Logo

„ჩვენ ვოცნებობთ დროზე, როცა საქართველოში შუქი აინთება“ - როგორ იცხოვრა ქვეყანამ უშუქოდ

„ჩვენ ვოცნებობთ დროზე, როცა საქართველოში შუქი აინთება“ - როგორ იცხოვრა ქვეყანამ უშუქოდ

11/27/2026

ტექსტის ზომა

დამოუკიდებელ საქართველოში გაიზარდა თაობა, რომელსაც დღეს ძნელად წარმოუდგენია დრო, როცა ქალაქებსა და სოფლებში - მათ შორის, დედაქალაქშიც - ხალხის საერთო და, იქნებ, მთავარი ოცნება ღამით განათებული სახლები, ქუჩები და ჩვეულებრივი შუქი იყო. ამ თაობის დედებმა და მამებმა, ბებიებმა და ბაბუებმა კი წლები გაატარეს ქალაქებსა და სოფლებში, სადაც სახლებში შუქი ცოტა ხნით მოდიოდა და დიდი ხნით მიდიოდა. მამა-პაპური ნავთის ლამპები და „კერასინკები“ იყო ყველა ოჯახში განათებისა და კერძის მომზადების საშუალება. ასეთი იყო საქართველოს ბნელი რეალობა მეოცე საუკუნის ბოლოსა და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში.

შევარდნაძის ფოტო

„ჩვენ ვოცნებობთ ისეთ დროზე, როცა საქართველოში შუქი აინთება, თუმცა არა მხოლოდ ვოცნებობთ, ვმოქმედებთ კიდეც, რომ მოვიახლოვოთ ეს დრო!“

ეს სიტყვები ედუარდ შევარდნაძემ 1994 წლის მარტში, ვაშინგტონში გამართულ ერთ შეხვედრაზე თქვა.

მოდით, გავიხსენოთ საქართველოს ეს მძიმე პერიოდი: როგორი იყო ცხოვრება უშუქოდ - მით უფრო მაშინ, როცა ზოგიერთი პროპაგანდისტი ცდილობს, ამ ნაწილშიც გაყალბდეს უახლესი ისტორია.

ნიუ იორკ თაიმსის ქავერი  ფოტო

წყვდიადი და კვამლი: შევარდნაძის საქართველო „ნიუ იორკ თაიმსის“ ფურცლებზე

„საქართველო არის ქვეყანა, სადაც ქალაქები, ხშირად, ღამის წყვდიადშია ჩაფლული, ვინაიდან დენი არ მიეწოდებათ, სადაც ზამთარში დასახლებული პუნქტები კვამლითაა დაფარული, ვინაიდან ხალხი შეშით ათბობს ბინებს, როცა შეწყვეტილია გაზის მიწოდება და მოკრძალებული ხელფასის მქონე მასწავლებლები იძულებული არიან, წიგნები გაყიდონ გზაჯვარედინებზე“.
წიგნების გამყიდველი მიწისქვეშა გადასასვლელთან)

საქართველოსა და მისი დედაქალაქის ყოველდღიურობას ასეთი ცნობები აღწერდა:

ცნობა თბილსრესი სქრინი

1995 წ. - „როგორც სააგენტოს კორესპონდენტს საქენერგოს პრესცენტრიდან აცნობეს, 5 დეკემბერს საღამოს გამოირთო თბილსრესი, რის შედეგადაც ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა თბილისის რამდენიმე რაიონს. გუშინ ძაბვის ვარდნის გამო გაჩერდა მეტროპოლიტენი.“

ოცნება იმაზე, რომ შემდეგი ზამთარი ბნელი და ცივი აღარ იქნებოდა, არ მართლდებოდა. ელექტროენერგია მოსახლეობას ხშირად გრაფიკითაც ვერ მიეწოდებოდა ენერგოსისტემაში გახშირებული ავარიების გამო - და არა მხოლოდ ავარიების: მოშლილ სისტემასა და უკიდეგანო კორუფციას მოჰყავდა ერთნაირად ბნელი და გაყინული ზამთრები. ენერგოკრიზისის მხრივ, თბილისის უმძიმეს რეალობაზე უარესი იყო ვითარება რეგიონებში.

სქრინი ამ ცნობის

1997 წ. - „16 იანვარს თბილსრესში ავარიულად გამოირთო მე-10 ენერგობლოკი, რის გამოც ენერგოსისტემაში სიხშირე მკვეთრად შემცირდა და რიგი ელექტროსადგურები სრულად გაჩერდა. ავარიის გამო ელექტრომიწოდება სრულად შეუწყდა თბილისს, რუსთავს, გორს, ხაშურს, ზესტაფონსა და სხვა რაიონებს.“
ოჯახი „კერასინკასთან“

2001 წლის 20 ნოემბერი - „რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო რუსთაველის გამზირი. მთაწმინდის მოსახლეობა ელექტროენერგიის მიწოდებას მოითხოვდა. მთაწმინდას ელექტროენერგია უკვე სამი დღეა არ მიეწოდება. ანალოგიური აქცია დადიანის მოედანზე გაიმართა, სადაც მოსახლეობას ქუჩა რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდა.“ წყარო (civil.ge).

თბილისელები შეჩვეულები იყვნენ ელექტროენერგიის, გაზის, წყლის ან ყველაფრის ერთად შეწყვეტას. სახლებში ამ ყველაფრის ერთად ქონა მხოლოდ საახალწლო დღეების მოკლევადიანი დიდი ფუფუნება იყო. 2002 წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე კი თბილისის ელექტროგამანაწილებელმა კომპანია „AES თელასმა“ გამოაცხადა, რომ პირველი იანვრიდან მეცხრე ენერგობლოკი გაჩერდებოდა და თბილისი ელექტროენერგიის გარეშე დარჩებოდა. მიზეზი ვალი იყო. საბითუმო ბაზარს „AES თელასის“ 6 მილიონი დოლარი მართებდა; წინასწარი შეთანხმებით ამ თანხის გაზი უნდა მიეღო, მაგრამ სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ გაზი სააქციო საზოგადოება „აზოტს“ მიაწოდა და ამერიკული კომპანია ენერგობლოკის მუშაობისთვის აუცილებელი გაზის გარეშე დატოვა. 2002 წლის იანვარმა საქართველოში მართლაც უმძიმესი ენერგოკრიზისის პირობებში ჩაიარა, ისევე როგორც მთელმა ზამთარმა. (წყარო „რადიო თავისუფლება“)

გავიდა კიდევ ორიოდ წელი. 2003 წლის დამდეგს, ზამთარში, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა დავით მირცხულავამ მოსახლეობას უთხრა, რომ ენერგეტიკაში მძიმე ვითარების გამოსწორება 2004 წლამდე ვერაფრით მოხერხდებოდა. 2004 წლის ზამთარში კი საქართველოში უკვე სხვა ხელისუფლება იყო - წლების მანძილზე დამკვიდრებული უმძიმესი ენერგოკრიზისიდან გამოსვლა მხოლოდ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დაიწყო.

„ვარდების რევოლუციის“ შემდგომ რაც შესაძლებელი გახდა, რატომ იყო მანამდე შეუძლებელი? რატომ არ ინთებოდა ჩვენს სახლებში შუქი, განსაკუთრებით ზამთარში?

ყველაფერი სსრკ-ს დაშლას, ქაოსსა და ნგრევას მოჰყვა, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში, რასაც დაემატა კორუფცია, მძიმე კრიმინალური ფონი, კრიმინალებისგან ელექტროგადამცემ ხაზებზე დივერსიები და ა.შ.

ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში ქრონიკული ენერგოკრიზისის მიზეზები პარლამენტის სპეციალურმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შეისწავლა და დეპუტატებს გამოაშკარავებული კორუფციული ფაქტების შესახებ ინფორმაცია წარუდგინა. აღნიშნული კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩუბინიშვილი იყო. მან ენერგოკრიზისზე ხელის მოთბობაში მაშინდელი პრეზიდენტის ოჯახთან დაახლოებული პირები დაადანაშაულა. ეს იყო კომისიის თავმჯდომარის ვერსია, გამოაშკარავებული ფაქტები კი შემდეგნაირი:

2002 წელს გამომუშავებული 7. 8 მილიარდი კილოვატ/საათი ელექტროენერგიიდან ერთი მილიარდი საერთოდ არ აღრიცხულა. ეს დაახლოებით 60 მილიონი ლარი იყო, რაც ერთეულების ჯიბეებში დაილექა.

1992 თბილისი

მაშინ, როცა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი და დედაქალაქი ჩაბნელებული იყო, რა ხდებოდა სხვა ქვეყანაში - კერძოდ კი აზერბაიჯანში - ელექტროენერგიის ტრანზიტი, და ისიც საბაჟოს გვერდის ავლით; ტრანზიტის შესახებ ოფიციალური განაცხადი კი არცერთ უწყებაში არ იყო ასახული. საგამოძიებო კომისიის წევრები კითხულობდნენ: თუკი აზერბაიჯანის ვალი გვქონდა, ტრანზიტის განხორციელება რატომ არ ხდებოდა ზაფხულში და რატომ ხდებოდა მაინცდამაინც კრიტიკულ სეზონზე - ზამთარში?

სისტემის ხელმძღვანელები ყველაფერს მოსახლეობას აბრალებდნენ - ენერგიის საფასურს არ იხდიანო. პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ კი განაცხადა: თითქმის ყველა რეგიონში, მათ შორის დედაქალაქში, მოსახლეობის დიდი ნაწილი გაჭირვებით, მაგრამ იხდის საფასურს; გადამხდელთა მაჩვენებელი 80%-ია, მაგრამ ეს თანხა ვიღაც-ვიღაცების ჯიბეებში მიდისო.

ამ სტატიაში აღწერილი ფაქტები და მიზეზები ზღვაში წვეთია. რატომ იყო დაუძლეველი ენერგოკრიზისი შევარდნაძის მმართველობისას? საარქივო ცნობებში ვკითხულობთ, რომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას ინფორმაცია პროკურატურისთვის არა მხოლოდ 2003 წლის მარტში, 2002 წლის დეკემბერშიც გადაუგზავნია და ენერგოსისტემაში არსებულ უმძიმეს დარღვევებზე გამოძიების დაწყება მოუთხოვია, მაგრამ - უშედეგოდ. პროკურატურა პასუხისმგებელი პირების გამოვლენის მოთხოვნაზე არ რეაგირებდა. ასეთი დამოკიდებულების ბრალი იყო, რომ ხალხს ვეღარც კი წარმოედგინა, თუ მოვიდოდა დრო, როცა მათ სახლებში შუქი მოვიდოდა და აღარ წავიდოდა. 24-საათიანი უწყვეტი ენერგომომარაგება დიდი ხნის მანძილზე საქართველოს მოსახლეობის მთავარი ოცნება იყო.

გააზიარე სტატია

ავტორი: ელენე ლომთაძე

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026