კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ნოდიკო ტატიშვილი შვიდ ნოემბერს ქალიშვილის მამა გახდა და ფეისბუქზე ამ სიახლის დაპოსტვით, სრულიად ერი შოკში ჩააგდო. პირადი ცხოვრება კარგად დამალა და ყველას გამოაპარა. გამოუვიდა კიდეც.
საყვარელი ქალის არსებობის შესახებ ინფორმაცია რომ ტაბლოიდურ გამოცემებს დაუმალა, გასაგებია კიდეც. მაგრამ მისმა კოლეგებმა და შოუბიზნესის წარმომადგენლებმაც კი არაფერი იცოდნენ და გაოცებისგან "პირდაღებულნი" ულოცავდნენ მომღერალს პატარა კესანეს დაბადებას.

"დაიბადა მამას გოგო - კესანე ტატიშვილი", დაწერა ნოდიკომ და მოგვიანებით ამ ფრაზის გასწვრივ გაჩნდა სახელი და გვარი - თათია ერქვანიძე. მომენტალურად "დაიპყრეს" და "აიღეს" თათიას ფეისბუქი ცნობისმოყვარეებმა.

გოგო ჯობია თუ ბიჭი - ატყდა სჯა-ბაასი. მცირერიცხოვან ერში უფრო დიდი გამადიდებელი შუშით ჩანს ყველაფერი, ჭორაობაც, განსჯაც, სხვისი ცხოვრებით დაინტერესებაც...
მოკლედ, სასურველმა სასიძომ არჩევანი ექიმ თათია ერქვანიძეზე შეაჩერა. როგორც მომღერალი გამოცემა "ზმნასთან"ექსკლუზიურად გაკეთებულ კომენტარში ამბობს, ორ წლიანი ურთიერთობა კესანემ დააგვირგვინა.

ნოდიკო ტატიშვილი: დავრწმუნდი, რომ ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. მე და თათია სიხარულისგან გადარეულები ვართ. ენით აღუწერელი წუთები გამოვიარეთ ორივემ, როცა ჩვენი კესანე დავინახეთ.
საოცარი გოგოა ჩემი თათია, თბილი, კეთილი, დაფოფინებს კესანეს.
ძალიან დიდხანს ვმალეთ ჩვენი ურთიერთობა და გამოგვივიდა კიდეც.

პრაქტიკულად ოჯახის წევრებმა და ძალიან ვიწრო წრემ იცოდა ჩვენი ამბავი და ვაფასებთ მათ ერთგულებას, რომ არ გათქვეს ჩვენი საიდუმლო.
თქვენი პორტალის საშუალებით, თითოეულ ადამიანს მინდა ვუთხრა დიდი მადლობა მოლოცვისთვის და ჩვენი ბედნიერების გაზიარებისთვის.
ჩემ კესანეს და ყველა ბავშვს ვუსურვებ ბედნიერ, გაბრწყინებულ, თავისუფალ, ევროპულ საქართველოში ცხოვრებას!
11/08/2025