
10/21/2026
ცოტა ხნის წინ, "სარბიელის" პოდკასტში სტუმრობისას, ვეტერანმა ფეხბურთელმა - დავით გოგიამ ცოლზე - ხათუნა კოტრიკაძეზე, საჯაროდ, პირველად ისაუბრა. პირველად, 50 წლის მანძილზე. და მას თავად მოუნდა ეღიარებინა და ხმამაღლა მოეყოლა ის, რაც საზოგადოებას აინტერესებდა; მაგალითად, მართლა იყო თუ არა მისი ბრალი პოპულარული და ვარსკვლავად ქცეული ცოლის გაუჩინარება და ოჯახურ იზოლაციაში მოქცევა.
ინტერვიუს დროს შევნიშნე, რომ ლეგენდარული მეკარე სინანულშია და ცოლის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ, მას კითხვებზე პასუხის გაცემა მოუნდა. ცოლის, რომელიც კინოეკრანზე 17 წლის ასაკში ამობრწყინდა და თან იმ დროს, როცა წინ მომხიბლელი და ბრჭყვიალა კარიერა ელოდა, მოულოდნელად დაიკარგა...

78 წლის დათო გოგია "ზმნასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მათ მოილაპარაკეს, რომ ხათუნა კინოს და გადასაღებ მოედანს უნდა გამომშვიდობებოდა, სანაცვლოდ კი, ქმრისგან არაფერი მოაკლდებოდა. უცნაურია, რომ ფილმებს, რომელზეც ერი შეყვარებულია და ტელევიზიით ხშირად გადიოდა, გოგიების ოჯახში არ უყურებდნენ. როგორც რესპონდენტი მიყვება, ხათუნას "მხიარული რომანი" და "მოიტაცეს თამარ ქალი" აღარც უნახავს.
სინანული კი, ნამდვილად გამოვიცანი. მართალია, ფეხბურთელი შვილისა და შვილიშვილების გარემოცვაში ცხოვრობს, თუმცა ცოლზე ფიქრითა და დარდით; სინანულის განცდით, რომ ხელის გულზე სატარებელი ლამაზი ცოლისთვის მიყვარხარო არასდროს უთქვამს და... ის კომპლიმენტებით არ გაუნებივრებია.
მაშ ასე, ექსკლუზიური ინტერვიუ გამორჩეულ გოლკიპერთან - დავით გოგიასთან.

დავით გოგია: ხათუნა ჩემი მწვრთნელის, ალიოშა კოტრიკაძის ქალიშვილი იყო. მე მასზე შვიდი წლით უფროსი ვარ. ფეხბურთის თამაში რომ დავიწყე, 18 წლის ვიყავი. ასე რომ, მწვრთნელისგან ვიცნობდი მის პატარა, წრიპა გოგოს. გორის "დილაში" რომ ვთამაშობდი, ალიოშას ზაფხულობით ჩამოყავდა შვილები გორში. სათამაშოდ ლანჩხუთსა და ბათუმში რომ მივდიოდით, სამტრედიაში, ჩემს სახლში შევივლიდით, სადაც სუფრა იშლებოდა. იქაც იყვნენ - ხათუნა და მისი ძმა, გია.
მწვრთნელის შვილს „სხვანაირად“ როგორ შევხედავდი. მერე გავიდა დრო, მე უკვე "დინამოში" ვთამაშობ, მანქანა მომცეს, ფურგუნი ჟიგული, სინგაპურიდან ჩამოტანილი მაქვს "სონის" მაგნიტოფონი, კარგი კასეტებით. უკვე ცნობილი მეკარე ვარ. ამასობაში ხათუნა ჯერ გადაიღეს „მეთხუთმეტე გაზაფხულში“ – 15 წლის ასაკში. ამას მოჰყვა „მოიტაცეს თამარ ქალი“ და „მხიარული რომანი“.


დამირეკა ხათუნას დედამ, თუ გცალია, გამოგვიარე და წაგვიყვანე კინოსტუდიაში, ახალი ფილმის დახურული ჩვენებააო. გავუარე ორთაჭალაში და წავედით. კინოეკრანზე გამოშვებამდე „მხიარულ რომანს“ უყურებდა კინოსტუდიის კომისია. ვნახეთ, მივულოცე და წამოვედით. უკან, გზაში ხათუნამ მთხოვა, დათო, მანქანის ტარებას მასწავლიო? ამ დროს მე ჩემი საქმეები, ჩემი გასართობები მაქვს, არადა, ჩემი მწვრთნელის ქალიშვილია, უარს ვერ ვეტყვი. ბიძა, სერგო კოტრიკაძეც მეორე მწვრთნელი იყო, ისიც მავარჯიშებდა. მოკლედ, მოვიცალე, სადაც ნაკლები მოძრაობა იყო, იქ დავსვამდი საჭესთან და ვასწავლიდი ტარებას. მივდიოდით, ხან მცხეთაში, ხან - აფრიკაში. ტარებაც ისწავლა. ამასობაში ნაკრები შეკრებაზე ლესელიძეში წავედით. იქ 20 დღე ვიყავით. ერთ დღესაც მეუბნებიან, თქვენთან წერილიაო. მომაწოდეს და კონვერტზე ვკითხულობ - ხათუნა კოტრიკაძისგან. მწერდა, მომენატრა მანქანის ტარება, როდის ჩამოხვალო.
- გაოცდით? ანუ გამოდის, გრძნობაში ირიბად გამოგიტყდათ?
- რა გითხრათ. ასე იყო. დიახ, გამიკვირდა, თუმცა რომ ვთქვა, მესიამოვნა-მეთქი, არ ვიქნები მართალი. მე მაგ თვალით არ ვუყურებდი. უბრალოდ გამიკვირდა. მერე თბილისში რომ ჩამოვედი, ერთმა მეგობარმა მითხრა: ბიჭო, მაგ გოგოს, მანქანაში რომ გიზის, დასდევს მთელი თბილისი და ეგ შენ არ იციო? არა, რატომ უნდა ვიცოდე-მეთქი? აბა, კარგად დააკვირდი და მიხვდები, რატომ უნდა იცოდეო... და აი, მაშინ შევხედე სხვა თვალით. და შევამჩნიე, რომ უკვე მოწიფებული გოგოა, რომელიც თავის ამბებს გულახდილად მიყვება.

მოტაცებას უპირებდნენ, ვიღაცები დასდევდნენ და ხათუნას მამა და ბიძა მილიციაში დარბოდნენ. ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა. სხვათა შორის, ახლა და ახლა მეუბნებიან ჩემი ხნის და ჩემზე ცოტა უმცროსები, ხათუნაზე შეყვარებულები ვიყავითო.
თვითონ ხათუნა მიყვებოდა, რომ ვერ იტანდა ისეთ ბიჭებს, რომლებიც მშობლების კმაყოფაზე იყვნენ და ცოლის მოყვანაზე ფიქრობდნენ. ისეთი მეუღლე უნდოდა, რომელიც დამოუკიდებლად შეძლებდა მის შენახვას. გახსნილად მიყვებოდა თავის დამოკიდებულებებზე, თავის სურვილებზე და უკვე, როგორც ქალს, ისე შევხედე.
და1973 წელს ვიქორწინეთ... მაგრამ ქორწილი არ გვქონია.
იმ დროს უეფაზე, საკავშირო პირველობაზე ვთამაშობდით, ყოველ მესამე-მეოთხე დღეს თამაში იყო. ნუგზარ ფოფხაძე კომკავშირის ცეკას პირველი მდივანი იყო და ალიოშა კოტრიკაძეს უთხრა, პარმენიჩ, ეს ისეთი წყვილია, ორივე ცნობილი და პოპულარული, რომ კომკავშირულ ქორწილს გადავუხდი, უარი არ მითხრა, ხარჯებს ჩვენ დავფარავთო. როდის მოვასწროთ, როცა ყოველ მესამე დღეს თამაშიაო, უპასუხა ჩემმა სიმამრმა. ასე რომ, ქორწილი არ გვქონია. ხელი მმაჩის ბიუროში მოვაწერეთ. 18 წლამდე არ შეიძლებოდა ხელის მოწერა. და როცა სრულწლოვანი გახდა, მოვაწერეთ. მალევე გაგვიჩნდა გოგა.

ცოლი რომ შევირთე ორ ოთახიანი ბინა მოგვცეს საბურთალოზე, ტაშკენტის და ბუდაპეშტის კვეთაზე მდგარ სახლში. მერე შვილი რომ შეგვეძინა, სამ ოთახიანი უნდა მოეცათ. ცოტა ხნით ხათუნას მშობლებთან გადავედით, რომ ბავშვის გაზრდაში მოგვხმარებოდნენ. ხათუნა პატარა იყო და დახმარება სჭირდებოდა. ორთაჭალაში, ძეგლთან ცხოვრობდნენ კოტრიკაძეები. მე და ხათუნა კინოში, გვიან სეანსს რომ დავესწრებოდით და შემდეგ სახლში მოვიდოდით, უკვე ლიფტი აღარ მუშაობდა, ამიტომ ხელში ავიყვანდი და სირბილით ავდიოდი კიბეზე. ჩემთვის ვარჯიში იყო.
1974-75 წლებში ტრავმები მიეწყო, შემჭამა. არგენტინიდან რომ ჩამოვედი, თავი დავანებე ფეხბურთს. ნოდარ ახალკაციშვილს ვაწყენინე, ერთი მეკარის ამარა დავტოვე და მაგრად გაბრაზდა. ახლა ვფიქრობ, რომ არ უნდა წამოვსულიყავი ასე. მაგრამ გადაღლილი ვიყავი.

მერე რაღაც პერიოდი მილიაციაში ვმუშაობდი. 90-იანი წლების დასაწყისში რიტუალების სასახლეში მეგობრებმა გახსნეს კოოპერატივი. პოლონელებთან თანამშრომლობდნენ. პოლონელებს ჩამოჰქონდათ ამერიკული მალბორო და ქილის ლუდი, ჩვენ უნდა მიგვეცა თხილი და მანდარინი. მოკლედ, მეგობრებმა მეწილედ ჩამსვეს. კარგი ფული შემოდიოდა.
ხათუნას მანქანის ტარება ძალიან უყვარდა. მისთვის მე არასდროს არაფერზე უარი არ მითქვამს. რაც უნდოდა ყველაფერი ჰქონდა. 1981 წელს საქართველოში სამ-ოთხ ქალს რომ ჰყავდა მანქანა, ვუყიდე 05, რომელსაც რატომღაც "ლინძგი" დაარქვა. დაუწუნა ძრავი, შენი მანქანა რომ დადის, ისე სწრაფად ჩემი არ დადისო. სპეცშეკვეთით "ნივის" ძრავი ჩამოვატანინე. ჩავუყენე და დადიოდა.
ერთი რუსი გენერალი, რომელიც ჩემს მეგობართან მეგობრობდა, ერთხელ ამბობს, საქართველოდან გაგვყარეს, ჰოლანდიური ჯიშის ექვსი ძროხა მყავს, სამი მაკეა და ხომ არავის უნდაო. მოვედი სახლში, ხათუ, ძროხები ხომ არ გინდა-მეთქი, სასხვათაშორისოდ ვკითხე. მიყიდიო? მაყიდინა. გადავედით დიღომში, კერძო სახლში. ჩემმა სიმამრმა ძროხებს ბაგები გაუკეთა, ხის იატაკით, დასაბმელით. ხათუნამ სახელები დაარქვა. პირველად ხბო გიშერამ მოიგო. მოწველა მეზობლის ქალებმა ასწავლეს, მაგრამ ხელები ეტკინა, გაუშეშდა. აიყვანე დამხამრე ქალი-მეთქი, ვუთხარი და საწველი აპარატის საყიდლად თურქეთში წავედი. სტამბულში ძლივს ვიშოვე, 350 დოლარად ვიყიდე.
იმ დროს, ხომ გახსოვთ, ჩვენთან შუქი ქვრებოდა. მაგრამ დიღომში ისეთ ხაზზე ვიყავით, ნაკლებად ითიშებოდა. გენერატორი ვიყიდე და... ძროხები იგებდნენ ხბოებს. აპარატი დღეში 80 ლიტრამდე რძეს წველიდა. ხათუნა კი აკეთებდა რძის პროდუქტებს. მზადდებოდა მაწონი, კარაქი, ყველი, ხაჭო, ნადუღი... მერე ვარიგებდით, აბა, სად გაიყიდებოდა? მე ფულს ვხარჯავდი. ძროხები ბაგურ კვებაზე იყვნენ, საკვებს ვყიდულობდი.
ხათუნა ძროხებს სახელებით მიმართავდა. თავის სახელს რომელიც გაიგონებდა, ის წამოდგებოდა, მხარზე და კისერზე თავს უსვამდნენ.
ყველაზე დიდ შრომას ხათუნა ეწეოდა. რატომ აიკიდა ამხელა ტვირთი, არ ვიცი. შვიდი წელი გვყავდა ძროხები, მერე დაიღალა და გავყიდეთ.
მოაშენა ფეხბუმბულა ქათმები. კალთაში ახტებოდნენ და ხელით აჭმევდა. ბაღში მოჰყავდა ბოსტნეული. სულ საქმიანობდა, მაგის გაჩერება არ იყო.
- სამსახურში არ უმუშავია?
- ბიოლოგიის ფაკულტეტი რომ დაამთავრა, ბაქტერიოფაგში გაანაწილეს. იარა ცოტა ხანი და მერე თქვა, მიყურებენ და უხერხულ მდგომარეობაში ვარ, არ მინდა იქ სიარულიო.
- რეჟისორები არაფერს სთავაზობდნენ?
- "არმენფილმი", "ყაზახფილმი" - უგზავნიდნენ სცენარებს. თუ მოგეწონებათ, გათამაშებთო. ხათუნა წაიკითხავდა, მერე მე წამიკითხებდა და იტყოდა, ნახე, რა დებილობაა, აბა, შენ მოგწონსო? იწუნებდა როლებს. როგორც ლამაზ ქალს სთავაზობდნენ საყვარლის და თავისუფალი ქალის როლებს...
- ცხადია, ქართველ ქმარს ეს არ მოგეწონებოდათ და უარს ეტყოდით თამაშზე.
- რა საკვირველია. არც მას მოსწონდა ეს როლები. იცით, მას თავისი გრაფიკი ჰქონდა. გადაღების დროს კი, იცით, რეჟიმია. ხათუნა ღამით საქმიანობდა, საჭმელს მაშინ ამზადებდა, ჩვენ რომ დავიძინებდით. მაშინ ალაგებდა. ჭოტი ვარო, ამბობდა და ღამღამობით საქმიანობდა. დილას უნდა გამოეძინა. მზეს ვერ იტანდა, არ გადიოდა მზეზე.
ამბობდა, ცუდი რა მაქვს იცი? ჯიუტი ვარ და ჩემ თავს ვერ ვერევი, რა ვქნა, ასეთი ამიტანეო. დედ-მამის რჩევა არ გაუთვალისწინებია და რეჟისორის მითითებებს აიტანდა? მე რომ ვეტყოდი, ეს ასე გადადე-მეთქი, მას თუ უნდოდა, არ გადადებდა.
- რატომ გავრცელდა ხმა, რომ კინოკარიერა თქვენ დაუბლოკეთ? კვამლი უცეცხლოდ არ არის, არის ასეთი გამოთქმა.
- ასე აწყობდათ და ხმა გაავრცელეს. ყველას ეგონათ, რომ მე ვიყავი დესპოტი.

- არ ბრაზობდით?
- რატომ უნდა გავბრაზებულიყავი? რასაც არ ვაკეთებდი, იმაზე რატომ მეშალა ნერვები? გაბრაზდები და გაითვალისწინებ იმ შემთხვევაში, როცა მართლა ხარ იმის გამკეთებელი, რასაც შენზე ამბობენ. ვთვლიდი, რომ ყველა, ვინც ამას მაბრალებს, იდიოტია. არ მიცნობს და ჩემზე ამას ლაპარაკობს. მაგრამ ნაცნობს რომ ჩემზე მსგავსი რამ ეთქვა, იმაზე გავბრაზდებოდი.
- სიდედრმა ხომ მისცა ინტერვიუ, სადაც თქვა, რომ თქვენ არ გსიამოვნებდათ ხათუნას მიმართ არსებული დიდი ინტერესი. და რომ ამიტომ მოწყვიტეთ ის საზოგადოებას და ჩაკეტეთ.
- გეტყვით. ხათუნა მაგ ინტერვიუს გამო დედამისს შვიდი თვე არ ელაპარაკებოდა და სახლში არ უშვებდა. უთხრა, გგონია მაგ ინტერვიუთი დათოს მიაყენე შეურაცხყოფა? მე გამომიყვანე იდიოტი, რომ თითქოს ასეთ რამეებს ვიტან დათოსგანო.
ჩემი სიდედრი კარგი მზარეული იყო, მიყვარდა მისი მომზადებული ალუბლის „ვარენიკები“ და სულ მიმზადებდა. რასაც დამავალებდა, ვუსრულებდი, მაგრამ საკმარისი იყო, რამე ვერ გამეკეთებინა, ან დამეგვიანებინა შესრულება, უკვე ბრაზობდა. აი, ზუსტად იმ დროს ჩაწერა ჟურნალისტმა მასთან ინტერვიუ, როცა ჩემზე იყო გაბრაზებული. და ჩემზე სისულელები ილაპარაკა.
- ანუ ამბობთ, რომ ხათუნას არანაირი აკრძალვა თქვენგან არ ჰქონია...
- არანაირი.
- როგორ უმკლავდებოდით ქუჩაში მისკენ მიმართულ უზარმაზარ ყურადღებას?
- თქვენ კარგად უნდა გამიცნოთ და მერე დარწმუნდებით, რომ მე მართალი ვიყავი. ხათუნასაც უნდა იცნობდეთ და დასკვნა მერე გააკეთოთ.
მე ვიცი, ბევრ გამოჩენილ კინოვარსკვლავს ოჯახის გულისთვის კარიერა მიუტოვებიათ.
- თქვენ არ გითქვამთ ხათუნასთვის რამე საინტერესო როლს თუ შემოგთავაზებენ, ითამაშეო?
- არა, მსგავსი რამ არ მითქვამს.
- ალბათ, არ გსურდათ, რომ მას ეკრანზე კიდევ გაებრწყინა.
- როგორ იყო, იცით. ეს ის დრო იყო, როდესაც მე აქტიურად ვთამაშობდი ფეხბურთს და გასვლები მქონდა. ხათუნა რომ გადაღებებზე წასულიყო, შვილს ხომ უნდოდა მომვლელი? ჩვენ ასე მოვრიგდით, ხათუნა არ ითამაშებდა და სანაცვლოდ უნდა ჰქონოდა ყველაფერი, რასაც კი მოისურვებდა.
- გულისწყვეტა არასდროს ჰქონია? არ დაუჩივლია?
- არასდროს. დაქალებთანაც არ დაუჩივლია, კინოზე გული მწყდებაო. არ უყვარდა კაფეში, რესტორანში, თეატრში სიარული, ანუ ყურადღების ქვეშ მოქცევა. ეუხერხულებოდა. და როდესაც გამოელაპარაკებოდნენ, თქვენ ხათუნა კოტრიკაძე არ ხართო, არაო, მაშინვე პასუხობდა; მამსგავსებენო. დეზერტირების ბაზარში ერთი-ორჯერ წავიყვანე, მე მანქანაში ველოდებოდი. მოდურად რომ ეცვა და გარეგნობაც არა ქართული ჰქონდა, უკან ეკიდებოდნენ. მითხრა, დამსდევენ და არ მინდა ბაზარში სიარულიო. ასე რომ, ბაზარში სიარულიც მიატოვა და მე მომქონდა პროდუქტი. ჩამომიწერდა რისი ყიდვა უნდოდა და მე ვყიდულობდი.

ხალხში გასვლას ერიდებოდა, ყურადღება არ მოსწონდა. ინტერვიუებზე უარს ამბობდა. გადაცემები სთავაზობდნენ - ჩვენ ჩაგაცმევთ, გამოგაწყობთ, ოღონდ მოდით სტუმრადო. ეგონათ, რომ ჩასაცმელი არ ჰქონდა და თავს ამიტომ იკავებდა გადაცემაში სტუმრობისგან. გარდერობი სავსე ჰქონდა. ლამაზად იცვამდა. ვერ ცვეთდა სამოსს და ფეხსაცმელს, რადგან ბევრი ჰქონდა. ამბობდა, იმაზე საუბარს მომთხოვენ, რაზეც მე არ მინდა ლაპარაკი და ის, რაც მე მაინტერესებს, არ მკითხავენო.
- რა აინტერესებდა?
- ზვიად გამსახურდიას პერიოდში ბიბლიას ჩაუჯდა. მეუბნებოდა, ბიბლიას მეორედ რომ კითხულობ, სულ სხვა განცდა გეუფლება, მესამედ კიდევ უფრო მეტს და მეტს იგებო. თითქმის ზეპირად იცოდა თავები ახალი აღთქმიდანაც, ძველიდანაც. ჩემი ტაძარი ჩემი გული და სულიაო, ამბობდა. უფალი ჩემშია და მასთან პირდაპირი ურთიერთობა მაქვსო. ბოლო სამი წელი კი, კვანტურ ფიზიკას სწავლობდა. რელიგიიდან გამომდინარე, სურდა კვანტურ ფიზიკას ჩაწვდომოდა. ამ დარგის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ უფალი არსებობს; ძალა, რომელიც ყველაფერს განაგებს. უფალზე იყო შეყვარებული. პირველად უყვარდა უფალი, შემდეგ შვილი და სამშობლო. მზად იყო ამ სამის გამო თავი გაეწირა. მსოფლიო ლიტერატურას ბავშვობიდან კითხულობდა. გათხოვებამდე ჰქონდა კლასიკა წაკითხული. სულ კითხულობდა.

- როგორი იყო შინ? რა უყვარდა, რა გატაცება ჰქონდა?
- როგორც უნდოდა, ისე ცხოვრობდა. სულ ფორმაში იყო. გემრიელად ამზადებდა. რეცეპტების წიგნები ჰქონდა რამდენიმე, ხელითაც წერდა რეცეპტებს. ქსოვდა პროფესიონალურად. იაპონურ ქსოვას დაეუფლა.
- რახან არ ჩანდა, საზოგადოებამ არ იცის, როგორ გამოიყურებოდა ასაკში.
- ცოტა მოიმატა წონაში და ნერვიულობდა, 70 კილომდე რომ ავიდა.
ჩემთვის მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალია. მისი ყველაფერი ვიცოდი, ფეხის თითიდან დაწყებული - თმის ღერამდე დამთავრებული. მისი პატარა ფეხი... ულამაზესი ხელის მტევანი ჰქონდა. თხელი და გრძელი ხელის თითები... ბეჭდებს წამოიცვამდა. სახლში მაკიაჟს ორჯერაც კი იკეთებდა. პურზე აუცილებლად მაკიაჟით გავიდოდა. შვილიშვილს, მარიამს ეჩხუბებოდა, მოუწესრიგებელი გასვლა როგორ შეგიძლია გარეთო. სულ ფორმაში იყო, თავს უვლიდა. ბევრ ფულსაც ვხარჯავდით კოსმეტიკურ საშუალებებში. ყიდულობდა ფრანგულ საცხებს, თვალის გარშემო წასასმელ ნაოჭსაწინააღმდეგო კრემებს. იპოვა ქალი, რომელიც კარგ საცხებს ამზადებდა და ხმარობდა. ერთი ნაოჭი არ ჰქონდა არც სახეზე და არც კისერზე. თავისუფალ დროს სარკეში ყურებაში ატარებდა.

არასდროს ხმარობდა უწმაწურ სიტყვებს, არ იწყევლებოდა. არავინ არ დაუწყევლია, მტერიც კი. არ არსებობდა რაიმე ცუდი სიტყვა დაცდენოდა, გინებაზე ლაპარაკიც არ არის.
- მძიმე სენი როგორ შემოიპარა მის ცხოვრებაში?
- გეტყვით. დიღმის სახლში ათი წელი არ იყო ნამყოფი. აიჩემა, წავიდეთო. წავედით, შვილიშვილები წავიყვანეთ. ზაფხული იყო. ჩრჩილს შეჭმული ჰქონდა პალტოები, ხალიჩები, საბნები - ყველაფერი... გადავყარეთ ეს შეჭმული ნივთები. დავალაგეთ მთელი სახლი. დიდი შრომა დაადგა. დიდი, სახლის ფართობის სარდაფი გვაქვს, რომელიც იმ დროს, როცა იქ ვცხოვრობდით, სავსე იყო მისი ნახელავებით, რასაც ზამთრისთვის ამზადებდა: იქ გვქონდა კომპოტები, საწებლები, მწნილები, მურაბები... მოკლედ, უზარმაზარი სახლი დავალაგეთ, მერე ეზოც მოვაწესრიგეთ. ექვსი მანქანა მოჭრილი ხეები გავიტანეთ. ხელჩართული შრომობდა. მას ჩემზე მეტი ძალა ჰქონდა. ტრავმების გამო, მე ვერ ვწევდი სიმძიმეებს, სულ ხათუნა ეზიდებოდა. მოკლედ, გადაიღალა. დავბრუნდით ისევ სახლში.
და უცებ შეწყვიტა ჭამა, ვერ ჭამდა. რამეს რომ შეჭამდა, უკან იღებდა. ინტერნეტში მოიძია და აღმოაჩინა, რომ ეს იყო კუჭის იშვიათი დაავადება. კუჭი მცდარ ინფორმაციას აწვდის ტვინს. სამი თვის მანძილზე დღიურად მხოლოდ სამ კოვზ წიწიბურას იღებდა. გაებერა მუცელი. დავიყოლიეთ და წავედით კლინიკაში, 14 ლიტრა სითხე ამოუღეს მუცლიდან. მერე კი, ტომოგრაფიაზე აღმოჩნდა, რომ საკვერცხეზე სიმსივნე ჰქონა... პროფესორმა თქვა, ეს ადვილი მოსარჩენიაო და დაიწყო ქიმიით მკურნალობა. მაგრამ უჭმელობისგან დაუძლურებულს, 25 კილო ჰქონდა დაკლებული. ორმა ქიმიამ ეს დასუსტებული ორგანიზმი, კიდევ უფრო დაასუსტა. და ლოგინად ჩააგდო. დიაგნოზის გაგებიდან სამ თვეში გათავდა ქალი.
გარდაცვალების წინა საღამოს ტკივილგამაყუჩებელი გავუკეთე. უნდა დავიძინოო, თქვა და დაწვა. დილით ვკითხე, გინდა რამე-მეთქი და ხმას არ მცემდა. გამოვიძახეთ სასწრაფო და... გარდაცვლილიაო, გვითხრეს...
ჭირის დროს, რაღაცნაირად თავი ხელში ამყავს. ჩემი შვილი სულ მოიშალა...
15 თებერვალი იყო, მირქმის დღესასწაული. ასე წაიყვანა უფალმა ხათუნა ზეცაში.
68 წლის იყო.
51 წელი ვიცხოვრეთ ერთად...
ავადმყოფი და წასასვლელი მე ვიყავი, ხათუნა ჯანით სავსე იყო, შესახედადაც, ფიზიკურადაც.
მარტო დარჩენილი კაცი ცოდოა. ორჯერ გავიკეთე ოპერაცია. ხელოვნური სახსარი მაქვს.

- რაიმეს შეცვლა რომ შეგეძლოთ...
- შეცვლით არაფერს შევცდლიდი, მაგრამ ვნანობ, ბევრჯერ რომ არ მითქვამს მისთვის საჭირო სიტყვები.
- მაგალითად, მიყვარხარ?
- არასდროს მითქვამს - მიყვარხარ. სიყვარული საქმით უნდა დაამტკიცო და მე ვუმტკიცებდი, რაც უნდოდა, ყველაფერი ჰქონდა.
- აბა, რას ნანობთ?
- კი, ყველაფერს ვუკეთებდი, მაგრამ ტკბილ სიტყვებს, რომ არ ვეუბნებოდი, რომ არ მითქვამს - მიყვარხარ და შენზე ვგიჟდები-მეთქი, ამას ახლა ვნანობ. ვნანობ, რომ არ მითქვამს, შენზე ლამაზი ქალი მსოფლიოში არ დადის-მეთქი.
- ეს არ გითქვამთ?
- არ მითქვამს და ამას ვნანობ... ეეჰ...
გააზიარე სტატია