Logo

გიორგი ელიავა - ფაგოთერაპიის ფუძემდებელი და საბჭოთა ტერორის მსხვერპლი

გიორგი ელიავა - ფაგოთერაპიის ფუძემდებელი და საბჭოთა ტერორის მსხვერპლი

10/16/2026

ტექსტის ზომა

საბჭოთა რეპრესიის მსხვერპლთა რეაბილიტაციის შემდეგ, თბილისის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება “ბაქტერიოფაგს” დამაარსებლის, გიორგი ელიავას სახელი მიენიჭა, ეს 1989 წელს მოხდა.

ბაქტერიოფაგი

ქართველი მიკრობიოლოგი გიორგი ელიავა დღეს მსოფლიო მასშტაბის მეცნიერად არის აღიარებული, ათწლეულები კი საქართველოში „ხალხის მტრად“ იყო მიჩნეული. აუნაზღაურებია ტკივილი და დანაკარგი, რაც ჩვენს ქვეყანას და მის ხალხს საბჭოთა ოკუპაციამ და დიდმა ტერორმა მოუტანა. გავიხსენოთ დიდი ქართველი მეცნიერის ტრაგიკული ისტორია.

ადრეული წლები და განათლება

საოჯახო ფოტო

გიორგი ელიავა 1892 წლის 1 ივნისს საჩხერეში, ცნობილი ექიმისა და საზოგადო მოღვაწის, გრიგოლ ელიავას ოჯახში დაიბადა. დედამისი, მარიამ ნაკაშიძე (გენერალ ივანე ნაკაშიძის ასული), აქტიურად იყო ჩაბმული საქველმოქმედო და საგანმანათლებლო საქმიანობაში. ოჯახი საცხოვრებლად ბათუმში გადავიდა. 1909 წელს გიორგიმ იქ წარმატებით დაამთვრა გიმნაზია და ოდესაში გაემგზავრა. სწავლობდა ამ შესანიშნავი ქალაქის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, მაგრამ სტუდენტურ მოძრაობაში აქტიური მონაწილეობის გამო უნივერსიტეტიდან გარიცხეს, დააკავეს და საქართველში დააბრუნეს. მოგვიანებით, ახლობლების ხელშეწყობით, გიორგიმ შეძლო ჟენევაში ჩასვლა, სადაც ჩაირიცხა სამედიცინო ფაკულტეტზე. აქ ხელის შემშლელად პირველი მსოფლიო ომი წამოეწია. საბოლოოდ, ელიავამ მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი დაასრულა და მუშაობა ტრაბზონის მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაში დაიწყო.

პარიზული აღიარება და ბაქტერიოფაგის ფენომენი

ეპოქალური ცვლილებების დრო იყო. 1918 წელს საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ გამოაცხადა. ჩვენი პირველი რესპუბლიკის მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევდა განათლებას და მეცნიერების განვითარებას. გიორგი ელიავა ცოდნის გაღრმავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით პარიზში, პასტერის ინსტიტუტში მიავლინეს. ქართველმა მკვლევარმა იქ მსოფლიო დონის მეცნიერთა ყურადღება მიიპყრო, როცა ექსპერიმენტულად დაადასტურა უჩინარი ანტიბაქტერიული აგენტის - ე.წ. „ბაქტერიოფაგის“ არსებობა. ეს თეორია ეკუთვნოდა კანადელ მეცნიერს ფელიქს დერელს, თუმცა კი ვერ დაამტკიცა. ელიავას წარმატებულმა ცდამ საფუძველი ჩაუყარა ორ მეცნიერს შორის ხანგრძლივ მეგობრობასა და მჭიდრო თანამშრომლობას.

პარიზი

დაბრუნება სამშობლოში

1921 წელს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დროს, ელიავა საფრანგეთში იმყოფებოდა. პასტერის ინსტიტუტის დირექციამ მას ევროპაში დარჩენა ურჩია, თუმცა მეცნიერმა უარი თქვა - თვლიდა, რომ ტრაგიკულ პერიოდში მისი ცოდნა და გამოცდილება სამშობლოს სჭირდებოდა. დაბრუნდა და ჩამოიტანა ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის აღჭურვილობა, რომელიც პასტერის ინსტიტუტმა უსასყიდოდ გადასცა. უკვე 1922 წელს ახალგაზრდა მეცნიერის მიერ დაარსებულ ლაბორატორიაში დიფთერიის შრატისა და სხვა მნიშვნელოვანი ვაქცინების გამოყვანა შეძლეს. გიორგი ელიავას მნიშვნელოვანი უნარები, საბჭოთა რეჟიმმაც კი აღიარა და კვლავ ხანგრძლივად მიავლინა საფრანგეთში, სამეცნიერო ექსპერიმენტებისთვის საჭირო ახალი ცნობებისა და დამატებითი ცოდნის მისაღებად. უკან დაბრუნებული სათავეში ჩაუდგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიგიენის, შემდეგ კი სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრას. პარალელურად, მისი ინიციატივით თბილისში გაიხსნა შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგური.

ბრძოლა ბაქტერიოფაგის ინსტიტუტისთვის

1934 წელს გიორგი ელიავამ წამოაყენა მასშტაბური იდეა - თბილისში დაარსებულიყო ბაქტერიოფაგიის შემსწავლელი მსოფლიო დონის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. ამ წინადადებით მან კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს, ლავრენტი ბერიას მიმართა, თუმცა მისგან ცივი უარი მიიღო.

ლავრენტი ბერია

არსებული ცნობებით, ბერიას პირადი ანტიპათია ელიავას მიმართ, ამ უკანასკნელის მოქალაქეობრივი პოზიციით იყო განპირობებული. იმ წლებში მიმდინარე რეპრესიების პირობებში, ცნობილი მეცნიერი ღიად ესარჩლებოდა დაკავებულებს, რეპრესირებულთა ოჯახთა წევრებს კი თავისთან ასაქმებდა, რათა ისინი შიმშილით დაღუპვას გადაერჩინა.

ბერიასგან უარს ელიავა არ შეეგუა. ბუდუ მდივნის დახმარებით საკავშირო ხელმძღვანელობას მიმართა და ნებართვასთან ერთად მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსებაც მოიპოვა. მშენებარე ინსტიტუტის დირექტორად გიორგი ელიავა დაინიშნა, თუმცა გახსნას ვეღარ შეესწრო.

დაპატიმრება, აბსურდული ბრალდებები და დახვრეტა

1937 წლის 22 იანვარს გიორგი ელიავა დააპატიმრეს. ერთი საათის შემდეგ სამართალდამცავებმა მისი მეუღლეც წაიყვანეს. მეცნიერს ბრალად დასდეს „სამშობლოს ღალატი, საერთაშორისო ჯაშუშობა, დივერსიული საქმიანობა და ანტისაბჭოთა აგიტაცია“.

საბჭოთა უშიშროების არქივებში დაცული შემზარავი დოკუმენტები მოყვანილია ავთანდილ ქურხულს კარგ წიგნში „და რომ გვახსოვდეს,“ რომელიც „დიდი ტერორის“ მსხვერპლ ქართველ ექიმებს ეძღვნება.

წიგნი

წამების შედეგად ელიავას „აღიარებინეს,“ თითქოს იგი 1918 წლიდან საფრანგეთისა და ინგლისის დაზვერვის აგენტი იყო, ეწეოდა ჯაშუშობას, გეგმავდა ომის შემთხვევაში უხარისხო პრეპარატების დამზადებას, სასმელი წყლის შავი ჭირის ბაქტერიებით დაბინძურებასა და ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ ბაქტერიოლოგიური ტერაქტის მოწყობას.

აღიარება

1937 წლის 9 ივლისს ე.წ. უზენაესი სასამართლოს სპეციალურმა სამხედრო კოლეგიამ სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯა. განაჩენი მეორე დღესვე, 10 ივლისს მოიყვანეს სისრულეში, 11 ივლისს კი გაზეთ „კომუნისტში“ გამოაქვეყნეს ცნობა:

გიორგი ელიავა 1
„მეცნიერი ელიავა ეწეოდა ხალხის მიმართ საზიზღარ მავნებლობას. მეცნიერ მუშაკებზე სტალინის ზრუნვას მან უპასუხა საზიზღარი მოქმედებით. პირსისხლიანი ფაშისტი - ტროცკისტების დირექტივებით ბაქტერიებს ამზადებდა საბჭოთა ხალხის შესამუსრავად, განაკუთრებით ომის შემთხვევაში. ამ მხეცს ხალხმა გასცა საკადრისი პასუხი.“

1937 წელსვე დახვრიტეს გიორგი ელიავას მეუღლე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი ანელია ვოლ-ლევიცკაიაც, მათი სტუდენტი შვილი კი ყარაგანდის გულაგში გადააგზავნეს, საიდანაც მხოლოდ 10 წლის შემდეგ დაბრუნება.

გიორგი ელიავა ისტორიაში შევიდა არა მხოლოდ როგორც დიდი მეცნიერი და ნოვატორი, არამედ როგორც მაღალი მორალური პრინციპების მქონე მოქალაქე, რომელიც საკუთარ პრინციპებსა და ხალხის სამსახურს სიცოცხლის ფასადაც კი არ გადაუხვია.

გააზიარე სტატია

ავტორი: ელენე ლომთაძე

გიორგი ელიავა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026