
10/25/2026
თანამედროვე ციფრულ ეპოქაში სოციალური ქსელები ბავშვების ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. ფსიქოლოგიური და სოციალური კვლევები აჩვენებს, რომ არასრულწლოვანთა თითქმის 80% რეგულარულად იყენებს ან ქმნის კონტენტს პოპულარულ პლატფორმებზე, ხოლო ბავშვების ნაწილი ცდილობს ადრეული ასაკიდანვე „ინფლუენსერი“ გახდეს.
ფსიქოლოგები ადასტურებენ, რომ მსგავსი ტენდენციები აფერხებს ბავშვების ჯანსაღი თვითშეფასების ჩამოყალიბებას, ზრდის კიბერბულინგისა და პირადი სივრცის დარღვევის რისკებს და რაც მთავარია, ართმევს ბავშვებს ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანს ეტაპს -ბავშვობას, თამაშს, შემოქმედებით განვითარებასა და თავისუფლებას.
სად გადის ზღვარი მშობლის კონტროლსა და ციფრულ თავისუფლებას შორის და რატომ ხდება ადრეული პოპულარობა ბავშვებისთვის მძიმე ფსიქოლოგიური ტვირთი?
ამ საკითხზე ინკლუზიური განათლების სპეციალისტი თინათინ გობაძე საუბრობს.

„შეგიძლიათ TikTok-ზე საძიებო ველში ჩაწეროთ „ინფლუენსერი ბავშვები“ და რასაც თქვენ იქ დაინახავთ, ეს არის პირდაპირ ტრაგედია...
მცირე ასაკის გოგოები, 8, 9, 10, 11 წლის გოგოები წერენ ვიდეოებს - „გაიკეთე ჩემთან ერთად მაკიაჟი სკოლაში წასვლის წინ“... ასეთი უამრავი ექაუნთია. მე ჩავუჯექი და ვნახე ძალიან ბევრი მსგავსი ვიდეო. ერთ ვიდეოს მეორე მოჰყვება. ბავშვები ამბობენ, რომ ინფლუენსერობა ამა თუ იმ ინფლუენსერის გავლენით გადაწყვიტეს და მერე ხსნიან რატომ.

რეალურად არსებობს რამდენიმე საფრთხე:
ერთი ის, რომ ბავშვი საკუთარ ღირებულებას ზომავს გარე სტანდარტებით. რამდენი ნახვა ექნება, რამდენი გაზიარება ექნება, რამდენი კომენტარი ექნება. მერე ეს ძალიან დიდ მიმბაძველობას იწვევს და სხვებსაც მოუნდებათ, რომ იგივე გააკეთონ.
აქ, რა თქმა უნდა, პირადი საზღვრების და პირადი სივრცის დარღვევის ძალიან დიდი საფრთხეც არსებობს, რადგან ამას უყურებენ სხვადასხვა ტიპის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ არამიზნობრივად და ცუდი განზრახვით გამოიყენონ ამ ბავშვების კონტენტი.
ამ ყველაფერს ემატება ის, რომ ბავშვები ასაკისთვის შეუფერებელ პროდუქტებს იყენებენ სახეზე და ამას შეიძლება მოჰყვეს მთელი რიგი გართულებები ჯანმრთელობის მიმართულებით. ამას ასევე ემატება ის, რომ ბავშვები ფიქრობენ, რომ მეტად აღიარებული და დაფასებული არიან გარე შეფასებებით და რა თქმა უნდა ეს უარყოფითად აისახება მათ თვითშეფასებაზე, მათ თავდაჯერებულობაზე და ღირებულებების ფორმირების ნაწილში.

თანაც წარმოიდგინეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ადრეული წლები, რომ ბავშვის ღირებულებები და მისი თვითშეფასება იყოს დამოკიდებული არა იმაზე, სხვები როგორ უყურებენ და სხვები როგორ აფასებენ, არამედ იმაზე, რეალურად ის რას აკეთებს და რითაა დაკავებული.
ბავშვები ვეღარ ბავშვობენ... ბავშვები ამ ასაკში უნდა თამაშობდნენ, უნდა იყვნენ დაკავებული შემოქმედებითი აქტივობებით და არა იმით, რომ მაკიაჟის პროდუქტის რეკლამას აკეთებდნენ და მაკიაჟს იკეთებდნენ სკოლაში წასვლის წინ.

ეს მართლაც ტრაგედიაა, ხალხო, და მშობლებო, სად ხართ ამ დროს?
მე მჯერა, რომ მშობლები ვერ აცნობიერებენ, საკუთარი შვილები რა საფრთხეში ჰყავთ. მჯერა ვერ აცნობიერებენ იმიტომ, რომ მშობლების უმრავლესობა ასე თუ ისე რაღაცნაირად მიმართულია იმისკენ, რომ მისი შვილი იყოს ბედნიერი და დაცული... და ალბათ მართლა ვერ ხვდებიან, ეს ყველაფერი, პირადი ანგარიშები და ექაუნთები, რისი მომტანი შეიძლება იყოს.
ეს წლები ძალიან ძვირფასია, ძალიან კრიტიკულია და მშობლებო, გამოფხიზლდით! ძალიან დიდი კრიტიკული თვალით შეხედეთ ამ ყველაფერს და ნუ აძლევთ თქვენ შვილებს ამის უფლებას, რომ მათი პირადი ანგარიშები და ექაუნთები ჰქონდეთ და მსგავსი ვიდეოკონტენტი აწარმოონ,“ - მიმართავს მშობლებს თინათინ გობაძე.
გააზიარე სტატია