კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მხატვარ თენგიზ მირზაშვილს მისი მეტსახელით - „ჩუბჩიკათი“ თუ მოვიხსენიებ, მგონია, რომ ამ მზის სითბოთი სავსე სახელით, უფრო მივუახლოვდები ამ გენიოსს. ჰოდა, ასეთი განცდა მინდა მქონდეს იმ მხატვარზე საუბრისას, რომლის ტილოების გმირები შორს არიან რუტინისგან და ტყუილისგან, არიან ყოველდღიურნი და ამავდროულად - მარადიულნიც; სავსე არიან სამყაროს სითბოთი, უთვალავი ფერითა და მადლით.

ჰოდა, არც არის გასაკვირი, რომ ამ მადლიანი ხელოვანის გამოფენის მოსაწყობად რაიმე განსაკუთრებული თარიღი რომ არ არის საჭირო და არც რაიმე ღირსშესანიშნაობა. ჩუბჩიკას დრო სულ არის, მისი ესთეტიკით ტკბობას სპეციალური დრო და ამინდი არ სჭირდება. და რა დაუსრულებელი დღესასწაულია იმ სახლში, სადაც კედელზე „ჩუბჩიკაა“ - მარადიული ბედნიერების განცდის მომგვრელი. კაცი ციტრუსის მურაბის არომატით, ნაკვერჩხალივით თვალებითა და მთის ენერგიით...

ოქტომბრის დასაწყისში, თენგიზ მირზაშვილის გამოფენამ, ორ საგამოფენო სივრცეში - „შარდენსა“ და „ვერნისაჟში“, რამდენიმე დღით უმასპინძლა გულშემეტკივრებს. მისი პასტელში ნამუშევრები პირველად გამოიფინა. ეს მხატვრის უკანასკნელი წლების ნახატებია.
როგორც აღმოჩნდა, გამოფენებიც ზურა შევარდნაძის ინიციატივით მოეწყო და იმ წიგნის ხელახალი დაბეჭდვაც მისი იდეაა, რომლის შემდგენელიც თავად მხატვარია. ჩუბჩიკა ამ წიგნის პირველი პარტიის გამოსვლასაც ვერ მოესწრო. თავდაპირველად წიგნი მისი კლასელის, მხატვარ ზურაბ წერეთლის თაოსნობით დაიბეჭდა. ეს არის წიგნი-ალბომი, რომელიც გვაცნობს და გვაზიარებს ამ გულწრფელი მხატვრის ესთეტიკას.
***
„ამ გამოფენებმა ძალა შემმატა. მისი შემოქმედების მიმართ ასეთი ყურადღება თენგიზს გაეხარდებოდა. მის სიცოცხლეშიც და გარდაცვალების შემდეგაც, უამრავი გამოფენა მოწყობილა. გალერისტი ზაირა ბერელიძე ეტყოდა ხოლმე, ჩუბჩიკ, მოდი, რიგითი გამოფენა მოვაწყოთო. თენგიზიც აიკიდებდა თავის ნამუშევრებს, მიჰქონდა და გალერეაში კიდებდა“ - ინტერნეტ გამოცემა „ზმნასთან“ ამბობს მხატვრის მეუღლე, მანანა თავაძე.

არა მგონია, ჩუბჩიკას სიყვარულის ისტორია ყველასთვის ნაცნობი იყოს. მოდით, გაგაცნობთ მხატვრის მუზას, მის ერთგულ თანამგზავრსა და ხელოვანს - ქალბატონ მანანა თავაძეს.
რესპონდენტი - 85 წლის არქიტექტორი
გარემო - ჩუბჩიკური
განწყობაც - ჩუბჩიკური

სიყვარულის ისტორია
„სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. კარგად ვხაზავდი. თენგიზი დეიდაშვილმა გამაცნო. ახლო მეგობრები იყვნენ. ერთხელაც მთხოვა, სცენა გამომიხაზეო. მარჯანიშვილში იდგმებოდა „მუმლი მუხასა“. თენგიზი სპექტაკლის მხატვარი იყო; ღელავდა, სურდა, რომ კარგი გამოსულიყო. ერთ მშვენიერ დღეს ვიგებ, რომ სპექტაკლის პრემიერამ ისე ჩაიარა, რომ ჩემთვის არაფერი უთქვამს. მისგან ეს ისე გამიკვირდა, სულ არ ჰგავდა მის საქციელს. ერთხელაც აკადემიის კიბეზე ავდივარ და ის ჩამორბის. მეუბნება: ახლა შენს აუდიტორიაში ვიყავი, დალაპარაკება მინდოდა. ისეთი უკმაყოფილო ვარ დადგმით, რომ შენი დაპატიჟება ვერ გავბედეო. (რეჟისორი არც ვიცი, ვინ იყო). დასძინა, ახლა ჩვენ უნდა წავიდეთ ძველ თბილისში, დავათვალიეროთ, თან შევრიგდეთ და თავ ვნახავ, რა მოგწონს და რა - არაო. იმდენი ვისეირნეთ იმ საღამოს, რომ კიდევ უფრო დავახლოვდით...

ვმეგობრობდით. ინტენსიური ურთიერთობა გვქონდა. მას რომ თუშეთის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო, ეს ცნობილია. დადიოდა მეგობრებთან ერთად. დაჰყავდა ისინი, ვინც დაინტერესებულნი იყვნენ. მის გარშემო ყველა გრძნობდა, რომ მისი საცოლე ვარ. ლაპარაკი არ იცოდა, თუმცა იყო საოცარი მზრუნველი. როგორც კი ჩემთან მეგობრები მოიყრიდნენ თავს, თენგიზი მოიტანდა ფეიხოას კომპოტების უზარმაზარ ყუთს. მიაჩნდა, რომ სასარგებლო იყო. ამ ყუთს ჩემს სამზარეულოში „დააგდებდა“ და გარეთ გარბოდა. დედაჩემის რცხვენოდა. ყველამ იცოდა მისი გრძნობის შესახებ და მეგობრესაც უნდოდათ, რომ ცოტა ხანი დარჩენილიყო, მაგრამ ის გარბოდა. ერთხელაც დედას უთხრა, რა სისულელეა ხელის მოწერა ან ხელის თხოვნა, ცრურწმენას ჰგავსო... იქნებ მე არ მინდა ხელის მოწერაო?! დედას კი მეგობრები ეუბნებდნენ, ვაიმე, მარიკა, ეს არ დაუშვა, აუცილებლად უნდა გაფორმდეს ქორწინებაო.

მოკლედ, ხელი მოვაწერეთ და თაფლობის თვე ტალინში გვქონდა. თვეზე მეტი დავყავით იქ. ბევრი ვინებივრეთ. გემრიელად ვსადილობდით; ისეთი სახეობის თევზები დავაგემოვნეთ, აქ მისი არსებობის შესახებ რომ არც გაგვეგო. ეკლესიებში ვუსმენდით ორღანს, მგალობლებს, იქიდან გამოსვლა არ გვინდოდა. მოვიარეთ ყველაფერი. დრო საინტერესოდ გავატარეთ.“
ჩუბჩიკასთან ერთ ჭერქვეშ
„ძალიან რთულია ხელოვანთა,ნ მით უფრო - მხატვართან ცხოვრება. მე სულ ვეუბნებოდი, ჩუბჩიკ, შენ ჩემს გარდა ვერავინ გაგიძლებს-მეთქი. იცინოდა, მართლს ამბობო. მართლა ვერ გაუძლებდნენ. აი, მაგალითად, რამეს თუ აიჩემებდა, ჯერ ის უნდა მიეყვანა ბოლომდე და მერე უკვე თანახმა იყო, რომ ჩემთვისაც შეესრულებინა თუნდაც სულ უბრალო თხოვნა. ყოფითი რამეები არ აინტერესებდა. დანჯღრეულ კიბეზე ავდიოდი და ჩვენს ხუთ მეტრიან მაღალჭერიან ბინაში ასე ვაკეთებდი საქმეს. კიბე არ გამომიცვალა. ამ კუთხით კი მიჭირდა, მ ა გ რ ა მ ჩუბჩიკასთან თანაცხოვრება ბედნიერება იყო. სულ ვგრძნობდი, რომ მე ბედნიერი ვიყავი და ასეთი თანამგზავრი სხვას არავის ჰყავს.

თავის საქმეზე, სამშობლოზე ისე იყო შეყვარებული, რომ ერთხელ ასეთი რამ მითხრა, შეიძლება ძეგლების დათრიღების ამბავს (იმ პერიოდში ამას იკვლევდა), შვილებიც კი შევწიროო. ეს რომ თქვა, თვალთ დამიბნელდა. კინაღამ ჭკუიდან შევიშალე. შენი დანახვა არ შემიძლია-მეთქი, გავუბრაზდი. საღამოს მითხრა, არ გესმის, რომ ძეგლების მისაკუთრების უფლება არავის აქვსო? მე სხვა ჩხუბი და უთანხმოებას მასთან არ მახსენდება. არც გვიკინკლავია.
ძალიან აფასებდა ჩემს გურულ იუმორს. ასე წარმადგენდა ხოლმე:
"გაიცანით ეს ჩემი ცოლია, მაგრამ გურული." სიყვარულით ასე აცნობდა ჩემს თავს.
ხშირად ვხუმრობდით ხოლმე. მეტყოდა ხოლმე, ნუღარ მაცინებ, აღარ დამეძინება და ხვალ ბევრი მაქვს დასახატიო. სახელოსნოში სულ გიჟივით გარბოდა. ყველაფერს ასწრებდა. ხატვა, ურთიერთობები, გამგზავრება...
მე წლების მანძილზე გამოყენებით ხელოვნებას, აპლიკაციას (პანოებს) ვაკეთებდი. მოსწონდა ჩემი ნაშრომები...

გარდამავალ ასაკში რთულები არიან ბიჭები. ჩვენს გიასთან მიმართებაში, თენგიზს ამის მოთმინება არ ჰქონდა. გიას თუ გაუბრაზდებოდა, მოსკოვში გარბოდა. იქ ფიროსმანის უზარმაზარ გამოცემაზე მუშაობდა. გიჟდებოდა ფიროსმანზე. ყველას უყვებოდა იმ წიგნზე, რომელსაც უძღვნიდა ნიკალას. მისი მსგავსი მხატვარი არ არსებობსო, ამბობდა.
ჩვენი შვილები როგორც კი რაიმეს დახატავდნენ, თენგიზი მაშინვე გარბოდა და ჩარჩოში ჩასვამდა. ამიტომ შეგვენახა ტოტოს და გიკას ნამუშევრები. გიას ნახატები მოსწონდა. რჩევა არასდროს მიუცია. არ ერეოდა, როგორც საჭიროდ მიგაჩნიათ, ისე დახატეთო. ნატო ეკითხებოდა რაღაცებს, გია - არა. მას არ უნდოდა მამას დამსგავსებოდა.
ჩუბჩიკა სიგარეტს არ ეწეოდა. მეგობრები ხუმრობით აგიჟებდნენ, შემოვარდებოდა ვიღაც სიგარეტით და დემონსტრაციულად სახეში მიაბოლებდა. მერე ეს სიცილში გადადიოდა.
ქართულ ღვინის ჯიშებში კარგად ერკვეოდა. ტვიში მისთვის ყველაზე საყვარელი სახეობა იყო. შავ ღვინოს როგორ სვამდა, იცით? ჭიქას ხელში მოიქცევდა, ათბობდა და ნელ-ნელა სვამდა. შავ (წითელ) ღვინოს სითბო უხდებაო, დააყოლებდა.

ვერ იტანდა თამადებს და სადღეგრძელოებს. ტყუილი ლაპარაკი მეჯავრებაო. თვლიდა, რომ სადღეგრძელოები ფარისევლობის მაგვარი რამაა... მხოლოდ ვახუშტი კოტეტიშვილის თამადობას აღიარებდა. ის მართლა სუფრის აკადემია იყო. ისეთ დროს ატარებინებდა ყველას, ყველაზე სკაბრეზულ ანეკდოტებზე ისე გვაცინებდა... ეს მხოლოდ მას შეეძლო.
ზურგჩანთით სულ თან დაჰქონდა ჩურჩხელები. ბაზარში ახალ-ახალს იყიდდა და ვისთანაც მოხვდებოდა, აუცილებლად უმასპინძლდებოდა.
რას ამზადებდა? ბოსტნეულს ერთად ჩაყრიდა და ხარშავდა. ვეტყოდი, ცოტათი შეწვი-მეთქი. მერე მოთუშავდა ერთიანად.
მის სახელოსნოში მოსულებმა კარგად იცოდნენ, რომ ხელს არ უშლიდნენ, ჩუბჩიკაც ხატვის პარალელურად ლაპარაკობდა. უცებ, უცებ ხატავდა და მოაფრიალებდა იატაკზე. თან ჩართული საუბრობდა და თან საოცრებებს ხატავდა. მერე უცებ წაციცქნიდა რაიმეს და ისევ მიუბრუნდებოდა სამუშაოს... ერთ საათში ათი ნამუშევრის დახატვა შეეძლო. ვინც დიდხანს რჩებოდა, ის ნახატიც მიჰქონდა. დღეს უამრავი ადამიანის სახლშია ჩუბჩიკა.
მე რახმანინოვი მიყვარდა. ეგ ქალების კომპოზიტორიაო, ამბობდა. თვითონ შუბერტზე და შუმანზე გიჟდებოდა. მერე ვაჟმა „ბითლზები“ შეგვაყვარა...
სკოლებში თავისი სურვილით ატარებდა ლექციებს „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე. იმდენი ხალხი ესწრებოდა. მერე სულ პატიჟებდნენ. გალერეებშიც აწყობდა ლექციებს.
უყვარდა ლიტერეტურა. მე და ჩუბჩიკა წიგნებს ვართმევდით გიას და ვკითხულობდით. ისიც გვირჩევდა, ეს რომ არ წაიკითხოთ არ შეიძლებაო. სხვათა შორის, გიას მე ვურჩიე „დეკამერონის“ წაკითხვა, როცა მშობლები მის წაკითხვას უკრძალავდნენ შვილებს. რასაც ვერ გაიგებ, როცა გაიზრდები, მაშინ აგიხსნი-მეთქი რომ ვეტყოდი, ვერ ვითმენ, ამიხსენიო, იტყოდა. კარგად კითხულობდა. ინგლისური „ბითლზების“ შემოქმედებიდან ისწავლა. მერე მე მეუბნებოდნენ, შენი ბრალია გიას რომ სამი ცოლი ჰყავდა, „დეკამერონი“ შენ წააკითხეო.
თენგიზი სულ ფეხით დადიოდა, სულ მოვლილი ჰქონდა საქართველოს კუთხე-კუნჭული. თუმცა თუშეთი მისი დიდი სიყვარული იყო.
სვანეთშია დაბადებული, კოშკში. მთის სიყვარულიც შესაძლოა ამიტომ ჰქონდა. დედამისი კოპიისტი იყო. სვანეთში ტაძრების ფრესკების კოპიოებს აკეთებდა და იქვე მოუწია მშობიარობაც. რაჭის ძველი ტაძრების ფრესკები მისი გადარჩენილია. სოფიო ლემბერგი არ იყო ქართველი, მაგრამ ჩვენი ქვეყნის უზარმაზარი სიყვარული ჰქონდა.

საქართველო შეფენილი იყო წმინდა გიორგის სახელობის ბაზილიკებით - პატარა უგუმბათო ეკლესიებით. თენგიზს ყველა დათვალიერებული ჰქონდა. მიდიოდა და მიჰქონდა, ვთქვათ, თუშებისთვის დანა-ჩანგალი. იქ ამის დეფიციტი ჰქონდათ. ჩაჰქონდა და ჩუქნიდა... თვითონ ჩანახატებს აკეთებდა.“

ჰყავდა დიდი სამეგობრო. გიჟდებოდა ისე უყვარდა თავისი მეგობრის, ოთარ ჯიშკარიანის „ანბანთქება“.
ნინო ჯიშკარიანი, ოთარის ქალიშვილი: თენგიზი და მამა თელავში მუშაობდნენ, თუ არ ვცდები, თუშეთის ალბომზე, როცა ჩუბჩიკა იქ კრეფდა კენკრას და მურაბას ხარშავდა. სახლში სულ მურაბების ნაირსახეობა ჰქონდა. თვითონ იგონებდა. ფორთოხლის მურაბა ჩუბჩიკასთან გავსინჯე პირველად.
მანანა თავაძე: ხილი უყვარდა. ვინც მოდიოდა, მის მურაბებს ითხოვდნენ. შუშის ქილებზე ხილების ეტიკეტებსაც თვითონ ახატავდა. უყვარდა ჩემი ნაცხვრები, კომპოტები... წყალს არ სვამდა. მის ნაცვლად სვამდა კომპოტს ან ჩაის. განსაკუთრებულად ჩემი ვაშლის პეროგი უყვარდა.
ქართლელებს ხომ არ აქვთ განსაკუთრებული სამზარეულო. სახელებიც კერძებზე შეულამაზებელი აქვთ დარქმეული, მაგალითად - შეთითხნილი ხორცი. შეკმაზულ-გაპრანჭული საჭმელი არ აქვთ.
სახლში რომ შემოვიდოდა მოიქნევდა პალტოს, ქუდს, ხან სად გადავარდებოდა, ხან - სად. ასე მოსვლა უყვარდა. შემოქმედებითი ქაოსი სულ თან ახლდა. სტუმრად მისულიც სულ ხატავდა. მერე იქვე ტოვებდა მასპინძელთან. მეც ძალიან მიხაროდა ვინმესთან მის ნახატს რომ წავაწყდებოდი.

რეზო ინანიშვილი რომ მიდიოდა ლექციებზე, ჩუბჩიკას ჩაკეტავდა ოთახში, რომ მოვალ, 15 ნახატი უნდა „ჩამაბაროო“. თენგიზიც აზარტში შედიოდა და მის მოსვლას ელოდებოდა.
გენიოსებად მიაჩნდა ელდარ შენგელაია და რეზო გაბრიაძე. მათთან ფილმებზე მუშაობა დიდ სიამოვნებას გვრიდა.
ბოლო წლები
როდესაც უკურნებელი სენის დიაგნოზი უთხრეს, ძლიერად შეხვდა. ბოლო წლები საავადმყოფოში სულ მასთან ერთად ვიყავი. არ ვშორდებოდი. უკვირდა, როგორი თავგანწირვით მივლიო...
ბოლოს მემშვიდობებოდა. შვილებთან დამშვიდობება არ შეეძლო. დილა ადრიან თვალს რომ გაახელდა, მეუბნებოდა, მე ყველაფერს ვაკეთებ, რომ უჩემოდ არ დარჩეთო.
არ გატეხილა. ცდილობდა გაეხანგრძლივებინა სიცოცხლე. ძველებური პასუხისმგებლობით განაგრძობდა მუშაობას.
ოთხი წელი იბრძოლა. გერმანიაშიც გაუკეთეს ოპერაცია. მას შემდეგ კიდევ ორი წელი იცოცხლა. განცდებზე მე მესაუბრებოდა.
სასწრაფოს ექიმებს ისე დაუახლოვდა, ისინი სამუშაოს რომ მორჩებოდნენ, გამოუვლიდნენ სანახავად. მოიკითხავდნენ. ესაუბრებოდნენ...
1 იანვარს გარდაიცვალა.
რა მენატრება? მისი ლაპარაკი მენატრება...

10/20/2025