Logo

კულტურა

"ბედნიერი იყო იმით, რომ ქართველი იყო..." - მსოფლიოში აღიარებული კინოკლასიკოსი 93 წლის გახდებოდა

"ბედნიერი იყო იმით, რომ ქართველი იყო..." - მსოფლიოში აღიარებული კინოკლასიკოსი 93 წლის გახდებოდა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

"დღეს ელდარის დაბადების დღეა - პირველად ელდარის გარეშე..." - წერს რეჟისორის ცოლი, ნელი შენგელაია სოციალურ ქსელში.

მაესტრო 93 წლის გახდებოდა...

წარმოუდგენელია ქართული კინემატოგრაფია მისი ფილმების გარეშე. ფილმების, რომლებიც უკეთესს გვხდის, ჩვენივე თავის საუკეთესო ვერსიად გვაქცევს, გვაკეთილშობილებს და არასდროს გვაწყვეტინებს ზრდას...

ბოლომდე ბავშვური ღიმილი შერჩა, სიხარულით აციმციმებული, სუფთა თვალები. არ ვიცი, ეს როგორ მოახერხა იმ ტკივილით სავსე ცხოვრების გავლის შემდეგ, რაც ჰქონდა.

ელდარ შენგელაია

"მიხარია, რომ ამ ასაკამდე ასე მოვიდა. ვარდისფერი კანი აქვს და ბავშვივით გამოიყურება. ვერ გეტყვით, ამის საიდუმლო რა არის" - მითხრა სამი წლის წინ ინტერვიუში რეჟისორის უფროსმა ქალიშვილმა, ნატაშა შენგელაიამ.

ამის საიდუმლო, ალბათ, ერთი პატარა დეტალია - სიკეთის მატარებლი გული! რომ არა სიყვარულით და სიკეთით გადატენილი გული, აბა, სხვანაირად როგორ შეიძლებოდა ამ შედევრების - "შერეკილების", "ცისფერი მთების", თუ "არაჩვეულებრივი გამოფენის" გადაღება?

შერეკილები

მან თავისი რეტროსპექტივით მოახერხა და ცნობილი ოჯახის ჩრდილქვეშ ყოფნას გაექცა და... გახდა კიდეც უკვდავი.

ელდარ შენგელაიას კინოენა და ესთეტიკა არის ქართულიც და ამავე დროს მსოფლიოც. ასეთ დროს ხვდები, რომ სამყარო ერთიანია, ჭეშმარიტ ხელოვნებას და კულტურას კი, ეროვნება არ გააჩნია. მაესტრო ჭეშმარიტი ხელოვანი იყო...

"მე ისევ მადლობა მინდა ვუთხრა ბედს, რომ მან კინოში შემახვედრა ასეთ დიდოსტატს, არაჩვეულებრივად კეთილ, ინტელიგენტურ და დახვეწილ ადამიანს! ელდართან მუშაობა გავდა ერთ გრძელ შაბათ-კვირას, კარგი მზიანი ამინდით და გაზაფხულით" - რეზო გაბრიაძე.

რეზო და ელდარი

საამაყოდ ისიც გვეყოფა, რომ "ცისფერი მთები" "კანის კლასიკაში" ორჯერ აჩვენეს, მსოფლიოს კინოშედევრების ოცეულში. თავად რეჟისორი კი, მსოფლიოს კლასიკოს რეჟისორად დაასახელეს...

საყვარელი საქმისთვის ბოლო წუთამდე არ უღალატია. 89 წლისამ ტრილოგია გადაიღო. "მრავალჟამიერ" - ასე დაარქვა მას, რომელიც სამ ფილმს აერთიანებს - "ჭა", "სიმღერა" და "ჩიტები.

ელდარ შენგელაია

უკანასკნელი ნამუშევარი კი "აბდაუბდაა". ასე ჰქვია მაესტროს ფილმს, რომლის პრემიერაც უკვე მის გარეშე, 14 დეკემბერს ეროვნულ არქივში შედგა. ამ ზღაპრის მაგვარი ფილმით დაგვემშვიდობა...

მეგობარს "ზმნასთან" იმედა კახიანი იხსენებს. "აბდაუბდაში", რომლის მოქმედება ცირკში ვითარდება, ისიც თამაშობს. 88 წლის მსახიობი სევდანარევად ხუმრობს, ბოლოს კლოუნის როლი მომცაო...

ელდარ შენგელაია

იმედა კახიანი: ბოლო ფილმში მე და დიდებული მსახიობი - ლეო ანთაძე ვთამაშობთ ცირკის კლოუნებს. ვიფიქრე, მოდი, ელდარს გავაშაყირებ-მეთქი და ვუთხარი: ეს რა ძმაკაცობაა, ეს მოხუცი ხალხი, მე და ლეო, ცირკის კლოუნები გვათამაშე, ეს არის კაი ბიჭობა-მეთქი? ჩაფიქრდა და გავიფიქრე, ჩემმა შაყირმა გაჭრა-მეთქი. მერე მეუბნება, კიდევ ვაპირებ ერთი ფილმის გადაღებას და შენ აკადემიკოსის როლს მოგცემო. აქეთ გამაშაყირა, რაა. მსახიობისთვის რა მნიშვნელობა აქვს, რა როლს თამაშობ, მთავარია, საინტერესო იყოს. არ დაცალდა, საწყალს. ალბათ, მართლა აპირებდა.

ორი წლის წინ მე და ელდარი კანში ვიყავით - "თეთრი ქარავანი" აჩვენეს და ელდარს მეორედ მიანიჭეს "მსოფლიო კინოკლასიკოსის" წოდება, რაც ბევრს არ აქვს მსოფლიოში.

ელდარ შენგელაიაელდარ შენგელაია

ძალიან გახსნილი კაცი იყო. ადამიანები უყვარდა, სამშობლო უყვარდა. რასაც კინოში აკეთებდა (და ძალიან მაღალ დონეზე აკეთებდა), სიყვარულით აკეთებდა. ბედნიერი იყო იმით, რომ ქართველი იყო. საქართველოს სიყვარული სულ თან სდევდა. ისეთ ოჯახში იყო გაზრდილი. სულ ყველა დიდი ქართველები და დიდი ადამიანები იყვნენ. თავგადადებული იყო ოჯახზე და მეგობრებზე.

მახსოვს, მოსკოვში, კინოს სახლში მისი გამოსვლა. იქ ყველას უმტკიცებდა, საქართველო თავისი ნებით რუსეთში არასდროს შესულაო. ყოველთვის აიძულებდნენო... ქვეყნის დაცვა რომ დაიწყო, ელდარს ლანძღვა დაუწყეს, როგორ ბედავ შეკამათებასო. იმ დროს სახლთან ხვდებოდნენ და ხმამაღლა ლანძღავდნენ. ცოტა ხნით ჩემთან გადმოვიდა ოჯახით.

გულწრფელად რომ უყვარდა თავისი ქვეყანა, ეს მის ნამუშევრებშიც ჩანს, მისი ცხოვრების სტილში ჩანს...

ტრაგედიები არ აკლდა. ჯერ ახალგაზრდა მშობლები დაკარგა და მერე 23 წლის ქალიშვილი ავტოკატასტროფაში დაეღუპა. ანგელოზივით გოგო, ელენე...

ელდარ შენგელაია

ელდარმა მანქანა უყიდა. ელენე გავიდა და ავარაიაში მოჰყვა... შემთხვევის ადგილას მილიცია მივიდა. ჩაისვეს მანქანაში და წაიყვანეს საავადმყოფოში. ადგილი არ გვაქვსო ერთ კლინიკაში უთხრეს, მერე მეორეში, მესამეში... ასე მოატარეს კლინიკები. ბოლოს სადღაც მიიღეს, მაგრამ დაგვიანებული იყო... უცნაური გოგო იყო. ერთი რომ ეთქვა, ელდარ შენგელაიას შვილი ვარო, აუცილებლად მიიღებდნენ. არც სახლში დაურეკავს. მოკლედ, ამ სიარულში დაიღუპა.

ელდარის შვილი

***

ელდარს მანამდე ვიცნობდი, სანამ კინოში შევხვდებოდით ერთმანეთს. ვიცნობდი კარგ ბიჭს, სახელოვანს. კარგად თამაშობდა ფეხბურთს, კალათბურთს. ცნობილი ბიჭი იყო. არა მხოლოდ იმით, რომ ნატა ვაჩნაძის და ნიკოლოზ შენგელაიას შვილი იყო. ქალაქში თავისი კაი ბიჭობით იყო გამორჩეული. მთაწმინდელი იყო, მაგრამ ქალაქში ვიცნობდით სხვადასხვა უბნელები ერთმანეთს.

იცით, როგორი იყო ადრე? პლეხანოველები რუსთაველზე ვერ დავაბირჟავებდით. ანუ შენი ბირჟა გქონდა და უნდა დაგეცვა მისი სახელი. შენი არასწორად გადადგმული ნაბიჯი, მთელ ბირჟაზე ვრცელდებოდა. ამიტომ ყველა ცდილობდა ღირსეული ყოფილიყო. ელდარიც ასე იყო, ღირსეული, კაი შესახედი, სპორტულ ცხოვრებას ეწეოდა. გამორჩეული იყო. მერე წავიდა მოსკოვში, ვკიგი - კინემატოგრაფისტთა ინსტიტუტი დაამთავრა.

ელდარ შენგელაია

უკან დაბრუნდა თამაზ მელიავასთან ერთად. და ორივემ ერთად გადაიღეს "თეთრი ქარავანი". მაშინ ორი ახალბედა რეჟისორი ერთად იღებდა პირველ ფილმს. შემთხვევით მოვხვდი კინოშიც და სახელოვნებო სფეროშიც. არასდროს მიფიქრია, რომ მსახიობი გამოვიდოდი და კინოში სპარტაკ ბაღაშვილთან ერთად ვითამაშებდი! სპარტაკი რომ ვნახე გადავირიე. მსოფლიო ეკრაზე არ მინახავს მისი მსგავსი კაცი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ფილმში მისი შვილის როლს შევასრულებდი. "თეთრ ქარავანში" როგორც შვილს ისე მეპყრობოდა.

იმედა კახიანი

***

ელდარს ნარდის თამაში უყვარდა, მაგრამ როგორც მოთამაშე, სუსტი იყო. არ აქცევდა ყურადღებას და რასაც მინდა, იმას ვთამაშობდი. მაგრამ რახან წაგებას განიცდიდა, ყველა შეხვედრა ელდარის "სასარგებლოდ" მთავრდებოდა. მე "ვაგებდი". გავიდოდი მერე სხვა ოთახში, სადაც ქალები ჩაის სვამდნენ და "ძალიან მაგარი ვარ, მოვიგე-მეთქი", ამას ვაგონებდი ელდარს. იცინოდა და მორცხვად თავდახრილი შემოვიდოდა ოთახში...

***

- ბატონო იმედა, გამოვიდა, რომ თავის პირველ ფილმშიც თქვენ გადაგიღოთ და უკანასკნელშიც...

- ასეა. პირველ ფილმშიც მე გადამიღო და ბოლოშიც გადამიღო და ცოტა ხანში, წავიდა ამქვეყნიდან...

გულის დაწყვეტა ცოტაა. ძალიან დიდი დანაკლისია. მხოლოდ ჩვენთვის კი არა, ქვეყნისთვის არის დანაკლისი. ისე უყვარდა თავისი ქვეყანა. ეს სიყვარული ბოლომდე დაამტკიცა.

ელდარ შენგელაია

ავტორი: თამარ გონგაძე

01/26/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024