კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
105 წლის წინ, 15 მაისს მედეა ჩახავა დაიბადა. შვილი, მაკა მახარაძე "მშვიდობის მტრედს" ეძახდა.
ეს მეტაფორა არტისტის მთლიან პერსონაზე გვიქმნის წარმოდგენას. და ეს შესანიშნავად „იკითხება” მისი როლების ქვეტექსტებიდანაც.
დადებითი პერსონაჟებიც მთავარ როლს თამაშობდნენ იმაში, რომ მედეა ჩახავას თაყვანისმცემელთა არმია ჰყოლოდა.
მსახიობის ცხოვრება, ალბათ, იმად ღირს, რომ ისეთი სიყვარული მიიღოს მაყურებლისგან, რომელიც მერე არა თუ მხოლოდ მას ჰყოფნის მთელი ცხოვრება, არამედ მის შვილსაც ეძვირფასება, რადგან უკვე ეს უერთგულესი ადამიანი გარდაცვლილ დედას აგონებს. მედეა ჩახავას აჭარაში ჰყავს ერთი ერთგული მაყურებელი, რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან უგზავნიდა მოსაკითხ წერილსა თუ მისალოც ბარათს.
ეთერ დეკანაძე "ზმნას" მკითხველს უკვე გავაცანით.

მაკა მახარაძე: ეთერ დეკანაძეს ვუთხარი, დედაჩემის დატოვებული საჩუქარი ხართ ჩემთვის-მეთქი. არ არსებობს საეკლესიო დღესაწაული, ეთერმა დილის რვა საათზე პირველმა არ დამირეკოს მოსალოცად.
დედაჩვენი ისეთი იყო, ვერც ერთი ვერ ვგავართ მას. თემურს დედას თვალები ჰქონდა, თვალებიდან სითბო გამოსჭვიოდა. მედიკოს მიმტევებლობის საოცარი თვისება ჰქონდა, აი, ეს ჰქონდა თემურს მისგან. მე არ გამიგია ჩემს ძმას ვინმეს მისამართით საყვედური ეთქვას. ყოველთვის თავის თავზე იბრალებდა, ჩემი ბრალია, არ უნდა მექნაო...
დედას ისეთი სითბო ჰქონდა და ყველასადმი ისეთი დამოკიდებულება...
მისი ჩანაწერი ვნახე - "რა ყოფილა დედობა." აი, რას წერს:
"თემურიკო რომ გამიჩნდა, მე გავხდი ავად ჩემი შვილით. არსად წასვლა აღარ მინდოდა." მერე ჩვენც მე და ივიკო მივყევით. სხვანაირი დედა იყო. არ მერიდება რომ ვთქვა, რომ ვარსკვლავი იყო. მთელი თეატრის რეპერტუარმა მის მხრებზე გადაიარა, მაგრამ ჩვენთვის არაფერი დაუკლია. მიუხედავად ამისა, სულ გვენატრებოდა და ამას რომ ვეტყოდი, ძალიან წყინდა. რატომ, რატომ? რამე დაგაკელით? არაფერი დაუკლია.
მე დავაკელი დედას ალერსი, ისე არ ვეუბნებოდი, მიყვარხარ-მეთქი. მე მგონი, ეს თავისთავადი ამბავია, სიტყვები რომ არ სჭირდება, მაგრამ თურმე სჭირდება.
05/15/2026