
11/24/2026
ბავშვის მაღალი სიცხის ან ტკივილის დროს მშობლები ხშირად ეძებენ სწრაფ გამოსავალს და რჩევებს როგორც ახლობლებისგან, ისე ზოგჯერ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისგანაც. თუმცა, ერთი შეხედვით „ნაცნობი და უწყინარი“ პრეპარატი შეიძლება სერიოზული საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს.
პედიატრი სალომე ახვლედიანი განმარტავს, რა მძიმე გართულებებთან არის დაკავშირებული ანალგინის გამოყენება ბავშვებში და რატომ არის ამ პრეპარატზე მრავალ ქვეყანაში შეზღუდვები დაწესებული.

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო პრეპარატი, რომელიც შეიძლება მისცენ ბავშვს მაღალი ცხელებისა და ტკივილის დროს. მას ხშირად ურჩევენ ახლობლები და სამედიცინო პერსონალიც კი.
ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულება აგრანულოციტოზი. ეს არის მდგომარეობა, როდესაც სისხლში იმ უჯრედების რაოდენობა მცირდება, რომლებიც ბაქტერიებს ებრძვის.
ამას შეიძლება მოჰყვეს მძიმე ინფექციები, სისხლის მოწამვლა და სიკვდილიც კი.

გარდა ამისა, ბავშვებში ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს წნევის მკვეთრად დაცემა, ღვიძლის დაზიანება და მძიმე ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსიაც კი. სწორედ ამ რისკების გამო, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ამ პრეპარატის გამოყენება აკრძალულია ან მკაცრად შეზღუდულია. ეს პრეპარატი ანალგინია," - გვაფრთხილებს ექიმი.
გააზიარე სტატია