
11/26/2026
საღამოს, როცა განვლილ დღეს ვიხსენებთ, ხშირად პირველი ის გვახსენდება, რაც ვერ მოვასწარით ან რამაც გაგვაღიზიანა. სასიამოვნო წუთები კი შეიძლება ისე გამოგვრჩეს, რომ მთელი დღე ერთფეროვანი გვეგონოს.
ფსიქოლოგი ნინო კანდელაკი თავის საყვარელ სავარჯიშოს გვიზიარებს და გვთავაზობს, დღის ბოლოს გავიხსენოთ და ჩავწეროთ სამი რამ, რამაც გაგვახარა.
მისი თქმით, ეს ჩვევა გვეხმარება, ყოველდღიურობაში მეტი სასიამოვნო დეტალი შევამჩნიოთ და მადლიერებაც ვიგრძნოთ.

„ეს ჩემი საყვარელი სავარჯიშოა. დღის ბოლოს დაფიქრდით და ჩამოწერეთ სამი კარგი რამ, რაც იმ დღეს მოხდა. შეგიძლიათ ამისთვის ცალკე ბლოკნოტი გამოყოთ და პატარა დღიურივით აწარმოოთ. მაგალითად, თუ ვინმეს შეხვდით და გაგიხარდათ, შეგიძლიათ ეს შეხვედრა რამდენიმე წინადადებით აღწეროთ ან პატარა ჩანახატი გააკეთოთ. წერა აზროვნებას ავითარებს და გვეხმარება, ემოცია გამოვხატოთ. ამ დროს შეიძლება ახალი იდეაც მოგივიდეთ, რომელიც იქვე შეგიძლიათ ჩაინიშნოთ.
სავარჯიშო შეგიძლიათ კვირაში ერთხელაც გააკეთოთ, თუმცა გირჩევთ, ყოველდღე სცადოთ. დროთა განმავლობაში ეს ჩვევად იქცევა. როცა წერ, რა გაგიხარდა, მადლიერებაც გიჩნდება - რა კარგია, რომ ეს მოხდა! სხვაგვარად შეიძლება ვერც შეამჩნიო, ისე ჩაიაროს ამ ყველაფერმა.
ზოგი მეკითხება, ყოველდღე სამი კარგი რა უნდა მოხდესო. შეიძლება სასიამოვნო ამინდი იყო, არც ციოდა, არც ცხელოდა და თბილი ნიავი ქროდა. ან სახლთან ხე აყვავდა და ისეთი ლამაზი იყო, რომ დახატვა მოგინდა. შეიძლება თანამშრომელმა გაგიღიმა და თბილად მოგესალმა, ქუჩაში ბავშვმა გაგიღიმა ან შენ თვითონ უსურვე ვინმეს გულში კარგი. ამ სავარჯიშოთი სწორედ ასეთი წვრილმანების შემჩნევას ვეჩვევით.
როცა ამას ყოველდღე აკეთებ, თანდათან სხვანაირად უყურებ შენს დღეს. ამჩნევ, რამდენი სასიამოვნო რამ ხდებოდა ადრეც, შენ კი ყურადღებას არ აქცევდი. ამიტომ ეს მადლიერების სავარჯიშოცაა. ჩნდება განცდა, რომ ცხოვრებაში ჩართული ხარ და შენც ქმნი მას. ერთმანეთზეც ვახდენთ გავლენას. ზოგჯერ ამისთვის ერთი ღიმილი ან თბილი მოკითხვაც საკმარისია.
თუ ერთი დღე გამოგრჩათ, არაუშავს, მეორე დღეს გააგრძელეთ. წერის დროს შეიძლება ახალი იდეებიც გაგიჩნდეთ - რას შეცვლიდით საკუთარ ცხოვრებაში, როგორ განავითარებდით თქვენს საქმეს ან რას გააკეთებდით ოჯახისთვის,“ - გვირჩევს ფსიქოლოგი.
გააზიარე სტატია