კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
"წმინდა პაისი - ფარასადან ზეცაში" - ამ სერიებად გადაღებულმა ბერძნულმა სურათმა, ქართველი მაყურებელი რწმენაში განამტკიცა. ამაში, ცხადია, დიდი როლი წმინდა პაისის ცხოვრების ამგვარმა თხრობამ ითამაშა.
ბერძნული სერიალის თარგმნის იდეა კი თამარ ბროლაძეს გაუჩნდა. შემდეგ მეგობრები აიყოლია და ჩვენი მამა გაბრიელის თანამედროვე ბერძენ წმინდა მამაზე გადაღებული ფილმი თარგმნეს. სერიალი პირველად საეკლესიო ფეისბუქ გვერდზე "სარწმუნოება, ფოტო და ვიდეო არქივი" ზიარდებოდა. მაყურებლის გარკვეულმა ნაწილმა, სწორედ იქ ნახა ეს სერიალი. შემდეგ კი ის "იმედმა" თარგმნა და გაუშვა...
პაისის როლს ბერძენი მსახიობი - პროკოპის აგათოკლეუსი ასრულებს. ის პროფესიონალი მსახიობია. როდესაც ამ როლზე მიიღო შეთავაზება, იმ დროს არ იყო მორწმუნე. სანამ ფილმზე მუშაობას დაიწყებდნენ, თერთმეტი თვე ათონის მთაზე ისე გაატარა, რომ სახლში არ დაბრუნებულა. ბერების ცხოვრებას ახლოდან გაეცნო. სურდა, რომ კარგად შეეგრძნო წმინდა მამის როლი. წვერი და თმა გაიზარდა და ზუსტად ბერების მსგავსად იცხოვრა.

ამის შედეგ იმუშავა ფილმზე. მსახიობი ყველა ინტერვიუში ამბობს, რომ ბერი პაისის როლმა მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. გახდა გულჩვილი. უცრემლოდ ვერ საუბრობს ამ როლზე, ყელში ბურთი ეჩხირება. ყველგან, ყველა ინტერვიუში, სადაც კი წმინდა ბერის როლზე საუბრობს, ისეთ ემოციებშია, თვალზე ცრემლი არ უშრება.

სერიალი იმ რეალურ ადგილებშია გადაღებული, სადაც კი ბერ პაისს უცხოვრია და უმოღვაწია. ძირითადად, გარე გადაღებები იყო და ამინდი რომ არ ყოფილა შესაბამისი, თურმე, გადაღებისას, მისტიკურად ზუსტად ის ამინდი გამოდიოდა, რაც სჭირდებოდათ. ამის მოწმე ყველანი ვართო, ამბობს მსახიობი ინტერვიუში.

ერთ სცენაში სინას მთაზე ბერი პაისი მლოცველ განდეგილ ბერს უყურებს. პროკოპი ჰყვება, ისეთი ქარიშხალი იყო, ერთი წამი ვერ გაჩერდებოდი, რომ გადაგვეღო განდეგილი ბერის როლში მყოფი მსახიობი; ქარიშხალი უკან აგდებდა. მერე ვილოცეთ და ბოლოჯერ ვცადეთ. უცებ ჩადგა ქარი, გადავიღეთ და დავასრულეთ თუ არა, ისევ ქარიშხალი ამოვარდაო.
ბერ პაისს ჰყავდა მეგობარი გულწითელა ჩიტი, რომელსაც ოლეტი დაარქვა. პროკოპი იხსენებს, ათონის მთაზე გადაღებების დროს, როცა პრობლემები იჩენდა თავს, მოფრინდებოდა გულწითელა, ჩემთან ახლოს დაჯდებოდა და ჭიკჭიკებდაო. ამ დროს ენით აუწერელ სიხარულს ვგრძნობდით ყველა და ჩიტის მოსვლით, ზუსტად ვიცოდით, რომ პრობლემა მოგვარდებოდა და ჩვეულებრივ გავაგრძელებდით გადაღებასო. ბევრი სასწაული გადახდენიათ და ამას აღტაცებით ჰყვება ხოლმე ინტერვიუებში.
***
დიდი ბერძენი მამის, წმინდა ბერი პაისის ცხოვრებაში ცნობილია, რომ ათონის მთაზე მის კელიასთან ახლოს ტყეში ცხოვრობდა წითელგულა ჩიტი, რომელიც ხშირად სტუმრობდა ბერს, მისი არ ეშინოდა, მეტიც, ამ პატარა არსებას წმინდა მამის გვერდით ყოფნა უყვარდა...
ბერი პაისის ნაამბობიდან: ჩემ საუკეთესო მეგობარ ჩიტს ოლეტი დავარქვი, რაც არაბულად "ბავშვს" ნიშნავს. ოლეტი გორაკზე, ჩემი სენაკიდან 50 მეტრის დაშორებით ცხოვრობს. საკენკს რომ ვუყრი, ცოტას აკენკავს და მიფრინავს. ვეძახი, დაბრუნდი-მეთქი. ის მაინც მიფრინავს, თუმცა მერე ბრუნდება, ზურგიდან ჩუმად მოფრინდება და ჩემი ჟილეტის შიგნით დაიმალება. თუ სადმე მივდივარ, ასი მეტრის მანძილზე მაცილებს.
ჩამომაჯდება ხელზე და კენკავს. აი, პროგრესი. ეს დღეები ოლეტის საზოგადოებით ვტკბები. როცა ოლეტს ვეძახი, სხვა ჩიტებთან ერთად მოფრინდება. სხვები მაშინვე საკვებს დაეცემიან, ოლეტი კი მორჩილებითა და სიყვარულით მოფრინავს, მაშინაც კი, როცა მშიერია. მას შეუძლია დიდი ხნის განმავლობაში იჯდეს ჩემს გვერდით. ბოლოს თვითონ შევახსენებ ხოლმე ჭამას. შორიდან შევხარი ოლეტს, რათა რაიმე არ ვავნო.
პროკოპის აგათოკლეუსი, ბერი პაისის როლის შემსრულებელი: არ ვიცი, ეს ჩავთვალოთ თუ არა ზებუნებრივ მოვლენად, მაგრამ ეს ლამაზი მომენტი მე ღვთიურ სიმშვიდეს მგვრიდა. გული მიჩუყდება ამას რომ ვიხსენებ... ყველა პრობლემის დროს ჩემთან მოფრინდებოდა. ჩემს გვერდით იყო და... ჭიკჭიკებდა. ვუყურებდი მას და ღვთიურ ნეტარებაში მყოფი შევხაროდი ჩიტს...
12/31/2025