
10/25/2026
ლეგენდარული გურამ საღარაძის ქალიშვილმა, მსახიობმა მარინა საღარაძემ ეკა ჩხეიძის "პირველ სტუდიაში" სტუმრობისას მამისა და მამინაცვლის ბუბა კიკაბიძე ურთიერთობაზე ისაუბრა და გაიხსენა, რომ მისი ცხოვრების ორ უძვირფასეს მამაკაცს ერთმანეთთან საკმაოდ კარგი დამოკიდებულება ჰქონდა.
"მამას დიდი პატივისცემა ჰქონდა ბუბასი. ერთად კონცერტებშიც მონაწილეობდნენ. ბოლოს მახსოვს, 2005 თუ 2006 წელი იყო, ისრაელში იყვნენ ერთად წასული. საკმაოდ ცივილური ურთიერთობა ჰქონდათ. ჩემს ოჯახში საერთო, ყველას ასეთი ისტორიები გვაქვს. ვინც ვის გაშორდება თუ არ გაშორდება, ყველა ცივილურად ვექცევით ერთმანეთს," - აღნიშნა მარინა საღარაძემ.
მსახიობი იხსენებს, რომ მამინაცვალთან ბავშვობიდან განსაკუთრებულად თბილი ურთიერთობა ჰქონდა, რისთვისაც დღემდე მადლიერია.
"ბუბამ მაჩუქა მთელი სამყარო. ამას სულ აღვნიშნავ. მე ამდენს ვერ ვნახავდი ჩემს ცხოვრებაში, რომ არა ბუბა. თუკი რამე საშუალება იყო, ყველგან დავყავდი. დედაჩემის დამსახურებაც იყო, მაგრამ მაინც...
მე და ჩემი ძმა სულ ჩაბარგებული ვიყავით და ყველგან დავყავდი... ავსტრალიაშიც წაგვიყვანეს. 26 საათი ვიფრინეთ და 1 თვე ვიცხოვრეთ სიდნეიში. კანადაში ვიყავით ერთად, ამერიკაში, ხმელთაშუა ზღვა მოვლილი გვაქვს ერთად. ასეთი რაღაცები მაჩუქა ბუბამ... აი ასეთი გაშლილი ადამიანი იყო," - იხსენებს მარინა საღარაძე.
გააზიარე სტატია