ინტერვიუ

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
19 ნოემბერი მეფის დღეა, ირაკლი ჩარკვიანი 64 წლის გახდებოდა. მისი თაობა ირაკლის გარეშე წარმოუდგენელია. იყო კაშკაშა და მისაბაძი. უსმენდი, მოგწონდა და მისდევდი მის ტენდენციას. იყო მეამბოხე, რევოლუციონერი, ქართველიც და მსოფლიო კონტექსტის მატარებელიც.
"ყველაფერი, რასაც ირაკლი ქმნიდა, შეუცდომლად ქართული იყო, თბილისურ ფესვებზე აღმოცენებული და იმავდროულად სრულად თავსებადი დღევანდელ მსოფლიო ცივილიზაციასთან.
მისი პროდუქტის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ის ერთდროულად რჩეულიცაა და ხალხურ-დემოკრატიულიც. აშუღი იყო… ვერელი აშუღი“ - ასე ახასიათებდა შვილს გელა ჩარკვიანი.
გელა ჩარკვიანს შვილის თაობაზე რომ დიდი გავლენა ჰქონდა, ამას "ზმნასთან" დათო ევგენიძეც იხსენებს. ჩარკვიანების სახლში გამართულ როკ-ოპერებს, ცხადია, უკვალოდ არ ჩაუვლია. ეს ახალი თაობის ინსპირაციის წყარო იყო.
აი, რას იხსენებდა გელა ჩარკვიანი:
"ირაკლი ერთ ინტერვიუში წერდა: მამაჩემის მთელი მუსიკალური შემოქმედება, როკ-ოპერები, "ნარგიზა და ქალბატონი ნელი", ჩემ თვალწინ იწერებოდა, სრულდებოდა და აბსოლუტურად კონფრონტაციულ პროდუქტს წარმოადგენდა. იმ დროის, 1970-იანების ჰიპურ წლებში, მუსიკალური კონტრკულტურის კერა და ჭეშმარიტი "ანდერგრაუნდი" ჩემი საკუთარი სახლი იყო. ანდერგრაუნდი თანამედროვე ქართული ტექსტებით ჩემს ოჯახში იშვაო. როგორც აღმოჩნდა, ამ ყველაფერმა ირაკლიზე გავლენა იქონია."

დათო ევგენიძისა და ირაკლი ჩარკვიანის საოცარ მეგობრობაზე კი, ნამდვილად ღირს მეტი გაიგოთ. ეს არ იყო მხოლოდ ორი მეამბოხე ბიჭის ძმაკაცობა. ეს იყო განუყრელი მოკავშირეების ტანდემი, რომლებმაც რვა წლის ასაკში აღმოაჩინეს ერთმანეთი, მოგვიანებით კი, თავიანთი ენა გამოიგონეს და ინტუიციის დონეზე გრძნობდნენ ერთმანეთს.

დათო ევგენიძე: ირაკლი ჩემი სულის მეგობარი იყო. ჩვენ უსიტყვოდაც ვსაუბროდით; სხვას რომ ვერ გაეგო, ჩვენი ენა გამოვიგონეთ. რიტმებით გამოვხატავდით ჩვენს მდგომარეობას, მოგწონს, თუ არა-მეთქი, ვიღაცაზე ამ გამოგონილი ენით ვკითხავდი და ისიც იმავე ენით მიპასუხებდა. სხვა ვერაფერს იგებდა.
მაშინ კლუბიც არ იყო, ჩვენ რომ სალონურ კონცერტებს ვაკეთებთ. სკოლის მოსწავლეები ვიყავით. ლანა ღოღობერიძის, ქეთუსია იგნატოვას სახელოსნოებში კოსტიუმირებული კონცერტები გვქონდა. VHS ახალი გამოსული იყო და ზოგი კონცერტის ვიდეო ჩანაწერიც დაგვრჩა.
მაშინ ყველანი ცოცხლები იყვნენ - ირაკლი, გეგა კობახიძე, ტატო კოტეტიშვილი, ლევან აბაშიძე, ლევან კერესელიძე, ირაკლი ამირეჯიბი. ეს იყო ბედნიერი და საოცარი წლები...

ბევრი ლექსი მაქვს მისთვის მიძღვნილი. ჩვენ გვქონდა საერთო დღიური. ერთ გვერდზე ის წერდა, მეორეზე - მე. ერთსა და იმავე ფაქტზე ორივე ჩვენებურად ვაკეთებდით ჩანაწერს. გვქონდა ასეთი პირობა, ერთმანეთის ჩანაწერი ერთი თვე არ უნდა წაგვეკითხა. მერე წავიკითხავდით... საერთო ხედვა, ინტერესი, ერთი სიმბოლიკა და განწყობა გვქონდა.
იმდენი მეგობარი დაგვეღუპა... გეგა კობახიძე რომ წავიდა, პატარები ვიყავით. მერე აფხაზეთის ომში - ირაკლი ამირეჯიბი, ლევან აბაშიძე... იქამდე ლევან კერესელიძე... ფოტოებს ვეღარ ვუყურებ. მარტო ვარ დარჩენილი.

მერე ირაკლის გარეშე ხომ, საერთოდ, ძალიან მარტო დავრჩი. მაგრამ არასდროს არ დამიშვია, რომ ერთად აღარ ვართ. მათ ყოველთვის ვგრძნობ. ვესაუბრები, დაახლოებით ვხვდები, რას მიპასუხებენ. ხშირად ვუყურებ იმ სასწაულებს, სახლებში რომ ვაწყობდით. ისინი ჩემთან არიან ისევ...

- როგორც ვიცი, თქვენი და ბენდენის დამეგობრება ჩარკვიანების ოჯახს უკავშირდება...
- დიახ, მართალია. ბენდენით რომ დავდივარ, ჩარკვიანების დამსახურებაა. მერვე კლასში ვიყავი, გელამ ამერიკიდან ბენდენა რომ ჩამომიტანა, კისერზე გასაკეთებლად. შავი თეთრით გაფორმებული იყო. ჯერ კისერში გავიკეთე, მერე რატომღაც თავზე წავიკარი, ზოლად. ჩემი თავზე წაკრული ბენდენა, ბევრი კონფლიქტის მიზეზი იყო - ბიჭო, რა მეგრელი ქალივით წაგიკრავს თავზეო, ბიჭები მეუბნებოდნენ. ირაკლის მოსწონდა. რამდენჯერმე მანაც გაიკეთა თავზე. თუმცა მე ჩემს სახედ ვაქციე. გელა ხუმრობდა, ნეტა არ ჩამომეტანაო. გელა, სახლში, თავის დაწერილ როკ-ოპერებს დგამდა. ეს იყო ჩემი და ირაკლის ინსპირაცია.
- მეფე რომ დაირქვა, მეგობარს რა უთხარით?
- მეფე რომ დაირქვა, ვეჩხუბე. ქვეცნობიერის დონეზე ვიცოდი, რას, როგორ და რატომ აკეთებდა. წასვლას აპირებ-მეთქი? მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს - ეს გინდა-მეთქი? რომ ვკითხე, ჯერ არაო... დაირქვა და სამ წელში წავიდა კიდეც. ირაკლის ძალიან ვგრძნობდი. ყველაფერი ვიცოდით ერთმანეთზე...

- ხომ არ გახსოვთ რომელიმე 19 ნოემბერი, მისი დაბადების დღე?
- როგორ არ მახსოვს, ყველა ერთად გვაქვს გატარებული. სადაც მივდიოდი, მიმყავდა. კანარის კუნძულებზე წავედი, იქ წავიყვანე. მოსკოვში რომ წავედი სასწავლებლად, წელიწადში ხუთჯერ ჩამოდიოდა. ასპირანტურაში რომ ვსწავლობდი, იმ დროს მოსკოვში ლენა შეირთო ცოლად და ერთად ვცხოვრობდით. მაქსიმე გაუჩნდათ... უერთმანეთოდ არ შეგვეძლო. აბსოლუტურად სხვანაირი მეგობრობა გვქონდა.

- ერთი დღის გაცოცხლება რომ შეიძლებოდეს, რომელ დღეს გააცოცხლებდით და გაივლიდით ირაკლისთან ერთად, დილიდან დაღამებამდე?
- იმ პირველ დღეს, როდესაც ჩვენ ერთმანეთი ავირჩიეთ. ეს იყო ბაკურიანში. მე მეოთხე კლასში ვიყავი, ირაკლი - მესამეში. მე ჩემ ოჯახთან ერთად ვიყავი, ის - თავის ოჯახთან ერთად. ბაკურიანის გასასვლელში რომ ერთი სასტუმრო იდგა, იქ ვისვენებდით. მშობლები ახალგაზრდები იყვნენ და ჩვენთვის არ ეცალათ. მე და ირაკლი ჩვენთვის დავბოდიალობდით... მერე გავიდა რამდენიმე წელი ისე, რომ არ გვინახავს ერთმანეთი. და 12-13 წლის ასაკში, ერთმანეთს, ია რჩეულიშვილის დაბადების დღეზე შევხვდით. მაგრამ ხომ ვერ ვიცნობდით უცებ ერთმანეთს? ირაკლი პიანინოზე უკრავდა. მივუჯექი და ოთხ ხელში დავუკარით და... გაგება ხელახლა წამოვიდა. სოლოლაკიდან ჩიჩოტკით წამოვედით პეკინამდე, ირაკლის სახლამდე და ასე ვსაუბრობდით. ეს იყო ჩვენი დიალოგი - ჩიჩოტკა. მერე აქედან, ამ რიტმიდან ავაწყეთ ის ჩვენი გამოგონილი ენა. მეორე დღესვე შევხვდით და აღარც დავცილებულვართ ერთმანეთს...

- ირაკლის რომელი მისი სიმღერა ჰგავს ყველაზე მეტად?
- "მე გადავცურავ ზღვას". მე ყველა მისი სიმღერა მიყვარს. მის სიმღერებში სხვადასხვა მესიჯები დევს. სხვათა შორის, პოეტობა და მწერლობა უნდოდა და მე ვუთხარი, ფანტასტიკურად მღერი და წერ მუსიკას, როგორ შეიძლება შენ მუსიკოსი არ იყო-მეთქი?
- გაიხსენეთ თქვენი სიმღერის - Emotion ისტორია...
- ეს სიმღერა მე გეგას მივუძღვენი. დახვრეტა რომ მიუსაჯეს, მე იმ დროს მოსკოვში ვიყავი. კონსერვატორიაში ვსწავლობდი. გეგას წასვლა დიდი ტკივილი იყო. თან როგორი წასვლა?! გადაბმული მეგობრები ვიყავით, დღეს ვერ იპოვიდით, რომ ერთად არ ვყოფილიყავით. ხან ჩემთან ვიყავით, ხან - მასთან.
გეგა თავისი ქორწილის მერე, ცოლთან ერთად, ჩემთან მოვიდა. დილას მივიყვანეთ მე და ირაკლი ჩარკვინმა სახლში. რამდენიმე საათში გაფრინდა კიდეც! ჩვენთვის არაფერი უთქვამს. ირაკლიმ დამირეკა, გეგამ თვითმფრინავი გაიტაცაო და რას მაშაყირებ-მეთქი, არ ვუჯერებდი.


მერე ეს სიმღერა დავდე და დავიწყებული მქონდა. როცა თბილისში ჩამოვედი, გიო მგელაძე "არა, მეგობაროს" იღებდა, მე ამ ფილმის კომპოზიტორი ვიყავი. ლევან აბაშიძეს იღებდა ფილმში და ამ დროს წავიდა ის აფხაზეთის ომში. წავიდა და აღარც დაბრუნებულა. ამიტომ ეს სიმღერა გეგას შემდეგ ლევანსაც მიეძღვნა. მე და ირაკლიმ ერთად ვიმღერეთ და ჩავწერეთ. მერე ირაკლიც წავიდა და... Emotions-ს ასეთი სევდიანი ისტორია აქვს.
- ირაკლი რომ გენახათ, რას კითხავდით?
- ვერაფერს. სიტყვას ვერ ამოვიღებდი, ჩავიხუტებდი გულში. იცით, რას ვკითხავდი, ლია რომ ნახე, რა გითხრა-მეთქი? თურმე, ირაკლის ჩემი და, ლია უყვარდა. ირაკლი18 წლის იყო, ჩემი და - 16-ის. ეს მე არ ვიცოდი. ლიასაც მოსწონდა... მაგრამ მათ რომ ურთიერთობა ვერ დაიწყეს, ამის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი მე ვიყავი. ირაკლი ჩემი დის დასაფლავების დღეს გამომიტყდა, ლია მიყვარდაო. წარმოიდგინეთ. არც მე მითქვამს ირაკლისთვის, რომ თეონა მომწონდა, მისი და... ეს ბავშვური, შიგნით გატარებული გრძნობა იყო. ვერც ერთი ვერანაირ გადაიწყვეტილებას ვერ მივიღებდით.
ირაკლი რომ არ დაბადებულიყო, სამყარო ასეთი კარგი არ იქნებოდა...

11/19/2025