Logo

"ჩიტოსა" და რეიმონის მეგობრობის გულისამაჩუყებელი ისტორია

"ჩიტოსა" და რეიმონის მეგობრობის გულისამაჩუყებელი ისტორია

11/19/2026

ტექსტის ზომა

ეს ძაღლის ერთგულების ისტორიაა. ჩიტოსა და რეიმონის მეგობრობის ამბავი ამერიკიდან გავრცელდა.

ორი წლის განმავლობაში, ყოველ დილით, ერთსა და იმავე ბენზინგასამართ სადგურზე, პატარა უსახლკარო ძაღლი მიდიოდა - ის იქ თავის ცხოვრებაში ყველაზე ძვირფას მეგობარს ელოდა.

ამ ყოველდღიურ რიტუალს განსაკუთრებული მიზეზი ჰქონდა. სატვირთო მანქანის მძღოლი, სახელად რეიმონი, სადგურზე საწვავის ჩასასხმელად რეგულარულად ჩერდებოდა და პატარა ყავისფერ ძაღლს, თავისი საუზმის ნაწილს ყოველთვის უყოფდა.

რეიმონი

რეიმონის საუზმიდან წილად მიღებული სოსისიანი ორცხობილის პატარა ნაჭერი, ძაღლს უდიდეს სიხარულს ანიჭებდა. რეიმონს საჭმელი მიჰქონდა, ძაღლი კი კუდის მხიარული ქიცინით ხვდებოდა. ასე ჩამოყალიბდა მათ შორის საოცარი მეგობრობა, რომელსაც სიტყვები არ სჭირდებოდა. სადგურის ღამის ცვლის თანამშრომელმა, ტემიმ, ეს ძაღლი იმდენად შეიყვარა, რომ მას მოფერებით "ჩიტო" დაარქვა.

დროთა განმავლობაში რეიმონის ცხოვრებაში ცვლილებები მოხდა. 67 წლის ასაკში მან პენსიაზე გასვლა გადაწყვიტა და მშვიდი ცხოვრების დასაწყებად სახლში, სადგურიდან ასობით მილის მოშორებით გაემგზავრა.

ჩიტოსთვის ამ ცვლილების შესახებ არავის უთქვამს. პატარა ძაღლმა არ იცოდა, რომ მისი საყვარელი მეგობარი აღარ დაბრუნდებოდა. მომდევნო დილით ჩიტო ჩვეულებისამებრ მივიდა სადგურზე - ზუსტად დილის 5:40 საათზე ხეებიდან გამოვიდა, N7 საწვავის სვეტთან დაჯდა და ლოდინი დაიწყო.

რეიმონი

რეიმონი იმ დღეს არ გამოჩენილა. არც მომდევნო დღეს მოსულა. დღეები ერთმანეთს მისდევდა, მაგრამ ჩიტოს იმედი არ ქრებოდა - ის კვლავ ელოდა, რომ სადგურზე მეგობრის ნაცნობი წითელი სატვირთო მანქანა შემოვიდოდა.

მეცხრე დილას ტემიმ ამ სურათის მშვიდად ყურება ვეღარ შეძლო. ჩიტო ისევ იმავე ადგილას იჯდა და იცდიდა. ტემიმ ინტერნეტში სადგურის სათვალთვალო კამერების ჩანაწერი გამოაქვეყნა იმ იმედით, რომ ვინმე რეიმონის პოვნაში დაეხმარებოდა. მან აღწერა წითელი სატვირთო მანქანა, რომელსაც წინა ნაწილი დაზიანებული ჰქონდა, და პატარა ძაღლი, რომელიც ყოველ დილით მეგობარს ელოდა.

ვიდეო სატვირთო მანქანების მძღოლებში სწრაფად გავრცელდა. ორი დღის შემდეგ ვიღაცამ რეიმონი საბოლოოდ ამოიცნო. აღმოჩნდა, რომ ის ილინოისის შტატის სამხრეთ ნაწილში, სადგურიდან დაახლოებით 400 მილის დაშორებით ცხოვრობდა.

როგორც კი რეიმონმა ჩიტოს ამბავი შეიტყო, წუთიც აღარ დაუკარგავს - იმავე დღეს ჩაჯდა მანქანაში და გრძელ გზას დაადგა.

მომდევნო დილით, ზუსტად 5:38 საათზე, სადგურის სათვალთვალო კამერებმა საოცარი სცენა დააფიქსირეს. რეიმონი უკვე ადგილზე იყო. ის ცალ მუხლზე იდგა, ხელში სოსისიანი ორცხობილა ეჭირა და ჩიტოს ელოდა. ზუსტად ამ დროს ხეებიდან პატარა ძაღლი გამოვარდა. საყვარელი მეგობრის დანახვაზე ჩიტომ სიხარული ვეღარ შეიკავა და მთელი ძალით მისკენ გაიქცა. რეიმონმა ხელები ფართოდ გაშალა და პატარა მეგობარი სიყვარულით ჩაიხუტა. ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ ჩიტომ კვლავ იგრძნო იმ ადამიანის სითბო, ვისაც ასე ელოდა.

რეიმონი

ამჯერად მათ განშორება აღარ მოუწიათ. დილის 6:00 საათისთვის რეიმონი და ჩიტო უკვე ავტომაგისტრალზე, სახლისკენ მიემართებოდნენ - ძაღლი მანქანის წინა სავარძელზე კომფორტულად მოკალათებულიყო.

მთელი ამ ორი წლის განმავლობაში რეიმონს ეგონა, რომ უბრალოდ უსახლკარო ძაღლს საუზმეს უყოფდა, მაგრამ იმ დღეს მიხვდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს პატარა ლუკმები ჩიტოსთვის.

ის, რაც რეიმონისთვის უბრალო დილის ჩვევა იყო, ჩიტოსთვის აღმოჩნდა:

- ნამდვილი მეგობრობა;
- საკუთარი ოჯახი;
- უპირობო სიყვარული;
- განცდა იმისა, რომ ამქვეყნად არსებობს ადამიანი, რომელსაც მისი დანახვა ყოველთვის უხარია.

"ზოგჯერ იქამდე, სანამ ცხოველს სახლში მივიყვანთ, მის გულში უკვე განსაკუთრებულ ადგილს ვიკავებთ. საჭმლის პატარა ნაჭერს, თბილ სიტყვას ან რამდენიმე წუთის ყურადღებას შეუძლია სხვა ცოცხალი არსების მთელი სამყარო შეცვალოს. ცხოველებისთვის ბევრად მნიშვნელოვანია არა ის, რას ვაძლევთ, არამედ ის, რომ უბრალოდ მათ გვერდით ვართ და მარტო არ ვტოვებთ."

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026