Logo

"რაც უფრო ვაიძულებთ კონტროლს, ტიკები მით უფრო მყარდება, რადგან შფოთვა იმატებს" - ნევროლოგი განმარტავს

"რაც უფრო ვაიძულებთ კონტროლს, ტიკები მით უფრო მყარდება, რადგან შფოთვა იმატებს" - ნევროლოგი განმარტავს

11/11/2026

ტექსტის ზომა

როცა ბავშვი ხშირად ახამხამებს თვალებს, იმეორებს გარკვეულ მოძრაობას ან ბგერას, მშობელს უჩნდება სურვილი, შეაჩეროს და გაკონტროლებაში დაეხმაროს...

მაგრამ ეხმარება თუ არა ბავშვს შენიშვნა „შეწყვიტე“ ან „ნუ აკეთებ“? ან იქნებ ეს ბავშვს დამატებით დაძაბულობას უქმნის?

ნევროლოგი თამარ ედიბერიძე განმარტავს, რატომ არის მნიშვნელოვანი ტიკებზე ყურადღების არგამახვილება, როგორ მოქმედებს ბავშვზე ოჯახის წევრების რეაქცია და რა როლი აქვს მშვიდ, მხარდამჭერ გარემოს.

თამარ ედიბერიძე

„ის, რომ ყურადღებას არ მივაქცევთ და თავისით გაივლის, არც ისე ცუდი ტაქტიკაა, პირიქით. გამოცდილებამ აჩვენა, რომ რაც უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ, რაც უფრო მეტ შენიშვნას ვაძლევთ, მით უფრო ვაიძულებთ ბავშვს, აკონტროლოს ეს მდგომარეობა.
თავისთავად კი ის სრულიად უნებლიედ ვითარდება.

ნაწილობრივ კონტროლს ტიკები შეიძლება დაექვემდებაროს, მაგრამ ამას ბავშვის მხრიდან იმხელა ძალისხმევა სჭირდება, რომ ვუმატებთ შფოთვას, ვუმატებთ სტრესს.
გარშემომყოფები ამ მოძრაობებს უფრო ადრე ამჩნევენ, ვიდრე თვითონ ბავშვი გრძნობს. წარმოიდგინეთ საკუთარ თავზე, რომ გაძლევენ შენიშვნას იმაზე, რასაც თავად ვერ აცნობიერებ. იწყება თითქოს დაუმსახურებელი შენიშვნების მიღება, რადგან ამას ხომ ძალით არ აკეთებ. ოჯახის წევრები კი, რადგან ბავშვი ვერ აკონტროლებს, ამას ხშირად ჟინიანობად, ჯიუტობად ან გამომწვევ ქცევად თვლიან - "გეუბნები და რატომ არ მიჯერებ, არ ითვალისწინებ ჩემს აზრს." ზოგჯერ უფრო დრამატულადაც ხდება - "მრცხვენია, არ შემიძლია ამის ყურება."
წარმოიდგინეთ, როგორ უმატებს ეს ბავშვს შფოთვას იმაზე, რასაც თვითონ რეალურად ვერ აკონტროლებს. წარმოიდგინეთ, რომ გახველებთ და ვინმე გაიძულებთ, არ დაახველოთ, ან გაცემინებთ და მაქსიმალურად უნდა შეიკავოთ. რამდენ ხანს შეიკავებთ, რამდენჯერ?

ტიკები თავისთავად ტალღისებრად მიმდინარეობს. იმატებს, იკლებს, ქრება, ჩნდება. ხშირად ბავშვს ეუბნებიან - აი, ხომ შეგიძლია გაჩერება, თუ მოინდომებ, შეგიძლია. მაგრამ იმას არ ვფიქრობთ, რა ფასად ჯდება ეს.
გამოირკვა, რომ რაც უფრო ვაიძულებთ, ტიკები მით უფრო მყარდება, რადგან შფოთვა იმატებს და მდგომარეობა უფრო მყარი და უფრო შეუქცევადი ხდება. ამიტომ ოჯახის წევრების მხარდაჭერა ამ შემთხვევაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მიმღებლობას საზოგადოებას ვერ მოვთხოვთ, თუ ჩვენი განსხვავებული შვილის მიმართ მიმღებლობა ოჯახში არ არის. ეს ყველაზე რთული გასაკეთებელია. თვითონ მშობლისთვის ძნელია, როცა გეუბნებიან, რომ არაფერი უნდა გააკეთო, სულ უნდა დააიგნორო.

ოქროს სტანდარტი ამ შემთხვევაში სწორედ იგნორირებაა და ეს არც ისე ადვილია, ამას ვაღიარებთ და მშობლებს ვეთანხმებით. უბრალოდ, სათანადო ინფორმირება სჭირდებათ, რომ გამოსავალი სწორედ ყურადღების არგამახვილებაა და ამ საკითხისადმი რაციონალური დამოკიდებულება.
ამის შემდეგ ვმუშაობთ იმაზე, რომ ბავშვს და მოზარდს მეტ-ნაკლებად ემოციურად სტაბილური გარემო ჰქონდეს, რადგან მძაფრი ემოცია დამატებითი ტრიგერია. ემოციების გარეშე ბავშვს ვერ დავტოვებთ, მაგრამ გადაჭარბებულად მძაფრი ემოციები, როგორც უარყოფითი, ისე დადებითი, ტიკების გამწვავების პერიოდში ნაკლებად სასურველია.


ბავშვები ზოგადად ემოციურები არიან, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველა ემოციურ ბავშვს ტიკები აუცილებლად არ აქვს. ტიკების მქონე ბავშვებში კი, რაც უფრო მაღალია ემოციური ფონი, მით უფრო შთამბეჭდავია გამოვლინება. რაც უფრო გაწონასწორებული და მშვიდია ტემპერამენტით ბავშვი, მით უფრო სტაბილურია მიმდინარეობა და მით უფრო მალე დგება თვითლიკვიდაცია.

ხშირად მითქვამს მშობლებისთვის - წარმოიდგინეთ, სარკეში აკონტროლეთ საკუთარი თავი. გგონია, რომ არ იმჩნევ, მაგრამ ასე არ არის. ბავშვი ამჩნევს, რომ შენ შფოთავ. თუ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ მას აქვს გამოცდილება, რომ დედა შფოთავს იმიტომ, რომ მას ტიკები აქვს, ის ამას ვერ ამჩნევს, მაგრამ ყველა შეშფოთებულ სახეზე ეწყება დანაშაულის განცდა, რომ ახლა მისი მიზეზით არის დედა ასეთ შფოთვაში. ამიტომ მაშინაც კი, როცა ტიკი არ აქვს, ამ ტრიგერს ვუმატებთ,“– ამბობს ექიმი ნევროლოგი თამარ ედიბერიძე.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ბავშვითამარ ედიბერიძეტიკებიჩვევები
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026