
11/15/2026
პირველი ქართული სამოდელო სააგენტოს დამფუძნებელმა ლიკა ყაზბეგმა გადაცემაში "შუადღე ლაივი" საზოგადოებრივი აზრის გავლენაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაკიცხვის შიშმა მისი თაობის ბევრ ქალს, ქორწინების გარეშე შვილის გაჩენაზე უარი ათქმევინა.
ლიკა ყაზბეგი ამბობს, რომ ასეთ ქალებს შორის საკუთარ თავსაც გულისხმობს და იხსენებს, რომ დედობა სურდა, თუმცა ოჯახის დამოკიდებულებისა და საზოგადოების რეაქციის გამო ეს ნაბიჯი ვერ გადადგა. ამ წნეხის გარეშე პირად ცხოვრებას სხვაგვარად წარმართავდა და არაერთ შვილს გააჩენდა.

"ჩემი თაობის გოგონები საზოგადოებრივმა აზრმა უშვილოდ დატოვა. იცით რას ვგულისხმობ? ძალიან ბევრ გოგონას უნდოდა შვილის გაჩენა და არ გააჩინეს, ისე ბერდებიან, რომ არ გააჩინეს... იმიტომ რომ საზოგადოება გადათელავდა.
და როდესაც მერე მოინდომეს და დედები აქეთ ეხვეწებოდნენ, სულ ერთია ვისგან, ოღონდ შვილი გააჩინეო, უკვე აღარ ჰქონდათ შვილოსნობის უნარი. ეს ამბავი ჩემს სამეგობრო წრეშიც ხდებოდა.
შვილი ხომ მთავარია ამ ცხოვრებაში და აი ამის გარეშე დარჩნენ ეს ქალები. მამაკაცების ისტორია შეიძლება სხვაგვარია.
რომ არა საზოგადოებრივი აზრი, პირად ცხოვრებას სხვანაირად ავაწყობდი. საქმეებზე არ ვილაპარაკებ, მაგრამ ვიცით, რომ ქალისთვის პირადია უფრო მნიშვნელოვანი. პირადს სხვანაირად ავაწყობდი, სხვაგვარად წარვმართავდი... აი, შვილს გავაჩენდი, თუნდაც. ახლა მე ჩემს მეგობრებზე რომ ვსაუბრობდი, ამ მეგობრებში ჩემს თავსაც ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, შესაბამისად მეც გავაჩენდი არაერთს.
მაგრამ, იმ მომენტში, როდესაც მე მინდოდა შვილის გაჩენა, მე არ ვიყავი დაოჯახებული და იმის წარმოდგენა, რომ მე ისე გამეჩინა შვილი, მოხევეების ოჯახში, ეს იყო კატასტროფა," - თქვა ლიკა ყაზბეგმა.
გააზიარე სტატია