Logo

გიორგი ფოცხიშვილი Dance Europe-ის „წლის მოცეკვავის“ ჯილდოსთვის იბრძვის

გიორგი ფოცხიშვილი Dance Europe-ის „წლის მოცეკვავის“ ჯილდოსთვის იბრძვის

10/27/2026

ტექსტის ზომა

ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის წამყვანი მოცეკვავე გიორგი ფოცხიშვილი საერთაშორისო საცეკვაო ჟურნალმა Dance Europe, „2026 წლის მოცეკვავის“ ჯილდოზე წარადგინა.

ქართველი არტისტი ექვს ნომინანტს შორისაა, გამარჯვებულს კი მკითხველთა ხმის მიცემა გამოავლენს. მისი მხარდაჭერა 31 ოქტომბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.

ფოცხიშვილი

ფოცხიშვილმა ნომინაცია ბალეტ „ბაიადერაში“ სოლორის პარტიის შესრულებისთვის დაიმსახურა. ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის ოფიციალური განცხადების მიხედვით, კრიტიკოსებმა განსაკუთრებით აღნიშნეს მისი ენერგია, შთამბეჭდავი ნახტომები და ქარიზმატული სცენური შესრულება.

ქართველ მოცეკვავესთან ერთად ჯილდოსთვის ალინა კოჯოკარუ, მარიანელა ნუნიესი, ჯოვანი როტოლო, ოსიელ გონეო და უილიამ ბრეისველი იბრძვიან. ექვსეული ჟურნალის ავტორებმა შეარჩიეს, საბოლოო არჩევანი კი მკითხველებს ეკუთვნით.

გიორგი ფოცხიშვილისთვის ამ ნომინაციას წინ უძღოდა გზა ქართული ცეკვიდან კლასიკურ ბალეტამდე. იგი მოცეკვავეთა ოჯახში გაიზარდა. მისი ბაბუა, გელოდი ფოცხიშვილი, ცეკვის თეატრ „მეტეხის“ დამფუძნებელი იყო. სწორედ ამ თეატრში გაიცნეს ერთმანეთი გიორგის მშობლებმა. თავად ცეკვის შესწავლა შვიდი წლის ასაკში, მშობლების მიერ შექმნილ სკოლაში დაიწყო.

ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლაში გიორგი 13 წლისა შევიდა, თუმცა თავდაპირველად პროფესიონალ ბალეტის მოცეკვავეობას არ გეგმავდა. კლასიკური მომზადება ქართული ცეკვის ტექნიკის გასაუმჯობესებლად სურდა. სწავლისას მისი ინტერესი შეიცვალა. მან ბალეტში ახალი პერსპექტივები დაინახა და ბალეტი მის პროფესიად იქცა.

ფოცხიშვილი

Dance Europe-ის „წლის მოცეკვავის“ ჯილდოზე გიორგი პირველად არ არის წარდგენილი. ნომინანტებს შორის იგი 2023 წელსაც მოხვდა. იმავე წელს მიიღო Alexandra Radius-ის პრიზი და ჯილდო „ყველაზე შთამბეჭდავი საცეკვაო მიღწევისთვის“, ბალეტ „მწვანე მაგიდაში“ შესრულებული როლისთვის. 2025 წელს კი ლონდონის Ballet Icons Gala-ზე ბალეტში განსაკუთრებული მიღწევისთვის დააჯილდოეს.

ახლა ქართველი არტისტი მკითხველთა გადაწყვეტილებას ელოდება. მის მხარდასაჭერად ხმის მიცემა ელექტრონული ფოსტის dancer@danceeurope.net საშუალებით ან WhatsApp-ის ამ ნომერზეა შესაძლებელი +44 7981 945320 .

Dance Europe-ის წესების თანახმად, თითოეულ ადამიანს ხმის მიცემა მხოლოდ ერთხელ შეუძლია.

კენჭისყრა 2026 წლის 31 ოქტომბერს დასრულდება.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Dance Europeგიორგი ფოცხიშვილიკენჭისყრაკონკურსინომინაცია
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026