რელიგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
დღეს პატრიარქის დაკრძალვის დღეა, 2026 წლის 22 მარტი, უახლესი ისტორიის ფურცელი, რომელზეც ეს თარიღი აღიბეჭდა.
წინა დღეს გულმა სიონისკენ გამიწია. ტაძარში შაბათის ლოცვის მსახურება სრულდებოდა. მგალობლები, პატრიარქის საგალობლებს, გულიდან წამოსული ხმებით ასრულებდნენ. სულ სხვა განზომილებიდან ამოსული სულიერი ბგერებით. "დავიღალე, მოდი, ჩემთან, უფალო" და "კირიე ელეისონ" განსაკუთრებით ემოციურად მოსასმენი აღმოჩნდა მრევლისთვის.
გალობდა სიონი, ტიროდა - ხალხი.
ტაძრის შუაგულში, ხატის გვერდით, ჩვენი პატრიარქის ფოტოა განთავსებული.

შუაგულში დგას დასასვენებლი ხის მაგიდა. მასზე მალე ღვაწლმოსილ და დაღლილ კათოლიკოსს დაასვენებენ.
სიონის საპატრიარქო ტაძარს ჩვენი პატრიარქის დასაკრძალად ამზადებენ. ტაძარი ირთვება ყვავილებითა და გვირგვინებით.
ტაძრის მოწყობის პარალელურად საფლავის მომზადება მიმდინარეობს. ბოლო დეტალებს გადიან.
"ალაგი, სადაც უწმინდესი დაიკრძალება არის განსაკუთრებული სიონის საპატრიარქო ტაძარში" - ამბობს მამა გიორგი ვაშალომიძე.
სიონში მეოცე საუკუნის რვა კათოლიკოს პატრიარქია დაკრძალული. პატრიარქი ილია მეორე კი დაიკრძალება საკურთხეველთან, კანკელის ზღვარზე. იქვეა ივერის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი დიდი ხატი და მისი კიოტი. ბევრჯერ გილოციათ, ალბათ, მის წინ... ხატი, რომელიც უწმინდესმა ათონელ ბერებს დააწერინა და სიონში, 1989 წლის შემდეგ დაბრძანდა.
ზღვა ხალხი მოაცილებს სამებიდან სიონში თავის პატრიარქს, ტაძარში იგალობებენ მგალობლები, მისი უწმინდესობის სამარხში ჩასვენება კი, დაახლოებით 16:30 საათზე დაიწყება.

ახლა კი საინტერესო სიურპრიზი - "ზმნამ" პატრიარქის საფლავზე მომუშავე ერთ-ერთი პიროვნების ექსკლუზიური ინტერვიუ მოიპოვა.
40 წლის ბექა ფარადაშვილი მოქანდაკეა. ის ჯერ ვერ აცნობიერებს, რა ისტორიულ პროცესთა ჯაჭვშია მოქცეული, თუ როგორ გამოარჩია უფალმა იმ ადამიანებთან ერთად, ვინც პატრიარქის საფლავის გამზადებაში მონაწილეობდა.

ბექას ფოტოს მისივე თხოვნით არ ვაქვეყნებთ. უდიდესი მადლობა მას ამ ინტერვიუსთვის და ემოციის გაზიარებისთვის.
ბექა ფარადაშვილი: მე მოქანდაკე ვარ. პატრიარქის საფლავის ქვაზე ვიმუშავე. მაღალი ხარისხის ბეტონით გავაკეთეთ სარკოფაგი. ახლა სარკოფაგის კედელს ვამაგრებთ.

- აცნობირებთ, რა სამუშაო შეასრულეთ?
- თან ვიაზრებთ და თან ვერც ვიაზრებთ. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. გულით და სულით ვიმუშავეთ. ვეცადეთ, კარგი გამოგვსვლოდა. ბევრნი ვართ, დილით დავიწყეთ და ვასრულებთ.
- ახლა ტაძარში პატრიარქის საგალობლები ისმოდა, მრევლი ტიროდა და ამ ფონზე მუშაობდით. რა ემოციას იწვევდა ეს თქვენში?
- პირველად არის ჩემს ცხოვრებაში გალობების ფონზე რომ ქვაზე ვმუშაობდი და თან პატრიარქის საფლავზე!.. ჯერ შოკში ვარ! სულ სხვა ემოციაა. ჯერ ზუსტად ვერ ვაცნობირებ, რა ხდება, რამხელა პროცესში ვმონაწილეობ.
- პირადად ხომ არ იცნობდით, ხომ არ შეხვედრიხართ უწმინდესს?
- არ ვიცნობდი, მაგრამ ჩემი მესამე შვილის ნათლიაა. რვა წლის წინ მონათლა. ჩემი შვილი ნათლულების მსვლელობაში მონაწილეობდა ორი დღის წინ.
- სამებაში პატრიარქთან დამშვიდობება მოახერხეთ?
- გუშინ მოვახერხე, შევედი და მერე სიონში წამოვედი.
- პატრიარქმა ასე გააერთიანა ერი, თურმე რამდენი ვართ! ამის შემყურე რას ფიქრობთ?
- პატრიარქს დიდი ღვაწლი აქვს. ხალხმა ასე, ერთ მუშტად შეკვრა რომ ვიცოდეთ, როგორც ეს დღეები შევძელით, ვერავინ დაგვძრავს. მდუმარედ დგანან და ზუზუნიც არ ისმის. სხვაგან ასე არ ვიქცევით, ქართველების ამგვარი, ემოციის გარეშე დგომა, ძალიან მიკვირს. მაგრამ სამებისკენ მიმავალი ხალხი მართლა სხვანაირად თავდაჭერილია. ეს პატრიარქის დამსახურებაა. მას პატივს სცემენ. ნამდვილად გლოვობს ერი. ერთმანეთს უთმობენ, ეხმარებიან, მოკრძალებით დგანან.
- ბექა, როგორ მოუყვებით შვილებს ამ ამბავს - სიონში, პატრიარქის საუკუნო განსასვენებელ ადგილზე, რომელიც სხვებთან ერთად, თქვენც გაამზადეთ?
- მაგას უკვე რამდენიმე დღეში, კარგად რომ გავიაზრებ და დავალაგებ, რა მოხდა, ამ იშვიათ ამბავზე, მერე მოვუყვები შვილებს...
- უფალმა გამოგარჩიათ.
- ისე არაფერი ხდება. არც ვიცოდი, ისე უცებ აღმოვჩნდი სიონში...
03/21/2026