ინტერვიუ

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი - ბუდუ ზივზივაძე იუბილარია. ფეხბურთელი 32 წლის გახდა.
ბუდუს მამა, კახა ზივზივაძე "ზმნასთან" შვილზე საუბრობს.
კახა ზივზივაძე: ბუდუ ახლა გერმანიაშია, ქალაქ ულმში. მეოთხე წელია იქ ცხოვრობს, ბუნდესლიგის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „ჰაიდენჰაიმში" თამაშობს. ეს სეზონი წარუმატებლად წაუვიდათ. წინ ცხრა-ათი თამაში დარჩათ, ვნახოთ, რა იქნება.

ლეგიოენერებს საქართველოში შეზღუდულად უწევთ ყოფნა. თუმცა, ყველა მათგანი, სადაც თამაშობს და ცხოვრობს, იქ ამტკიცებს და ავლენს ქართულ სულს. გერმანიაში ქართველი მეგობრები გაიჩინა. ასე რომ, არ უჭირს იქ ცხოვრება.
- ყველას ახსოვს, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ, ბუდუს განცხადება - ვინც გერმანიაში სასტუმროს ვერ იშოვის, ყველას ჩემთან სახლში ვეპატიჟებიო...
- ეგ სასიამოვნო ამბავი იყო ნამდვილად. გულწრფელი და გულიდან ამოსული სიტყვები იყო. 20-22 ადამიანი ნამდვილად შევიკრიბეთ მის სახლში. დაგვხვდა, გვიმასპინძლა სიყვარულით. ზოგი იატაკზე იწვა, ზოგი ფეხზეც იდგა... რა ვიცი, ასე გავზარდეთ, სიყვარულით, ქართული გულით და ადამიანობით.

- როგორ დაახასიათებთ? რა თვისება მოჰყვება ბავშვობიდან?
- ბავშობიდან მოჰყვება თავმდაბლობა, კეთილგანწყობა, ქვეყნის და ადამიანების სიყვარული, ჰუმანიზმი. მხოლოდ მე არ ვარ მისი შემფასებელი, არც ვაქებ; ფაქტია, რომ ჰუმანური და კეთილი ადამიანია. მისი გულშემატკივართა არმია სწორედ ასე ახასიათებს.
გაგვიმართლა მე და ჩემს მეუღლეს. ცხოვრების სწორი ხედვა ჩავდეთ მასში, არც უკუგება მივიღეთ ცუდი. ბედნიერი ვარ რომ მთელ საქართველოს უყვარს იგი და აფასებენ. ეს მშობლისთვის უდიდესი ბედნიერებაა.

ერთი ამბავი ამომიტივტივდა მისი ბავშვობიდან. ბუდუ 9-10 წლის იქნებოდა; სხვადასხვა გუნდებს შორის ტურნირი ჩატარდა, გაიმარჯვა ბუდუს გუნდმა, აიღო პრიზი, სიმბოლური თასი. გახარებული დავბრუნდით სახლში. ვიფიქრე, ამაყად ჩაირბენს ეზოში და მეგობრებს ახარებს თავისი გუნდის გამარჯვებას-მეთქი. ამ დროს შევიდა ოთახში და მეცადინეობას შეუდგა. დავალებები შეასრულა, იმეცადინა და მერე ჩავიდა ეზოში ბავშვებთან. მე პირიქით მოვიქცეოდი, შემოვირბენდი მთელ უბანს, არიქა, ჩემმა გუნდმა გაიმარჯვა-მეთქი და ამაყი ვიქნებოდი. მაგრამ ბუდუს საქციელმა გამაკვირვა და ცხადია, ძალიან გამახარა. მისი ეს ქმედება სულ მახსოვს. ამაში ჩანს, თუ როგორი პასუხისმგებლობა მოჰყვება ბავშვობიდან.
სხვათა შორის, ცხრა კლასამდე ძალიან კარგი მოსწავლე იყო. ფეხბურთის პარალელურად სწავლას ახერხებდა. ზევით კლასებში უკვე ვეღარ, თუმცა იმდენად კარგი ცოდნა ჰქონდა დაგროვილი, რომ ეროვნული გამოცდები იმ საბაზისო ცოდნის საფუძველზე ჩააბარა, არ მომზადებულა და ამაშიც გაგვაოცა. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგის ფაკულტეტი დაამთავრა.
- პოპულარობამ შეცვალა?
- არა, პირიქით. გაცილებით მორიდებული გახდა, ვიდრე აქამდე იყო. თავმდაბალია. თავში ავარდნას ბუდუზე ვერ იტყვი. ვფიქრობ, ხალხის სიყვარულმა უფრო თავმდაბალი და მოსიყვარულე გახადა. რადგან აფასებენ, თვითონაც ცდილობს ყველას სიყვარულით უპასუხოს.
სურვილი აქვს ყველას სიყვარულით უპასუხოს, მაგრამ როდესაც გულშემატკივართა არმია გაკითხავს, ეს ცოტა უხერხულობას უქმნის.
ძალიან დიდი სიყვარულით ხვდებიან ქუთაისში, მით უფრო ისინი, ვისთან ერთადაც გაიზარდა. როდესაც ჩამოდის, სულ ერთად არიან. უკვე ოჯახებით ახლობლობენ.
- ფეხბურთის თამაშის სტიმული მისცა ქუთაისელ (და არა მხოლოდ) ბავშვებს...
- მხოლოდ ბუდუმ არა, მთელმა ნაკრებამ გაუღვიძა ბავშვებს ფეხბურთის თამაშის სურვილი. სურვილი იმისა, რომ გახდნენ წარმატებული ფეხბურთელები და ქვეყანა ასახელონ. ბიჭებმა დიდი საქმე გააკეთეს, ცხადია, ტრენერთან და ფედერაციასთან ერთად. მანამდე ასი თუ დადიოდა, ახლა ათასობით ბავშვი დადის ფეხბურთზე. ახალ თაობებში უკეთესი ფეხბურთელები წამოვლენ.

- როგორი მამაა?
- საუკეთესო მამაა. დილის შვიდ საათზე იღვიძებს, ბავშვი სკოლაში მიჰყავს, მოჰყავს, ასადილებს. ამის პარალელურად ვარჯიშზე დადის. როგორც ყველა, შვილს სურვილებს უსრულებს... და მოკლედ, მზრუნველი მამაა.
- რა გეგმები აქვს?
- ხუთი წელი ითამაშებს, ალბათ. ეს მის ფიზიკურ მომზადებაზე იქნება დამოკიდებული. ფეხბურთში დასარჩენად, არის პოზიციები. მწვრთნელის სტატუსით დარჩება თუ სხვა, არ ვიცი. ვნახოთ...

03/10/2026