
10/25/2026
ემოციური კვირა, მნიშვნელოვანი არჩევანი და ძველი საკითხების ახლებურად დანახვა - ასტროლოგი სოფია ბზეკალავა ზოდიაქოს ნიშნებს საკუთარი დამოკიდებულებებისა და პრიორიტეტების გადახედვას ურჩევს.
მისი პროგნოზით, კვირის მთავარი თემები ურთიერთობები, ფინანსები და რესურსების განაწილება იქნება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი სიტყვების შერჩევა და ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისგან თავის შეკავება.
„ეს კვირა ერთგვაროვანი არ იქნება. ემოციური საქანელებით იქნება სავსე, თუმცა თავისი დადებითი შესაძლებლობებიც ექნება“, - ამბობს ასტროლოგი.
კვირის ზოგადი ტენდენციები
რეტროგრადული მერკურის პერიოდში კომუნიკაცია რთულდება. ადამიანი ერთს ამბობს, მოსაუბრეს კი მეორე ესმის. ყველაზე მოწესრიგებულ ადამიანებსაც შეიძლება რაღაც დაავიწყდეთ, ჩაეძინოთ ან დააგვიანდეთ.
დაახლოებით 15 ნოემბრამდე მეტი გაგებით მოეკიდეთ ერთმანეთს, მათ შორის მომსახურების სფეროს წარმომადგენლებსაც. შეფერხებას ზოგჯერ გადაღლა გამოიწვევს, ზოგჯერ კი სხვა გარემოება.
ყურადღება გვმართებს გადაადგილებისას და ტექნიკასთან ურთიერთობის დროსაც. შესაძლებელია მცირე შეფერხებები, ამიტომ ასეთი ნიუანსები წინასწარ გაითვალისწინეთ.
26 ოქტომბრის სავსემთვარეობა, რომელიც კუროს ნიშანში იქნება, თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანს შეეხება, განსაკუთრებით კი კუროს, მორიელს, მერწყულსა და ლომს.
ჩემი შეფასებით, ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ეს 2018 წლის შემოდგომაზე დაწყებული მოვლენების კულმინაციისა და დასრულების ეტაპია.
ამ პერიოდის მთავარი გზავნილია - ძველი ფორმით რაღაცების შენარჩუნება აღარ გამოვა. საჭიროა ჩვენი ხედვებისა და ფასეულობების გადაფასება და ახალი გზის არჩევა. სავსემთვარეობა გარკვეული პროცესების კულმინაციას, გაცნობიერებასა და გადატვირთვას უკავშირდება. კურო კი ასტროლოგიაში მატერიალურ საკითხებს, რესურსებსა და ურთიერთობებს უკავშირდება. სწორედ ეს თემები იქნება კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი.
გახსოვდეთ: თქვენი სიტყვები თქვენი ძალაც არის და ბასრი იარაღიც, რომლითაც შეიძლება ადამიანი დააზიანოთ. ამიტომ უახლოეს დღეებში ჯერ დაფიქრდით და შემდეგ თქვით სათქმელი.

ვერძი
ვერძისთვის ეს ფასეულობების გადაფასებისა და მნიშვნელოვანი არჩევანის კვირაა. არჩევანი შესაძლოა პირად და სასიყვარულო ურთიერთობებსაც უკავშირდებოდეს. ჩემს თანამეზოდიაქოებს ვურჩევდი: პირველ რიგში, საკუთარი თავი აირჩიეთ.
ამ კვირაში შესაძლოა შენიშვნების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე იყოთ, მაშინაც კი, როდესაც შენიშვნა საფუძვლიანია. წვრილმან კონფლიქტებსა და კამათზე დროის ხარჯვას სჯობს მნიშვნელოვანი იდეების განხორციელებით დაკავდეთ.
შეგიძლიათ ეფექტურად მოაგვაროთ აქამდე მოუგვარებელი საქმეები და ძალიან კარგი გადაწყვეტილებებიც იპოვოთ. ამიტომ ეს ენერგია კონსტრუქციულად გამოიყენეთ.

კურო
ამ სავსემთვარეობის მასპინძლები კუროები არიან. ვენერას სასწორში დაბრუნება ენერგიის მატებასა და განწყობის გაუმჯობესებას უკავშირდება, რაც ამ პერიოდის უფრო გაწონასწორებულად გავლაში დაგეხმარებათ.
თუმცა კვირის პირველ დღეებში ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. მნიშვნელოვანია საკუთარ თავთან დამოკიდებულებაც გადააფასოთ და საკუთარი თავი ცოტა სხვანაირად დაინახოთ.
კვირის მეორე ნახევარში გაუფრთხილდით წონასწორობას როგორც ემოციური, ისე პირდაპირი მნიშვნელობით. ნუ მისცემთ სხვა ადამიანებს საშუალებას, მდგომარეობიდან გამოგიყვანონ. სიჩქარესა და გაუფრთხილებლობასაც მოერიდეთ, რათა მცირე უსიამოვნებები თავიდან აიცილოთ. მთლიანობაში კი განწყობის გაუმჯობესებისა და მეტი ენერგიის შესაძლებლობა გაქვთ.

ტყუპები
შეიძლება გაიგოთ ისეთი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც თქვენ გარეშე მიიღეს, თუმცა უშუალოდ თქვენ შეგეხებათ. შესაძლოა გამჟღავნდეს აქამდე უცნობი გარემოებები, მათ შორის ფინანსებსა და ურთიერთობებთან დაკავშირებული.
ბევრი საკითხი გაირკვევა და კითხვებზე პასუხებს იპოვით. კვირა შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს საბუთებთან და ბიუროკრატიულ დაბრკოლებებთან დაკავშირებული თემების მოგვარების თვალსაზრისითაც.
ასევე შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ რესურსი, რომელიც ფუჭად დახარჯულად მიგაჩნდათ, ამაოდ არ ჩაგიდიათ, თქვენს ძალისხმევას შედეგი მოჰყვა. ბევრი მნიშვნელოვანი რამ შინაგანად, საკუთარი დამოკიდებულებების გადაფასების გზითაც გაცნობიერდება.

კირჩხიბი
კირჩხიბისთვის კვირა ძირითადად დადებითია, თუმცა ემოციურიც იქნება. მოსალოდნელია ძალების მოზღვავება. შესაძლოა ბევრ საქმეს ერთბაშად გაუმკლავდეთ და სხვებისთვისაც მოტივაციისა და კარგი განწყობის წყარო გახდეთ.
ბევრი ადამიანისთვის ემოციური საყრდენი იქნებით. შესაძლოა კულინარიული ექსპერიმენტების სურვილიც გაგიჩნდეთ და გარშემომყოფები გემრიელი კერძებით გაახაროთ.
კარგი შესაძლებლობა გაქვთ მეგობრებთან გართულებული ურთიერთობების მოსაგვარებლად. ეს ეხება იმ ადამიანებთან ურთიერთობასაც, რომლებიც სისხლით ნათესავები არ არიან, თუმცა ოჯახის წევრებად მიგაჩნიათ.

ლომი
მიმდინარე კვირაში ამაო კონფლიქტებზე ენერგიას ნუ დახარჯავთ. შესაძლოა გუნდთან ან კოლექტივთან ურთიერთობაში ერთგვარი „ცივი ომის“ განწყობა გაჩნდეს: თუ ვერ მაფასებთ, დაგანახვებთ, ვინ ვარ.
ლომისთვის ღირსება და დაფასება მნიშვნელოვანია, თუმცა ეცადეთ ზედმეტად ემოციურად არ მიიღოთ სიტუაციები, რომლებშიც გეჩვენებათ, რომ სათანადოდ ვერ გაფასებენ.
შესაძლოა კომპრომისისთვის მზად იყოთ, მაგრამ მისი მიღების ფორმა თქვენს თავმოყვარეობას მტკივნეულად შეეხოს და სიჯიუტე გამოიწვიოს. ასეთ ვითარებას მაქსიმალურად მშვიდად მიუდექით.
ასევე ნუ დაუწყებთ საკუთარ გარეგნობას ზედმეტად კრიტიკულად შეფასებას. ამ კვირაში საკუთარი თავის მიღება გჭირდებათ. პირველ რიგში, თქვენ უნდა გიყვარდეთ ის ადამიანი, რომელსაც სარკეში ხედავთ.

ქალწული
მნიშვნელოვანი საკითხები კულმინაციას უახლოვდება. ეს შესაძლოა უცხოეთსა და სწავლას უკავშირდებოდეს. შესაძლებელია ამ მიმართულებებით დაწყებულ პროცესებს დაუბრუნდეთ.
დასრულების ეტაპზე შეიძლება გადავიდეს დიდი ხნის წინ დაწყებული ფინანსური დავები, ვალდებულებები ან ღირსებასა და რეპუტაციასთან დაკავშირებული საკითხები. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა ჯერ კიდევ 2018 წლიდან პერიოდულად გახსენებდეთ თავს.
ამავე დროს, შესაძლოა უკან მოიხედოთ და სინანულით აღმოაჩინოთ, რომ ერთ პრობლემაზე კონცენტრირების გამო უფრო მნიშვნელოვანი შესაძლებლობები გამოგრჩათ. რაღაც, რაც ემოციურად არსებითი გეჩვენებოდათ, შესაძლოა სხვა პრიორიტეტებს ჩრდილავდა.
დაკარგული შანსების დაბრუნება რთული იქნება, თუმცა ამ ყველაფრის გაცნობიერება ახლა შესაძლებელია. ამასთან, სწავლის, უცხოეთისა და ძველი საკითხების დასრულების მიმართულებით კონკრეტული შესაძლებლობებიც რჩება.

სასწორი
ვენერა თქვენს ნიშანში ბრუნდება და უფრო მკაფიოდ დაინახავთ, რა გსურთ. არჩევანი აქამდეც გქონდათ, ახლა კი პრინციპული გადაწყვეტილების მიღებისთვის მეტი გამბედაობა გაგიჩნდებათ.
კვირის მნიშვნელოვანი თემებია ფული, საერთო რესურსები და ვალდებულებები. ეს შესაძლოა წყვილის ფინანსებს, საერთო ბიუჯეტს ან მემკვიდრეობას უკავშირდებოდეს. იმას, რაც მხოლოდ თქვენ არ გეკუთვნით.
შეგეძლებათ უკეთ გააცნობიეროთ, რას აღარ მოითმენთ და სად უნდა განაცხადოთ საკუთარი სურვილების შესახებ. ნაკლები აწონ-დაწონა და მეტი გამბედაობა გექნებათ.
ჩიხში შესული საკითხების ხელახლა დაძვრის შესაძლებლობაც არსებობს. ჩემი რჩევაა, ძველ თემებს დაუბრუნდეთ და მოლაპარაკებები ახლებურად დაიწყოთ. ეს ურთიერთობებსაც ეხება: თუ სადმე ბრუნდებით, დაბრუნდით თქვენი პირობებით და არა იმ ძველი წესებით, რომლებიც თქვენთვის მიუღებელი იყო.

მორიელი
მიუხედავად კვირის სტრესული ხასიათისა, მორიელს შეუძლია თავი საკმაოდ ძლიერად იგრძნოს. პარტნიორულ ურთიერთობებში აქამდე დაწყებული პროცესები გააქტიურდება.
დადებითი განვითარების შემთხვევაში შესაძლოა თქვენი პარტნიორის ფინანსური ან პროფესიული მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ასევე შესაძლებელია ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგას. მათ შორის, ქორწინების შეთავაზებაც ან ურთიერთობის აღდგენაც.
მოიკრიბეთ ნებისყოფა და ძალა: კვირას ექნება სირთულეებიც, რისკებიც და გამარჯვების შესაძლებლობებიც. რთულ ვითარებაში ორიენტირება დაგეხმარებათ, რომ მატერიალური მდგომარეობაც გაიუმჯობესოთ.
კონფლიქტებს მოერიდეთ, განსაკუთრებით ლომთან, კირჩხიბთან, მერწყულსა და თხის რქასთან. საკუთარი შესაძლებლობები შედეგის მისაღებად გამოიყენეთ.

მშვილდოსანი
კვირა სასიამოვნო დროის გატარების შესაძლებლობას გაძლევთ. შეგიძლიათ დაგეგმოთ მოკლე გასვლა, ოჯახური შეკრება ან სხვა ღონისძიება, რომელიც კარგ განწყობას შეგიქმნით.
მნიშვნელოვანი საკითხები სამუშაო პირობებს უკავშირდება. შესაძლოა დღის წესრიგში სამსახურის შეცვლა, ახალი შეთავაზება ან არსებული პირობების გადახედვა დადგეს.
ჩემი რჩევაა, ჯერ ყველაფერი ყურადღებით შეისწავლოთ. შესაძლოა ერთს გთავაზობდნენ და თქვენ სხვანაირად გაიგოთ. მშვილდოსანი ხშირად ფართო სურათს უყურებს და დეტალებს ნაკლებ ყურადღებას აქცევს, თუმცა ამჯერად სწორედ დეტალებია მნიშვნელოვანი.
კარგად მოუსმინეთ, რას გეუბნებიან და ყურადღებით წაიკითხეთ, რას გთავაზობენ. იგივე სიზუსტე გმართებთ მაშინაც, თუ შეთავაზებას თავად აკეთებთ.

თხის რქა
მნიშვნელოვანი საკითხები სასიყვარულო ურთიერთობებში გადაწყდება. აქ მთავარი აქცენტი ურთიერთობის პირობების შეთანხმებაზე, საკუთარი სურვილებისა და პრეტენზიების გამოთქმასა და ერთმანეთის მოსმენაზე იქნება.
შესაძლოა ძველ პროექტებსაც დაუბრუნდეთ. გააქტიურდება მეგობრებთან დაკავშირებული საკითხებიც, რომლებშიც ბევრი რამ გაირკვევა.
შეიძლება მედლის მეორე მხარე დაინახოთ და გაოცდეთ, რადგან აქამდე ყველაფერი სხვანაირად იცოდით. მზად იყავით ისეთი ინფორმაციისთვის, რომელიც ძველ ამბებს ახალი კუთხით დაგანახვებთ.

მერწყული
მნიშვნელოვანი თემები სახლს, ოჯახურ ბიუჯეტსა და უძრავ ქონებას უკავშირდება. შესაძლებელია დასრულდეს ან ადგილიდან დაიძრას საკითხი, რომელიც აქამდე შეფერხებული იყო.
მაგალითად, თუ უძრავი ქონების გაყიდვას გეგმავდით და ვერ ყიდდით, შესაძლოა ახლა პროცესი გააქტიურდეს. ჩემი რჩევაა, პირობებს გადახედოთ — ზოგჯერ ფასის ან სხვა დეტალის შეცვლა საკმარისია. ეს შესაძლოა გასაყიდ ინვენტარსაც ეხებოდეს.
ასევე შეიძლება დასრულების ეტაპზე გადავიდეს 2018 წელს დაწყებული თემები, მათ შორის საცხოვრებლის შეცვლასა და საბუთებთან დაკავშირებული საკითხები. ეს ფუნდამენტური გადაწყვეტილებების გააზრების კვირაც იქნება.
პარალელურად, სამუშაო საკითხების გადახედვა მოგიწევთ. შესაძლოა ძველ შეთავაზებებსა და მოლაპარაკებებს დაუბრუნდეთ და განსხვავებული მიდგომით სარგებელიც მიიღოთ.
მთავარია სტრატეგია. გაიხსენეთ, რატომ ვერ გამოვიდა რაღაც ადრე და ახლა მიდგომა შეცვალეთ. პრინციპულობა ჩხუბს არ ნიშნავს. გააზრებული მოქმედება უფრო სასარგებლო იქნება.

თევზები
თევზებისთვის კვირა, საერთო ჯამში, შედარებით ჰარმონიული იქნება. მთავარი თემა ახლო გარემოცვასთან მნიშვნელოვანი საუბრების განახლებაა.
შესაძლოა ითქვას ის, რაც აქამდე არ თქმულა, ან თავად მოისმინოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც აქამდე არ იცოდით.
კარგი შესაძლებლობა გაქვთ საბუთებისა და ბიუროკრატიული საკითხების მოსაგვარებლადაც. თუ რაღაც აქამდე არ გამოდიოდა, ახლა შესაძლოა ადგილიდან დაიძრას მიიღოთ საჭირო დოკუმენტი ან მოიპოვოთ ინფორმაცია, რომელსაც დიდი ხანია ეძებთ. ამ მიმართულებით მეტი ენერგიის დახარჯვა ღირს.
თუმცა კვირის დასაწყისში ემოციური ფონი მაინც გაითვალისწინეთ. გახსოვდეთ, ძველი ფორმით ბევრი რამის შენარჩუნება აღარ გამოვა. ნუ გავჯიუტდებით, დროა ჩვენს ხედვებსა და სამომავლო პერსპექტივებს გადავხედოთ.
გააზიარე სტატია