კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
კარნეგი ჰოლში, ლეგენდარული ნაციონალური ბალეტის - "სუხიშვილების" ტრიუმფალური კონცერტის შემდეგ, ანსამბლმა უკვე შემოდგომის ამერიკული ტურნე დაგეგმა. როგორც ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნინო სუხიშვილმა გადაცემაში "პირველამდე" ისაუბრა, ოქტომბერ-ნოემბერში მათ ექნებათ ხანგრძლივი ტურნე ამერიკასა და კანადაში.
გადაცემას ამერიკიდან ჩაერთო კარნეგი ჰოლის კონცერტის ქართველი ორგანიზატორი - სალომე ლილუაშილი, რომელმაც ისაუბრა იმ დეტალებზე, რაც ჩვენ არ გვინახავს. მაგალითად იმაზე, თუ ვინ ესწრებოდა კონცერტს, როგორ მოხვდა დე ნირო იქ...
როგორც ირკვევა, ამ კონცერტს ყველა ტიპის მაყურებელი ჰყავდა. მათ შორის, მეგა ვარსკვლავები, ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი პერსონები, მაღალი კლასის საზოგადოება - ნიუ-იორკის მაღალი კულტურული წრეებიდან, მედიისა და თეატრების წარმომადგენლები... ბილეთის საშუალო ფასი 350 დოლარი იყო. კონცერტს, პროცენტული თანაფარდობით, ესწრებოდა - 50% ქართველი და 50% უცხოელი მაყურებელი.

სალომე ლილუაშვილი: "როდესაც მოწვევის წერილები დავგზავნეთ, 100-დან 90 პროცენტი მოსვლას დაეთანხა, მათ შორის, იყო რობერტ დე ნირო, ვინც მიწვევა "დააქონფირმა". მას ლოჟა არ შეუძენია, ჩვენ ვაჩუქეთ. დიდი სიამოვნებით გადავეცით. ერთ-ერთ შვილთან ერთად უნდოდა მოსვლა, მაგრამ როგორც ჩანს, შვილმა ვერ მოახერხა.

პირდაპირ გეტყვით, ქართველებს მაგარი, სერიოზული კონტაქტები გვაქვს. რეალიზებული ქართველები ერთმანეთს საკმაოდ ვაძლიერებთ, ვცვლით კონტაქტებს, რომელიც მართლა ოქროს ფონდია. ერთმანეთს ვეხმარებით. რობერტ დე ნიროს გარემოცვაში ძალიან მაგარი ქართველი მუშაობს. და ამგვარად, კარგმა ქართველმა მეგობრებმა ეს შევძელით. არა მარტო დე ნიროს შემთხევაში. სწორ წრეში ანუ შენი ინტერესების ადამიანებში რომ ინტეგრირდები, კარგია. მართლა ოქროს ფონდი გვაქვს. მომდევნო პროექტებზეც ასე შევიკვრებით.

ნინო სუხიშვილი: კარნეგი ჰოლი პრესტიჟული დარბაზია. იქ არასდროს გამოვსულვართ და გადაწყვეტილების მიღებაში ამან იმუშავა. ჩვენთვის ფინანსურად ერთი კონცერტი არ იყო მომგებიანი. ბევრად მომგებიანი იქნებოდა ამერიკაში სხვა პროდიუსერთან 10-15 კონცერტი, მაგრამ რომ ავწონე, გადავწტყვიტე, რომ უნდა გამერისკა, ამიტომ დავთანხმდი სალომეს.

მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთ დარბაზში, ასეთი ტრიუმფით ჩაატარებ კონცერტს, ის ბევრ კარს გიხსნის და მეტ შანსს გაძლევს, რომ საუკეთესო დარბაზებში მიგიწვიონ. და ჩვენი ხელოვნების მიმართ მეტი ინეტერესი გაჩნდეს. ეს ყველაფერი მუშაობს. ამიტომ მიღირდა კარნეგი ჰოლის ერთი კონცერტი რაოდენობრივად მეტ კონცერტს ამერიკის სხვადასხვა თეატრებში. ოქტომბერ-ნოემბერში გვექნება ამერიკის და კანადის კონცერტები. ეს არ იყო კარნეგი ჰოლში უკანასკნელი გამოსვლა. ორმხრივი რისკი იყო, მაგრამ ყველაფერი ტრიუმფარულად დაგვირგვინდა. ბედნიერი ვარ ამით. ეს კონცერტი ჩვენი ანსამბლის არქივში და ისტორიაში ჩაიწერება...

01/22/2026