კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
თამარა ჯობაძე - ჩვენს მეხსიერებაში ოლია მათხოვრის როლით შემორჩა ნანა მჭედლიძის დაუვიწყარი კინო ფილმიდან - "იმერული ესკიზები". მეგობარს ეს როლი რომ შესთავაზა, რეჟისორმა უარი მიიღო, თუმცა არ დანებდა, გადაგიღებ და შენი სახე შემორჩება ეკრანსო, ურჩია თამარას და მართლაც ასე მოხდა. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობს, ქართულ კინოში სხვა როლი აღარც შეუსრულებია. ალბათ, არ სთავაზობდნენ, ან ვინ იცის, სხვა შემთხვევაშიც ცივი უარით ისტუმრებდა რეჟისორებს...
თამარა ჯობაძე ქართველი კომიკოსისა და კინოს კაშკაშა ვარსკვლავის - იპოლიტე ხვიჩიას პირველი ცოლი გახლდათ...

ვებპორტალი "ზმნა" სრულიად ექსკლუზიურ ინფორმაციას გაწვდით; იპოლიტეს პირველი ქორწინება და სიყვარულის ისტორია, პირველად ჩვენთან ქვეყნდება. მანამდე მხოლოდ მშრალად იყო ცნობილი ის ფაქტი, რომ თამარა ჯობაძე და იპოლიტე ხვიჩია ცოლ-ქმარი იყვნენ.
თამარ ჯობაძეზე მედიაში პირველად ჰყვებიან...
გთავაზობთ ინტერვიუს მსახიობის დისშვილთან, ვახტანგ ლომიძესთან, რომელიც დეიდისა და ბიძის ცხოვრებაზე ბევრ საინტერესო დეტალს გვიყვება.
ვახტანგ ლომიძე: ძალიან დიდებული ქალბატონი იყო დეიდაჩემი. ლამაზი ქალი იყო და პირველი, რაც მისი თვისებებიდან შეიძლება გამოვყო, არის მისი პრინციპულობა.
დეიდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი გახლდათ და იქვე ცხოვრობდა ბაზართან, მსახიობების სახლში.
სანამ იპოლიტე და თამარა ცნობილები გახდებოდნენ, კოლეგები იყვნენ, ერთი დასის მსახიობები; დადიოდნენ რაიონებში და სპექტაკლებს თამაშობდნენ. შემდეგ უკვე პოპულარობაც მოვიდა. იპოლიტე ძალიან ცნობილი გახდა. სპექტაკლებმა დიდი პოპულარობა მოუტანა, განსაკუთრებით დიდ ინტერესს მის მიმართ ქალბატონები იჩენდნენ. სპექტაკლი რომ დასრულდებოდა, გამოსასვლელ კარებში ხვდებოდნენ და პირდაპირ იქიდან იტაცებდნენ. წარმოიდგინეთ, რა პოპულარული იყო და რა ხდებოდა თეატრის უკანა გასასვლელთან, სადაც ჩასაფრებული ელოდებოდნენ იპოლიტეს!

- ცხადია, ეს რთული ასატანი იქნებოდა ცოლისთვის.
- ცხადია. რომელ ცოლს მოეწონება ქმრის მისამართით ქალების ასეთი გაცხოველებული ყურადღება?! მერე როცა ნასვამი ბრუნდებოდა, ცოტა ხმამაღალი საუბარი იცოდა, ზოგჯერ გინებასაც გამოურევდა, ქართულად... ვინ არ იგინება?!
დეიდაჩემს არ სურდა, ბუნებრივია, რომ იპოლიტეს ქალებთან ასე თავისუფალი ურთიერთობები ჰქონოდა და მონადირე ქალბატონებს თეატრის გასასვლელ კარებთან თვითონ ხვდებოდა, იპოლიტეს არ ატანდა.
ნათელში ამყოფობას ღმერთმა ბიძაჩემიც და დეიდაჩემიც. ძალიან გახსნილად გიყვებით ამ ამბავს...
მოკლედ, თამარა კარებში იდგა და იპომ სხვა კარებიდან გაპარვა დაიწყო... ასე მოიქცა რამდენჯერმე და გაბრაზდა დეიდაჩემიც. ერთხელაც სახლში გვიან მისულ იპოლიტეს კარებთან ჩემოდანი დახვდა! აი, შენი ჩემოდანი, მიბრძანდი და იყავი იმ შენს ქალებთანო!
იპოლიტეს უთქვამს: თამარა, ნუ აკეთებ ამას, მერე ძალიან ინანებო! რახან დეიდა ძალიან პრინციპული ქალი იყო, უკან არ დაუხევია და გაუგდია ქმარი. ვფიქრობ, მაშინ ცხელ გულზე, ვერ იფიქრა, რომ მათი სიყვარული საბოლოოდ დაშორებით დასრულდებოდა. წავიდა იპოლიტე. წავიდა და მერე აღარც დაბრუნებულა თამარასთან. დეიდაჩემმაც თავი დაიფასა, თავმოყვარე იყო, თუმცა უნდა გითხრათ, ძალიან ინანა. ჯავრობდა ამ დაშორებას...
ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. მაგრამ არც ერთმა არ დათმო. მერე იპოლიტემ მეორე ცოლი შეირთო... ლუბა ქარქაშაძეც (მერჯანიძე) მსახიობი იყო. ერთმანეთი ქუთაისის თეატრში გაიცნეს. ლუბას მაშინ ქმარიც ჰყავდა და ქალიშვილიც, მაგრამ მათ შორის დიდი გრძნობა გაჩნდა... და ლუბამ სამსახიობო კარიერას თავი დაანება. იპოლიტეზე ყურებამდე შეყვარებულმა მთელი სიცოცხლე ქმარს მიუძღვნა. ისინი ყველგან ერთად იყვნენ.
დეიდა ძალიან ნანობდა თავის საქციელს, მაგრამ როგორც ამაყ ქალებს სჩვევიათ, არ ტყდებოდა. იპოლიტეს მონაწილეობით ფილმები რომ გადიოდა და ის ვარსკვლავი გახდა, ჩვენ ვატყობდით, დეიდა როგორი სინანულით უყურებდა ეკრანს, ძალიან განიცდიდა, ნანობდა თავის გადაწყვეტილებას. მაგრამ ჩვენთან ამას არ აღიარებდა. რომ შეგვატყობდა, მის დარდს ვამჩნევდით, გამომეტყველებას შეიცვლიდა, არ ტყდებოდა, არა, არაფერსაც არ განვიცდიო.

- საოცარი ამბავი გააცოცხლეთ. რამდენი წელი იცხოვრეს ერთად?
- დაახლოებით შვიდი-რვა წელი იცხოვრეს ერთად. შვილი არ ჰყოლიათ. მე ასე მგონია, იპოლიტე თვითონ იყო უშვილო.
- დეიდა არც გათხოვილა და არც არავინ ჰყვარებია?
- არა. ამ სიყვარულის ერთგული დარჩა. არ ტყდებოდა, მაგრამ ასე იყო.
დედაჩემი ავადმყოფი ქალი იყო, მამაც ადრე გარდაიცვალა და ჩვენ თამარა დეიდამ გაგვზარდა. თამარა იყო ჩვენი გამზრდელი. ჯარში ჩემი წასვლა არ შეიძლებოდა და კომისარიატს რომ არ გავეძახე, საქმის ჩასაწყობად, დეიდამ იპოლიტეს დაურეკა და თხოვა. დიდი სიამოვნებითო, უთხრა იპოლიტემ და ჩავედი თბილისში მასთან შესახვედრად. როდესაც იპოლიტეს შევხვდი, დეიდასთან გაყრის შესახებ ასე მითხრა - რა ვქნა ბიძია, მან თვითონ გამომაგდო სახლიდანო.
გულთბილი კაცი იყო. კარგად მახსენდება. უარს არ გეტყოდა დახმარებაზე. იუმორი ისეთი ჰქონდა... ეს ისედაც საქვეყნოდ ცნობილია. პაპაჩემთან, სურამში რომ ჩადიოდა, დილით გადიოდა ქუჩაში ყვირილით, აბა, ადექით, გაიღვიძეთ, ხალხო, იპოლიტე ხვიჩია ჩამოვიდაო. ასე იქცეოდა ჩვენთანაც, ჯავახეთში. კომიკოსი იყო. უყვარდა ხალხი...
დეიდა გაყრის შემდეგ აღარ შეხვედრია. ჩვენი თავმოყვარე თამარა დეიდა... ერთხელ უსამართლობის გამო, თამარამ მილიციელსაც კი სცემა. ომის დროს პურის რიგში, ეს მილიციელი თავის ნათესავებს ურიგოდ ატარებდა, თურმე. დეიდამ საყვედური რომ უთხრა, მილიციელს უთქვამს, ქალბატონო გეჩერდი, თორემ დღეს პურს საერთოდ ვერ მიიღებო... ზუსტად ამ სიტყვების გამო სახეში ურტყა მილიციელს. მერე უჩივლა მილიციელმა. იყო სასამართლო. და რომ არა ერთი პატარა ბავშვის ჩვენება, თამარას იჭერდნენ. ეს ქალბატონი მართალიაო, უთქვამს ამ ბავშვს მოსამართლისთვის. მე მას თეატრიდან ვიცნობ, მსახიობია, წითელქუდაში თამაშობდაო. და მოუყოლია რაც მოხდა პურის რიგში. მოკლედ, ამ ბავშვის ჩვენებამ რეალურად ციხეს გადაარჩინა.

- და მთელი ცხოვრება ქუთაისში მარტო იცხოვრა?
- დიახ. მთავარი ბაზრის თავზე, მსახიობების სახლში მარტო ცხოვრობდა...
თითქოს ნელ-ნელა ჩამოშორდა მსახიობობას. არ ვიცი, რამდენად არის ეს ოჯახის დანგრევასთან კავშირში, თუმცა ფაქტია, რომ აღარც თეატრში თამაშობდა.
იპოლიტე დაახლოებით ერთი წლის გარდაცვლილი იქნებოდა, როდესაც დეიდას ასეთი რამ შეემთხვა: მათ ეზოში ქორწილი ჰქონია მეზობელს. ზამთარი იყო და ეზოს ონკანი ყინვას გაეყინა. თამარას მეზობლებისთვის უთქვამს, მომეხმარეთ, ეს ყინული გავალღვოთ და ავიღოთ, მექორწილეები რომ მოვლენ, სტუმრები არ დაცურდნენო. არავინ მიხმარებია, თვითონ დაუმტვრევია ყინული, მარტო ეზიდებოდა თურმე და წელების გადახლართვა დამართნია. გაურთულდა, იავადმყოფობა და სიკვდილის წინ ექიმებისთვის უთხოვია, ახლა გადამარჩინეთ, ნუ მომკლავთ, თორემ იტყვიან, იპოლიტეს სიკვდილი იჯავრა და მას უკან მიჰყვა, ასე მალე იმიტომ გარდაიცვალაო.
- კარგით რა. ანუ სიკვდილის წინაც იპოლიტეზე ფიქრობდა... მწარედ აჩნდა იარა, რაც ქმართან გაყრამ დაუტოვა. საოცარი სიყვარულის ისტორია მიამბეთ.
- თამარა რომ გარდაიცვალა, შეიძლება არც იყო იპოლიტეს გარდაცვალებიდან ერთი წელი გასული. დეიდა სურამში, საგვარეულო სასაფლაოზეა დაკრძალული.
გულკეთილი ქალი იყო. მე და ჩემი ძმები მისი გაზრდილები ვართ. ჩვენზე ზრუნავდა.

- რომ არა "იმერული ესკიზები", მისი სახე არც შემოგვრჩებოდა...
- მე როგორც მახსოვს, არ სურდა ფილმში გადაღება. ნანა მჭედლიძე მისი მეგობარი ყოფილა და რაღაცნაირად დაუყოლიებია და მაინც გადაუღია ოლია მათხოვრის როლში. თამარა შენი სახე დარჩება ამ ფილმში, დამთანხმდიო და მართლაც ასე მოხდა.

- ახლა ვფიქრობ, ამ მარტოსული ქალის როლი შემთხვევით არ მიუცია ნანა მჭედლიძეს მისთვის.
- შესაძლოა... სხვაგან არსად გადაუღიათ. მიზეზს ვერ გეტყვით, შესაძლოა, არც რეჟისორებს ჰქონიათ შეთავაზებები მისთვის. მე ის მიკვირს, თამარა ჯობაძით რომ დაინტერესდით და მასზე გსურთ სტატიის დაწერა. ღმერთმა სიკეთე მოგცეთ. გაიხარეთ მისი მოგონებისთვის. მადლობა...
- მადლობა თქვენ ამ საოცარი ამბის მოყოლისთვის...
- აცხონოს უფალმა თამარაც და იპოლიტეც. მადლობა...

12/12/2025