
11/24/2026
ემზარ ისაევი, ილია ისაევის მამა, ვის სახლშიც (ქვემო ფონიჭალაში) აფეთქება მოხდა, ამბობს, რომ სახლში არანაირი გამათბობელი არ ჰქონიათ. მისი თქმით, აფეთქება სხვა ოთახში მოხდა, მისი ვაჟი კი, გაზქურასთან სხვა ოთახში იყო. ემზარ ისაევი ამბობს, რომ მომხდართან დაკავშირებით კითხვები აქვს.
ემზარ ისაევი: ვიზიარებ მწუხარებას ყველასას. გული მტკივა ყველაფერზე. ჩემი შვილი არც მკვლელია და არც ტერორისტი. რაც შეეხება ინციდენტს - ბოლოს [ილია ამ სახლში] იყო სექტემბერში, 10 დღის განმავლობაში. გადაღებული ჰქონდა მრიცხველი, მანამდე უფროსი ბიჭიც იყო ზაფხულში. შარშან მარტის აქეთ ყოველთვე ვიყავით და გადახდებიც გვქონდა.
არანაირი გამათბობელი არ მეყენა სახლში, მქონდა ცენტრალური გათბობა და გაზქურა. ცენტრალური გათბობის ჩართვას ჩემი ბიჭი არც ცდილობდა, გაზქურაზე საჭმელს აკეთებდა ხოლმე და ისეთი გაზქურა იყო, ცეცხლი თუ არ უკიდია, კეტავს გაზს.
მაქვს რაღაც კითხვები - გაზქურა ერთ კუთხეში იყო, აფეთქება მოხდა სხვა ოთახში, რანაირად? ეს მაინტერესებს. შს მინისტრი გამოვიდა და "აწვებოდა" იმას, რომ გამათბობელიო, მაგრამ არ გვქონია. გაზქურა ღია რომც დაეტოვებინა, გაზს კეტავს. [...] მით უფრო შემოწმებული გვქონდა, არ არსებობს, არანაირი დარღვევა არ გვქონდა. ცუდი ლაპარაკები მიდის, იგივე დაზარალებულია“ - ამბობს ტვ "ფორმულასთან" საუბრისას 31 წლის ილია ისაევის მამა, ემზარ ისაევი.
ცნობისთვის, 19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვებამ აფეთქება გამოიწვია. შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, არასრულწლოვნებიც არიან; 5 კი დაშავდა.
ილია ისაევის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
გააზიარე სტატია