
10/29/2026
კონტენტის კრეატორი ბარბარე ტერტერაშვილი სოციალურ ქსელში საინტერესო ისტორიას აქვეყნებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ
შეხვდა ასაკიან ქალბატონს, რომელიც მამა გაბრიელის დისშვილი აღმოჩნდა.
ბარბარე ტერტერაშვილი ამბობს, რომ განვითარებული ისტორია დღემდე დაუჯერებლად ეჩვენება და ეს დღე მთელი ცხოვრების განმავლობაში დაამახსოვრდება.

"დღეს სამსახურიდან სახლში მივდიოდი, მივდიოდი არა, მივქროდი... მოსახვევში გზაჯვარედინზე, წელში მოხრილი ქალი დავინახე, ჯოხით ხელში და გავცდი.
კი გავიაზრე, რომ მოხუცი ქალი გზაჯვარედინზე გადასვლას აპირებდა, მაგრამ მინდოდა მალე მივსულიყავი სახლში.
500 მეტრში ალბათ, თითქოს გონებაში ჩამესმის “ბარბარე, სად მიდიხარ,იმ ქალს არ დაეხმარები?” და უსწრაფესად მივბრუნდი უკან. გულში ვნატრობდი,ოღონდ კიდევ იქ დამხვდეს ეს ქალი-მეთქი. დამხვდა. სიხარულით გადავედი მანქანიდან, გადასვლაში დაგეხმაროთ-მეთქი?
არა, ტაქსის ვერ ვაჩერებ, აქვე მინდა წასვლა და იქნებ გავაჩეროო,სიამოვნებით წაგიყვანთ წამობრძანდით-მეთქი. გაუკვირდა (მეც გამიკვირდა, რადგან მეჩქარებოდა და შემეძლო ტაქსის გამოძახებაში დავხმარებოდი).
მანქანაში ჩაჯდომაში დავეხმარე და როგორც კი საჭესთან დავჯექი, მეუბნება “მე მამა გაბრიელის დის შვილი ვარ, მამა გაბრიელს ვთხოვდი, დამხმარებოდა, რადგან არავინ მიჩერებდა მანქანას და შენი თავი გამომიგზავნა”.
იმ მომენტში არც კი დამიჯერებია ეს ყველაფერი, ჩავთვალე მეხუმრა ან არ ვიცი, ყველაფერი ვიფიქრე იმის გარდა რომ სიმართლეს მეუბნებოდა.
დანიშნულების ადგილას მივიყვანე. საეკლესიო მაღაზიაში უნდოდა. შენ აქ დამელოდეო, მანქანის გასაჩერებელ ადგილს აქ ვერ ვნახავ-მეთქი და შევთანხმდით რომელ მხარესაც დაველოდებოდი.
15 წუთი ველოდე მანქანაში. არსად ჩანდა, ავარიულები დავტოვე მანქანაში და ვეძებ ყველგან, საეკლესიო მაღაზიასაც ვერსად მოვკარი თვალი და თან ვფიქრობ, ვინ იცის სახლიდან გამოიპარა (აქ ისევ არ მჯერა მისი) და მე ხელი შევუწყვე, ოჯახის წევრები როგორ ინერვიულებენ-მეთქი.
ბევრი ძებნის შემდეგ ვხედავ საეკლესიო მაღაზიას, სიხარულით შევდივარ და ვეკითხები
- ასეთი აღნაგობის ქალბატონი თქვენთან ხომ არ შემოსულა-მეთქი?
- მამა გაბრიელის დის შვილს ეძებთო? - მპასუხობს და მანდ გავიყინე.
როგორ მეპარებოდა ეჭვი, ვერ ვიჯერებდი რასაც მიმტკიცებდა ის ქალბატონი. გავედი მაღაზიიდან, ვეძებ, ორჯერ მივედი ისევ იმ ადგილას, სადაც შევთანხმდით რომ შევხვდებოდით, არ ჩანს. მანქანასთან ჩავედი, იქ ხომ არ არის-მეთქი, არ დამხვდა.
კიდევ ერთხელ ავბრუნდი და იმ ადგილას დგას და მეძახის : “ბარბარე, მეგონა რომ წახვედი და ტაქსის გამოძახებას ვფიქრობდიო”...
არ ვიცი რატომ იფიქრა რომ იქ დავტოვებდი.
სახლში დავაბრუნე, მამა გაბრიელის სახლიც მაჩვენა და ძალიან ტკბილად დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
ჩემს გონებაში ეს დღე სულ იქნება და განსაკუთრებული ადგილი ექნება, რადგან ასე გამოვიდა რომ მამა გაბრიელმა მე ამირჩია.
ფოტო დღეს არის გადაღებული. ეს პოსტი კი აქ მინდა იყოს, ეს დღე სულ რომ მახსოვდეს და ისიც რომ ყოველთვის,ყველაფერი ზუსტად ისე ხდება, როგორც უნდა მოხდეს," - წერს პოსტის ავტორი.

გააზიარე სტატია