ინტერვიუ

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მარიამ როინიშვილის და ვახო კანდელაკის კირა უკვე ექვსი თვისაა. გამოცდილ მშობლებს ღამის თენება აღარ აფრთხობთ.
„ამის კეთება კირასთვის მსიამოვნებს კიდეც. ეს ხომ ჩემი შვილისთვის ზრუნვაა...“ - „ზმნასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს მარიამი.
კირა წყვილის პირველი საერთო შვილია. მარიამს პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი ჰყავს, ვახოს - ვაჟი.

ერთად ყოფნა, წლების მანძილზე, საკმაოდ ოსტატურად დამალეს. პატარა ქვეყანაში ხომ უფრო დიდი გამადიდებელი შუშით ჩანს ცნობილი ადამიანების ცხოვრება. ამდენად, ვახოს და მარიამს გამოუვიდათ. ერთად ყოფნაზე და ერთმანეთზე, საჯაროდ, არც არასდროს უსაუბრიათ. შეიძლება ითქვას, „ზმნისთვის“ მიცემული წყვილის ეს ინტერვიუ ექსკლუზივია.
მარიამ როინიშვილი: მე და ვახო დიდი ხნის წინ, შორიდან ვიცნობდით ერთმანეთს, თუმცა არსად გადავკვეთილვართ. მერე მოხდა შეხვედრა და... გულმა გული იცნო. მაშინვე გავაცნობიერეთ, რომ ჩვენი გზები საფუძვლიანად გადაიკვეთებოდა.
საკმაოდ დიდი ხანია ერთად ვართ. ამაზე საჯაროდ არ ვსაუბრობდით. მგონია, რომ ასე ჯობია; ორი ადამიანის ურთიერთობისთვის ასეა უკეთესი. როდესაც ირჩევთ ერთმანეთს, გაქვთ მოცემულობა, ხართ თქვენ ორნი და შემდეგ უკვე ის ადამიანებიც გიერთდებიან, რომლებსაც სურვილისამებრ იკრებთ გვერდით. როგორც ეს ორი გადაწყვეტს, ისე იქნება. მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს იმ ადამიანებთან, ვისაც პირად ურთიერთობაზე საჯაროდ საუბარი სიამოვნებს. ჩვენ ეს გზა ავირჩიეთ და უფრო კომფორტულად ვგრძნობთ თავს.
ვახო კანდელაკი: - არიან წყვილები, რომლებიც ამას აფიშირებენ, ბევრი რამ სააშკარაოზე გამოქვთ. არიან წყვილები, რომლებიც ცდილობენ, ეს თავისთვის შეინახონ. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გვყავს შვილები და არ გვინდოდა, საზოგადოებიდან რაღაც წნეხი ზედმეტად ეგრძნოთ. საზოგადოება, რაღაც მომენტებში, აგრესიულია და ვეცადეთ, ეს აგრესია ნაკლები ყოფილიყო ჩვენს მიმართ. სოციალურ ქსელებში უცხო ადამიანების კომენტერებს იშვიათად ვკითხულობ. მაგრამ ჩვენი ფოტოების ქვეშ რაც მინახავს, ძირითადად, სულ პოზიტიური კომენტარებია.
- მარიამ, გარეგნულად შეიცვალე. სხვანაირად აბრჭყვიალდი. შინაგანად რა შეიცვალა შენში?
- ვინც გვერდით გვყავს, ისინი განაპირობებენ, ჩვენ როგორ ვიბჭყვიალებთ. საერთოდ, გვაქვს თუ არა სურვილი - ვიბრჭყვიალოთ. არა მგონია, შევცვლილიყავი. დროთა განმავლობაში, შენი თავის საუკეთესო ვარიანტს ქმნი, ძერწავ საკუთარ თავს, როგორი მოგეწონებოდა. ეს პროცესიც ძალიან საინტერესოა. ბევრი ნაკლოვანების ჩამორეცხვას იწყებ. პიროვნულად ვინც არ იზრდება და მუდმივ ძერწვაში არ არის, მგონია, რომ საკუთათ თავს თავად ინადგურებს. მე და ვახო ერთმანეთის გამოთლაში ვეხმარებით ერთმანეთს. გარეგნულ ცვლილებას რაც შეეხება, რვა კილოს დავემშვიდობე. ეს თავისთავად მოხდა. დიდად არ მიდიეტია. მიუზიკლი „ჩიკაგო“ დაემთხვა და მასში თამაშის ფიზიკური აქტივობა გახდა, ალბათ, მიზეზი.
- მარიამ, როგორც ამბობენ, გააზრებულ ასაკში გახდი მეორედ დედა. 20 წლის მარიამზე რას იტყვი ამ გადასახედიდან - როგორი დედა იყო?
- დიახ, 20 წლის ვიყავი პირველად დედა რომ გავხდი. ის მარიამი და 35 წლის მარიამი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მე ელესთან ერთად გავიზარდე, შეიძლება ითქვას. მან გამზარდა რაღაც კუთხით. მას ვეუბნები კიდეც, რომ მასთან ერთად გავიარე ბევრი რამ. ცხოვრების ცნობიერების ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი ნაწილი ელენეს უკავშირდება. ის ახლა 15 წლისაა. აი, კირას კი, რაღაც კუთხით, ჩამოყალიბებული შევხვდი. პასუხისმგებლობებისთვის, 20 წლის ასაკში, მაინც პატარა ხარ. სწორად უნდა გაიაზრო, სწორად გაიარო საკუთრ თავთან. ეს მერე მოდის, გამოცდილებასთან ერთად.

- ვახოს „სთორებში“ ისე ხშირად „პოზირებს“ კირა. მზრუნველი მამაა, არა?
- არაჩვეულებრივი მამაა. რა წარმოდგენაც მქონდა მასზე, ზუსტად ისეთი მამა აღმოჩნდა. მანამდე ვახოს ხომ ვხედავდი ერეკლესთან მიმართებაში და ვიცოდი, როგორი მამაც იყო. შეიძლება იმაზე მეტიც არის ახლა, ვიდრე მეგონა. მისგან გვერდში დგომა, დახმარება, ხელშეწყობა მაქვს. პირველი დღიდან ჩემთან ერთად ბანდა და უცვლიდა კირას.
ვახო: ასაკში შესვლისას ადამიანი მძაფრად აღიქვამ შვილის არსებობას. ვცდილობ, მის გაზრდაში ჩართული მამა ვიყო. 14 წლისაა ჩემი უფროსი ვაჟი. მასთანაც მქონდა დიდი, მამური კავშირი. ორივესთან ვცდილობ ყურადღებიანი ვიყო. ჩემი გადმოსახედიდან უკვე სხვადასხვა ემოციური კავშირებია საკუთარ თავთან. მეორე შვილთან ბევრად მოტივირებული ვარ. კირა რომ თვალებს დაახამხამებს და შემომხედავს, სამყაროს სხვანაირად ვუყურებ. ერეკლე თბილი ბავშვია. ახლა უკვე ნაკლებად მაფერებინებს, მაგრამ ცდილობს, სითბო გამოხატოს. კირას შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, მამას გოგო იქნება.
მარიამი: ყველაზე იმედიანად ვარ, როცა ვიცი, რომ ბავშვი ვახოსთან ერთად არის. სრულფასოვნად ზრუნავს და უვლის კირას. ხუთი თვე ჩვენ გავზარდეთ და წამოვჩიტეთ. ახლა უკვე ძიძა გვეხმარება. საჭიროება მოითხოვს, უნდა ვიმუშაო, სხვანაირად არ გამოდის. არაჩვეულებრივი ადამიანი გვყავს გვერდით.

- რა შეცვალა ვახოსთან ერთად უკვე ერთ ჭერქვეშ ცხოვრებამ?
- ვახოზე ბევრს ვერ ვილაპარაკებ. მასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებამ მხოლოდ სიკეთისკენ შეცვალა ყველაფერი. კარგის მხრივ, სიურპრიზი აღმოჩნდა მასთან თანაცხოვრება. რთულია, ახალი ადამიანი რომ შემოდის შენს ცხოვრებაში. სხვანაირი ყურადღება უნდა. მე ვხედავ, ვახო როგორი ყურადღებით არის ჩემს მიმართ, კირას მიმართ, ელენეს და ერეკლეს მიმართ. მგონია, რომ ბევრი ენერგია აქვს ამ ბიჭს, რასაც თავის საყვარელ ადამიანებს ახმარს. რთულად იპოვით მსგავსს. ვახოს შესწევს იმის უნარი, რომ სიხარული და ბედნიერება მოუტანოს ოჯახის წევრებს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ის, რომ კარგი ადამიანია. მერე უკვე აქედან ამოდის როგორც მამა, მეგობარი და სხვა დანარჩენი.
ვახო: - უმთავრესი ამოცანა ურთიერთგაგებაა. როცა ეს არის, დანარჩენი - სიახლე, პრობლემა თუ სიხარული, ადეკვატურად აღქმულია. ჩვენ ვცდილობთ ერთმანეთს შევუქმნათ კომფორტის ზონები, სადაც თავს ვიგრძნობთ კომფორტულად.
- ვახო, როგორც მზარეული, სამზარეულოში როგორ შეაფასებდი მარიამს?
- ცდილობს რაღაცების გაკეთებას. მე ყოველთვის ვუყვავებ. თუ უნდა რომ ისწავლოს, ჩემგან შეფასებისას სიმკაცრე აუცილებელია (იცინის). გენეტიკურად კი მოსდგამს გემრიელი კერძების მომზადება - თამრიკო, ბებია და ბიბი - კარგი დიასახლისები არიან.
- მოდი, საქმიან ასპარეზზეც გავიდეთ. მარიამ, „ჩიკაგოში“ ამობრწყინდა სულ სხვა მარიამი. ახალ ჟანრში, ფიზიკური დატვირთვით. როგორ აღმოჩნდი კაბარეში?
- სამი წლის წინ ზალიკო ჩიქობავამ ჩემთვის საოცნებო როლი შემომთავაზა. ვგიჟდები ამ მიუზიკლზე. როლი, რომელსაც ვასრულებ, კეტრინ ზეტა ჯონსს აქვს ნათამაშები. ზედმეტი რა პრეტენზია უნდა მქონდეს მე, თუმცა ამ გმირის ხასიათში საერთოს ვპოულობ. მოკლედ, ასე ახდა ოცნებაც. სწორ აფირმაციას, სწორად ფიქრს შეუძლია ახდეს. რაღაც გულით რომ გინდა, სამყარო გჩუქნის.

ჩემთვის სცენა ყველაზე საინტერესო ადგილია, სადაც შეიძლება ვიყო. გამომდის, არ გამომდის - ეს მაყურებელმა განსაჯოს. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც მიუზიკლში გიწევს თამაში. ცეკვა, სიმღერა, ტექსტი, ყველაფერს ერთად აკეთებ და კომპლექსურად იხდენ ოცნებებს. ჩემთვის უდიდესი გამოცდილებაა „ჩიკაგო“. მგონია, რომ ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს იქ. ცხადია, ჩემი მისამართით გაკეთებულ შეფასებებს, მე არ მოვყვები. უხერხულია. რჩევას რაც შეეხება, დედას და მამას ყოველთვის ვასწრებ რეპეტიციაზე. ერთი სამსახიობო კუთხით მიყურებს, მეორე - მუსიკოსის. არიან გარშემო ადამიანები, რომლებმაც იციან თამრიკოს და გიას ფასი. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მათი შეფასება, განხილვა, კრიტიკა. დეტალებზე ვიწყებთ მსჯელობას მე და გია, ცალკე - მე და თამრიკო. ძალიან საინტერესო პროცესია. ტაშს ვინც გიკრავს, ის ერთ-ერთი მთავარი შემფასებელია. საინტერესოა ყველა ჯანსაღი აზრის მოსმენა.
ვახო ხშირად ესწრება „ჩიკაგოს“. ჩემთვისაც მოტივაციაა და მიყვარს, როდესაც ვიცი, რომ მიყურებს. ყველა სპექტაკლი ახალი სუნთქვაა. ეს ხომ ფილმი არ არის. რაღაცებს ვცვლი, მერე ვახოც თავის ისიც აზრს მეუბნება და ასე განვიხილავთ ყოველ ჯერზე.

თეატრში „ვერის უბნის მელოდიებში“ ვარდოს როლი რომ ვითამაშე, კირა 20 დღის იყო. ძალიან საპასუხისმგებლო როლია ესეც.
- მოკლედ, მიუზიკლში გადაინაცვლე.
- ვერ ვიტყოდი, არ ვიცი. როდესაც ადამიანები ამქვეყნად ერთხელ მოვდივართ და პროფესიული კუთხით, რაღაც ახალი გვაინტერესებს, რატომ არ უნდა ვცადოთ?! ხელოვანის ჩარჩოებში ჩასმა მგონია, რომ დანაშაულის ტოლფასია. ბოლო პერიოდში ვცდილობ მაქსიმალურაც ვცადო ის ყველაფერი, რაც მაინტერესებს. ვხალისობ.
მამაჩემს აქვს ასეთი დარიგება - „სცენაზე როცა გადიხარ, გაერთე.“ მეც გართული ვარ იმ საქმით, რასაც ვაკეთებ. სცენაზე მაქსიმალურად გართული და მოცული ვარ პროცესით. მიუზიკლი ჩემი ინტერესის თოფ ადგილს იკავებს. თუმცა აქვე დავძენ, არც საესტრადო ჟანრი მიმიტოვებია, არც - ოპერა. მგონია, როცა გავალდებულებენ, რომ კონკრეტულ ჟანრში უნდა იმღერო, ან იქ, ან აქ, დიდი შეცდომაა.
- სოპრანო მარიამისკენ რა ხდება?
- ისვენებს. კირაზე ორსულმა „ვერთერში“ სოფის პარტია შევასრულე. მე კიდევ მივცემ ამ დიად ჟანრში სიმღერის ბედნიერებას საკუთარ თავს.
- და ახლად გამომცხვარი ტელეწამყვანი მარიამიც არ დავჩაგროთ.
- აი, ეს საქმე ჯერ არ ვიცი. პრეტენზია არ მაქვს. უბრალოდ, გავბედე და მივენდე მათ, ვინც შემომთავაზა ტელეწამყვანობა. დღემდე გვერდში მიდგანან, მასწავლიან ბევრ რამეს. რთული პროფესიაა. რჩევებს ვისმენ მორჩილად. თუ გაზრდა გინდა, უნდა მოისმინო. თავზე წარმოდგენა არც არასდროს მქონია.
ვახო: მარიამი ნიჭიერი ადამიანია და მე ვფიქრობ, ნიჭიერ ადამიანს აქვს უნარი, რომ ყველა სფეროში და მიმართულებით, თავისი პატარ-პატარა ნიჭები წარმოადგინოს და ერთ დიდ ეფექტად შექმნას.

10/27/2025