Logo

"ღიად ვაცხადებ: მე სუროგაციის აკრძალვის მომხრე ვარ!" - პაატა ჟორჟოლიანი

"ღიად ვაცხადებ: მე სუროგაციის აკრძალვის მომხრე ვარ!" - პაატა ჟორჟოლიანი

11/25/2026

ტექსტის ზომა

სუროგაციის აკრძალვის თემამ საზოგადოება ორ ნაწილად გაყო, მის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. სუროგაციის მოწინააღმდეგეთა სიის სათავეში ეკლესიაა, მომხრეთა სათავეში - მედიკოსები. თუმცა ამ უკანასკნელთა შორისაც არიან ისეთები, ვინც სუროგაციის აკრძალვას უჭერს მხარს და ასაბუთებს - რატომაც.

მედიცინის დოქტორი, PHD, მეან-გინეკოლოგი პაატა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.

"სუროგაცია — სიცოცხლის ფასი, რომელსაც საზოგადოება ხშირად ვერ ხედავს!!!

როგორც ექიმი, მეან-გინეკოლოგი, ღიად ვაცხადებ: მე სუროგაციის აკრძალვის მომხრე ვარ!
ეს პოზიცია არ არის ემოციური გადაწყვეტილება და არც სხვისი მშობლობის სურვილის უპატივცემულობა. ეს არის ჩემი მრავალწლიანი სამედიცინო პრაქტიკით, მძიმე კლინიკური შემთხვევებითა და ადამიანის სიცოცხლის დაცვის პროფესიული პასუხისმგებლობით ჩამოყალიბებული პოზიცია.

მე კარგად მესმის, რას ნიშნავს უშვილობა და რამდენად დიდია ადამიანისთვის მშობლად გახდომის სურვილი. მაგრამ ერთი ადამიანის მშობლობის სურვილი, მეორე ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის გამართლების საფუძვლად არ უნდა იქცეს.

მინდა პირდაპირ მივმართო სუროგაციის მომხრეებს:

გინახავთ ოდესმე მომაკვდავი ქალი სამშობიარო ბლოკში?

გინახავთ ქალი, რომელსაც მასიური სისხლდენის გამო სიცოცხლის გადასარჩენად სასწრაფოდ ვაცლით საშვილოსნოს?

გინახავთ რეანიმაციაში მყოფი ახალგაზრდა ქალი, რომლის გადარჩენისთვისაც ექიმების მთელი გუნდი იბრძვის?

გინახავთ მისი ოჯახის წევრების თვალები, როდესაც მათ არ იციან, ცოცხალი დაბრუნდება თუ არა დედა, მეუღლე, შვილი?

ჩვენ, მეან-გინეკოლოგებს, ეს ყველაფერი გვინახავს!
ჩვენ არაერთი ქართველი და უცხოელი სუროგატი ქალის სიცოცხლის გადარჩენისთვის გვიბრძოლია. ეს არ არის თეორიული მსჯელობა. ეს არის ჩვენი ყოველდღიური პროფესიული პასუხისმგებლობა და ზოგჯერ უმძიმესი ბრძოლა ადამიანის სიცოცხლისთვის.
განსაკუთრებით საგანგაშოა შემთხვევები, როდესაც ემბრიონის გადატანა ხდება ქალებში, რომლებსაც უკვე გადატანილი აქვთ ორი ან მეტი საკეისრო კვეთა, აქვთ საშვილოსნოზე ნაწიბური, მძიმე სომატური დაავადებები ან ორსულობისთვის სხვა მნიშვნელოვანი რისკფაქტორები.
ასეთი ქალების ორსულობა განსაკუთრებულ სამედიცინო შეფასებასა და მეთვალყურეობას მოითხოვს.
ერთ-ერთი უმძიმესი გართულებაა პლაცენტის პათოლოგიური შეზრდა — Placenta Accreta Spectrum (PAS), მათ შორის placenta increta და placenta percreta.
ამ დროს პლაცენტა შეიძლება ღრმად შეიჭრას საშვილოსნოს კედელში და ზოგჯერ მის ფარგლებსაც გასცდეს, დააზიანოს შარდის ბუშტი და სხვა მიმდებარე ორგანოები.
შედეგი შეიძლება იყოს კატასტროფული სისხლდენა, მასიური სისხლის გადასხმის აუცილებლობა, მრავალსაათიანი ოპერაცია, რეანიმაციული მკურნალობა და საშვილოსნოს დაკარგვა.
ზოგჯერ ქალი სიცოცხლეს ინარჩუნებს, მაგრამ კარგავს საშვილოსნოს და მომავალში საკუთარი შვილის გაჩენის შესაძლებლობას. ზოგჯერ კი მისი გადარჩენაც ვერ ხერხდება.
სამედიცინო კვლევებით დადასტურებულია, რომ პლაცენტის პათოლოგიური შეზრდის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის წინა საკეისრო კვეთები, განსაკუთრებით პლაცენტის წინმდებარეობასთან ერთად. დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მიღებულ ორსულობებშიც აღწერილია ამ გართულების მომატებული რისკი.

ორსული

ამიტომ დაუშვებლად მიმაჩნია, როდესაც ქალის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკებზე მაღლა კომერციული ინტერესი დგება.
არსებობს კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი — ბავშვის უფლებები.
რა ხდება, როდესაც ბავშვი ნაადრევად იბადება, მძიმე მდგომარეობაშია ან ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მისი მიღება განზრახულ მშობლებს აღარ სურთ?

ვინ იღებს პასუხისმგებლობას?

ვინ უზრუნველყოფს მის მკურნალობას, რეაბილიტაციასა და მომავალს?

არ შეიძლება ბავშვის ბედი დამოკიდებული იყოს იმაზე, რამდენად შეესაბამება იგი ვინმეს მოლოდინს.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია ქალის შესაძლო ეკონომიკური ექსპლუატაცია, იძულება, შუამავლების კომერციული ინტერესები და ადამიანით ვაჭრობის საფრთხე.
ქალის სხეული არ უნდა იქცეს კომერციული გარიგების საგნად, ხოლო ბავშვი — ხელშეკრულებით მისაღებ პროდუქტად.

მინდა საზოგადოებას შევახსენო ევროპული გამოცდილებაც.
სუროგაცია აკრძალულია ევროპის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის - საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, ხორვატიაში, ბულგარეთში, ლიეტუვასა და სლოვენიაში. ზოგ ქვეყანაში აკრძალვა პირდაპირია, ზოგან კი - რეპროდუქციული მედიცინის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს.
იტალიამ 2024 წელს აკრძალვა კიდევ უფრო გაამკაცრა და იტალიის მოქალაქეებისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობა საზღვარგარეთ გაფორმებულ სუროგაციულ შეთანხმებებზეც გაავრცელა.

ამიტომ მინდა დავსვა სრულიად ლეგიტიმური კითხვა:
რატომ არის სუროგაციის აკრძალვა მისაღები საფრანგეთისთვის, გერმანიისთვის ან იტალიისთვის, ხოლო საქართველოში მსგავსი გადაწყვეტილების განხილვა ზოგიერთის მიერ ავტომატურად ადამიანის უფლებების დარღვევად ფასდება?

განა ქართველი ქალის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ნაკლები ფასი აქვს?

აქვე მკაფიოდ უნდა ითქვას: სუროგაციის აკრძალვა არ ნიშნავს ხელოვნური განაყოფიერების აკრძალვას. ეს ორი განსხვავებული საკითხია.
მე მხარს ვუჭერ რეპროდუქციული მედიცინის განვითარებას, უშვილობის მკურნალობასა და თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების გამოყენებას.
მაგრამ კატეგორიულად ვეწინააღმდეგები სისტემას, რომელშიც ქალის სიცოცხლე შეიძლება სხვისი კომერციული ინტერესის ფასად რისკის ქვეშ აღმოჩნდეს.

ორსული

სუროგაციის მომხრეებს კიდევ ერთხელ ვეკითხები:
როდესაც საუბრობთ არჩევანის თავისუფლებაზე, ითვალისწინებთ თუ არა იმ ქალის ბედს, რომელიც შესაძლოა საოპერაციო მაგიდიდან ცოცხალი ვეღარ დაბრუნდეს?

და როდესაც ექიმები მის გადასარჩენად ვიბრძვით, სად არიან ისინი, ვინც ამ ორსულობის ორგანიზებით ფინანსური სარგებელი მიიღო?
ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, მთავარი ღირებულება ადამიანის სიცოცხლეა.
არც ერთი კომერციული გარიგება არ ღირს ქალის სიცოცხლედ.
დედობა უდიდესი ღირებულებაა, მაგრამ არც ერთი ქალის სიცოცხლე არ უნდა გახდეს ამ ღირებულების მისაღწევად გაწეული მსხვერპლი.
სწორედ ამიტომ მხარს ვუჭერ საქართველოში სუროგაციის აკრძალვას — ქალის ჯანმრთელობის, ღირსებისა და სიცოცხლის დაცვის მიზნით."

პაატა ჟორჟოლიანი

ახლა კი სასულიერო პირის მოსაზრებას გაეცანით სუროგაციაზე.

დეკანოზი ბასილ ახვლედიანი:

ისტორიული გამარჯვება - საქართველო სუროგაციის ცოდვისგან გათავისუფლდა!

საქართველოში სუროგაციის აკრძალვა არის ისტორიული, ეგზისტენციური მნიშვნელობის გადაწყვეტილება და სრულიად საქართველოს სულიერი გამარჯვება!

ჭეშმარიტი ქრისტიანობა სწორედ მაშინ ჩანს, როდესაც რწმენაზე საუბარს კონკრეტული, ერის გადამრჩენელი საქმე მოჰყვება. დღეს ხელისუფლებამ შეისმინა დედაეკლესიის ხმა — ის მრავალწლიანი მოწოდება, რომელზეც აწ განსვენებული უწმინდესი ილია მეორე და ამჟამინდელი პატრიარქი შიო III მუდმივად ღაღადებდნენ.

რატომ არის სუროგაცია უმძიმესი სულიერი და ზნეობრივი კატასტროფა, რასაც ეკლესიის მამები, თანამედროვე ბიოეთიკოსები და ფსიქოლოგები ერთხმად გმობენ?

მამა ბასილი

შვილის ფულზე გაყიდვა და მამონას მსახურება:

ყველაზე შემზარავი სწორედ ის არის, რომ დედა საკუთარ სხეულს — სულიწმინდის ტაძარს (1 კორ. 6:19) — კომერციულ „ინკუბატორად“ აქცევს, საკუთარ სისხლსა და ხორცს კი პირდაპირი მნიშვნელობით ფულზე ცვლის. ეს არის მამონას კერპის წინაშე ქედის მოხრა და ღვთის უდიდესი წყალობის გარიგების საგნად ქცევა.

დედის წიაღის სიწმინდის რღვევა და ადრეული ტრავმა:

თანამედროვე მიჯაჭვულობის თეორია (Attachment Theory) და პერინატალური მედიცინა ადასტურებს, რომ მუცლადყოფნისას ნაყოფსა და დედას შორის საკრალური კავშირი მყარდება. დედის წიაღშივე უარყოფილი და გასხვისებული ბავშვი პრენატალური სტრესითა და ემოციური დეპრივაციით იბადება. რა თქმა უნდა, ყოველი ბავშვი ღვთის უძვირფასესი ქმნილებაა და სრულიად უდანაშაულოა, და შესაძლოა მოსიყვარულე ოჯახშიც მოხვდეს, მაგრამ თავად ეს პროცესი დაუშვებელია, რადგან იგი პატარას სულში სიცოცხლის პირველივე წამიდან ტოვებს ღრმა, უხილავ იარას.

სულის შთაბერვა ჩასახვისთანავე:

წმინდა წერილისა (დაბ. 2:7) და წმინდა ბასილი დიდის სწავლებით, სული ჩასახვისთანავე ეძლევა ადამიანს. წმინდა იოაკიმე და ანა, ზაქარია და ელისაბედი წლობით ცრემლით ევედრებოდნენ უფალს შვილს, რადგან შვილი ღვთის ჯილდოა და არა ტექნოლოგიური პროდუქტი.

ფარული აბორტი:

ხელოვნური განაყოფიერებისას შექმნილი ზედმეტი ემბრიონების განადგურება და „რედუქცია“ ეკლესიის სწავლებით პირდაპირი მკვლელობაა.

ბავშვებითა და ორგანოებით ვაჭრობის უმძიმესი საფრთხე:

საქართველოში სუროგაციით მოსარგებლეთა 98% უცხოელი იყო — უმწეო ჩვილების კვალი ქვეყნიდან გასვლის შემდეგ იკარგებოდა. გაეროს (UNODC) და ევროპოლის ანგარიშებით, კომერციული სუროგაცია პირდაპირ კვებავს ბავშვთა ტრეფიკინგსა და ორგანოების შავ ბაზარს (რომლის ბრუნვა წელიწადში 1.7 მილიარდ დოლარს აღწევს), სადაც აღრიცხვის მიღმა დარჩენილი ბავშვები ამაზრზენი დანაშაულების მსხვერპლნი ხდებიან.

დაე, უფალმა თავისი უსაზღვრო სიყვარულით შეუვსოს სითბოს დანაკლისი თითოეულ იმ უდანაშაულო ბავშვს, ვინც აქამდე ამ გზით მოევლინა ქვეყანას!

სუროგაცია

განსაკუთრებით მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებსაც ძალიან სურთ შვილის ყოლა, მაგრამ ჯერჯერობით არ ეძლევათ:

კარგად უნდა გავიაზროთ, რომ შვილი ხელოვნური, ტექნოლოგიური და ბუნების საწინააღმდეგო გზებით კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ უფალს უნდა დავუახლოვდეთ მეტად — ლოცვით, მარხვითა და სინანულით. ყოვლადმოწყალე უფალი აუცილებლად შეისმენს გულწრფელ ვედრებას და მიჰმადლებს მათ შვილს, რადგან თავად მაცხოვარი გვპირდება წმინდა სახარებაში: „ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოვოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ...“ (მათე 7:7).

პირადად მე, უდიდესი სიხარულით ვუხდი მადლობას უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს, წმინდა სინოდსა და ხელისუფლებას ამ სულიერი საქმისთვის. მწამს, რომ ხელისუფლების მომავალი ნაბიჯებიც ზუსტად ასეთივე იქნება — სიტყვითა და საქმით გამართული, და სულ მალე აიკრძალება მეორე, არანაკლებ შემზარავი ბოროტება — აბორტები!

დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის! ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ უდიდეს გამარჯვებას, რომელიც აუცილებლად კეთილად აისახება ჩვენს ერზე. მომავლის სასიკეთო გადაწყვეტილებების იმედითა და ლოცვით, ღმერთმა აკურთხოს სრულიად საქართველო!

ამინ!

სუროგატი

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026