Logo

ბავშვი დაბალია? როდის არის ეს ნორმა და როდის ღირს ექიმთან მისვლა

ბავშვი დაბალია? როდის არის ეს ნორმა და როდის ღირს ექიმთან მისვლა

11/02/2026

ტექსტის ზომა

ბევრ ოჯახში კარის ჩარჩოზე ან კედელზე დახატული ხაზები ბავშვის ზრდის მთავარი ქრონიკაა.

ყოველი ახალი ხაზი სიხარულია, მაგრამ ზოგჯერ ხდება ისეც, რომ ახალი ხაზი წინასგან თითქმის არ განსხვავდება, ან ბავშვი თანატოლებს მთელი ერთი თავით ჩამორჩება.

ბავშვი

ამ დროს ყველაზე ხშირად ჩნდება ორი კითხვა - ეს უბრალოდ ოჯახური გენებია თუ რაღაც უფრო სერიოზული? და რამდენი ხანი შეიძლება ლოდინი?

ერთი მხრივ, თანატოლებთან უმნიშვნელო ჩამორჩენა სიმაღლეში შეიძლება სრულიად ნორმალური იყოს მეორე მხრივ კი გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი დაავადება ზრდას ჩუმად აფერხებს და რაც უფრო ადრე დადგინდება, მით მეტია გამოსწორების შანსი.

ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა საუბრობს ნიშნებზე, რომლებიც მშობლისთვის სასიგნალო უნდა იყოს.

„დაბალი სიმაღლე შეიძლება ნორმა იყოს, მაგრამ ეს ექიმმა უნდა დაადგინოს. პირველ შეფასებას პედიატრი ახორციელებს, თუმცა ზოგი ნიშანი მშობელმა თავადაც უნდა შეამჩნიოს.

პირველი მაჩვენებელია თანატოლებთან მიმართებაში ჩამორჩენა.

ბავშვი

ასევე საყურადღებოა, თუ წელიწადი ისე გავიდა, რომ ბავშვს ტანსაცმლის ზომა არ ეცვლება წონის ნამატი ხდება, სიმაღლეში კი განვითარება არ მიმდინარეობს, თუ ოთხი წლის შემდეგ წელიწადში ბავშვი ოთხ-ხუთ სანტიმეტრზე მეტად არ იმატებს სიმაღლეში.

ასევე საყურადღებოა, თუ ბავშვი ზრდის მრუდში არ ჯდება. ეს სპეციალური მრუდებია, ინტერნეტშიც თავისუფლად შეგიძლიათ ნახოთ.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ოჯახური ანამნეზი. თუ მშობლები დაბალია და ბებია-ბაბუაც დაბალია, სიმაღლის პათოლოგიაზე ვერ ვისაუბრებთ.

ხუთი წლის ბავშვი საშუალოდ 110 სანტიმეტრი უნდა იყოს (პლუს-მინუს 2-3 სანტიმეტრი), ხოლო 101 სანტიმეტრზე ნაკლები უკვე პათოლოგიურ მდგომარეობად ითვლება.

ბავშვი

ადრეული მომწიფების ნიშნები თუ შევამჩნიეთ გოგონებში რვა წლამდე, ბიჭებში ცხრა წლამდე, ამ შემთხვევაში აუცილებლად ენდოკრინოლოგთან უნდა მივიდეთ.

თუ გვაქვს თავის ტკივილი, მხედველობის ცვალებადობა, ძლიერი წყურვილის შეგრძნება, რაც უკვე დაკავშირებულია ჰიპოფიზ-ჰიპოთალამუსის სისტემასთან, სადაც ზრდის ჰორმონის სინთეზი ხდება, ესეც ყურადღებას საჭიროებს.

თუ გვაქვს ხშირი დიარეა, მუცლის ტკივილი, ცუდი მადა, აქ უკვე პარაზიტებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება.

ეს არის პირველი საეჭვო ნიშნები მშობლებისთვის, რასაც აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება.

შვილი აუცილებლად უნდა გავზომოთ ექვს თვეში ერთხელ. რაც უფრო დროულად მივმართავთ ექიმს, მით მეტი შანსი გვაქვს მომავლისთვის. ჰორმონები და ვიტამინები აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს, ზეპირად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაინიშნოს,“ - გვირჩევს ექიმი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

ბავშვიზრდარჩევებისიმაღლეშოთა ჯანჯღავა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026