
10/19/2026
ნინი ქარსელაძე მეგობრების ღალატსა და დანგრეულ ოჯახზე საჯაროდ საუბრობს და ამბობს, რომ ღალატი არ დაუმსახურებია, ქორწინებას კი, მისი ცხოვრების ყველაზე დიდ შეცდომად ასახელებს.
"საკმაოდ გაიცხრილა ჩემი სამეგობრო. ბევრი მეგობარი არ მყავს. მე ხათუნასი მშურს - მას დღემდე ჰყავს ბავშვობის მეგობრები. არ ვიცი, რატომ, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა ჩემს ცხოვრებაში.
პატარა ნინის ვეტყოდი, რომ არ უნდა ენდოს ყველას. დღესაც მიამიტი ვარ. თუმცა ვეტყოდი, რომ ადამიანების მიმართ არ დაკარგოს ნდობა. უფრო მეტად შეიყვაროს და აპატიოს ადამიანებს.
მე ნაპატიები მაქვს ყველა მეგობრისთვის, ვინც მიღალატა. აბა, მაშინ ეკლესიაში რა მინდა, თუ ეგ არ ვისწავლე?! მე მაგას ვსწავლობ. ძალიან მიჭირდა, მაგრამ ყველა ადამიანს ვაპატიე. მე თვითონ მაწუხებს და არ მინდა ამ სიძულვილში, ამ ტკივილში ვიცხოვრო და ამით ჩემი თავი დავაზიანო. მთავარია, გულისტკივილი აღარ მქონდეს, თორემ პატიებით ყველას ვაპატიე. ერთადერთი ადამიანია, ვისაც არ ვპატიობ და ამაზეც ვმუშაობ.
დამეფიცება, რომ მეგობრებისთვის - შეუძლებელი შემიძლია შევძლო.
- ღალატში რას გულისხმობ?
- ისეთი რამ დაუბრალებიათ, რისი ღირსიც არ ვიყავი. ნამდვილად ვიცი, რომ ამის ღირსი არ ვიყავი. შენ თავთან რომ რჩები, ხომ ვერავის მოატყუებ.
გადის წლები, დრო ყველაფრის მკურნალიაო ამბობენ, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ასე არ არის. ძალიან განვიცდი, ღამეები ვტირი.
შეცდომები მეც მაქვს დაშვებული, ორი ადამიანის ურთიერთობაში ეს ჩვეულებრივი მომენტია, მაგრამ ღალატი არ დამიმსახურებია. იმიტომ რომ მე ჩემი მეგობრებისთვის არასდროს მიღალატია."

მომღერალმა ორიოდ სიტყვა განქორწინებაზეც თქვა:
"ამ თემაზე თამამად ვსაუბრობ. ორ წელიწადზე მეტია, რაც განქორწინებული ვარ. ეს ქორწინება ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა იყო, ყველაზე დიდი შეცდომა. მაგრამ დიდი და კარგი გამოცდილება მივიღე" - ამბობს ნინი ნოესთან ინტერვიუში.
გააზიარე სტატია