Logo

დათო კენჭიაშვილი ჩინეთში ცხოვრების ახალ ეტაპზე

დათო კენჭიაშვილი ჩინეთში ცხოვრების ახალ ეტაპზე

11/03/2026

ტექსტის ზომა

დათო კენჭიაშვილმა, ამ უნიკალური ხმის მქონე მუსიკოსმა, ჩინელი აუდიტორია ისე მოხიბლა, რომ თავიანთი მუსიკალური კონკურსის ჟიურიში ხომ დასვეს, მასთან კოლაბორაციაც გააკეთეს, ახლა კი, სამშობლოში ჩამოაკითხეს და ხმის ჩამწერ სტუდიაში სტუმრობდნენ. ადგილზე ნახეს და მოისმინეს დათოს შემოქმედება და დატკბნენ მისი ანსამბლ "თაობის" ავთენტურობით.

როგორ მოხდა ქართველი მუსიკოსით დაინტერესება, მისი ჩინეთში გამგზავრება და მუსიკალურ პროექტში მონაწილეობა, რომელშიც საქართველოსთან ერთად მონაწილეობდნენ: ჩინეთი, ბრაზილია, ახალი ზელანდია, თურქეთი, სერბეთი, სამხრეთ აფრიკა, მალაიზია, ვიეტნამი...

დათო "ზმნასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ წინ დიდი გეგმებია, რომელიც ისევ ჩინეთს უკავშირდება, თუმცა მანამდე, წლის ბოლოს, ქართველ მაყურებელს კონცერტით უმასპინძლებს.

დათო კენჭიაშვილი

- დათო, როგორ აღმოჩნდით ჩინურ პროექტში "აბრეშუმის გზის ვარსკვლავი"?

დათო კენჭიაშვილი: გასულ წელს ამავეს სახელწოდების ყაზახურ მუსიკალურ პროექტში აღმოვჩნდი. ყაზახეთში კარგად იცნობენ ჩემს შემოქმედებას. იქ საქართველოს სახელით ჟიურის წევრი გახლდით. შოუს დროს პოზიტიური დამოკიდებულება გაუჩნდათ ჩემს მიმართ და შემდეგი შემოთავაზება "აბრეშუმის გზის ვარსკვლავის" ჩინურ-ყაზახური ერთობლივი პროექტიდან მივიღე.

ამ შემოთავაზებამ გამაოცა. მასშტაბური პროექტია და ჩემით დაინტერესებამ და მიწვევამ, სასიამოვნოდ გამაკვირვა. ეს ერთგვარი პასუხისმგებლობაა. მე და ჩემი პროდიუსერი, მაია გუნაშვილი, რომელთანაც ორი წელია ვთანამშრომლობ, ჩინეთში გამგზავრებაზე დავფიქრდით. ვჭოჭმანობდი, რადგან ხანგრძლივი პროექტია და თვენახევარი გადაღებებზე მომიწევდა ყოფნა, აქ კი ამის გამო, ჩემი საქმეები უნდა გამეჩერებინა. თუმცა საბოლოოდ, გამგზავრების გადაწყვეტილება მივიღეთ.

ამ მუსიკალურ პროექტში 12 ქვეყანა მონაწილეობს. ჟიურიშიც 12 ადამიანი ვსხედვართ. ძალიან კარგი სანახაობა აღმოჩნდა. იღებს ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია - CCTV, რომელსაც მილიარდნახევრიანი აუდიტორია ჰყავს.

ჩვენ ჩინეთში აგვისტოში ჩავედით.

შოუში მონაწილეობა საპასუხისმგებლოა, ყველაფერი ადეკვატურად უნდა შეაფასო. როდესაც საკუთარ ქვეყანას წარმოადგენ, პასუხისმგებლობებიც იმატებს. მონაწილეები ყველა თავისებურად ინდივიდუალურია. ვფიქრობ, ჩემგან კრიტიკაც და დადებითი შეფასებაც, ადეკვატური იყო.

დათო კენჭიაშვილი

- კონკურსის ქართველ შემსრულებელზე რას იტყვით?

- თათია კობალაძე შოუს ორგანიზატორებმა აარჩიეს. წინა წელს საქართველოს ავთანდილ აბესლამიძე წარმოადგენდა.

თათიას კონკურსების უდიდესი გამოცდილება აქვს. კარგადაც იმუშავა და მუშაობს. მეც ამაყი ვიყავი მისით. თავიდან მის შემოქმედებას და შესაძლებლობებს კარგად არ ვიცნობდი. ამიტომ დასკვნას ვერ ვაკეთებდი. თუმცა მან მალევე აჩვენა თავისი რესურსი, ემოციური მხარე და მას ეს კარგად გამოსდის. ის სცენაზე უნდა დარჩეს. ამ შოუში ჟიური თავისივე ქვეყნის მონაწილეს არ აფასებს და კარგიც არის. ადეკვატურია.

თათია კობალაძე

მისი ყველა გამოსვლა ძალიან საინტერესო იყო. თავის საქმეს ძალიან განსაკუთრებულად ასრულებდა. სასიამოვნოდ მოულოდნელი, საინტერესო შეფასებები მიიღო კიდეც. კონკურსანტები ზოგადად რომ შევაფასო, ძლიერებიც იყვნენ, საშუალო დონის შემსრულებლებიც. მაგრამ მათ შორის, თათია ყოველთვის საინტერესო იყო, არამარტო ჩემთვის, არამედ ჟიურის ყველა წევრისთვის. ის მონაწილეებს ამხნევებდა. იყო შემთხვევა, თათიამ სხვას შეურჩია სიმღერა, მათ გაითალისწინეს და აღიარებაც მოუტანათ ამ სიმღერამ.

თათია კობალაძე

- მისი შოუში მონაწილეობა რა შედეგით დასრულდა?

- შოუ ჯერ ისევ მიმდინარეობს და მე არ მაქვს უფლება გითხრათ, თათია რა ეტაპზეა. თუმცაღა ჩვენი მონაწილე განსაკუთრებული იყო. ეს აუცილებლად აღსანიშნავია. მას ასე აფასებდნენ - უნიკალური, ძალიან ძლიერი ქალი! ის ასრულებს იმას, რაც მან გამოიარა. სჯერა იმისი, რასაც ასრულებს და ეს ორჯერ მეტად ამდიდრებს მის შემოქმედებს.

- დათო ჩინელ კონკურსანთან ერთად კოლაბარცია დაგეგმილი იყო, თუ ექსპრომტი?

- ეს იყო იმ მომენტში ნაფიქრი ექსპრომტი, რომელიც ბევრს მოეწონა. იმ დროს ვერ ვიფიქრებდი, რომ ამ რამდენიმე წამიან პერფომანსს ასეთი სიყვარული მოჰყვებოდა. ეს ძალიან მიხარია.

დათო კენჭიაშვილი

ჟიურის წევრებიდან ყველას სიმღერა არ შეეძლო, პატარ-პატარა პერფომანსებს აკეთებდნენ. მალე ეთერით გაუშვებენ ჩემს ქართულ-ჩინურ კოლაბორაციას. ჟიურის წევრებიდან ერთადერთი ვარ, ვინც ამ პროექტის სცენაზე იმღერა. რაც ამ კოლაბორაციაში ყველაზე საინტერესოა, ქართული და ზოგადად კავკასიური ვოკალისა და ჩინური ნაციონალური ინსტრუმენტების სინთეზია. მე ვთვლი, რომ გამოვიდა უნიკალური იმ მხრივ, რომ ამ ორი კულტურის დაკავშირება, შეფერხების გარეშე მოხდა.

მოგეხსენებათ, ჩინეთში უძველესი კულტურის მატარებელი ერი ცხოვრობს. ჩემთვის საინტერესო იყო ამ ქვეყნის მუსიკალური კოლაბორაცია. ჩვენ უძველესი ერი ვართ, რომელიც გათამამებულია ულამაზესი ფოლკლორითა და განსაკუთრებულობით. ამიტომ როდესაც ეს ორი ძლიერი ენერგია ერთმანეთთან სინთეზში მოდის, ჩემი აზრით, საინტერესოა. ამ კოლაბორაციის იდეა მე მეკუთვნის, რომელსაც მათი მხრიდან მასშტაბურად გაშლა მოჰყვა.

დათო კენჭიაშვილი

- რა შესრულდა?

- თეონა ქუმსიაშვილის სიმღერა, რომელიც რადიკალურად სხვა ფორმატით შესრულდა, თუმცა სიმღერის სიყვარული, არსი და ღერძი არ დაკარგულა. თეონა ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო და ხელოვნების კუთხით, ყველაზე საუკეთესო ადამიანი გახლდათ ჩემს ცხოვრებაში. ჩვენ ერთმანეთს ბევრი რამ გავუზიარეთ ბავშვობიდანვე. არტოს ბაღში ვსწავლობდით ერთად, იქ გავიზარდეთ. ჩვენი პირველი დუეტი იყო „ნუ გიყვარს ქალაუ“. ძალიან კარგად, თვალნათლივ მახსოვს.

- თეონას სიმღერის იქ შესრულება რატომ მოგინდათ?

- მისი ხელოვნება უნიკალურია და ყველამ უნდა იცოდეს... მე ერთ-ერთი ჯარისკაცი ვარ, რომელიც თეონას ხელოვნებას უფრო შორს წაიღებს. ყოველ შემთხვევაში, სანამდეც ამის რესურსი მექნება. მე ვერ ვხედავდი, თუმცა მითხრეს, რომ თეონას ამ სიმღერაზე ადამიანები ტიროდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ენა არ იცოდნენ. ხელოვნებას ენა არ სჭირდება. ეს კოლაბორაცია გულგრილს არც ერთ მხარეს არ დატოვებს.

დათო კენჭიაშვილი

- კონკურსი ჩინეთის რომელ ქალაქში მიმდინარეობს?

- ქალაქ ივუში. ყველაზე დიდი სავაჭრო ქალაქია მსოფლიოში. თვეზე მეტი დავყავით იქ. მკაცრი კლიმატია, ცხელოდა. რაც შეეხება სამზარეულოს, ბოლომდე ვერ გავეცანი, ბევრი უცნაური საკვები აქვთ. რაც ვიცოდით, იმას გეახლებოდით. შემდეგ ვიპოვეთ ქართული სამზარეულო და იქ ვსადილობდით. რაც არ ვიცი, ყოველთვის ვერიდები. თამამი ექსპერიმენტები არ მხიბლავს.

- წინ რა გეგმებია?

- რამდენ ხანსაც ეს მუსიკალური პროექტი იარსებებს, მის ჟიურიში ვიქნები. ეს მათი მოთხოვნაა. გარდა ამისა, ბევრ მუსიკალურ ფესტივალსა და პროექტში შემომთავაზეს მონაწილეობა. ცხადია, ქართული სიმღერებით, შესაძლოა - კოლაბორაციებით. დიდი და დაძაბული გრაფიკი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში. მინდა დეკემბერში აქ კონცერტი მოვასწრო. შემდეგ უკვე მომიწევს ჩინეთში გამგზავრება და გარკვეული პერიოდი იქ მოღვაწეობა.

დათო კენჭიაშვილი

- კონცერტზე კიდევ უფრო ვრცლად რას გვეტყვით?

- დეკემბრის ბოლო დეკადაში ძველ სპორტის სასახლეში ჩატარდება. შევასრულებ ძველ და ახალ სიმღერებს. მინდა მოსულ მსმენელს ის სიმღერები შევუსრულო, რისთვისაც მოდიან კონცერტზე. გარდა ამისა, ანსამბლ "თაობასთან" ერთად ახალი პროექტი მაქვს. ეს იქნება ყველა ადამიანზე გათვლილი კონცერტი. ვიცი, ბევრი ჩამოდის კავკასიიდან, შუა აზიიდან და სხვადასხვა კუთხიდან. მაღალი მოთხოვნაა, შესაბამისად, მრავალფეროვნება გელით.

ცოტა ხანი პაუზა მქონდა, რადგან სტუდია შევიცვალე. ახლა აქტიურად ვცდილობ ახალი და უცნაური პროექტების განხორციელებას. მრავალ ჟანრში მაქვს მუსიკა, თუმცა პრიორიტეტი ქართული სიმღერაა.

დათო კენჭიაშვილი

- რას გულისხმობთ უცნაურ პროექტებში?

- ფოლ-კროკი, ჯაზ-ფოლკი, კლასიკური მუსიკა და ფოლკლორი, ელექტრონული მუსიკა და ფოლკლორი. თუმცა ამომავალი მაინც ქართული ფოლკლორია.

- ცხადია, ჩინეთში სწორედ ამას გაუწევთ პოპულარიზაციას...

- ეს არის მთავარი მისია ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის, რომ ჩემს ქვეყანას მეტი სახელი მოვუტანო. მეტმა გაიგოს, რომ არსებობს ასეთი პატარა ქვეყანა, საქართველო, სადაც არიან ადამიანები, რომლებიც ქმნიან ამა თუ იმ შედევრებს. აქ საუბარია რევაზ ლაღიძეზე, გოგი ცაბაძეზე, გოგი დოლიძეზე, გია ყანჩელზე... რამდენი გენიოსი გვყავს. ვიქნები ხელშემწყობი, რომ ბევრს გავაცნო ეს ადამიანები, თუნდაც ქალბატონი ლელა თათარაიძე, ნუგზარ ფსუტური, ეს მარგალიტები... მინდა ჩემს ქვეყანას სარგებელი მოვუტანო.

- როგორ გგონიათ, განვითარებით, მუსიკალურმა გზამ სადამდე მიგიყვანათ?

- მე დღესაც ვსწავლობ. ახალ-ახალს ვიგებ. ჩემს ოჯახში ყველას აბსოლუტური სმენა ჰქონდა და ყველა ცალკ-ცალკე ხმაში მღეროდა, თუმცა სერიოუზულად მხოლოდ მე გავყევი სიმღერას. სცენაზე დგომა არავის უფიქრია. მინდა ჩემი რესურსი მაქსიმალურად ადეკვატურად გამოვიყენო. ამიტომ მუდმივად ვეძებ, ექსპერიმენტებში ვარ... დანიშნულების ადგილამდე მსმენელმა უნდა მიგიყვანოს. მარტო ვერ მიხვალ. მე, როგორც მუსიკოსმა, შემიძლია ვიტრაბახო იმით, რომ ჩემი ქვეყნის მსმენელი, შემსრულებელს ისეთი კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს, რომ ეს ჩემთვის დიდი სკოლაა. ყველანაირად ბედნიერი ვარ საკუთარ ქვეყანაში. არასდროს სხვაგან დაბადებაზე არ მიფიქრია.

დათო კენჭიაშვილი

- ქართული სიმღერა დღეს სად არის, რა ეტაპზეა?

- ოოო, ძალიან კარგი კითხვაა. ქართულ სიმღერას დღეს ქართული გვირგვინი ადგას. ჩვენთან, ჩვენი სიმღერა, მაღალ დონეზეა აყვანილი. რამდენიმე წლის წინ, ქართულ სიმღერას ბევრი არ უსმენდა. ეთაკილებოდათ თუ... რატომღაც უცნაურად უყურებდნენ. დღეს ქართულ სიმღერას უსმენენ და ეს მისი დიდი პოპულარიზაციის დამსახურებაა.

- ამაში დიდი როლი რამ ითამაშა?

- ბევრმა უცხოელმა არტისტმა შეასრულა ქართული სიმღერა. ეს აქ მოეწონათ. რახან უცხოელმა შეასრულა, ქართველებმაც დაიწყეს მისი მოსმენა.

მე რომ ლელა თათარაიძეს ვუსმენ, ტანში მაჟრიალებს. დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველო ასე გრძნობს მის ნამღერს. და არა მხოლოდ მისას. მე უფრო მთის სიმღერები მიყვარს და ამიტომ გამოვარჩიე ის. მთის სიმღერის ცოცხალი დედოფალი გვყავს და ცხოვრებას გვილამაზებს.

დათო კენჭიაშვილი

- უცხოელს რა მოსწონს ჩვენს სიმღერაში?

- რამდენი კუთხეც გვაქვს, იმდენნაირი სიმღერა გვაქვს, თან ერთმანეთისგან განსხვავებული და მრავალფეროვანი. ჩვენ გათამამებული ვართ სამხმიანი სიმღერებით. ზოგჯერ, ოთხ ხმიანითაც. ამით უცხოელები გაოცებულები არიან. ასე რანაირად ანაწილებთ ხმებში სიმღერასო? ბასკებიც ასე მღერიან. უნიკალური განლაგება აქვთ სიმღერაში. მათ რომ უსმენ, გგონია, რომ ქართველები მღერიან. ქართულ სიმღერაში დეტონაცია ხშირია და უცხოელებს დეტონაცია განსხვავებული ბგერა ჰგონიათ.

პროფესიონალებს სწორად სიმღერა ნასწავლი გვაქვს, მაგრამ მთაში ბავშვები, არავის რომ არ უსწავლებია მათთვის გარმონზე დაკვრა, ისე უკრავენ და მღერიან, სიხარულისგან სისხლი გაგეყინება. თვითნაბადები არიან. ჩვენ გენში და კოდში გვაქვს განსხვავებული ჰარმონია, სიმღერაში ქარიზმა. მდიდარი ხალხი ვართ.

დათო კენჭიაშვილი

- დათო, რა პერიოდს დაიკავებს ჩინეთი თქვენს ცხოვრებაში?

- ნამდვილად არ ვიცი, თუმცაღა თუ საქმეს დასჭირდება, დიდი ხანი მომიწევს. ეს ერთგვარი აზარტია.

ვიცხოვრებთ შანხაიში. ველოდებით ჩინელი პროდიუსერების შეხმიანებას და მე და მაია გავემგზავრებით. პროდიუსერის გარეშე არსად დავდივარ, რადგან მე მხოლოდ შემოქმედებითი კუთხით ვიხარჯები, მაია კი, საპროდიუსერო საქმეებს აგვარებს.

ასე რომ, ჩინეთში გამგზავრება საინტერესო გამოწვევაა. მე მიყვარს, როდესაც გამოწვევასთან გამკლავება მიჭირს, რადგან ამ დროს საკუთარ თავს ვაყალიბებ. ჯერჯერობით, თავისუფალი ადამიანი ვარ, ცოლ-შვილი არ მყავს. თუმცა ჩემი მამიკო, დაიკო და მეგობრები ყოველთვის განიცდიან, როდესაც ქვეყანაში არ ვარ. ახალი პროექტები და პასუხისმგებლობები კარგია, თუმცა გაცილებით ფასეული შენთვის ძვირფასი და საყვარელი ადამიანები არიან.

დათო კენჭიაშვილი

გააზიარე სტატია

ავტორი: თამარ გონგაძე

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026