Logo

"ასეთი რა ილოცეო?" - სასწაული, რომელიც იღუმენია ელისაბედს წმინდა სპირიდონმა მოუვლინა

"ასეთი რა ილოცეო?" - სასწაული, რომელიც იღუმენია ელისაბედს წმინდა სპირიდონმა მოუვლინა

10/30/2026

ტექსტის ზომა

წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სასწაულმოქმედი ფაჩუჩების შესახებ მართლმადიდებელმა მრევლმა ყველაფერი იცის.

წმინდა მამის ფაჩუჩი ძალიან დიდი სიწმინდეა. მისი სასწაულმოქმედება იმაში გამოიხატება, რომ ის სასწაულებრივად ცვდება; ვინც მას ევედრება, დასახმარებლად მასთან მიდის. თან ეხმარება და ეწევა ზუსტად ისე, როგორც ეს მლოცველს ესაჭიროება.

წმინდა სპირიდონს ოქრომკედით ნაქარგ აბრეშუმის ფაჩუჩებს აცმევენ, რომელსაც წელიწადში 3-4-ჯერ უცვლიან, რადგანაც გაცვეთილი ხვდებათ ხოლმე. წმინდანის ფაჩუჩებს მორწმუნე მრევლში ანაწილებენ.

ფაჩუჩი ხილული სასწაულია იმისა, როგორ გვევლინებიან წმინდანები, გვეხმარებიან და საერთოდ, რა ძალა აქვს ლოცვას.

18 საუკუნეა წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სხეული თბილია და მუდმივად 36.6 ტემპერატურას ინარჩუნებს. მისი უხრწნელი სხეული ყოველთვის იწვევდა მართლმადიდებელი და არამართლმადიდებელი ფიზიოლოგების გაოცებასა და აღტაცებას.

ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის იღუმენია ელისაბედ ზედგინიძე "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში იმ სასწაულზე ჰყვება, რაც მას წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელმა მოუვლინა.

დედა ელისაბედ ზედგინძე: 2012 წლამდე წმინდანს ყოველწლიურად უცვლიდნენ ფაჩუჩებს. 2012 წელს მას ბოლო ფაჩუჩი შეუცვალეს. ტრადიცია შეიცვალა: ახალ ფაჩუჩებს გარკვეული დროით წმინდანის უხრწნელ სხეულზე ათავსებენ, შემდეგ კი მათ ანაწილებენ ან მთლიანი ფაჩუჩი ეძლევათ მორწმუნეებს.

მართლაც, უდიდესი მადლის ღირსი გავხდი – კუნძულ კორფუს (კერკირას) მიტროპოლიტ ნექტარიოსისგან მივიღე წმინდა სპირიდონის ფაჩუჩი, რომელიც მას ერთი წელი ფეხზე ეცვა და 2012 წლიდან ჩემს კელიაშია დაბრძანებული. ფაჩუჩი მირონს გამოსცემს, რომელსაც საოცარი კეთილსურნელება აქვს. შეხების დროს ხელზეც იგრძნობა. 25 დეკემბერს, წმინდა სპირიდონის ხსენების დღეს, მირონდენა შესამჩნევად იმატებს. ფაჩუჩიდან მირონდენა, სწორედ 2015 წელის 25 დეკემბერს, წმინდა სპირიდონის ხსენების დღეს დაიწყო.

ფაჩუჩი

– დედა ელისაბედ, როგორია კუნძულ კორფუს მცხოვრებთა დამოკიდებულება წმინდა სპირიდონის მიმართ?

– კუნძულ კორფუზე წმინდა სპირიდონს უდიდეს პატივს მიაგებენ. რამდენჯერმე ვყოფილვარ ამ კუნძულზე და თავად მინახავს, როგორი სიყვარულითა და სასოებით არიან განწყობილი წმინდანის მიმართ. დილით, სამსახურში წასვლამდე, ადგილობრივები ტაძარში მიდიან, ეამბორებიან სარკოფაგს, რომელშიც წმინდანის უხრწნელი სხეული განისვენებს, პატივს მიაგებენ მას და მხოლოდ ამის შემდეგ მიდიან თავიანთ საქმეებზე.

მათ წმინდა სპირიდონის მიმართ უსაზღვრო სასოება აქვთ. წელიწადში ოთხჯერ წმინდანის სხეულს გამოაბრძანებენ და ქალაქის გარშემო ლიტანიობით შემოატარებენ. როდესაც წმინდანის სარკოფაგს იატაკზე დაწოლილ სნეულებს ზემოდან გადაატარებენ, თითქმის ყველა იკურნება.

– დედაო, თქვენ რამდენჯერმე მოილოცეთ კორფუ. პირადად თუ დაგხმარებიათ წმინდა სპირიდონი?

– ძალიან ხშირად. რამდენიმე წლის წინ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა მქონდა და კორფუზე სწორედ იმისთვის მივდიოდი, რომ წმინდა სპირიდონისთვის შეწევნა მეთხოვა. თავდაპირველად ათენში უნდა ჩავფრენილიყავი, იქიდან კი კორფუზე გავემგზავრებოდი. ათენში ჩასვლისას გამოაცხადეს, რომ კუნძულზე საშინელი ამინდის გამო ფრენები ერთი-ორი დღით გადაიდო და მგზავრებს სასტუმროებში გადანაწილება შემოგვთავაზეს. რაღაც უხილავმა ძალამ შემაჩერა აეროპორტში. დავიწყე წმინდა სპირიდონის პარაკლისის კითხვა. ზუსტად ერთ საათში გამოაცხადეს, რომ ფრენა განახლდა.

წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი

დაახლოებით 18-ადგილიანი თვითმფრინავით გავფრინდით. გზაში საშინელ ქარიშხალსა და ჭექა-ქუხილში აღმოვჩნდით, თვითმფრინავი ჰაერში ირყეოდა. ხილვადობა თითქმის არ იყო. პილოტმა როგორღაც მოახერხა კუნძულზე დაშვება და ზღვიდან სულ რამდენიმე მეტრის დაშორებით დავჯექით. სასწაულებრივად გვიხსნა წმინდანმა. მთელი დღე ქარიშხალი და სეტყვა იყო. მეორე დღეს გამოიდარა. მოვილოცე ტაძარი და წმინდანს შეწევნა ვთხოვე. გულის სერიოზული ოპერაცია მჭირდებოდა. როდესაც საქართველოში დავბრუნდი და ექიმთან გამოკვლევაზე მივედი, აღმოჩნდა, რომ ოპერაცია აღარ მჭირდებოდა. ექიმს გაოცებისგან სიტყვები არ ყოფნიდა – ასეთი რა ილოცეო?!

– წმინდა სპირიდონის მარჯვენა მკლავსაც განსაკუთრებული ისტორია აქვს. გვიამბეთ მასზე…

– საუკუნეების წინ ჯვაროსნებმა წმინდა სპირიდონს მარჯვენა მკლავი მოკვეთეს და რომში წაიღეს. 1984 წელს სიწმინდე კვლავ კუნძულ კორფუს დაუბრუნდა. მას შემდეგ, სიწმინდეს პერიოდულად ჩააბრძანებენ ხოლმე სხვადასხვა ქვეყანაში. 2012 წელს წმინდა სპირიდონის მარჯვენა მკლავი საქართველოშიც ჩამოაბრძანეს. ღვთის შეწევნითა და მიტროპოლიტის ლოცვა-კურთხევით, მეც მხვდა წილად ბედნიერება, მონაწილეობა მიმეღო ამ დიდებულ მოვლენაში. ფაჩუჩიც სწორედ მაშინ გადმომცა კუნძულ კორფუს (კერკირას) მიტროპოლიტმა ნექტარიოსმა.

ფაჩუჩი

– დედაო, როგორ შეუძლია იმ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, მიეახლოს წმინდა სპირიდონის მირონმდინარე ფაჩუჩს?

– ხსენების დღეებში ფაჩუჩს ტაძარში გამოაბრძანებენ ხოლმე, ხოლო სხვა დღეებში, ვისაც განსაკუთრებული შეწევნა სჭირდება ან დიდი სურვილი აქვს, მომმართონ და კელიასთან ვამთხვევინებ.

დედა ელისაბედი

წყარო

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026