
11/09/2026
თვალის ჩაპაჭუნება, მხრების უცნაური აწევა, ხმაურიანი შესუნთქვა ან თუნდაც სიტყვების უნებლიე წამოსროლა... ხშირად ამ ყოველივეს მშობლები „უბრალო ჩვევას“ ან ახირებას ეძახიან. რეალურად კი საქმე კუნთების უნებლიე შეკუმშვებთან, ანუ ტიკებთან გვაქვს, რომლებიც ყველაზე ხშირად სწორედ სკოლის ასაკში, სტრესისა და ემოციების ფონზე იჩენს თავს.
რატომ იბადებიან ბავშვები ამ განწყობით, როდის არის საჭირო განგაშის ატეხა და როგორ იქცევა დრო მოკავშირედ? ამ რთულ და მგრძნობიარე თემაზე ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე გვესაუბრება.

„ტიკები კუნთების ცალკეული ჯგუფის უნებლიე შეკუმშვებია და იმის მიხედვით, სად არის ეს კუნთები ლოკალიზებული, შესაბამისი უბნის მოძრაობა იქნება დაფიქსირებული.
როგორც წესი, ეს მოძრაობები არარიტმული, თუმცა განმეორებითია.
უმეტესად ტიკები გულმკერდის ზედა ნაწილსა და მის ზემოთ მდებარე უბნებშია ლოკალიზებული, მაგალითად სახეზე, მხრებზე, თუმცა კომპლექსური ტიკების შემთხვევაში შეიძლება მთელი სხეული იყოს ჩართული და არ არის გამორიცხული ქვედა კიდურების მონაწილეობაც.
თუ კუნთების ეს ჯგუფი ხმის წარმომქმნელ უბნებს მოიცავს, შეიძლება გვქონდეს ვოკალური ტიკები - განმეორებითი ჩახველება, ხმაურიანი შესუნთქვა. ესეც სამედიცინო თვალსაზრისით ტიკია. კომპლექსური ვოკალური ტიკის დროს კი შეიძლება მარცვლების კომბინაციის ან სიტყვების უნებლიე და განმეორებითი წამოსროლა გვქონდეს.

ამაზე ყურადღების გამახვილება და ინფორმირება, როგორც ბავშვის, ისე გარშემომყოფების, იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს სოციალურად გარკვეულ დისკომფორტს, ხანდახან უხერხულობასაც ქმნის და გარშემომყოფებში, უფრო ხშირად ოჯახის წევრებში, ინტერესს იწვევს.
ტიკების მყარი, სტაბილური გამოვლინება უფრო სასკოლო ასაკიდან იწყება, თუმცა გვქონია შემთხვევები, როდესაც სკოლამდელ ასაკშიც საკმაოდ მძაფრად ყოფილა გამოხატული. დღეს მეტი შესაძლებლობა გვაქვს, ბავშვების პატარაობის სახლის ვიდეოები ვნახოთ და ხშირად ვხედავთ, რომ ორი-სამი წლის ასაკშიც ყოფილა ერთეული, მაგალითად თვალის ჩაპაჭუნების მსგავსი ეპიზოდები, მაგრამ ისინი იმდენად იშვიათი იყო, რომ ყურადღება არ მიუქცევიათ.

ხუთ-ექვსი წლიდან მოძრაობები უფრო რეგულარული ხდება, ყველაზე პიკური ასაკი კი შვიდიდან თოთხმეტ წლამდეა.
რატომ? იმიტომ, რომ ეს სკოლაში წასვლის პერიოდს ემთხვევა, იმატებს დაძაბულობა, ემოციური ფონი, პასუხისმგებლობის განცდა. ემოცია ტიკების მიზეზი არ არის, თუმცა არის ტრიგერი, მას შეუძლია გააღვივოს და გააძლიეროს...
მიზეზი ერთი მხრივ გენეტიკური განწყობაა და ძალიან ხშირად ოჯახური შემთხვევებია. ბავშვი გენების გარკვეული კომბინაციის მატარებელია. ჩვენს თავის ტვინში ბევრი სხვადასხვა უბანია და ერთ-ერთი ქერქქვეშა ბირთვების უბანია, რომელსაც ფუნქციური თავისებურება აქვს. შემაკავებელი ფუნქცია, რომელიც ჩვეულებრივ უნდა ჰქონდეს, ოდნავ შესუსტებულია და ეს უბანი ზედმეტ იმპულსს ატარებს.

ეს არ არის მოგვიანებით შეძენილი მდგომარეობა. ბავშვი ამ განწყობით იბადება, უბრალოდ მდგომარეობა გარკვეულ ასაკს ელოდება, რომ მისი დებიუტი მოხდეს.
ასაკობრივ სიმწიფესთან ერთად ამ ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა ამას დაძლევს, დამცავი ფუნქცია მომწიფდება და ტიკებს, როგორც წესი, თვითლიკვიდირებადი ხასიათი აქვს," - ამბობს ექიმი ნევროლოგი.
გააზიარე სტატია