოების ცერემონიალზე ნინი იქნებოდა მოწვეული მომღერალი. ამ ცერემონიალზე გასულ წელს ბენსონი მღეროდა, სამი წლის წინ “დესტინს ჩაილდი”.
ჩვენ გავხდით კარგი მეგობრები მას შემდეგ, რაც მე აღარ მქონდა სიყვარულის გრძნობა მის მიმართ. იმ პერიოდში, როცა ნინი მიყვარდა, მისგან მხოლოდ მეგობრულ დამოკიდებულებას ვგრძნობდი. ბევრ რამეს ვაკეთებდი ნინის მოსახიბლად. მახსოვს, ერთხელ კახეთში ექსკურსიაზე ჩურჩხელები მოვიპარე ადგილობრივის სახლიდან, რადგან აივანზე დაინახა ნინიმ და მოუნდა. ეს იყო უპასუხო სიყვარული და დღეს მისგან აღარაფერი დარჩა. სიყვარულის დასრულების შემდეგ კარგი მეგობრობა დავიწყეთ.
მეც ვთვლი, რომ ყოფილ შეყვარებულთან მეგობრობა შეუძლებელია. არასდროს მსიამოვნებს ყოფილი შეყვარებულის ნახვა სხვა მამაკაცის გვერდით. ასეთი ხასიათი მაქვს, მაგრამ ნინის შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირად იყო. ნინიმ იმდენი მოახერხა, რომ, როცა “გადამიყვარდა”, მაშინ გავხდით საუკეთესო მეგობრები."
გააზიარე სტატია