Logo

"ჩემო ძვირფასო პაციენტებო, მადლობა სიცოცხლისთვის, რომელიც გრძელდება" - ონკოქირურგი კახაბერ ბარამიძე

"ჩემო ძვირფასო პაციენტებო, მადლობა სიცოცხლისთვის, რომელიც გრძელდება" - ონკოქირურგი კახაბერ ბარამიძე

10/22/2026

ტექსტის ზომა

„მადლობა სიცოცხლისათვის“ - ასეთი წარწერით საჩუქარი ონკოლოგმა კახაბერ ბარამიძემ იმ პაციენტისგან მიიღო, რომლის მკურნალიც 25 წლის წინ გახდა.
ექიმი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე საჩუქრის ფოტოსა და ემოციურ წერილს აქვეყნებს პაციენტზე, ექიმზე, მადლიერებასა და ნდობაზე და ამბობს, რომ მდლიერების სიტყვები, ექიმისთვის ყვე;ა ჯილდოზე ძვირფასია.

„მადლობა სიცოცხლისათვის“ - სიტყვები, რომლებიც ექიმის გულამდე აღწევს და ყველა ჯილდოზე მაღლა დგას…

ეს განსაკუთრებული საჩუქარი, რომელიც ახლახან მივიღე, ჩემთვის უბრალოდ სამახსოვრო ნივთი არ არის. მასში მთელი ისტორიაა - იმედის, ბრძოლის, რწმენის, გადარჩენისა და სიცოცხლის სიყვარულის ისტორია.

ჯილდო

ამ ფასდაუდებელი ჯილდოს ავტორი ქალბატონი, ჩემი პაციენტი 25 წლის წინ გახდა.

ჩვენი გზები მაშინ გადაიკვეთა, როცა „ვარდისფერი ოქტომბრის“ აქციამ ერთმანეთს შეგვახვედრა. მას შემდეგ გავიდა მეოთხედი საუკუნე… და დღეს ის ჯანმრთელია, ცხოვრობს, ხარობს, ზრდის ახალ თაობებს, ჩუქნის სამყაროს სიყვარულს და ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ სიცოცხლე ყველაზე დიდი სასწაულია.

ოცდახუთი წელი ეს მხოლოდ დრო არ არის. ეს არის 25 წელი სიცოცხლის ზეიმის, ოჯახური სიხარულის, ოცნებებისა და ცხოვრების გაგრძელების…

და როცა ამ ყველაფრის უკან დგას შენი, როგორც ექიმის, წვლილი, ხვდები, რომ შენს პროფესიას გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე უბრალოდ მკურნალობაა.

სწორედ ასეთ წუთებში გრძნობ, რომ ექიმის შრომის ნამდვილი საზომი მადლიერი პაციენტის თვალებში დანახული იმედი, სიხარული და დაბრუნებული სიცოცხლის ბედნიერი წლებია.

წელსაც ოქტომბერში ტრადიციულად ჩავატარეთ „ვარდისფერი ოქტომბრის“ საქველმოქმედო აქცია, ისევ იმავე რწმენით, რომ დროული გამოკვლევა, ცნობიერების ამაღლება, თანადგომა და ერთმანეთისთვის გაწვდილი დახმარების ხელი შეიძლება ვიღაცისთვის ახალი სიცოცხლის დასაწყისი გახდეს.

ყოველ წელს ამ აქციის უკან დგას ერთი დიდი სურვილი - რაც შეიძლება მეტ ქალს მივაწვდინოთ ხმა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმაროთ ჩვენი ცოდნითა და გამოცდილებით, მივცეთ იმედი და რაც შეიძლება მეტ ოჯახში გავამრავლოთ ბედნიერი წლები, რადგან ზოგჯერ ერთი დროული ნაბიჯი ათწლეულების მომავალს ცვლის…

დიახ, სიცოცხლე გრძელდება… გრძელდება შვილებში, შვილიშვილებში, შვილთაშვილებში, სიყვარულში, მოგონებებსა და იმ მომავალში, რომლისთვისაც ოდესღაც ერთად ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ!

მადლობა ჩემს პაციენტებს ნდობისთვის! მადლობა ამ ფასდაუდებელი, გულიდან ამოსული სიტყვებისთვის: „მადლობა სიცოცხლისათვის!“ და მე, როგორც ექიმს, მხოლოდ ერთი პასუხი მინდა მქონდეს: მადლობა თქვენ , ჩემო ძვირფასო პაციენტებო სიცოცხლისთვის, რომელიც გრძელდება," - წერს ექიმი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

კახაბერ ბარამიძემადლიერებამადლობაონკოქირურგიპაციენტი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026