Logo

არსებობს თუ არა ტიკების მკურნალობა და როდის სჭირდება ბავშვს დახმარება - თამარ ედიბერიძის განმარტება

არსებობს თუ არა ტიკების მკურნალობა და როდის სჭირდება ბავშვს დახმარება - თამარ ედიბერიძის განმარტება

11/13/2026

ტექსტის ზომა

მშობლებს ხშირად აინტერესებთ, არსებობს თუ არა წამალი, რომელიც ბავშვის უნებლიე მოძრაობებს (ტიკებს) შეაჩერებს. თუმცა სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მკურნალობის საჭიროებას მხოლოდ ტიკების არსებობა არ განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია, რამდენად აწუხებს ეს თავად ბავშვს და უშლის თუ არა ხელს ყოველდღიურ ცხოვრებაში.


ექიმი ნევროლოგი თამარ ედიბერიძე განმარტავს, როდის არის საჭირო აქტიური ჩარევა, რა როლი აქვს ფსიქოთერაპიას და რატომ იწყება დახმარება ზოგჯერ მშობლებთან მუშაობით.

თამარ ედიბერიძე

„შეფასებას ნევროლოგი იწყებს, რადგან ნებისმიერი უნებლიე მოძრაობა პირველ რიგში დიფერენცირებას საჭიროებს. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ტიკებია და არა სხვა წარმოშობის უნებლიე მოძრაობები. არსებობს მედიკამენტების ცალკეული ჯგუფები, რომლებიც უნებლიე მოძრაობების კონტროლში გვეხმარება, თუმცა მათ გვერდითი ეფექტებიც აქვს. თუ ბავშვს მომატებული შფოთვა აქვს, შეიძლება განვიხილოთ შფოთვის საწინააღმდეგო მედიკამენტები, ოღონდ სათანადო ჩვენებით და არა ნებისმიერი ბავშვისთვის. ჩვეულებრივი დამამშვიდებელი ტიკების საწინააღმდეგო საშუალება არ არის.

ბავშვი

გვეხმარება ფსიქოთერაპიაც, ბრაზის, ემოციებისა და შფოთვის მართვა ფსიქოთერაპიული ტექნიკებით ისწავლება. ბავშვის ასაკსაც აქვს მნიშვნელობა. ხშირად მუშაობა მშობლებით დაგვიწყია, რადგან მათი მხრიდან მიმღებლობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ბავშვი


შედარებით მოზრდილ ასაკში ბავშვები ტიკების წინ გარკვეულ შეგრძნებას ამჩნევენ. ზოგი ამბობს, რომ კონკრეტულ ადგილას ღიტინს გრძნობს და უკვე იცის, რომ ტიკი დაეწყება. როგორც კი ბავშვი ამის გაცნობიერებას იწყებს, ფსიქოთერაპიული ჩარევა მით უფრო მიზანშეწონილია. შესაძლებელია მუშაობა ამ შეგრძნების ამოცნობასა და მოძრაობების უკეთ მართვაზე.

ფსიქოგანათლება საზოგადოებასაც სჭირდება. უნდა მივიღოთ ამ ადამიანის მოძრაობა ისევე, როგორც ვიღებთ მის თმის ფერსა თუ სახის ნაკვთებს. აქტიური დახმარება საჭიროა, როდესაც ტიკები თავად ბავშვს უქმნის შფოთვას ან დისკომფორტს; როდესაც მოძრაობები იმდენად ინტენსიურია, რომ იწვევს ტკივილს, დაღლილობას ან ხელს უშლის რაიმე ფუნქციის შესრულებას; როდესაც ბავშვი თვითონ გვთხოვს დახმარებას.

ბავშვი

მხოლოდ ის, რომ გარშემომყოფებს ტიკების ყურება აწუხებთ, უხეშ ჩარევას არ ამართლებს. ამიტომ ზოგჯერ ფსიქოთერაპიულ მუშაობას მშობლებთან ვიწყებთ, რათა მათი მიმღებლობა გავზარდოთ“, - ამბობს თამარ ედიბერიძე.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ბავშვებითამარ ედიბერიძენევროლოგიტიკები
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026