
11/01/2026
ასტროლოგი სოფია ბზეკალავა მომდევნო კვირის ასტროლოგიურ პროგნოზში მთავარ ყურადღებას შეთანხმებებს, ძველი გადაწყვეტილებების გადახედვასა და ურთიერთობების დალაგებას უთმობს.
მისი შეფასებით, კვირას სირთულეებიც ახლავს, თუმცა დადებითი ტენდენციები ჭარბობს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს 4–6 ნოემბრის პერიოდი.
„ეს კვირა ბევრი ადამიანისთვის ამოსუნთქვისა და შანსების კვირა იქნება. ადვილი იქნება მოლაპარაკება და შეთანხმება. გაჩნდება შესაძლებლობა ადამიანები დაზავდნენ, რაღაც აღიარონ, ბოდიში მოიხადონ და ერთმანეთს მოუსმინონ“, - ამბობს სოფია ბზეკალავა.

ვერძი
ვერძებს შესაძლოა მოულოდნელად გამოუჩნდეთ საინტერესო შესაძლებლობა ან შეთავაზება, რომელიც ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას უკავშირდება. ეს შეიძლება არ იყოს ხანგრძლივი შემოსავლის წყარო, თუმცა კონკრეტულ ეტაპზე მნიშვნელოვანი სარგებელი მოგიტანოთ.
შესაძლოა, კვლავ გააქტიურდეს საკითხი, რომელზეც წარსულშიც ყოფილა საუბარი, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა. ამჯერად მნიშვნელოვანია, ძველებურად არ იმოქმედოთ: მოუსმინოთ თანამოსაუბრეს, გადახედოთ საკუთარ პოზიციას და სიჯიუტის გამო შესაძლებლობა არ დაკარგოთ.
ამ კვირაში გამართულმა მოლაპარაკებამ შეიძლება მომდევნო კვირიდან მნიშვნელოვანი შანსები გაგიჩინოთ. ბზეკალავას თქმით, ზოგიერთი შესაძლებლობა თებერვალ-მარტამდეც შეინარჩუნებს აქტუალობას.

კურო
ბოლო კვირების ემოციური სირთულეების შემდეგ კუროებს განწყობის გაუმჯობესებისა და შეთანხმებების მიღწევის შესაძლებლობა ექნებათ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება 4, 5 და 6 ნოემბერი.
კომპრომისი უპირველესად იმ ადამიანებთან ურთიერთობაში გამოგადგებათ, რომლებთანაც საქმიანი შეთანხმებები გაკავშირებთ. ამასთან, სასურველია, ძველი წყენების გახსენებისა და ერთმანეთისთვის წარსული შეცდომების წამოძახებისგან თავი შეიკავოთ.
ურთიერთობების გარკვევისას არ „მოჭრათ ის ტოტი, რომელზეც ზიხართ“. მეტი შემწყნარებლობა და მოსმენის სურვილი ვითარების დალაგებაში დაგეხმარებათ.

ტყუპები
ტყუპებისთვის კვირა მოვალეობებისა და ვალდებულებების გარკვევას უკავშირდება. შესაძლოა, საბოლოოდ მიიღოთ ინფორმაცია, მომსახურება ან პროდუქტი, რომელსაც დიდი ხანია ელოდებით და რომლის დაგვიანებაც გაღიზიანებდათ.
ასევე მოსალოდნელია სამსახურებრივი საკითხების გარკვევა: დარჩებით თუ არა არსებულ პოზიციაზე, რა შეიცვლება თქვენს საქმიანობაში ან რა გაგრძელება ექნება ადრე მიღებულ შეთავაზებას.
ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, საბოლოოდ სწორედ თქვენზე შეჩერდეს არჩევანი. განსაკუთრებით 4–6 ნოემბრის პერიოდში და კვირის მიწურულს მნიშვნელოვანი იქნება საკუთარი პოზიციის გადახედვაც.

კირჩხიბი
კირჩხიბებისთვის მთავარი თემა პირადი და სასიყვარულო ურთიერთობები იქნება. შესაძლოა, ისეთი ინფორმაცია მიიღოთ ან ისეთი გარემოება გაიგოთ, რომელიც წარსულ მოვლენებს სხვა თვალით დაგანახვებთ.
ზოგიერთ კირჩხიბს გაუჩნდება განცდა, რომ „პაზლი ბოლომდე აეწყო“, დაინახავს მედლის მეორე მხარეს და მიხვდება, რომ საყვარელი ადამიანები ზედმეტად მკაცრად განსაჯა.
შესაძლოა, დიალოგზე წამოვიდეს ადამიანი, რომელთან საუბარიც აქამდე ვერ ხერხდებოდა. ასევე არსებობს ძველი ურთიერთობის დაბრუნებისა და მისი განსხვავებული ფორმით გაგრძელების შესაძლებლობა.
ამ კვირაში გარკვეულმა საკითხებმა, მომდევნო კვირიდან პირად ცხოვრებაში ახალ ეტაპს შეიძლება დაუდოს საფუძველი.

ლომი
ლომების ყურადღების ცენტრში ოჯახური ურთიერთობები აღმოჩნდება. განსაკუთრებით კვირის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი იქნება გაუგებრობების გარკვევა, საკუთარი პოზიციის გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში შეცდომის აღიარებაც.
ამავე დროს, არსებობს წვრილმანებზე კამათისა და ერთმანეთისთვის გაწეული დახმარების წამოძახების რისკი ვინ რას აკეთებს სხვისთვის და რას იღებს სანაცვლოდ.
ამგვარ დავაში დრო და ენერგია არ დახარჯოთ. გართულებული ურთიერთობის მოსაგვარებლად უფრო შედეგიანი იქნება გრძელვადიანი მიდგომა: ზრუნვითა და პატივისცემით აჩვენოთ საკუთარი პოზიცია. ასეთი ქცევის შედეგი შესაძლოა უკვე მომდევნო კვირაში დაინახოთ.

ქალწული
ქალწულებს შესაძლოა მოუწიოთ იმ გადაწყვეტილებების გადახედვა, რომლებიც აქამდე ერთადერთ სწორ გამოსავლად მიაჩნდათ. ახალი ინფორმაციის მიღებამ ან მოვლენების გაანალიზებამ შესაძლოა სრულიად მოულოდნელი კომპრომისისკენ გიბიძგოთ.
ძველი მიდგომის შეცვლა ამ კვირაში ქალწულისთვის მხოლოდ სასარგებლო კი არა, აუცილებელიც შეიძლება აღმოჩნდეს. ეს განსაკუთრებით ახლო წრესა და გარემოცვასთან ურთიერთობას ეხება.
დროა, ითქვას ის, რაც აქამდე არ თქმულა, და განიხილოთ საკითხები, რომლებზეც საუბარს თავს არიდებდით. თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი პოზიცია აუხსნელი დარჩა, ახლა შეგიძლიათ ვითარებას ნათელი მოჰფინოთ.

სასწორი
სასწორებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები ფულს, მატერიალურ მდგომარეობასა და ყოველდღიურობის ცვლილებას დაუკავშირდება. შესაძლოა, გარკვეული პროცესები სამსახურშიც განვითარდეს.
მთავარი რჩევაა, თავად ჩაერთოთ ცვლილებებში და კოლეგებთან თანამშრომლობის სურვილი გამოავლინოთ. განზე დგომამ და სიჯიუტემ შესაძლოა ისეთი შედეგი გამოიღოს, რომელიც თქვენთვის ნაკლებად კომფორტული აღმოჩნდება.
მცირე კომპრომისით საკუთარი პოზიციის გაუმჯობესებას შეძლებთ. ამ კვირაში განსაკუთრებით გამართლებულია პრინციპი - ერთი ნაბიჯი უკან, რათა შემდეგ ორი ნაბიჯი წინ გადადგათ. ამის შესაძლებლობა შესაძლოა უკვე ნოემბრის მეორე ნახევარში გაჩნდეს.

მორიელი
მორიელებს სოფია ბზეკალავა ურჩევს, ყურადღებით დააკვირდნენ ახალ ნაცნობობასა და კომუნიკაციას. თქვენს გარემოცვაში შესაძლოა გამოჩნდეს ადამიანი, რომელთან თანამშრომლობაც მომავალში მნიშვნელოვან პერსპექტივას შექმნის.
ეს შეიძლება ეხებოდეს საქმიან პროექტებს, მატერიალურ მდგომარეობას, პროფესიულ განვითარებასა და ცნობადობის ზრდას. განსაკუთრებით საყურადღებოა ეს შესაძლებლობა მათთვის, ვისი საქმიანობაც საზოგადოებაში გამოჩენასა და საკუთარი თავის წარმოჩენას უკავშირდება.
დახმარება შეიძლება კონკრეტული ადამიანისგან, გუნდისგან ან კოლექტივისგან მიიღოთ. შესაძლოა, გაიგოთ ისიც, რომ ვიღაცამ საჭირო დროს თქვენზე კარგი რეკომენდაცია გასცა და ამან უკვე ამ კვირაში მოგიტანოთ სარგებელი.

მშვილდოსანი
მშვილდოსნებისთვის ეს კვირა მოსამზადებელი პერიოდია. მომდევნო კვირიდან მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენის დრო დგება.
მანამდე კი სასურველია, გააანალიზოთ, რა გაკავებთ: რომელი შიში, წარმოდგენა ან სხვების შეფასებაზე ზედმეტი დამოკიდებულება გიშლით ხელს.
ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რა ხდება თქვენგან დაფარულად. შესაძლოა, სწორედ ამ სივრციდან გამოჩნდეს ახალი შესაძლებლობა. ზოგიერთ მშვილდოსანს ძველ ურთიერთობასთან დამშვიდობება ან მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგმელად გამბედაობის მოკრება დასჭირდება.

თხის რქა
თხის რქებისთვის მნიშვნელოვანი იქნება იმის გარკვევა, ვინ არის მათი ნამდვილი მეგობარი და ვისთან ერთად სურთ გზის გაგრძელება. შესაძლოა, დადგეს დრო, კონკრეტულ ადამიანებს ან ურთიერთობებს დაემშვიდობოთ.
გადახედვას საჭიროებს ის მიზნებიც, რომელთა მიღწევას დიდ დროსა და ენერგიას ახმართ, თუმცა რეალური საფუძველი აღარ აქვს. განსაკუთრებით საყურადღებოა მოლოდინი, რომ აუცილებლად მხოლოდ ერთი კონკრეტული სურვილის ასრულება მოგიტანთ კმაყოფილებას.
ამაო მოლოდინებში ყოფნამ შესაძლოა რეალური შესაძლებლობების დანახვაში შეგიშალოთ ხელი. ამ კვირის მთავარი ამოცანაა, გააცნობიეროთ, რა გამძიმებთ და რისთვის არის დრო, ხელი გაუშვათ.

მერწყული
მერწყულებისთვის კვირა საკუთარი შეხედულებებისა და პრინციპების გადახედვის საჭიროებას მოიტანს. შესაძლოა, ხელახლა დაფიქრდეთ საკითხზე, რომელზეც აქამდე პოზიციის დათმობას არ აპირებდით.
მნიშვნელოვანი თემები სტატუსს, რეპუტაციას, სამსახურებრივ ურთიერთობებსა და სამომავლო პროფესიულ პერსპექტივას უკავშირდება.
მცირე კომპრომისი შესაძლოა ბევრად უფრო მომგებიანი აღმოჩნდეს. აქაც მთავარი პრინციპია - „ნუ ებრძვით, დაუმეგობრდით“.

თევზები
თევზებს შესაძლოა ოცნებებისა და მიზნების კორექტირება მოუწიოთ. ეს ცვლილება შეიძლება როგორც საკუთარი გადაწყვეტილებით, ისე გარემოებების გავლენით მოხდეს.
ზოგიერთი თევზი მოვლენებს უფრო რეალისტურად შეხედავს და „ვარდისფერ სათვალეს“ მოიხსნის. ამავე დროს, შესაძლოა თავად დაეხმაროთ სხვას ილუზიებისგან გათავისუფლებაში.
შესაძლოა, ჩვეულებრივზე პირდაპირი და უკომპრომისო გახდეთ. თქვენი ნათქვამი ყველასთვის მისაღები არ აღმოჩნდეს, თუმცა გაჩნდება სურვილი, მოვლენებს საკუთარი სახელი დაარქვათ და უთქმელი საკითხები გაარკვიოთ.
გააზიარე სტატია