
11/04/2026
როგორ გადაარჩინა 1938 წლის ერთმა მზიანმა დღემ მივიწყებული მეხსიერება ნიკო ფოროსმანზე და როგორ იქცა ნიკალას ძმაკაცი, მეფურგონე უშანგი სვანი ლადო ასათიანის უკვდავ შთაგონებად.
„ნიკალას „ვეფხისტყაოსნის“ კითხვა უყვარდა. უფრო ის უყვარდა, როცა სხვის კითხვას უსმენდა. ბევრჯერ მინახავს, გოლას მზარეული თედუა კითხულობდა და ნიკო უსმენდა. ყველაზე ხმირად იმეორებდა სიტყვებს:
„მოყვარემან ვარდის კონა გულსა მკრა და დამიწყლულა,
იგი ფიცი, ჩემგან სრული, მან აღარა გამისრულა...“

ეს ამბავი ნიკო ფიროსმანის უახლოეს მეგობარს, თბილისში „გიჟ ვანუად“ ცნობილ უშანგი სვანს გაუხსენებია ლადო ასათიანთან საუბრისას. სწორედ ამ შეხვედრამ შემოგვინახა უძვირფასესი, სევდიანი ცნობები გენიალურ მხატვარზე. თბილისის ქუჩებში შემთხვევით გაცნობილი უსინათლო მოხუცის მიერ მოყოლილ საოცარ ისტორიებს მოგვიანებით ლადო ასათიანის უფროსმა მეგობარმა, ნიკა აგიაშვილმა მოუყარა თავი თავის ცნობილ წიგნში - „ჭაბუკები დარჩნენ მარად“.

ცოტა რამ თავად უშანგი სვანზე

გასული საუკუნის ოციანი და ოცდაათიანი წლების თბილისში, სადგურის მოედანთან ხშირად ხედავდნენ მაღალ, ნაყვავილარ, უსინათლო მოხუცს. ის ზამთარ-ზაფხულ ძველი ფარაჯით, უჯოხოდ დადიოდა, გულზე ხის თხელი ფიცარი ეკიდა წარწერით: „შეეწიეთ 75 წლის მოხუცს“, თუმცა იმ დროს, ალბათ, უკვე ოთხმოცდაათს გადაცილებული იყო.

1938 წლის 10 ივლისის დილას, ახალგაზრდა პოეტები - მირზა გელოვანი და ლადო ასათიანი მეგობრებთან ერთად მალაკნების ბაზრიდან ბრუნდებოდნენ. ლიანდაგზე მომავალი ბრმა მოხუცი რომ დაინახეს, მიეშველნენ. მოხუცი ახალგაზრდებს გამოელაპარაკა, შეიტყო, რომ პოეტები იყვნენ და ჩაილაპარაკა:
— ლექსები ნიკოს უყვარდა, ჩვენს საწყალ ნიკალას... ნიკალა არ იცით? აი, ამ ქუჩაზე ცხოვრობდა, იმ სასტუმროში ხატავდა...
— როგორ, თქვენ იცნობდით ფიროსმანიშვილს?! - მიაძახეს ახალგაზრდებმა.
— ჩემი დოსტი და ძმაკაცი იყო ცხონებული... - უთხრათ მოხუცმა, ჩამომდგარ ტრამვაიში ავიდა და გაუჩინარდა.
ლადო ასათიანმა არ მოისვენა, იპოვა ეს უცნაური კაცი და დიდი ხვეწნა-მუდარით დაითანხმა, მოეყოლა თავისი და ნიკო ფიროსმანაშვილის ამბები.
უშანგი სვანი
სვანეთიდან იმერეთში სამუშაოდ ჩამოსულ ბიჭს მძიმე ცხოვრების გამოვლა მოუხდა. მეგობართან ერთად საფოსტო ეტლიდან ფულის გატაცების გამო ასტრახანის ციხეში გაამწესეს. ციხიდან გაიქცა. ერთი კეთილი მეთევზის დახმარებით სპარსეთში ჩააღწია, სადაც 10 წელი დაჰყო, შემდეგ აზერბაიჯანში გადმოვიდა და ამდენი წვალების შემდეგ, როგორც იქნა, სამშობლოში დაბრუნდა.
თბილისში მუშაობა დიდუბეში, წარმატებული კომერსანტის ლუდის ქარხანაში დაიწყო. იქვე აიყვანეს მცველად, შემდეგ კი მეფურგონედ - დილა-საღამოს ლუდით სავსე ბოთლებით ამარაგებდა სარდაფებს, სამიკიტნოებსა და რესტორნებს. ვანუა დაირქვა. ბრგე ვაჟკაცი იყო, მოქეიფე, ჩხუბის თავიც და ქალაქში თურმე „გიჟ ვანუას“ ეძახდნენ.
ცოცხალი ტილოები და მეგობრობის სევდა
უშანგი სვანმა ნიკო ფიროსმანაშვილი გოლა ჭიჭინაძის დუქანში გაიცნო. მისი მონაყოლით, გოლას ძალიან უყვარდა ნიკო.

როდესაც დუქნის კედლებს ხატავდა, თავზე დაადგებოდა, ულვაშებს იგრეხდა, მერე მზარეულ თედუას თვალს ჩაუკრავდა და ცხელ ყაურმას ან ბუღლამას, პურსა და არაყს შემოუდგამდა. ნიკო ცოტას შეჭამდა, გადაჰკრავდა არაყს და ისევ გულმოდგინედ განაგრძობდა ხატვას.
უშანგი სვანის იგივე „გიჟ-ვანუას“ გახსენებული ამბები მეგობრების ყოველდღიურობას აცოცხლებს - ქეიფებს, კონკის ცხენებით ეტლის გაჭენებას, ჩხუბებს. უსინათლო მოხუცის მონაყოლით, თითქოს ფიროსმანის დაკარგული ტილოები ცოცხლდება;

თითქოს ხედავ უდროოდ გარდაცვლილ „შავუას“ საფლავზე ძმაკაცებთან ერთად მდგარ მაღალ, გამხდარ მხატვარს, დასევდიანებულს იმით, რომ სიცოცხლეში თხოვნა ვერ შეუსრულა. თუმცა ნიკალამ მეყასბე „შავუას“ თხოვნა მაინც შეუსრულა:
„მერე ერთი დიდი სურათი დახატა, მეიდანზე რომ ოზმანაშვილის დუქანი იყო, იქ ეკიდა. შავუას საფლავის ლოდს მოქეიფენი უსხედან. ლოდზე შავუა ზის, ხელში ყანწი უჭირავს და თვალებდაჭყეტილი გაოცებული იყურება: მკვდარი ვარ, საიქიოდან დავბრუნდი, თუ ეს რა ამბავია ჩემს თავსაო. ცოცხალივით იყო...“
პირველი მსოფლიო ომი რომ დაიწყო, უშანგისთვის ცხენები ჩამოურთმევიათ, მათ შორის საყვარელი შავი ცხენი „ყარაჩაც.“ ამის შემდეგ ქალაქში ცნობილმა მეფურგონემ მეყვავილეობას მიჰყო ხელი: იმერეთიდან, ნიკო ნიკოლაძის ბაღიდან თბილისში შვეიცარული ვარდების ნერგები ჩამოიტანა, ერთი ქვრივი ქალის ბაღში გაახარა და სანახევროდ ყიდდა. უთქვამს:
„როცა აქტრისა მარგარიტას ყვავილებს უზიდავდა, მთელი ფარდული დავაცარიელე, მგონი მთელი თბილისის ყვავილები მივუტანეო.“

უსინათლო მოხუცს გულს უკლავდა თავისი დაკარგული პორტრეტის სევდაც. ნიკალას უზარმაზარ სუფრის „კლიონკაზე“ დაუხატავს - ოთხცხენიანი ლუდის ფურგონის კოფოზე შემჯდარი „სვანი“, ქარში აფრიალებული კალთებითა და გაგიჟებული ცხენებით.
„ძირს ნიკალაი!“ - ბოლო შეხვედრა
როცა რუსეთში მეფის ტახტი დაემხო, გახარებული ნიკალა უშანგის საყვავილეში შევარდნილა, მკერდზე წითელი ლენტი ჰქონია მიკრული წარწერით „Свобода“ და ყვიროდა:
„ძირს ნიკალაი, ჩემი სეხნია ჩამოაგდეს! ძირს ნიკალაი!“

იმ დღეს ნიკალას თავისი ვედრო და ფუნჯი უშანგისთან დაუტოვებია და სადღაც წასულა. ეს აღმოჩნდა უკანასკნელი შეხვედრა. მერე უშანგი სვანს ყვავილი („ბატონები“) შეეყარა, საავადმყოფოში მოხვდა, გადარჩა, მაგრამ თვალებში სინათლე სამუდამოდ დაკარგა. მალევე შეიტყო, რომ ნიკალა მომკვდარიყო... შინ დაბრუნებულს აღარც მისი ფუნჯი დახვდა და აღარც ვედრო. მისგან სახსოვარი არაფერი დამრჩაო,- გულმოკლულს უთქვამს პოეტ ლადო ასათიანისთვის და ლადომაც თავის არაჩვეულებრივი ლექსით სამუდამოდ შემოგვინახა ნიკალას უსინათლო ძმაკაცის ამბავი:

„ჰყვებიან ასე ფიროსმანის დროის ქადაგნი,
ყველა მათგანში დაუვიწყარ ნიკალას ვხედავ…
დგას ფიროსმანის მოხატული თბილის-ქალაქი —
ეს პოეზიის უწმინდესი ადგილის დედა!
მე ვუსმენ ყველას, წარმოვიდგენ ცხოვრებას მისას,
ცოცხლდება ჩემ წინ მკრთალი სახე ფერების მგოსნის,
მთვარეულივით დავემხობი თბილისის მიწას
და დიდი ნიკო ფიროსმანის ნატერფალს ვკოცნი!“
წყარო: ნიკა აგიაშვილის „ჭაბუკები დარჩნენ მარად“.
გააზიარე სტატია