
11/02/2026
ქართველი მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი ებრაულ მძაფრსიუჟეტიან სერიალში მონაწილეობს. რვაეპიზოდიანი პროექტი "გაქცევა" (The Escape) მაყურებელს კოლუმბიის ჯუნგლებში, იზოლირებულ რელიგიურ თემში განვითარებულ მოვლენებზე მოუთხრობს.
მსახიობის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
სერიალის ცენტრში ახალგაზრდა კაცი, იოელია, რომელიც რელიგიური სექტის ლიდერის მემკვიდრედ მიიჩნევა. მისი სურვილია, ცოლთან, ფეიგისთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად თავისუფლება მოიპოვოს. თუმცა, როდესაც ოჯახის გაქცევის გეგმა მჟღავნდება, იოელი იძულებული ხდება, იქაურობა მარტო დატოვოს.

გარეთ აღმოჩენილ მთავარ გმირს ოჯახის გადასარჩენად უკან დაბრუნება უწევს. ამ ბრძოლაში მას სამძებრო-სამაშველო ოპერაციების გამოცდილი სპეციალისტი, კარმელი ეხმარება.
ვითარებას განსაკუთრებით სახიფათოს სექტის ლიდერისა და ნარკოკარტელის კავშირი ხდის. ოჯახის გამოხსნის მცდელობა სიცოცხლისთვის საშიშ დაპირისპირებაში გადაიზრდება.
„გაქცევაში“ მთავარ როლებს იეჰუდა ლევი, მარკ ივანირი, იდო ტაკო და ნაია ბინშტოკი ასრულებენ. პროექტის რეჟისორები ძმები დორონ და იოავ პაზები არიან. მთავარი სცენარისტი არიელ კოჰენია, სცენარის ავტორებად კი მასთან ერთად ძმები პაზებიც არიან მითითებული.
გადაღებები სამ ქვეყანაში - კოლუმბიაში, ისრაელსა და საქართველოში მიმდინარეობდა. ამდენად, საქართველოს პროექტთან გიორგი ბახუტაშვილის მონაწილეობის გარდა, გადაღების ადგილიც აკავშირებს.

„გაქცევის“ პრემიერა ისრაელის ტელეარხ Keshet 12-ზე 2026 წლის 10 ოქტომბერს შედგა. პროექტი რვა, დაახლოებით ერთსაათიან ეპიზოდს მოიცავს და მძაფრსიუჟეტიან ამბავთან ერთად ოჯახის, მორჩილებისა და თავისუფლების თემებს აერთიანებს.
გააზიარე სტატია