
10/18/2026
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდამ და „ინტერ მაიამის“ მფლობელმა სერ დევიდ ბექემმა შესაძლოა, ფიფას პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს. ამერიკულმა სკაი სპორტმა 51 წლის ინგლისელს ჯანი ინფანტინოსთვის მთავარი საფრთხე უწოდა.
ფიფას პრეზიდენტის არჩევნები 2027 წლის 18 მარტს, მაროკოულ რაბათში, ორგანიზაციის კონგრესზე გაიმართება. 56 წლის ინფანტინო მსოფლიო ფეხბურთის მმართველი 2016 წლიდანაა და კვლავ აქვს პოსტის შენარჩუნების სურვილი. სულ რამდენიმე თვის წინ მისი პოზიცია ურყევად მოჩანდა და სრულიად უკონკურენტო იყო, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას ატეხილმა სკანდალმა მისი გავლენა და ავტორიტეტი სერიოზულად შეარყია. შესაბამისად, მის პოტენციურ შემცვლელებზე ფიქრი და საუბარიც აქტიურად დაიწყო.
ინფანტინოთი უკმაყოფილება მისმა ახალმა პროექტმა გამოიწვია. ზაფხულში მან მსოფლიოს ჩემპიონატზე კომერციული უფლებების ინვესტორებისთვის მიყიდვა განიზრახა, რაზეც წინასწარ დონალდ ტრამპს ესაუბრა, კონფედერაციების პრეზიდენტები და ნაციონალური ფეხბურთის ფედერაციები კი საქმის კურსში არ ჩააყენა. რეაქცია იმდენად მწვავე იყო, რომ ჯანიმ თავისი პროექტი არათუ უკან წაიღო, მას მერე ლამის ყოველდღიურად იხდის ბოდიშს.
თუმცა, ჯანიმ ბოდიშებით გული ვერავის მოულბო. „ჩვენ კვლავ იმავე პოზიციაზე ვრჩებით, ფიფას სათავეში სხვა ადამიანი უნდა ვიხილოთ - განაცხადა ამ დღეებში გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა ბერნდ ნოიენდორფმა - ამისთვის, ცხადია, ჯერ ალტერნატიული კანდიდატურა უნდა შეირჩეს. ჩვენ პატიოსანი ადამიანი გვჭირდება, რომელსაც ექნება უნარი, ფიფას შელახული ავტორიტეტი აღადგინოს. ის ავტრორიტეტი, რომელიც ორგანიზაციამ უდავოდ დაკარგა.“
აქამდე მთავარ ფიგურად, ვისაც ინფანტონოსთვის კონკურენციის გაწევა რეალურად შეეძლო, „არსენალის“ დიდ მწვრთნელს, არსენ ვენგერს ასახელებდნენ. ინგლისური „ტაიმსის“ ცნობით, სერიოზული ძალები ინფანტინოს მოწინააღმეგეთა ბანაკიდან დაჟინებით ცდილობდნენ 76 წლის ვენგერის დარწმუნებას, რათა მას პოსტზე კენჭი ეყარა. ვენგერი იდეალურ ვარიანტად მოჩანდა. ლონდონურ კლუბში მრავალწლიანი წარმატებული მუშაობის შედეგად, მას საფეხბურთო წრეებში უზარმაზარი ავტორიტეტი აქვს. ამავე დროს ვენგერი შესანიშნავად არის ჩახედული შიდა სამზარეულოში, რადგან 2019 წლიდან სწორედ ფიფაში მუშაობს, სადაც ფეხბურთის გლობალური განვითარების დირექტორად არის დასაქმებული.
თუმცა „გარდიანმა“ გვაუწყა, რომ ვენგერის კანდიტარურის წამოყენების ვარიანტი ჩავარდა. ასევე ცნობილი გახდა, რომ კანდიდატურას არ წამოაყენებენ უეფას მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდ ჩეფერინი, კონკაკაფის შეფი ვიქტორ მონტალიანი და აზიის ფეხბურთის კავშირის ხელმძღვანელი სალმან ბინ იბრაჰიმ ალ-ჰალიფა.
ახლა კი ირკვევა, რომ პოტენციური კანდიდატი შესაძლოა დევიდ ბექემი იყოს. „მანჩესტერ იუნაიტედის“, „რეალის“, „მილანის“, „პარი სენ ჟერმენის“ და ინგლისის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, მოგეხსენებათ, არა მხოლოდ ფეხბურთის სამყაროშია განთქმული. სხვათა შორის, ლიონელ მესი „ინტერ მიამიში“ სწორედ ბექემმა წაიყვანა.
სკაი სპორტი ბექემის ფინანსურ შესაძლებლობებაც უსვამს ხაზს, რაც მას შესაძლებლობას მისცემს, სპონსორების გარეშე, დამოუკიდებლად დააფინანსოს თავისი საარჩევნო კამპანია. ამასთანავე, არავის მოუვა აზრად იფიქროს, რომ ბექემს ფიფას პრეზიდენტის პოსტი გასამდიდრებლად სჭირდება.
„ის არის ფეხბურთელი, წარმატებული ბიზნესმენი და განსაკუთრებით ფართო კონტაქტები გააჩნია საერთაშორისო არენაზე - წერია სკაი სპორტის სარედაქციო წერილში - ბექემის სამსახურეობრივი ნუსხა სერიოზული საფრთხე იქნება ჯანი ინფანტინოსთვის. სერ დევიდ ბექემს - მას რაინდის ტიტულიც აქვს, ახლა მსოფლიო ფეხბურთის შეცვლა შეუძლია.“
უნდა ითქვას, რომ თავად ბექემისგან ამ დრომდე არანაირი ოფიციალური განცხადება კანდიდატურის თაობაზე არ გაკეთებულა. როგორც ჩანს, საწყის ეტაპზე ჯერ ნიადაგის მოსინჯვა მიდის. იმისთვის, რომ არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირდეს, ბექემს ფიფას წევრი სულ მცირე 5 ასოციაციის მხარდაჭერა სჭირდება, რაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისთვის რთული მოსაპოვებელი არ იქნება. კანდიდატურების წარდგენის ვადა კი ამა წლის 18 ნოემბერს იწურება.
გააზიარე სტატია