ინტერვიუ

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
გიორგი კეკელიძე ახალი წიგნის პრეზენტაციას რომ აკეთებს, ან საჩუქრად გადადებს და მწერს, წარწერა გაგიკეთე და წაიღეო, გაოცებას ვერ გადავეჩვიე - როდის ასწრებს ამდენ რამეს?! სამსახურის ყოველდღიურად რუტინული გარჯის მიღმა, წელიწადში რამდენიმე წიგნის გამოცემას, მსოფლიოს მასშტაბით ბიბლიოთეკების წიგნებით მომარაგებას, სხვადასხვა საქველმოქმედო ღინისძიებებს და კიდევ ვინ მოთვლის, რას - არა... სიკვდილზე ფიქრიც მოასწრო, მერე სხვების დამოძღვრაც, რომ ეს არ გაბედონ, ვიდრე ცოცხლები არიან; ცხოვრებით ტკბობაშიც გადაეშვა, პატარა და ჭორიკანა ერი ლამაზი თანამგზავრის უეცარი "გამოჩენითაც" გააოცა და უფლისგან საჩუქრად კეკეც მიიღო!
"ზმნა" თავის მკითხველს გიორგი კეკელიძის მეორე ნახევარს - მარიამ სოსელიას აცნობს.

მარიამ სოსელია: პროფესიით პროდიუსერი ვარ, ბევრი წელი სარეკლამო ინდუსტრიაში გავატარე, კომერციული ვიდეო რგოლების პროდიუსერი ვიყავი. შემდეგ გადავინაცვლე მარკეტინგსა და პიარში. ახლა LIB.GE აკადემიის მმართველი პარტნიორი ვარ და ვაკეთებ იმ საქმეს, რაც ყოველთვის მინდოდა მეკეთებინა. ძალიან სასიამოვნო პერიოდია ამ მხრივ ჩემს ცხოვრებაში.
- გიორგი კეკელიძე როდის შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში?
- ერთმანეთი 2015 წელს გავიცანით. პირველად ტელევიზიაში შევხვდით, სადაც გიორგი სტუმრად გვყავდა მოწვეული. რეალურად ამ დროიდან დაიწყო ჩვენი მეგობრობა, თუმცა მაშინ ურთიერთობის ამ მოდელზე არც ერთს არ გვიფიქრია, რადგან ორივეს ჩვენი პირადი ცხოვრება გვქონდა.
იმ დროს გიორგიზე ვიცოდი, ვინც იყო და რასაც საქმიანობდა, თუმცა კარგად მახსოვს, პირველად "ჩაის თემაში" ვნახე და მისი გამოსვლა ძალიან მომეწონა.
ბევრი ვიცოდი მის შესახებ და ვთვლიდი, რომ გამორჩეულად ნიჭიერი ადამიანია. გაცნობის შემდეგ მალევე დავმეგობრდით და ამ ამპლუაშიც ყოველთვის მქონდა მისი იმედი. ახლა კი, ძალიან ვამაყობ რომ ჩემს შვილს ასეთი მამა ჰყავს.

რეალურად შეყვარებულობიდან დაქორწინებამდე ძალიან მალე მივედით. 9 წელი ვიცნობდით ერთმანეთს, ვმეგობრობდით და მოვლენების სწრაფი განვითარებაც ამან გამოიწვია. ყველაფერი ბუნებრივად განვითარდა, არა რაიმე კონკრეტული ფაქტის შემდეგ.
გიორგი არავის ჰგავს და მასთან ურთიერთობაც ყოველ დღე განსხვავებულია. იქიდან გამომდინარე, რომ თავად მას ძალიან საინტერესო ცხოვრება აქვს, ამაში მეც მომიწია ჩართვა.
- საზოგადოებისგან იზოლირებული ურთიერთობა სტრატეგია იყო?
- დამალვით არ ვმალავდით ურთიერთობას, თუმცა თავიდან მაინც ვერიდებოდით საჯაროდ გაჟღერებას, რადგან ვიცოდით, რამხელა გამოხმაურება მოჰყვებოდა. ეს პერიოდი ძალიან ცოტახანი გაგრძელდა, მალევე მივიღეთ გადაწყვეტილება.

- რა შეცვალა ერთ ჭერქვეშ ცხოვრებამ? თანაცხოვრება რაღაცებს ცვლის...
- გიორგი იმაზე თბილი ადამიანია, ვიდრე იქამდე წარმოვიდგენდი. რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვუახლოვდებით ერთმანეთს. მე და გიორგის ბევრი განსხვავებული ინტერესი გვაქვს, თანაცხოვრებასაც ყოველთვის მოსდევს აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა დროთა განმავლობაში, ორივემ გავიცანით ერთმანეთი, თუ როგორები ვართ შინ, რა გვწყინს, რა გვიხარია…

- კეკე! მალე შემოგიერთდათ... რა მოიტანა ამ საყვარელმა გოგომ?
- საოცარი ეტაპი დაიწყო მისი დაბადებით. ძალიან მადლობელი ვარ ცხოვრების, ყველაფერი ისე განვითარდა, რომ კეკე დაბადებულიყო.
ხანდახან მგონია, რომ ამხელა სიყვარულს ვერ დავიტევ, ისეთი საყვარელი და კეთილი ბავშვია.

მამა ცდილობს უპასუხოს მის სურვილებს, ამ ასაკში ბავშვი სულ იცვლება, ვითარდება და ისიც ფეხს უწყობს. წიგნებს ათვალიერებინებს, ეთამაშება, ისტორიებს უყვება და მუსიკას ასმენინებს.

- დედაქალაქის ხმაურს უკვე ბევრი გაურბის. მცხეთაში ცხოვრება ცალკე დღესასწაული მგონია, ამ განსაკუთრებული ენერგეტიკის მიწაზე. როგორ შეეგუეთ იქ გადასვლას?
- მე მიყვარს ქალაქი და შეგუებისთვის ნამდვილად დამჭირდა დრო, თუმცა მალევე ჩემი საყვარელი ადგილი გახდა. თავიდან გიორგისა და ძაღლების გამო, ახლა კეკე დაემატა და ის აურა, რაც ჩვენს სახლში ტრიალებს, შეუცვლელია ჩემთვის.

- მარიამ, გიორგი თავის მენტალურ მდგომარეობაზე თუ პრობლემაზე, უკვე ორი წელია საჯაროდ საუბრობს. ალბათ, თქვენ ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშეთ იმაში, რომ მას ახალი ცხოვრება დაეწყო?
- არა, ვერ ვიტყვი, რომ იმ ადამიანთა სიაში ვარ, ვინც გიორგის ამ რთული პერიოდის გადალახვაში დაეხმარა. არ გვქონდა ასეთი ახლო მეგობრობა. რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ ცუდად იყო და ვცდილობდი, გამემხნევებინა, როცა ვესაუბრებოდი, თუმცა მაშინ ჩვენი მეგობრობა მაინც ფრაგმენტული იყო. როდესაც მე და გიორგიმ ურთიერთობა დავიწყეთ, მას დეპრესია სრულად დამარცხებული ჰქონდა და შესანიშნავად გრძნობდა თავს.

- როგორ ეხმარებით ობსესიების დაძლევაში?
- მაშინ როდესაც ჩვენი ობსესიები ერთმანეთს არ ემთხვევა, ან სხვადასხვა დროსაა, ვცდილობ დავეხმარო.
- და ბოლო ზღაპარი კეკეს მიუძღვნა...
- დაწერა და ჩემი საყვარელი წიგნიც გახდა. ძალიან მიყვარს "თომას ზღაპრები" და დიდი ინტერესით ველოდებოდი "კუპატას თავგადასავალს". ყველას ვურჩევ წაიკითხოს, საოცარი ისტორიაა და ასეთივე წიგნიც გამოვიდა, სიკეთით და სიყვარულით სავსე,ზუსტად ისეთი, როგორიც კუპატა იყო. ძალიან მახარებს, რომ კეკეს მიეძღვნა და დარწმუნებული ვარ, მასაც ძალიან გაუხარდება და იამაყებს, როცა გაიზრდება.

11/04/2025