Logo

გალაკტიონის დამწვარი შედევრები და მისი ყველაზე ძვირფასი ადამიანები

გალაკტიონის დამწვარი შედევრები და მისი ყველაზე ძვირფასი ადამიანები

11/19/2026

ტექსტის ზომა

ვინ იცის, რამდენი შედევრი გაგვიქრო გადაწყვეტილებამ, რომელიც გალაკტიონ ტაბიძემ საბჭოთა ოკუპაციის პირველ წლებში მიიღო. რატომ დაწვა თავისი ლექსები და რვეულები ჩვენმა გენიალურმა პოეტმა? ახლახან გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღე იყო და ამ თარიღთან დაკავშირებით ასევე გადავწყვიტეთ გაგვეხსენებინა პოეტის დედა და მამა.

ახალგაზრდა გალაკტიონი

1921-1922 წლებში გალაკტიონ ტაბიძეს გაუნადგურებია თავისი ლექსების ხელნაწერები:

„რა უბოლოო, რა დიდ და ღრმა მწუხარებას და მარტოობას განვიცდი. დავკარგე გავანადგურე ყველაფერი რაც მიწერია ბავშვობიდანვე, სულ ყველაფერი. ჩემი დღიურები, ჩემი ლექსები.. ვერასდროს მათ მე ვერ ვნახავ, დაწერილებს ახალგაზრდული სიმსუბუქით და გატაცებით.“

რა იყო მიზეზი? ალბათ ის სასტიკი დრო და რეალობა, ახალდოკუპირებული საქართველო, ტერორი.

„დღეს დღეები ეცლება მშვიდი და მოავკარგე.

გაჰქრა ის ქარიშხალი - ის სიცილიც დავკარგე.

ღამით რომ დასცქეროდა მარტოობის სანთელი,

ის რითმები, ის ცეცხლი, ის წიგნები დავკარგე.

დავწვი ხელნაწერები! სუსხი და ჟრუანტელი!“
ახალგაზრდა გალაკტიონი 1

ეს მართლა მოხდა 1921-1922 წლებში. გალაკტიონ ტაბიძემ გაანადგურა თავისი ხელნაწერები: ლექსები, დღიურები. ასე დაიკარგა გენიალური ქართველი პოეტის ახალგაზრდობის შედევრები, ვინ იცის რამდენი, ვინ იცის რა მაგრები. „ხანმა უნდობარმა“ აიძულა დაეწვა, გაექრო, მაგრამ ეს ხომ ვერ გააქრობდა საბჭოთა ბოროტებასთან გალაკტიონის შეურიგებლობას. გალაკტიონზე საუბრისას ხშირად იხსენებენ ხარკს, რომლის გაღება მასაც კი მოუწია ფიზიკურად გადასარჩენად. მაგრამ რა შინაგან ტანჯვად დაუჯდებოდა?

„მიმავალი საქართველო“ 1927 წელს არის დაწერილი:

ხელოვნური ინტელექტის ფოტო

„მოვიდენ სასაფლაოზე ბავშვები. მათ მოიტანეს ყვავილები.

- შევურიგდეთ ყოველივე ამას?

- ეს ხომ მხოლოდ კოშმარია?

- უნდა შევურიგდეთ კოშმარს.

- მაშ სიმართლე? სადაა სიმართლე?

- აი სიმართლე, - მიუთითა ქალმა მიცვალებულისაკენ.

- კარგი სიმართლე კია.

- ეხლა არავის აშინებს ასეთი სიმართლე, - მხრების აწევით სთქვა ქალმა და შავებში მოსილი ქალებისაკენ მიიხედა.”

ბოლშევიკურმა რეჟიმმა გ. ტაბიძეც დააპატიმრა პოემისთვის „მოგონებები იმ დღეების, როცა იელვა“, რადგან მასში 1924 წლის ანტისაოკუპაციო აჯანყების გამოძახილი დაინახა. ეს ამბავი ერთ-ერთ ადრინდელ სტატიაში გავიხსენე.

ვახტანგ ჯავახაძე წერილში „ისევ გალაკტიონი“ იხსენებს:

ფოტო ჯავახაძე

1954 წლის გაზაფხულზე დიდი ფორმატის სპირალიან ბლოკნოტში იისფერი მელნით ჩაწერა:

„შენ შუბლს იხსნი და სიბნელეს ლეწავ,

საქართველოს მოღრუბლულო ზეცავ,

ნეტავ მალე აღმობრწყინდეს მნათი,

მალე სხივი მოგვეფინოს ნეტავ.

წინ მიიწევ და ხმაურობ, გღვიძავს,

საქართველოს სევდიანო მიწავ,

ნეტავ მალე დაამსხვრევდე ბორკილს,

ნეტავ მალე მიაღწევდე მიზანს!..“

რვა სტრიქონი 1904 წლით დაათარიღა, მერე თარიღი უფრო რეალურს მიუახლოვა, 1908 მიუწერა, დაასათაურა და იმავე წელს დაბეჭდილ „რჩეულში“ შეიტანა. ლექსი თარიღმა გადაარჩინა.

პოეტის გარდაცვალების შემდეგ „ნეტავ მალე მიაღწევდე მიზანს“ გალაკტიონის ყველა ტომეულსა და რჩეულში იბეჭდებოდა. მხოლოდ 2005 წელს გამოცემულ წიგნში აღადგინეს რეალური თარიღი: 1954 წელი. ამ წელს ბოროტების იმპერიის ციტადელი ჯერ კიდევ არ იყო გაბზარული, არც პიროვნების კულტი გახლდათ გამომჟღავნებული და არც ოლია - რეაბილიტირებული. ქართულ ბეჭდურ მედიაში გაბედულების მსგავს მაგალითს ვერ იპოვნით. დაგვიანებით მაინც დავუფასოთ გალაკტიონს ეს მეტად სახიფათო და წარმატებული რისკი.

მშობლები - საიდან იღებდა სათავეს გენიოსი

მამის მხრიდან გალაკტიონ ტაბიძის ბაბუა - ივანე - მღვდელი ყოფილა. მისი შვილი სტეფანეც მამის კვალს გაყოლია, მღვდლად უკურთხიათ და მამის ადგილი დაუკავებია ჭყვიშის წმინდა გიორგის ეკლესიაში. სტეფანე სოფლის თავკაცად ითვლებოდა. სამრევლო სკოლა გახსნა, რისთვისაც საკუთარი სახსრებით ააგო სკოლის შენობა და წლების მანძილზე ცდილობდა სოფლის ბავშვების აღზრდაში თავისი წვლილი შეეტანა.

სტეფანეს ორი ვაჟი და ორი ქალიშვილი ჰყავდა, მათგან ერთ-ერთი - ვასილი - მოგვევლინა გალაკტიონის მამად, იუსტინე კი - ტიციან ტაბიძის. ვასილმა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა, მაგრამ მამის და ბაბუის კვალს არ გაყვა, მღვდლობას პედაგოგობა არჩია. მწიგნობარი იყო, მის პირად ბიბლიოთეკაში მრავალი წიგნი და იმდროინდელი ქართული პერიოდული გამოცემები ინახებოდა.

სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ სტეფანეს და ვასილის ოჯახში ყველაფერი ხანძარმა გაანადგურა - ბიბლიოთეკაც; ოჯახს ხელახლა დასახლება მოუწია. თავს დატეხილმა ამ უბედურებამ ასაკში შესული სტეფანე გატეხა და მოისურვა ეკლესიაში თავისი ადგილი უფროსი შვილისთვის დაეთმო; მან ვასილის მღვდლად კურთხევა გადაწყვიტა. საერო მასწავლებელი მამის გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო, მაგრამ ხათრი ვერ გაუტეხა. სტეფანემ ვასილი ქუთაისში გაბრიელ ეპისკოპოსს წარუდგინა, გაბრიელმა დარიგება მისცა სამღვდლოდ გამზადებულს და კურთხევაც აღუთქვა. ქუთაისიდან უკან დაბრუნებისას ვასილი გაცივდა, მერე კი გაციება ფილტვების ანთებით გაურთულდა, ვერ უშველეს და მეტად ახალგაზრდა, 1891 წლის 23 თებერვალს გარდაიცვალა.

მამა

მომაკვდავ ახალგაზრდა სახალხო მასწავლებელს ჭიქა ღვინო მოუთხოვია და უკანასკნელ სიტყვებად უთქვამს: „ეს იმ პატარა ადამიანს გაუმარჯოს, რომელიც რამდენიმე თვეში დაიბადებაო.“ 1891 წლის 5 (17) ნოემბერს პატარა კი არა, უდიდესი ადამიანი დაიბადა.

გალაკტიონმა მამა დედისა და ნათესავების მონათხრობებით და ვასილის გარდაცვალების შემდეგ სოფელ ჭყვიშიდან გაზეთ „ივერიაში“ გაგზავნილი ასეთი კორესპონდენციითაც გაიცნო:

„სიკვდილმა გამოაცალა ამ სოფელს ერთი ახალგაზრდა მასწავლებელი ვ. ტაბიძე. ამას ჰქონდა სოფელში თავისი ხარჯით გამართული სკოლა და დიდის გულმოდგინებით ეწეოდა მასწავლებლის უღელს. განსვენებული იყო სამაგალითო ადამიანი თავისი ხასიათით და სათნოებით. მის გულში არც ერთხელ არ გაუვლია არც ერთ დაბალს და ქვენა გრძნობას. ის იყო აღვსილი მხოლოდ ერთი აზრით: თავისი წვლილი შეეტანა გლეხკაცის განათლების საქმეში. რა დროსაც არ უნდა მისულიყავით მის სკოლაში, ყოველთვის სავსე იყო ბავშვებით.“

ვასილის ქვრივი, მაკრინე ადეიშვილი, მღვდლის ოჯახში იყო გაზრდილი. ბავშვობიდან კარგად შეუსწავლია წერა-კითხვა, წამლების მომზადება და ხელსაქმე. უყვარდა მწერლობა და კითხვა; მეოჯახე, თავაზიანი და მეტად შრომისმოყვარე ქალი იყო. მაკრინე ადეიშვილი ძალიან ახალგაზრდა დარჩა უქმროდ, ფეხმძიმე მეორე ბავშვზე. მას ოჯახის მთელი სიმძიმე დააწვა და ისე გაუძღვა საქმეს, რომ ბიჭები უმამობას არ დაეჩაგრა.

სახლი ჭყვიში

უებარი მალამოების დამზადების ოსტატი მაკრინე ამ საქმეში გასამრჯელოს არასდროს იღებდა - უანგაროდ ეხმარებოდა ადამიანებს; არადა, მიწაზე მძიმე სამუშაოები და საქონლის მოვლა უწევდა ოჯახის სარჩენად. ცნობილია, რომ ამ უაღრესად კეთილშობილ ქალს უყვარდა ხალხური პოეზია, კარგად უკრავდა ჩონგურზე და ვაჟებსაც ასწავლიდა სიმღერას. ერთ ჩანაწერში გალაკტიონმა დატოვა ძალიან შთამბეჭდავი და ამაღელვებელი მოგონება დედაზე, ოჯახზე, ბავშვობასა და ოჯახის დაკარგულ წევრებზე:

ფოტო დედა და შვილები

„ჩონგურზე უკრავს ქალი. მე გატაცებით ვუგდებ ყურს, სოფელს სძინავს, ამოდის მთვარე. შეგიძლიათ გაარჩიოთ ქალი - ეს დედაჩემია.

- გატუნია, დამიგდე ყური: შენ გაგიგონია, რომ ჩონგური კი არ მღეროდეს, ლაპარაკობდეს?

დედა მღერის, ჩამოჰკრა სიმს, ერთს, მეორეს, ჩონგური ბგერა-ბგერა იმეორებს იმასვე, რასაც დედა მღერის. სიტყვებში ისმის შეკითხვა, ჩონგურიც იმეორებს. აი, მაგალითად: ჩემი ქმარი სად წავიდა? ჩემი ძმანი სად წავიდა? ჩამოჰკრა სიმს, ერთს, მეორეს, ჩონგური ბგერით იმეორებს იმასვე, რასაც დედა მღერის, დედა კი განაგრძობს: „დაუძახეთ, სად წავიდა, დაუძახეთ, სად წავიდა?“


ბავშვობაში ასე ყალიბდებოდა გალაკტიონის თვალშეუწვდომელი სამყარო, რომელსაც მერე ისე მოსწყურდა საზღვარი, როგორც უსაზღვროებას.

გალაკტიონი

„დავკარგე დედა და მასთან ერთად დავკარგე იმედი, ნუგეში, თანამგრძნობი. უდედოდ ცხოვრება ვერ წარმომედგინა, მაგრამ ვარ... დავტოვე ჭყვიში და მასთან ერთად დავტოვე დედის ახლადშეზვინული საფლავი. წუხელის ძილში ვწუხდი, რომ მე უკვე აღარავისთვის ვარ ისე ძვირფასი, როგორც ვიყავი ჩემი დედისათვის.“

დედის გარდაცვალება გალაკტიონ ტაბიძემ ისე განიცადა, მშობლიურ სოფელში ძალიან დიდხანს ვეღარ ჩადიოდა.

17 ნოემბერს შესრულდა 135 წელი უდიდესი ქართველი პოეტის დაბადებიდან და ამ წერილში მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები გაგახსენეთ: დედა და მამა.

გააზიარე სტატია

ავტორი: ელენე ლომთაძე

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026